29 მაისს გამოქვეყნდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა მიმართვა პარლამენტისადმი. როგორც ცნობილია, მიმდინარე კვირაში პარლამენტის სხდომაზე დადგება სამოქალაქო კოდექსში ცვლილებაზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის საკითხი. ცვლილება ითვალისწინებს უნივერსიტეტთა იურიდიული სტატუსის შეცვლის, კერძოდ – კერძო სამართლის სუბიექტიდან საჯარო სამართლის სუბიექტად გარდაქმნის საკითხს. ბატონი პროფესორები აღნიშნავენ, რომ მათ უკვე გამოხატეს თავიანთი პოზიცია, რომლითაც პრეზიდენტის ვეტოს ემხრობიან და ცვლილებას ეწინააღმდეგებიან. მაგრამ ამჯერად დამატებითი არგუმენტი მოჰყავთ:
„საქართველოს კანონმდებლობა საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ არ იცნობს უვადო კონტრაქტების შესაძლებლობას. შედეგად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 100-ზე მეტი პროფესორი, რომლებსაც უვადო და უვადოზე ორიენტირებული (ამ ცნების მნიშვნელობა ჩვენთვის უცნობია – სათ) კონტრაქტი აქვთ, შრომითი პირობების გაუარესებისა და კარიერის პერსპექტივის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგებიან“.
ამ განცხადებამდე ჩვენ ასევე გამოვაქვეყნეთ მიმართვა, სადაც ჩვენი არგუმენტები მოგვყავს იმის დასასაბუთებლად, რომ უნივერსიტეტთა საჯარო სამართლის სუბიექტებად გარდაქმნა აუცილებელია განათლების სისტემის საზოგადოებრივ ინტერესებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, მეცნიერების, შემოქმედებისა და განათლების სრულფასოვანი განვითარების პირობათა უზრუნველსაყოფად. ამავე დროს, ცხადია, მნიშვნელოვანია, რომ საჯარო სამართალი უნდა უშვებდეს უვადო კონტრაქტის შესაძლებლობას ყველგან, სადაც იგი ლოგიკურად გამართლებულია. სხვა თუ არაფერი, განათლების სისტემის რეფორმის სახელმწიფო კონცეფცია, რომელიც საუნივერსიტეტო სივრცეში ტენუარის სისტემის შემოღებას გულისხმობს, აუცილებლად გულისხმობს ასეთ კონტრაქტებსაც.
უვადო კონტრაქტის დაშვება უნივერსიტეტებში შესაძლებელია მოხდეს მცირე შესწორებით განათლების შესახებ კანონში, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივაღწიოთ მეტს: როგორც მოგეხსენებათ, შრომის კოდექსის ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს უვადო კონტრაქტს. მაგრამ კანონპროექტი მეორე მოსმენისას ჩავარდა. არსებობს საფრთხე, რომ კერძო ინტერესთა მხრიდან ზეწოლის შედეგად მისი საბოლოო ვარიანტიდან ამოღებულ იქნეს პუნქტები, რომლებიც უვადო კონტრაქტის შესაძლებლობას ითვალისწინებს. მოვუწოდებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურას, მთლიანად საზოგადოებას – არ დავუშვათ ასეთი ჩავარდნა!
უვადო კონტრაქტი არა მხოლოდ უნივერსიტეტის პროფესორთათვის არის საჭირო – ქვეყანაში ასეთი პირობების არსებობას უდიდესი საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვს, რადგან ქმნის გარანტიების სულ მცირე ორი უმნიშვნელოვანესი გარემოებისათვის:
ადამიანებში ქმნის სტაბილურობისა და გრძელვადიანი პერსპექტივისადმი ოპტიმისტური დამოკიდებულების განცდას, და იცავს ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით დევნისაგან.
ამდენად, თუმცაღა პრობლემის დაყენებაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესურას ვეთანხმებით, ჩვენი აზრით, გამოსავალს ისინი არასწორად გვთავაზობენ – თუკი უვადო კონტრაქტი კარგია, და საჯარო სამართალი ამ ფორმას არ იცნობს, ლოგიკურია მოვითხოვოთ არა კერძო სამართლის სუბიექტის აბსურდული სტატუსის შენარჩუნება სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, არამედ (სტატუსის შეცვლის საკითხისგან დამოუკიდებლად) – საჯარო სამართალში შესაბამისი ცვლილებების შეტანა და უვადო კონტრაქტის დაშვება.
გვჯერა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები მხოლოდ პირადი კარიერის, საკუთარი შრომის პირობების გაუმჯობესების ინტერესებზე მაღლა დგანან და მხოლოდ თავიანთთვის არ სურთ ის სიკეთე, რაც შეიძლება ყველასთვის იყოს ხელმისაწვდომი.
ამიტომ იმედი გვაქვს, მიუხედავად ზოგიერთ საკითხზე აზრთა სხვადასხვაობისა, შევძლებთ ერთად დავდგეთ ამ უმნიშვნელოვანესი პერსპექტივის განსახორციელებლად და მოვითხოვოთ პარლამენტისგან და მთავრობისაგან:
1 – დროულად და ეფექტურად განხორციელდეს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმა სახელმწიფო კონცენფციის შესაბამისად, რაც გულისხმობს ტენუარის სისტემის შემოღებას და უვადო კონტრაქტების შესაძლებლობას ყველა უმაღლეს სასწავლებელში;
2 – შრომის კოდექსის მიღებისას იხელმძღვანელონ საზოგადოებრივი ინტერესებით და არ დაუშვან უვადო კონტრაქტების შესაძლებლობათა გაუქმება.
ამით ჩვენ არა მხოლოდ რომელიმე ჯგუფის ან სოციალური ფენის, არამედ – ყველა მოქალაქისათვის შრომის პირობათა გაუმჯობესებას შევუწყობთ ხელს.