“სვეცკი და ინტელიგენტი” პირწიგნაკელები, ანუ ინგლისურის სახელმწიფო ენად გამოცხადების მომხრეებს

“Словарь Вильяма Шекспира, по подсчету исследователей, составляет 12000 слов. Словарь негра из людоедского племени «Мумбо-Юмбо» составляет 300 слов. Эллочка Щукина легко и свободно обходилась тридцатью. “

– ილფი და პეტროვი –

” – Do you speak English?

– Yes, I  learnt it from a book.”

-ალფონსო მელერო-

დაახლოებით ორი კვირის წინ ფეისბუქის მომხმარებელს კიდევ ერთი “მარგალიტი” გამოკითხვის ნახვის საშუალება მიეცა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაახლოებით შემდეგ შინაარსის კითხვა დასვა “გსურთ თუ არა რომ ინგლისური ენა გამოცხადეს მეორე სახელმწიფო ენად საქართველოში?”

კითხვა რომ ვნახე გამეღიმა და ხუმრობად აღვიქვი, თუმცა როგორც აღმოჩნდა პირწიგნაკის მომხმარებლის რეაქცია არ ყოფილა ერთგვაროვანი, უფრო მეტიც დაახლოებით 10 000 პასუხიდან 1000 – მდე ადამიანმა კითხვას დადებითად უპასუხა და სრული სერიოზულობით ჩათვალა რომ ინგლისური ენის სახელმწიფო ენად გამოცხადება აბსოლუტურ აუცილებლობას წარმოადგენს!

ზოგიერთი უფრო შორს წავიდა და იმის მტკიცებას შეუდგა რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთანავე საქართველო განვითარდება, წინ წავა და საერთოდ ქვეყნის მსოფლიო გლობალურ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ პროცესებში ინტეგრირებას შეუწყობს ხელს. ოპონენტ მოპასუხეს კი კითხვაზე “რატომ უნდა გამოცხადეს ინგლისური სახელმწიფო ენად” მომხრეებმა რკინის არგუმენტით და რიტორიკული შეკითხვით “რატომ არ უნდა გამოცხადეს?” უპასუხეს.

არ ვიცი რაში აღმოაჩინეს ასე “პროგრესულად” მოაზროვნე ადამიანებმა კავშირი ქართულ და ინგლისურ კულტურებს შორის, ან სად იპოვეს საქართველოში ინგლისურად მოსაურბე (მშობლიური ენის რანგში) ადამიანები, მაგრამ მათ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მარტივ ჭეშმარიტებად მონათლეს.

საინტერესოა რომ თავის დროზე საბჭოთა კავშირის პირობებში საქართველოს და სომხებს გამონაკლისის სახით ჰქონდათ საკუთარი ოფიციალური ენა, ქართული და შესაბამისად სომხური, მაგრამ ერთხელაც მოსკოვიდან წამოსულ ინიციატივამ ასეთი სტატუსი საფრთხის ქვეშ დააყენა. ისეთ ტოტალიტარულ სახელმწიფოშიც კი როგორიც საბჭოთა კავშირია ასეთ ინიციატივას ქართულ საზოგადოებაში პროტესტით შეხვდნენ, პროტესტი იმდენად მძლავრი აღმოჩნდა რომ მოსკოვი ვერაფერს გახდა და ქართულ იფიციალურ ენად დატოვა.

დღეს მეორე სახელმწიფო ენის ქონას (მითუმეტეს ინგლისურის) საქართველოს მოსახლეობას არავინ ეძალება. რა საჭიროა? მოსახლეობის გარკვეული ნაწილი (მცირე მაგრამ მაინც) ხომ თავადაა მზად მიიღოს ასეთი აბსურდი საქმე საქმეზე რომ მიდგეს.

ძალიან მეეჭვება ასეთების რიგებში ისეთი ადამიანები იყვნენ რომლებსაც ა.შ.შ – ში ან ევროპაში ცხოვრების ჰქონდეთ გამოცდილება მიღებული, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ასეთი გამოცდილების არსებობის შემთხვევაში ეცოდინებოდათ რომ დემოკრატიულ სახელმწიფოებში ძალიან დიდი მნიშვნელობა იდენტობას ენიჭება, სადაც იდენტობა არა მარგინალიზაციად, არამედ პიროვნების ან ადამიანების ჯგუფის საინტერესო ფენომენად აღიქმება.

მარტივად რომ ვთქვათ უცხოელს არა შენი ცუდად გადამღერებული ინგლისური სიმღერა, არამედ შენი თავისებურება აინტერესებს.

გამოკითხვა იქეთ იყოს და მოდით ზოგიერთი ქართველი პირწიგნაკის (ზოგადად საზოგადოების, თუმცა ფეისბუქზე ეს უკეთ ჩანს) მომხმარებლის ლექსიკას გადავხედოთ.

იყო დრო და საქართველოში მოდურად ითვლებოდა რუსულად ლაპარაკი, უფრო სწორედ არა ზოგადად რუსულად მეტყველება, აზრის რუსულად დაწყება, გაგრძელება და დასრულება, არამედ რუსული სიტყვების ჩასმა ქართულ კონტექსტში, ანუ ჰიბრიდული აზრთა წყობა.  ასეთი ტენდენცია მარტო საქართველოსთვის როდი იყო დამახასიათებელი, მსგავსი შემთხვევები გვხდება მაგალითად ისეთ პოსტ კოლონიურ ქვეყნებში როგორიც ინდოეთი და ნიგერიაა.

ინდოელი ან ნიგერიელი საუბრისას ხშირად იყენებს ინგლისურ სიტყვებს, რაც მის განათლებულობაზე (?) და პრივილიგირებულ (?) მდგომარეობაზე მიუნიშნებს.

თუ რუსულის შემთხვევაში ყველაფერი გასაგებია, ინგლისური ენის ქართულ კონტექსტში ხმარება განსხვავებულ, საინტერესო ფენომენად შეიძლება ჩავთვალოთ, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ბრიტანეთის ან ა.შ.შ.-ს კოლონია. ამ შემთხვევაში ინგლისური ენის ექსპანსია ნებაყოფლობითია, გარკვეულწილად ნებაყოფლობითი ლინგვისტური მონობაა.

ფბ-ს მომხმარებლებში გამოირჩევა რამდენიმე ტენდენცია,

ა) ქართულში რუსული სიტყვების “შემრევები,” ასეთებს ძირითადად უფროსი თაობის წარმომადგენლებში უნდა ვპოულობდეთ, რომლებიც ჯერ კიდევ 30 წლისწინანდელი მდგომარეობიდან არ გამოსულან და “სვეცკად” იყენებენ რუსულ სიტყვებს, ასევე გვხვდებიან ახალგაზრდები, რომლებიც სავარაუდოდ “ტრადიციულ,” ინტელიგენტურ ოჯახებში არიან აღზრდილები და ასე ლაპარაკს ბავშვობიდან არიან შეჩვეულები.

ბ) ახალგაზრდები რომლებიც დაიბადნენ ან გვიანდელ საბჭოთ კავშირში ან სულაც მის დაშლის შემდეგ, ასეთები უფრო ინგლისურს ანიჭებენ უპირატესობას, საინტერესოა რომ ამ და პირველ ჯგუფს შორის განსხვავება მხოლოდ ენის პრიორიტეტშია, ანუ შინაარსობრივად იგივე მენტალიტეტის მატარებლებს წარმოადგენენ, განსხვავდებიან მხოლოდ ფორმით. ასევე საინტერესოა რომ რამე წინადადების დაწერისას ძირითადად იყენებენ ქართულს, მაგრამ რამდენიმე სიტყვას (ან ფრაზას) ინგლისურად მიაყოლებენ, ჩემი აზრით განსხვავება პირველ ჯგუფთან ჩემი მოკრძალებული აზრით ისაა რომ ესენი უბრალოდ ინგლისურს ვერ ფლობენ წესიერად და მთელ წინადადებას ვერ შლიან ნორმალურად.

გ) ეს ყველაზე საინტერესო ჯგუფია, ასეთ კატეგორიაში 30-40 წლის ადამიანები გვხვდებიან, ანუ ისეთები რომლებიც ჯერ კიდევ ძველ, საბჭოურ ეპოქად მოესწრნენ  მაგრამ ახალ “ყაიდაზე” ყრმობაში მოუწიათ გადასვლა. ეს აბსოლუტური ჰიბრიდია, რადგანაც ესენი ორივე ენის სიტყვებს იყენებენ, ზოგიერთ შემთხვევაში ერთ წინადადებაშიც კი. გამოდის რომ სახეზე გვაქვს ადამიანის გასამაგება, რომელიც ერთდროულად იყენებს 3 აბსოლუტურად განსხვავებული კულტურული ტრადიციების მატარებელ ენას!

ქართველმა ერმა საკუთარი იდენტობა საუკუნეების წინ შექმნა, შექმნა უნიკალური დამწერლობა რომელსაც მსოფლიო დამწერლობებში ღირსეული ადგილი უკავია,  თავისთავად ეს განძია, განძი რომელიც დღემდე შევინარჩუნეთ, მაგრამ საუკუნეების განმავლობაში განძის გარდა მენტალიტეტი გამოგყვა, მენტალიტეტი რომელიც როგორც ჩანს თავიდან ჩვენს იდენტობას არ წარმოადგენდა, მაგრამ შევიძინეთ ურიცხვი შემოსევების და დაპყრობების დროს და თუ დღეს მოდურია იმაზე საუბარი რომ ჩვენ საბჭოური მენტალობიდან ვერ გამოვედით ალბათ აუცილებელია დაეჭვება და კითხვის დასმა, “ვიყავით კი საბჭოთა კავშირამდე მენტალურად თავისუფლები და ამ “ტრადიციას” უფრო გრძელი ფესვები ხომ არ გააჩნია?

 

http://lobzhanidze.wordpress.com/2011/07/15/facebookenglish/

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ