ლაბორატორია ცვლილებებისთვის


ლაბორატორია 1918 თვითორგანიზებულ სტუდენტურ გაერთიანებას წარმოადგენს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რამოდენიმე ათეულზე მეტ სტუდენტს აერთიანებს, დღიდან დღემდე იზრდება და სამოქალაქო აქტივიზმის გაღვივების, ქვეყნის განათლების სისტემაში ფუნდამენტური ცვლილებისა და ახალგაზრდების თვითგანვითარებისათვის ხელისშემწყობი გარემოს შექმნისათვის მიისწრაფვის.

         დღეს საქართველოს მიერ არჩეული განვითარების პრიორიტეტები და  სოციალ ეკონომიკური კურსი აყალიბებს ისეთ სოციალურ რეალობას, სადაც განათლება არ ითვლება ადამიანის ფუნდამენტურ სოციალურ უფლებად, სადაც რეგულარულად იზრდება სწავლის საფასური, რის გამოც საშუალო და დაბალი ფენების წარმომადგენლებისათვის სულ უფრო და უფრო იზღუდება განათლებაზე ხელმისაწვდომობა, სადაც მინიმალური ყურადღებაც კი არ ექცევა მეცნიერების განვითარებას, სამეცნიერო კვლევებისა და ბიბლიოთეკების დაფინანსებას, სადაც არ არსებობს რეალური თვითმმართველობა და სტუდენტები ბიუროკრატიული სირთულეების წინააღმდეგ ვერ ახერხებენ საკუთარი უფლებებისა და საჭიროებებისთვის ეფექტურ ბრძოლას. ამ ყველაფრის შედეგია სასწავლო პროცესის დაბალი ხარისხი, მეცნიერების სავალალო მდგომარეობა და შრომის ბაზარზე დაბალ კონკურენტუნარიანობა.

            სწორედ ამგვარი რეალობის შესაცვლელად შეიქმნა ლაბორატორია 1918, ჩვენ გვჯერა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და ახლაც არის ქართული საზოგადოების მიკრო მოდელი, ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ  ჩვენი თაობის მოვალეობაა უნივერსიტეტშივე დაიწყოს ბრძოლა იმ მავნე გამოვლინებებისა და ტენდენციების წინააღმდეგ რაც გზას უხშობს ახალგაზრდების აბსოლუტური უმრავლესობის და შესაბამისად მთლიანად ქვეყნის განვითარებასა და ცივილიზებულ, სოლიდარულ საზოგადოებად ჩამოყალიბებას.

             ამიტომ ჩვენ გვსურს არსებული მცდარი მიდგომებისა და სისტემის შეცვლა და პოზიტიური ალტერნატივის ჩამოყალიბება, რომელიც თავისუფლების, თანასწორობისა და სოლიდარობის იდეებზე იქნება აგებული.

 


ჩვენ გვსურს:



სამოქალაქო აქტივიზმის გაღვივება



განათლების თანაბარი შესაძლებლობები და ხარისხი



თავისუფალი და დემოკრატიული სასწავლო პროცესი



განათლებისა და მეცნიერების სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტებად გამოცხადება


სამოქალაქო აქტივიზმის გაღვივება

 

       

ჩვენთვის ზემოთ მოყვანული ფრაზები არ არის მხოლოდ ლამაზი სიტყვები. ისინი ჩვენი მიზნებია. იდეები რომლებიც განაპირობებენ ჩვენს ქმედებებს, ამიტომ ჩვენ ვეძებთ ახალ გზებს ჩვენი და უფროსი თაობების დისკუსიაში მოსაწვევად და ჩასართველად, იმის შესახებ თუ როგორ გვსურს სწავლა, ცხოვრება და მუშაობა ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ პარლამენტებსა და მთავრობებს არ ძალუძთ აღნიშნული პროცესის დაწყება. ამიტომ ჩვენ გვჭირდება სამოქალაქო აქტივიზმის გაღვივება, პირდაპირი დემოკრატიის ელემენტები, აქტიურობა და დისკუსია უნივერსიტეტებში, ლოკალურ თავშეყრის ადგილებსა და უბრალოდ ქუჩებში. ამიტომ ახალგაზრდებისა და განსაკუთრებით სტუდენტების გააქტიურობა ამ პროცესისათვის სასიცოხლოდ მნიშვნელოვანია.


განათლების თანაბარი შესაძლებლობები და ხარისხი

          საქართველოში საშუალო ხელფასისა და სწავლის საშუალო საფასურის ზედაპირულად გადახედვაც კი საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ სერიოზული პრობლემა არსებობს მოსახლეობის უმრავლესობისათვის განათლების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. მშობლების ფინანსური და სოციალური მდგომარეობა კვლავ განსაზღვრავს განათლების სახესა და ხარისხს, რომელსაც ახალგაზრდები იღებენ. ჩვენ განწყობილნი ვართ საიმისოდ, რომ ვინმეს განათლება აღარასოდეს აღარ იყოს დამოკიდებული მისი მშობლების ფინანსურ მდგომარეობაზე. სწორედ ეს არის მთავარი მიზეზი, რისთვისაც ჩვენ ვაწარმოებთ კამპანიას და ვიბრძვით თანაბარი შესაძლებლობების განათლების სისტემაზე.

 

          განათლება არ არის სამომხმარებლო საქონელი, განათლება ჩვენთვის არის ადამიანის ფუნდამენტური სოციალური უფლება, რომლის უზრუნველყოფის გარანტი სახელმწიფო უნდა იყოს. ჩვენ განათლება გვჭირდება არა მოგებისა და ბიზნესის კეთებისათვის, არამედ სოციალური ინტეგრაციისა და ქვეყნის განვითარებისათვის.





თავისუფალი და დემოკრატიული სასწავლო პროცესი




         

თავისუფალი და დემოკრატიული სასწავლო პროცესი ჩვენთვის ნიშნავს იმას რომ უნივერსიტეტში მთავარ ფუნქციას სტუდენტები და ლექტორები უნდა ასრულებდნენ, ხოლო ადმინიტრაცია და ბიუროკრატიული აპარატი, როგორც დროებით დაქირავებული პერსონალი მთლიანად ორიენტირებული უნდა იყოს მათთვის კომფორტული საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად, ნაცვლად ხელოვნურად შექმნილი პრობლემების და ბარიერებისა, რაც არაორგანიზებულობისა და არაპროფესიონალიზმის შედეგია.




        

აგრეთვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი იყოს თავისუფალი სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება ნებისმიერი აზრის ღიად, საჯაროდ და თავისუფალად გამოხატვა, ისე რომ ის არ გახდება დევნისა და ანგარიშსწორების სამიზნე. უნივერსიტეტი უნდა ახდენდეს თავისუფლების, გახსნილობისა და პროგრესის კვლავწარმოებას, ნაცვლად ავტორიტარიზმისა და ძალადობის, როგორც სამწუხაროდ ეს დღეს ხდება.




 განათლებისა და მეცნიერების სახელმწიფოს მთავარ პრიორიტეტებად გამოცხადება




     საქართველოს დღევანდელი მთავარი ფინანსური დოკუმენტი(სახელმწიფო ბიუჯეტი) იმგვარად არის გადანაწილებული, რომ განათლებისა და მეცნიერების დაფინანსებაზე მხოლოდ მცირე საბიუჯეტო რესურსები მიემართება. ეს არის ლოგიკური შედეგი სახელმწიფო პოლიტიკისა, რომელიც განათლებისა და მეცნიერების განვითარებას არ მიიჩნევს პრიორიტეტულ მიმართულებებად, არ სურს ფულის ცოდნაში ჩადება და კვალიფიციური შრომითი რესურსების შექმნა, რადგან ორიენტირებულია იმგვარ ეკონომიკურ განვითარების კურსზე, რომელიც საჭიროებს დაბალკვალიფიციურ, იაფ მუშახელს, შეზღუდულ შრომის პირობებსა და უმუშევრობის მაღალ პროცენტულ მაჩვენებელს რათა საჭიროების შემთხვევაში უმტკივნეულოდ ჩაანაცვლოს ყველა ის კადრი ვინც კი უკმაყოფილებას გამოთქვამს არსებული რეალობით. სწორედ ამიტომ არის რომ სახელმწიფო ბიუჯეტში ხარჯების ნახევარზე მეტი მმართველობისა და თავდაცვის სფეროებს ხმარდება, ნაცვლად განათლების და სხვა სოციალური ხარჯებისა.




          

ჩვენ არ გვსურს, რომ ჩვენს ქვეყანას ამგვარი ავტორიტარული ქვეყნებისათვის დამახასიათებელი საბიუჯეტო პრიორიტეტები ქონდეს, სადაც მთელი რესურსები ძალოვან სტრუქტურებზეა მიმართული. ჩვენ გვსურს ცივილიზებული, განვითარებული და დემოკრატიული ევროპული ქვეყნების მსგავსად ჩვენი მთავრობა ორიენტირებული იყოს განათლებისა და სოციალური სფეროს დაფინანსებაზე, ჩვენ გვსურს რომ საქართველოსთვის პრიორიტეტი იყოს მეცნიერების, სამეცნიერო კვლევებისა და განათლების დაფინანსება, რათა შევქმნათ კონკურენტუნარიანი მოდერნული ცოდნის ეკონომიკა, მაღალკვალიფიციური მუშახელით. 



            


ჩვენ ვიცით, რომ ამ მიზნების შესასრულებლად წინ დიდი და რთული გზა გველის. ვიცით რომ ეს არის ინტერესების ბრძოლა სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს შორის და საკუთარ პრივილეგირებულ მდგომარეობას იოლად არავინ დათმობს, მაგრამ ჩვენ გვჯერა ჩვენი იდეების, იმედის თვალით ვუყურებთ მსოფლიოში მიმდინარე მსგავს ტენდენციებს, სოციალურ მოძრაობებსა და სტუდენტურ გამოსვლებს სანტიაგოსა და ლონდონის ქუჩებიდან უოლ სტრიტამდე… და გვჯერა, რომ მსოფლიო ზუსტად იქითკენ მიდის საითაც ჩვენ გვინდა რომ წავიდეს ჩვენი ქვეყანა. ჩვენ არ გვაქვს ძალა და ფული, მაგრამ ჩვენ გვაქვს მთავარი, რწმენა იმისა, რომ ჩვენი ბრძოლა ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების უმრავლესობის  ფუნდამენტური უფლებებისა და კეთილდეობისათვის სამართლიანია და  ჩვენი ლაბორატორია 1918 სწორედ ის ადგილია საიდანაც უნდა დაიწყოს ახალგაზრდებში ახალი იდეების დაბადება ცვლილებებისათვის, რომელიც აუცილელად სჭირდება ჩვენს ქვეყანას უკეთესი მომავლისათვის.






 


გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ