ჩვენ ვერ დაველოდებით და ჩვენ არ დაველოდებით

ეს ფრაზა 60-იანი წლების რადიკალური სტუდენტური მოძრაობის ”სტუდენტები დემოკრატიული საზოგადოებისთვის” პრეზიდენტ კარლს ოგლსბის ეკუთვნის და იმ პერიოდში დასავლეთში მძვინვარე ახალგაზრდულ საპროტესტო მოძრაობას ეხმიანება. ოგლსბის ეს მოწოდება მოქმედებას, სოციალური ცვლილებებისა და გაუმჯობესებისაკენ აქტიურ სწრაფვას გულისხმობს, ამიტომ უნივერსალური და ყველა დროისთვის, მათ შორის ჩვენი რეალობისთვისაც რელევანტურია. მით უფრო, რომ ჩვენში ახლაღა იკიდებს ფეხს მემარცხენე იდეები და შეხედულებები, რომელიც ჯერ მხოლოდ სალონური ტიპის დებატებისა და ვიწრო წრეში დისკუსიების ეტაპზე იმყოფება, თუმცა განვითარების ლოგიკა და აუცილებლობა, ალბათ მალე დღის წესრიგში სხვა ტიპის ქმედებებისა და ღონისძიებების გატარებას დააყენებს და ჩვენ ამისათვის ფიქრი და მზადება უნდა დავიწყოთ. სწორედ ამიტომ მინდა მოკლედ ჩამოვაყალიბო ის წინააღმდეგობები, რომელიც ამ პოტენციური მოძრაობის წინაშე წარმოიქმნება, არსებული ვითარების მემარცხენე ალტერნატივა და სოციალური ცვლილებების განხორციელებისა და რეალურ ცხოვრებაში დანერგვის გზები და მეთოდები.

 

ჰერბერტ მარკუზე თავის სტატიაში ახალი მემარცხენეობის შესახებ ორ მთავარ წინააღმდეგობას გამოყოფს, რომელიც ზოგადად ყველა მემარცხენე მოძრაობას ესახება. ესენია: 1. საზოგადოების დიდი ნაწილის მიერ რადიკალური სოციალური ცვლილებების განხორციელების აუცილებლობის გაუაზრებლობა: 2. რეალური ალტერნატივის შეთავაზების პრობლემა.

 

ერთის მხრივ ჩვენ ყველამ ვიცით, მთელი ჩვენი არსებით ვგრძნობთ და განვიცდით რომ არსებული კაპიტალისტური საზოგადოება სულ უფრო მეტად სპობს და ანგრევს ადამიანურ და ბუნებრივ შესაძლებლობებს, იმისა რომ ვიყოთ თავისუფლები და სხვათა ექსპლუატაციის გარეშე, დამოუკიდებლად განვსაზღვროთ და შევქმნათ საკუთარი ცხოვრება. თუმცა ამავდროულად, ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი, თუ უმრავლესობა არა ვერ გრძნობს რადიკალური სოციალური ცვლილებების აუცილებლობას და მათ ამ მხრივ არ გააჩნიათ ჩამოყალიბებული პოლიტიკური ცნობიერება. და სწორედ ეს არის პირველი სერიოზული პრობლემა ჩვენი სტრატეგიისათვის.

 

მეორე პრობლემა ალტერნატივას ეხება. როგორი იქნება ალტერნატივა? აუცილებლად იქნება კითხვა შეგიძლიათ კი რაიმე უკეთესი შემოგვთავაზოთ? ’ჯერ ძველი გავანადგუროთ და შემდეგ ვნახოთ’ ასეთი კონკრეტიკას მოკლებული გაურკვეველი შინაარსის პასუხი კატეგორიულად მიუღებელია, ერთი მარტივი მიზეზის გამო: ჩვენი მიზნები, ფასეულობები, მორალი თავიდანვე უნდა მჟღავნდებოდეს ჩვენს ქმედებებში. ამიტომ არ შეიძლება ამ საკითხის გადადება და თავიდანვე უნდა ითქვას, რომ ერთადერთი ალტერნატივა სწორედ სოციალიზმია, არა საბჭოთა სტალინური ან პოსტსტალინური კორუფციასა და ბიუროკრატიზმში ჩაფლული სოციალიზმი, არამედ ნამდვილი, თავისუფალი სოციალიზმი.

 

ამგვარად თუკი ალტერნატივა, თავისუფალი სოციალიზმია, როგორ ჩამოვაყალიბებთ და აღვწერთ მას? მით უფრო რომ ხალხს აუცილებლად გაუჩნდება კითხვა თუ სად არის ასეთი ტიპის ნამდვილი სოციალიზმი. ჩვენ მოვიყვანთ სხვადასხვა მაგალითებს ევროპული, სკანდინავიური ან ლათინური ამერიკის სოციალისტური მოძრაობებისა თუ მთავრობების შესახებ, მაგრამ საბოლოოდ მაინც მივიღებთ პასუხს, რომ ეს არ არის რეალური სოციალიზმი, რადგან ქართველების აბსოლუტური უმრავლესობის ცნობიერებაში სოციალიზმი არის ის რაც საბჭოთა კავშირში იყო, ავტორიტარული, ერთპარტიული, რეპრესიული მმართველობა, კორუფციაში ჩაფლული ბიუროკრატია, და ინტერვენცია მეზობელ ქვეყნებში ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ სოციალიზმი ეს დანაშაულია.

 

რა შეიძლება დავუპირისპიროთ ასეთ აზროვნებასა და შეხედულებებს? მით უფრო, რომ რადიკალური ცვლილებების განხორციელება ხალხის მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია, მაგრამ ამ მხარდაჭერის მიღება, ამ ვითარებაში და ამ ქვეყანაში, უახლოეს მომავალში ერთი შეხედვით კიდევ უფრო შეუძლებლად მოსჩანს. რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ წინააღმდეგობრივ სიტუაციაში? პასუხი მარტივია ჩვენ უნდა შევეცადოთ მივიღოთ მხარდაჭერა, შევეცადოთ ჩვენს მხარეზე მოვიმხროთ ხალხი, მაგრამ აქ ჩვენ ვხვდებით მარკუზეს თუ დავესესხბით ”დემოკრატიული აგიტაციის შეზღუდულობასა და საზღვრებს”, რომელსაც ჩვენ დღესდღეობით ვაწყდებით. მნიშვნელოვანი და შესაძლოა გადამწყვეტი ნაწილი საზოგადოების უმრავლესობისა, მათ შორის მუშათა კლასი ინტეგრირებულია არსებულ სისტემაში, რომელიც სერიოზულ მატერიალურ ბაზაზეა დაფუძნებული და თითქოს მუდმივად და ურყევად მოსჩანს, მაგრამ ისტორიაში მუდმივი არაფერია. ისტორიულ პერსპექტივაში ეს ინტეგრაცია მხოლოდ დროებითი ხასიათისაა, ხოლო კაპიტალისტური საზოგადოების წინააღმდეგობები სულ უფრო და უფრო ღრმავდება, თუმცა ამან ილუზიები არ უნდა შეგვიქმნას, დეზინტეგრაცია არასოდეს არ მოხდება ავტომატურად და ჩვენი ამოცანაა ამ მიმართულებით ვიფიქროთ და ვიმუშაოთ.

 

დემოკრატიული აგიტაციის შეზღუდულობასა და საზღვრებში ის უბრალო ფაქტი იგულისხმება, რომ დღესდღეობით საქართველოში მემარცხენეებს საკუთარ განკარგულებაში არ გააჩნიათ მასობრივი ინფორმაციის გავრცელების საშუალებები, საზოგადოებრივი აზრი კი დღესდღეობით მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით ფორმირდება და თუკი ვერ მიიღებ საკმარის საეთერო დროს ან საკმარის ადგილს ბეჭდური მედიის ფურცლებზე, მაშინ ვერასდროს ვერ შეცვლი საზოგადოების აზრს. ამგვარად შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოებრივი აზრი მონოპოლისტური საშუალებებით ფორმირდება და ეს კიდევ ერთი დასტურია ანტონიო გრამშის ’იდეოლოგიური ჰეგემონიის’ ცნობილი თეზისისა.

 

თუმცა რეალურად თუკი შევხედავთ სიტუაციას, ამ დროისთვის ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი ქართული მემარცხენე მოძრაობა, ამ უფრო მასშტაბური ეტაპისთვის ჯერ არ არის მომწიფებული და დღესდღეობით ჩვენს ძირითად ამოცანას პოლიტიკური შემეცნებისა და აზროვნების განვითარებისათვის საგანმანათლებო და სასწავლო სამუშაო წარმოადგენს, რის საშუალებასაც მეტ-ნაკლებად თანამედროვე ელექტრონული საშუალებები იძლევა, იგივე ბლოგების, ფორუმებისა თუ სოციალური ქსელების საშუალებით.

 

დავუბრუნდეთ მემარცხენე მოძრაობის სტრატეგიის მიზანს. აქ ახალი ისტორიული ფაქტის წინაშე ვდგებით, სახეზეა მაღალგანვითარებული ინდუსტრიული საზოგადოების ტექნიკური პროგრესი, რომელიც კარგად ფუნქციონირებს და ინტეგრირდება საზოგადოებაში. ეს შემდგარი ისტორიული ფაქტი რადიკალური ცვლილების პერსპექტივასა თუ აუცილებლობას მოასწავებს. მემარცხენეებმა უნდა გადახედონ საკუთარ მეთოდებს. პირველ რიგში შესაცვლელია შეხედულება ხელისუფლებაში მოსვლასთან დაკავშირებით. ძველმა რევოლუციურმა მოდელმა დაკარგა აქტუალურობა და ეფექტურობა, ცენტრალიზებულ-ავტორიტარული პარტიის ხელმძღვანელობით ხალხის უზარმაზარი მასის დაძვრა რომელიმე ადმინისტრაციული შენობისაკენ, მისი აღება და ახალი მმართველობის გამოცხადება, არსებულ ვითარებაში ცალსახად ნაკლებად რეალურად და უტოპიურად უნდა ჩაითვალოს. მაშინ საითკენ უნდა წარვმართოთ ძალისხმევა? საჭიროა არსებული სისტემის უფრო გაფანტულად და შორს გადაჭიმულად დეზინტეგრაცია, რომლის ინტერესებიდან გამომდინარე, ძირითადი მიზნები და ღონისძიებები გადაინაცვლებს ადგილობრივ და რეგიონურ დონეებზე.

 

მეორე კონცეფცია, რომელიც გადახედვას საჭიროებს მუშათა კლასის როლის გააზრებას შეეხება. თანამედროვე კაპიტალისტურ წარმოების პროცესში, წამყვან პოზიციებს მაღალკვალიფიციური და ხელფასიანი თანამშრომლები, ტექნიკური მუშაკები და სპეციალისტები იკავებენ. ეს მიუთითებს გაფართოებაზე, რომელიც სცილდება ტრადიციულ სამრეწველო მუშათა კლასს, რაც თავისთავად ზრდის ექსპლუატირებულთა სპექტრს. ეს ზრდა მიუთითებს დიდ, მაგრამ ძალიან გაფანტულ და ბუნდოვან მასობრივ ბაზაზე და ცვლის დამოკიდებულებას მათ შორის, ვისაც ჩვენ ტრადიციულად პოლიტიკურად აქტიურ მემარცხენეებსა და მასებს ვუწოდებთ. ჩვენ უნდა მივისწრაფვოდეთ არა დიდი ცენტრალიზებული და ორგანიზებული მოძრაობისკენ, არამედ ლოკალურ და რეგიონალურ პოლიტიკურ მოქმედებებზე, რომელიც გარკვეული დარღვევევბის წინააღმდეგ იქნება მიმართული დაიცავს ხალხის ინტერესებს და ხელს შეუწყობს სოციალური პროტესტის გამოწვევასა და მის შემდგომ აქტიურ გამოხატვას.

 

რაც შეეხება მემარცხენეების სტრატეგიას, პირველ რიგში, აუცილებელია, რომ გარკვეული მოსამზადებელი ეტაპის შემდეგ პოლიტიკური ქმედებები და პოლიტიკური განათლება გამოვიდეს და გასცდეს ზეპირ და წერილობით განხილვას. მემარცხენეებმა უნდა იპოვნონ შესაბამისი საშუალება, იმისათვის რომ დაამარცხონ საყოველთაოდ გავრცელებული კონფორმისტული და კორუმპირებული პოლიტიკური ურთიერთობები. მათ უნდა გააღვიძონ სხვა ადამიანთა გონება და სინდისი. ეს ყველაფერი უდიდეს ძალისხმევასა და მუშაობას მოითხოვს, ამიტომ ჩვენ უნდა მოვნახოთ საერთო ენა და მოვახერხოთ ისეთი პოლიტიკური აქციების ორგანიზირება, რომელიც არ ჩაჯდება ჩვეულებრივი პოლიტიკური ქცევის რეპერტუარში და რომელიც მოახდენს იმის დემონსტრირებას, რომ ასეთი ქცევა შესაძლოა სულელურად, ბავშვურად და ირაციონალურად მოსჩანდეს, მაგრამ ზუსტად ეს დაამტკიცებს, რომ აქ საუბარია მცდელობაზე. მცდელობაზე, რომელიც დროთა განმავლობაში წარმატებული იქნება და დაამარცხებს და დაანგრევს არსებული პოლიტიკური ქცევის რეპრესიულ კონტექსტს.

 

რაც შეეხება მემარცხენეების ორგანიზაციული მოწყობის საკითხს, ტრადიციული ფორმები, ისეთი მაგალითად როგორიცაა საპარლამენტო პარტია მოძველებულია. ძნელი გასახსენებელია ერთი ასეთი პარტია მაინც, რომელიც ძალიან მალე არ გახდა საერთო ტოტალური პოლიტიკური კორუფციის მსხვერპლი, რომლითაც მოცულია მთელი პოლიტიკური მსოფლიო. აგრეთვე დრომოჭმულია რევოლუციური ტიპის პოლიტიკური პარტიები ან მიწისქვეშა გაერთიანებები, როგორც იოლი ლუკმა გაზრდილი და ეფექტურად მოქმედი სახელმწიფო რეპრესიული აპარატისთვის.

 

ის რამაც შეიძლება ჩაანაცვლოს ეს ფორმები, არის სრულიად გახსნილი ტიპის ორგანიზაცია, გათვლილი მცირე და ძალიან მცირე ავტონომიურ ჯგუფებზე, რომლებიც ეფექტურად მოქმედებენ თავიანთ ადგილებზე. აგრეთვე არ არის საჭირო მემარცხენე ძალების ფორსირებული გაერთიანებები, მემარცხენეებში ყოველთვის იყო და იქნება განხეთქილებები. ერთ აზრზე მხოლოდ მემარჯვენეები შეიძლება იყვნენ, რომლებსაც არ შეუძლიათ იბრძოლონ რაიმე იდეისათვის.

  Georgian leftists

მემარცხენეების ძალა სწორედ ამ პატარა, ერთმანეთთან კონკურენტუნარიან საპროტესტო ჯგუფებშია, რომლებმაც ერთდროულად უნდა იაქტიურონ სხვადასხვა ადგილებში. ეს უნდა იყოს ერთგვარი პოლიტიკური პარტიზანობის მოძრაობა მშვიდობიან დროში, თუკი რა თქმა უნდა ამ დროსა და ვითარებას შეიძლება მშვიდობიანი ეწოდოს. სწორედ ეს პატარა ჯგუფები, რომლებიც მოქმედებენ ადგილებზე, უნდა გახდნენ და ჩამოყალიბდნენ თავისუფალი სოციალიზმის ძირითად ორგანიზაციულ ფორმად.

 

და ბოლოს ყოველთვის იქნება დაღმასვლის პერიოდები, არცერთი მოძრაობა არ ვითარდება ერთიდაიმავე ტემპით. ამიტომ უკვე წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს ის თუ ჩვენს აქტიურობას შევინარჩუნებთ. ამ მოძრაობის რიგებში შესაძლოა აღმოჩნდნენ პროვოკატორები, სულელები, ავანტიურისტები, მაგრამ მათთან ერთად აუცილებლად იქნებიან ისეთი ადამიანები, მამაკაცები და ქალები, რომლებიც თვისუფალნი იქნებიან აგრესიული და რეპრესიულ-ანტიჰუმანისტური შეხედულებებისგან და მზად იქნებიან იბრძოლონ ისეთი საზოგადოების შესაქმნელად, სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა ყოველგვარი ექსპლუატაციის გარეშე იცხოვროს და იმუშაოს თითოეული ადამიანისა და მთლიანი საზოგადოების კეთილდღეობისათვის.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ