ქურთული სეპარატიზმი – როდემდე იქნება დამოკლეს მახვილი თურქეთის თავზე?

,,…ქურთებს მეგობრები არ ჰყავთ – მხოლოდ მთები…”
(ქურთული ანდაზა)

თანამედროვე მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად სამართლიანად ითვლება სეპარატიზმი. დღესდღეობით დედამიწაზე დაახლოებით 5 ათასამდე ეთნიკური ჯგუფი ცხოვრობს ანუ სახელმწიფოთა დიდი უმრავლესობა პოლიეთნიკურია. სეპარატიზმისა და სადავო ტერიტორიების პრობლემა კი თანამედროვე მსოფლიოს დაახლოებით 75 ქვეყანას აწუხებს.

2013 წლის 10 იანვარს პარიზში ქურთების ინსტიტუტის შენობაში სამი ქურთი აქტივისტის გვამი იპოვეს. როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი მოკლული ქურთისტანის მუშათა პარტიის თანადამაარსებელი იყო. და ეს ხდება მაშინ, როდესაც თურქეთის მმართველი გუნდი მოლაპარაკებას აწარმოებს აბდულა ოჯალანთან ქურთი მეამბოხეების განიარაღებაზე. ამ დაპირისპირებამ, რომელიც 1984 წელს დაიწყო სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მდებარე ქურთებით დასახლებული ტერიტორიის დამოუკიდებლობისათვის, უკვე 45 000 ადამიანზე მეტი შეიწირა ორივე მხრიდან.

სამწუხაროა, რომ 21-ე საუკუნის დასაწყისში ბრძოლა დამოუკიდებელი ქურთისტანისთვის კვლავ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე გადაუჭრელ კონფლიქტად.

თურქეთი სხვადასხვა ცივილიზაციისა და გეოპოლიტიკური სივრცეების შესაყარზე მდებარეობს და ამის გამო, საკუთარი მეტად ხელსაყრელი მდებარეობის გამოყენებით, აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმართვა შეუძლია. თურქეთს, უამრავ ეკონომიკურ და პოლიტიკურ მიღწევასთან ერთად, საკმაოდ სერიოზული პრობლემა აქვს მოსაგვარებელი – ქურთების პრობლემა და ეს მისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა. ქურთები მსოფლიოში ყველაზე დიდი ერია სახელმწიფოს გარეშე, მათი რაოდენობა 30 მილიონს აღემატება და მათი განსახლების არეალი ოთხ ქვეყანას მოიცავს: თურქეთი, ირანი, ერაყი და სირია. ახლო აღმოსავლეთში ქურთები რაოდენობით მხოლოდ ირანელებს, არაბებს და თურქებს ჩამოუვარდებიან. სხვადასხვა დროს ოთხივე სახელმწიფოს ხელისუფლება ქურთებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა.

დავიწყოთ იმით, რომ თურქეთის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, რადგან აქ ერთი საინტერესო თავისებურება გვხვდება: თურქეთის მოსახლეობის აღწერისას კითხვა რესპოდენტის ეთნიკური წარმოშობის შესახებ არ ისმება. საერთოდ ეთნიკური კუთვნილების თემა ტაბუდადებულად ითვლებოდა დიდი ხნის განმავლობაში. ოსმალეთის იმპერიაში ბერძნებს, სომხებს, ებრაელებსა და სხვა ეთნიკური ნიშნის წარმომადგენლებს არავინ სდევნიდა.

სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა მეოცე საუკუნის დასაწყისში, როდესაც ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ მოხდა ნაციონალისტური მოძრაობის – ,,ახალგაზრდა თურქების” ჩამოყალიბება. დაიწყო დაპირისპირებები ეთნიკურ ნიადაგზე. აქვე მინდა მოვიყვანო საინტერესო მუხლი 1982 წლის თურქეთის კონსტიტუციიდან, რომლის თანახმადაც, თურქეთის ყველა მოქალაქე თურქია, თურქი დედის ან თურქი მამის შვილიც. სკოლებში აქტიურად ისწავლებოდა თურქული ენა ანუ გათურქების პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა. ამას მოჰყვა ის, რომ ბევრმა არათურქმა დაივიწყა თავისი წარმომავლობა ბევრი გასაგები მიზეზის (თუნდაც ეკონომიკური) გამო. თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ გამონაკლისს წარმოადგენს ქურთული ეთნოსი (რომელიც რაოდენობითაც გამოირჩევა). და რა მიიღო თურქეთმა? საკუთარი ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში დენთის კასრი, რომელიც საშუალო ინტერვალებით ხშირად აფეთქების პირასაა.

თუ დღევანდელი თურქეთის ეთნიკურ რუკას გადავხედავთ, ქვეყნის მოსახლეობის 84 პროცენტი თურქულ ენაზე ლაპარაკობს, ხოლო 12,4 პროცენტს შეადგენენ ქურთულ ენაზე მოლაპარაკენი.

ამასთან დაკავშირებით მინდა ერთი საინტერესო ფაქტი მოვიყვანო: თურქეთში საზოგადოებრივი კვლევის ორგანიზაციამ, KONDA RESEARCH-მა 2006 წელს გამოკითხვა ჩაატარა. 50 000 შემთხვევით რესპონდენტს ჰკითხეს მათი ეთნიკური წარმომავლობის შესახებ: გამოკითხულთა დაახლოებით ოთხმოცმა პროცენტმა უპასუხა, რომ ის თურქია, თხუთმეტმა პროცენტმა კი, რომ ის ქურთია.
შეიძლება ასეთი სახის გამოკითხვებში ეჭვიც შევიტანოთ, თუმცა ფაქტი ერთია: ძირითად ეთნოსებს ქვეყანაში თურქები და ქურთები შეადგენენ. ასე რომ, როდესაც შენი მოსახლეობის სულ მცირე ოც პროცენტს სხვა ეთნიკური ჯგუფი შეადგენს, მათ წინააღმდეგ დისკრიმინაციული პოლიტიკის გატარება მომგებიანი ნამდვილად არ უნდა იყოს. და ეს მაშინ, როდესაც გინდა ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობას მიაღწიო და დემოკრატიული ქვეყნის სახელი დაიმკვიდრო.

კონფლიქტის ათვლის წერტილად შეიძლება მივიჩნიოთ 1984 წელი, როდესაც ქურთისტანის მუშათა პარტიამ ოფიციალურად დაიწყო ბრძოლა. ბოლო მონაცემებით თურქეთში 18 მილიონი ქურთი ცხოვრობს, რომელთა უმრავლესობა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილის ბინადარია. 1920-30-იან წლებში ქემალისტური თურქეთის მიერ ჩახშობილი რამდენიმე აჯანყების შემდეგ, ქურთულმა ნაციონალიზმმა თავი 1970-იან წლებში ისევ იჩინა. ამ პერიოდში თურქეთი უარყოფდა ქურთული ეთნიკური იდენტობის არსებობას და 1991 წლამდე ქურთული ენის გამოყენებას არალეგალურად აცხადებდა. თუმცა 2003 წლიდან, თურქეთის ხელისუფლებაში ერდოღანის და მისი სამართლიანობისა და განვითარების პარტიის მოსვლის შემდეგ ქურთების მიმართ შედარებით ტოლერანტული პოლიტიკა ტარდება, თუმცა პოლიტიკური ძალადობა ისევ სახეზეა.

აღსანიშნავია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი: სირიაში მიმდინარე სისხლიანი სამოქალაქო დაპირისპირება, რომელმაც ქურთთა საკითხს ახალი მნიშვნელობა შესძინა. ოფიციალური დამასკოს კონტროლისგან სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთის ნაწილის განთავისუფლებამ ქურთების ოცნება უფრო რეალური გახადა. თუკი სირიაში სამოქალაქო ომი კიდევ უფრო გაიწელება, სიტუაცია უფრო უმართავი გახდება, ეს კი ზიანს მოუტანს თურქეთსაც და ირანსაც. ამიტომაა, რომ თურქეთი განსაკუთრებით ცდილობს სირიის პრობლემის განსაკუთრებით სწრაფად მოგვარებას და ცდილობს საერთაშორისო საზოგადოების ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ დარაზმვას. თურქეთისთვის ყველაზე მისაღები იქნება, თუ სირიის ტერიტორიაზე გაეროს ან ნატოს ჯგუფები შევლენ. ძალიან გააქტიურდა ,,ქურთისტანის მუშათა პარტია”, რომლის ეგიდით მოქმედი შეიარაღებული ფორმირებების შეტაკებებმა თურქეთის საჯარისო ნაწილებთან სისტემატური ხასიათი მიიღო.

გასათვალისწინებელია ერაყში შექმნილი ვითარებაც: ამ ქვეყნის ტერიტორიაზე ქურთთა ლიდერის – მასუდ ბარზანის თაოსნობით თითქმის დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფო ჩამოყალიბდა, რამაც ქურთებში განსაკუთრებული რეაქცია გამოიწვია.
ვერ გავექცევით 21-ე საუკუნის შავ ოქროსა და თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობების ერთ-ერთ მთავარ წამმართველს – ნავთობს. ზოგიერთი ექსპერტის მოსაზრებით, ოთხი ქვეყნის ტერიტორიაზე დასახლებული ქურთების ტერიტორიების გაერთიანების იდეა აშშ-ს ეკუთვნის. ცნობილია, რომ ეს ტერიტორიები ძალიან მდიდარია ნავთობის საბადოებით. რა თქმა უნდა, თუ ასეთი სახელმწიფო შეიქმნება, მოსახერხებელი იქნება სასურველი ხელისუფლების ქვეყნის სათავეში მოყვანა, რის შემდეგაც უპრობლემოდ მოხდება ნავთობის ექსპორტი. სწორედ ამით აიხსნება ალბათ, რომ აშშ თავს იკავებს ოფიციალური დამასკოს წინააღმდეგ ქმედითი ღონისძიებებისგან, რაზეც თურქეთმა არაერთხელ მიუთითა. მაგრამ ასეც რომ იყოს, აშშ-ისთვის რთული იქნება ასეთი სცენარის წარმართვა: ა) პროცესს ძალიან დიდი დრო დასჭირდება; ბ) მოვლენების აშშ-ის ამ სცენარით განვითარება, მოიტანს დიდ მსხვერპლსა და ნგრევას, ამიტომ გაიზრდება ანტიამერიკული დამოკიდებულება; გ) თუნდაც საწადელის მიღწევის შემთხვევაში, უნდა მოხდეს გაზისა და ნავთობის ექსპორტირება თურქეთისა და სირიის გავლით. ჩემი აზრით, აშშ-ს უბრალოდ არ სურს ერაყის მსგავსად კიდევ ერთ კონფლიქტში ჩაეფლოს.

მინდა ასევე შევეხო ამ კონფლიქტთან დაკავშირებით რუსეთის ფაქტორს: ჩვენი მეზობელი განსაკუთრებულ ინტერესს არასოდეს იჩენდა ამ პრობლემასთან დაკავშირებით. მაგრამ, 2011 წელს, მას შემდეგ რაც დაიდო გაზსადენ ,,ტანაპი”-ს ხელშეკრულება თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის, რუსეთი მიხვდა რომ თურქეთის სახით კონკურენტი გამოუჩნდა, რომელიც ართმევს ენერგომატარებლების ბერკეტს. რუსეთის ხელისუფლების ეგიდით ტარდება სხვადასხხვა სახის კონფერენციები და შეხვედრები, სადაც გმობენ თურქეთის პოლიტიკას ქურთი ხალხის მიმართ. მაგრამ ჩემი აზრით, მიუხედავად ქურთების საკითხით კრემლის დაინტერესებისა, რუსეთი ქურთების დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნას მხარს მაინც არ დაუჭერს. აქ პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ოფიციალური კრემლის ურთიერთობა სირიასთან და დამასკოსთან (თუნდაც ეკონომიკური კუთხით). თანაც ახლახანს ერაყმა შესთავაზა ქვეყნის სამხრეთში არსებული მდიდარი ნავთობსაბადოების დამუშავება.

და ბოლოს, სად არის ამ პრობლემის გადაწყვეტის გზა? მნიშვნელოვანია, რომ მოსახლეობაში ნელ-ნელა ეცემა ქურთისტანის მუშათა პარტიის რეიტინგი. დღეს თითქმის ყველა სახლში შეგიძლიათ ნახოთ სხვადასხვა დროს ტერაქტების შედეგად დასახიჩრებული ადამიანები.

უნდა შეიქმნას პროგრამა, რომლის თანახმადაც მოხდება ქურთი ეროვნების ადამიანების ჩართვა მმართველობით პირამიდაში. ეს აგრძნობინებს მათ, რომ ისინი მნიშვნელოვან კვანძს წარმოადგენენ ქვეყნის შემდგომი განვითარების პროცესში.
უნდა მოხდეს კონსტიტუციის გადახედვა და თურქეთის ქურთისტანს მიენიჭოს ფართო კულტურული ავტონომია, რამდენიმე პოლიტიკური ნიშნით.

უნდა მოხდეს ქურთი ეროვნების ადამიანების მაქსიმალური ჩართვა ქვეყნის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში.
და ბოლოს, მოლაპარაკებების გზით უნდა მოხდეს ძალისმიერი მეთოდების ჩანაცვლება. რადგან ნებისმიერი სახის ძალადობა, მხოლოდ ახალ კერას წარმოქმნის სისხლისა და ნგრევისა.

მარიამ ციცქიშვილი

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ