ფროდოს ძიებაში, ანუ 26 მაისის ბოროტებანი

ძალაუფლება აფუჭებს, აბსოლუტური ძალაუფლება აფუჭებს აბსოლუტურად

– ლორდ აქტონი –

ჯონ ტოლკიენმა “ბეჭდების მბრძანებელზე” მუშაობა 1937 წელს დაიწყო და 1949 – ში დაასრულა. თითქოს ბავშვებისთვის განკუთვნილი ნაწარმოები ამავდროულად ზუსტად გადმოსცემს პოლიტიკურ ისტორიას.

“ბეჭდების მბრძანებელი” გარკვეულწილად ზღაპარია ინდივიდზე რომელიც მიუხედავად გამორჩეულობისა და კეთილშობილობისა ხშირ შემთხვევაში განსაცდელში ვარდება და გაბოროტების, ძალაუფლების ცდუნებას ებრძვის.

ამიტომაც რა გასაკვირია რომ ფროდოზე ნაკლებად კეთილი ადამიანები ხშირად ძალაუფლების ცდუნებას ვერ უმკლავდებიან და ბეჭედს ხალხის წინააღმდეგ იყენებენ.

“ქართველმა ბეჭდების მბრძანებელმაც” 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს განსაცდელს ვერ გაუძლო და აქციაზე შეკრებილ მომიტინგეების “ორკებისგან” შემდგარი რაზმი მიუსია.251454_164376536958578_100001586988682_412173_2096017_n

სპეც. რაზმში და ზოგადად პოლიციაში ადამიანები მსახურობენ, ბევრი მათგანი ღირსეული ადამიანია, ზოგი ნაკლებად, მაგრამ მათი ინდივიდუალიზმი ასეთ შემთხვევებში იკარგება და ყოველი მათგანი ხდება ერთი პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი ჭანჭიკი ბოროტების მანქანის წიაღში. მოდით მას პირობითად ორკმობილი დავარქვათ.

ორკმობილმა დანაშაული 26 მაისს, ქართველებისთვის ერთ-ერთ საამაყო დღეს ჩაიდინა, სასტიკად დასაჯა (დასაჯა და არ დაშალა) ხშირ შემთხვევაში უვნებელი მომიტინგეები . მომიტინგეებს კარიდორი არ დაუტოვეს, სდიეს ბოლომდე, კინოთეატრ რუსთაველშიც კი შეიჭრნენ და ზოგიერთი მანამ ცემა სანამ სიცოცხლეს არ გამოასალმა.

სიკეთე და ბოროტება ფილოსოფიის განჯის საგანია და ამ ორ მცნებაზე გაუთავებლად შეიძლება დავა და კამათი, მაგრამ ამავე დროს არსებობს აბსოლუტური სიკეთე და აბსოლუტური ბოროტება, 26 მაისის შემთხვევაში საქმე აშკარად აბსოლუტურ ბოროტებასთან გვქონდა, ანუ ძალადობასთან  და დამცირებასთან საკუთარი მოქალაქეების მიმართ.

ორკმობილის ქმედებამ ბუნებრივია ბევრში აგრესია და სპეც. რაზმის და ხელისუფლების მიმართ მიერ უნდობლობა გამოიწვია. არა ბუნებრივია ის რომ ზოგიერთმა ორკმობილის ქმედება ლეგიტიმურად მონათლა და “მეტის ღირსები იყვნენ” ათქმევინა.

აქვე აღსანიშნავია რომ ბევრის მხრიდან მსგავსი რეაქცია ჯერ კიდევ აქციის დაშლამდე გამოიკვეთებოდა. ლოგიკურია მავანმა იფიქრო რომ ორკმობილი ემორჩილება ბრძანებას, შესაბამისად ბრძანების გარეშე დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება არ ძალუძს, უმეტეს შემთხვევაში მაინც.

აქედან გამომდინარე შეიძლება იმის ვარაუდი რომ ძალის გადამატება არა უშუალოდ სპეც. რაზმელების მხრიდან წამოსული ინიციატივა, არამედ ბრძანების შედეგად მიღებული გადაწყვეტილება იყო. ბრძანებამ კი მბრძანებლებისთვის ლეგიტიმური მას შემდეგ გახდა რაც საზოგადოების გარკვეული ნაწილიდან წამოსული მოწოდება “დაშალეთ, მაგათი…” გახდა.

შესაბამისად ზოგიერთის მოთხოვნა დასაჯონ მხოლოდ სპეც. რაზმელები ცოტათი არარელევანტურია.

სპეც. რაზმელების მომხრეებმა აქვე განვითარებული დასავლეთის ქვეყნებში ანალოგიურ მოვლენებზე აპელირება დაიწყეს, თითქოს ქართველი სპეც. რაზმელების ქმედება არა დანაშაული, არამედ ევროპული პროგრესის მომტანი ყოფილიყო. “აი ნახეთ, ესპანეთშიც იგივე ხდება,” გვეუბნებიან ისინი, მაგრამ აქვე ავიწყდებათ იმავე მოვლენებზე ხალხის რეაქციის და კომენტარების წაკითხვა, რომლებიც ერთსულოვნად გმობენ ჩადენილ დანაშაულს.

რა უნდა მოიქმედოს საზოგადოებამ, მოსახლეობამ რომელიც ხელისუფლების მხრიდან ასეთი ქმედების შემდეგ და უფერული ოპოზიციის მხრიდან პრაქტიკულად ცუგცვანგშია მოქცეული?

დაიწყოს მოქმედება. მოქმედება დაიწყო, დაიწყო 28 მაისს როდესაც რუსთაველის გამზირზე ათასობით უკმაყოფილო მოქალაქე შეიკრიბა და არცერთ პოლიტიკურ ლიდერს არ მისცა მიკროფონთან მისვლის საშუალება. ასეთი საქციელი მისასალმებელი და იმედის მომცემია, იმ იმედის რომ საქართველოში ადრე თუ გვიან შეიძლება ჩამოყალიბდეს სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოება რომელიც პასუხისმგებლობის გრძნობით იქნება დაჯილდოვებული და პასუხს მოსთხოვს ყველას, განსაკუთრებით კი საკუთარ თავს იმის მიუხედავად თუ რომელ სოციალური ფენას განეკუთვნება და მიხვდება რომ მომგებიანი პოზიცია, პრივილიგირებული ადგილი საზოგადოებაში არ არის იმის გარანტი რომ უსამართლობა მას ან მის შვილებს ხვალ ირიბად მაინც არ შეეხება.

ხალხმა უნდა გაითავისოს რომ ეს ქვეყანა მისია, მისი შვილების, მეგობრების, ახლობლების, მიხვდეს რომ პირობითად “ბეჭედი” მის ბედს წყვეტს და არ წამოადგენს უბრალო სათამაშოს ზოგიერთი პოლიტიკოსის ხელში.

 
http://lobzhanidze.wordpress.com/2011/05/29/ფროდოს-ძიებაში-ანუ-26-მაისი/

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ