ტელემაყურებელთა ასოციაციის განცხადება
მედიის როლი საზოგადოებრივი აზრის, და ამდენად – პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და სხვა პროცესების ფორმირებაში განსაკუთრებული, ხშირად – გადამწყვეტია.
ამიტომ, ცხადია, ნებისმიერი მედია საშუალება უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებელია საზოგადოების წინაშე. შეუძლებელია რაიმე სხვა ინტერესის უპირატესობის დაწესება და ადამიანებით მანიპულირების, შეგნებული სიცრუისა და დეზინფორმაციის გავრცელების, ასევე, მნიშვნელოვანი ინფორმაციის არგავრცელების გამართლება კორპორატიული ან სხვა ინტერესებით, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის საზოგადოების სურვილთან და ინტერესთან – მიიღოს სრული და მართალი ინფორმაცია.
ვფიქრობთ, არც ისე ბევრი ადამიანი მოიძებნება, რომელიც უარყოფს, რომ სიტუაცია ამ მხრივ სასურველისაგან ძალზე შორსაა. ჯანსაღი და სრულფასოვანი მედია-სივრცის ფორმირება და მისი შემდგომი მუშაობის უზრუნველყოფა – თითოეული მოქალაქის ინტერესშია.
ამისათვის მრავალი ნაბიჯია გადასადგმელი. დღეს ჩვენ გვსურს ერთ მათგანზე გავამახვილოთ ყურადღება. ესაა ჟურნალისტური ეთიკის პრინციპები.
საქართველოში უკვე არსებობს ჟურნალისტების მიერ ეთიკის პრინციპების ნებაყოფლობით აღიარების მნიშვნელოვანი პრეცედენტი. ვგულისხმობთ საზოგადოებრივ ორგანზიაცია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, რომელიც დღეისათვის დაახლოებით 180 ჟურნალისტს ითვლის.
ცხადია, ჟურნალისტური ეთიკის პრინციპებს კანონის ძალა არ აქვს, და მხოლოდ ეთიკის ქარტიის წევრთა საზოგადოებრივ შეგნებას ეფუძნება. მიუხედავად ამისა, კოლეგების მიერ ერთმანეთის წინაშე აღებული ასეთი პასუხისმგებლობა ამცირებს არაეთიკური ქცევის შანსებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მაღალპროფესიული და ეთიკური მედია სივრცის ფორმირებაში.
სამწუხაროა, რომ მრავალი ტელე და რადიოარხის, ბეჭდვითი გამოცემის თუ ელექტრონული მედიის ჟურნალისტები ამ თუნდაც სიმბოლური პასუხისმგებლობის ფორმალური აღიარების გარეშე მუშაობენ.
ჩვენ ცხადია არ მოვუწოდებთ მათ, რომ შეუერთდნენ ამ კონკრეტულ ორგანიზაციას – ყველას აქვს დამოუკიდებელი გაერთიანების და ქცევის თავისუფლება. მაგრამ მოვუწოდებთ ყველა ჟურნალისტს, ყველა ტელე-რადიო მაუწყებელს, ბეჭდვით გამოცემას და ელექტრონულ მედიას:
ეთიკური პრინციპების ფორმალური აღიარება აქციონ საქმიანობის აუცილებელ საფუძვლად;
ამისთვის, თუკი რაიმე მიზეზით არ სურთ უკვე არსებულ კოლეგიას შეუერთდნენ, შეიმუშავონ და გამოაქვეყნონ საკუთარი ეთიკის კოდექსი, რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ეცოდინება რა ფასეულობების მქონე ჟურნალისტთან ან დაწესებულებასთნ აქვს საქმე, და პოლემიკურ სიტუაციებში რა კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელოს კრიტიკის, განსჯისა თუ შეფასებისას.
მოვუწოდებთ ტელე-რადიო მაუწყებლების, ბეჭდვითი გამოცემების და ელექტრონული მედიის ხელმძღვანელებს, ამგვარი ეთიკური კოდექსის მიღების შემდეგ უარი თქვან ისეთი პერონალის დაქირავებზე, რომელიც არ აღიარებს კოდექსს, ან არის არის სხვა კოლეგიის წევრი, რომლის ეთიკის კოდექსი მათთვის მისაღებია.
ასევე, მოვუწოდებთ საზოგადოებას მხარი დაუჭიროს ამ ინიციატივას და მოითხოვოს მედია საშუალებათგან იმ პრინციპებისა და ქცევის საბაზისო წესების დეკლარირება, რომელთაც მათი საქმიანობა ეფუძნება.