დღევანდელი გაერო უფრო ინერციულად ფუნქციონირებს ვიდრე ეფექტურად.
არაეფექტურობის მიზეზი არა იმდენად გაეროს დამაარსებელ სახელმწიფოთა(აშშ, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, სსრკ) ურთიერთანტაგონიზმი, რამდენადაც მათი სტატუსის ლეგიტიმაციის გამყარების მცდელობებია. ხუთივეს პრივილეგირებულობას ამყარებს მხოლოდ ერთი არგუმენტი_ „მეორე მსოფლიო ომში გამარჯვება“.
მეორე მსოფლიო იმის შემდეგ გავიდა 80 წელი, ამ პერიოდში შეიცვალა არა მხოლოდ სახელმწიფოები, არამედ ადამიანთა თაობებიც, დღევანდელ 30-35 წლის ადამიანისთვის გაურკვეველი და ბუნდოვანია, თუ რა კავშირი აქვს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებულებს დღევანდელ მოცემულობასთან. თუ მე20 საუკუნის 50-60-იანი წლების თაობებისთვის ნორმალური იყო გამარჯვებულთა პრივილეგირებულობა, ისევე როგორც კოლონიალიზმი, სეგრეგაცია, სახელმწიფო რასიზმი და სხვა დღევანდელობისთვის მიუღებელი „წესრიგები“ დღევანდელი მსოფლიოს ახალი თაობებისთვის ეს წესრიგები არათუ მიუღებელი, ხშირად უბრალოდ უცნობიც კია. კაცობრიობის დინამიურმა გლობალიზაციამ კომუნიკაციაში, ეკონომიკასა და ინფორმაციაში გარდაუვალი გახადა პროგრესიც და მეტი პროგრესისადმი სწრაფვაც, ადამიანის ცხოვრებაში წინ წამოწია საკუთარ და სხვის უფლებებებზე(სიცოცხლის, ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, განათლების) ზრუნვა და მეორეხარისხოვნად აქცია არათუ რადიკალური წესრიგებისთვის(ფაშიზმი, კომუნიზმი) თავგანწირვა, არამედ 20 წლის წინ გასაგები მემარცხენეობა/მემარჯვენეობაც კი.
არათუ 80, უკვე 20 წლის წინანდელი ტერმინოლოგიებიც და დეფინიციებიც კი გადახედვას ითხოვს. და ეს გარდაუვალი პროგრესი პირდაპირ და უშუალო საფრთხეს უქმნის გაეროს ხუთეულის პრივილეგირებულობის ლეგიტიმაციას. ამ ქვეყნების ახალმა თაობებმა არ იციან რა კავშირია წარსულში მომხდარ ომსა და დღევანდელობას შორის, როცა ჩინელი ან რუსი სტუდენტი მშვიდად სწავლობს გერმანულ უნივერსიტეტში, როცა არც ფრანგმა და არც გერმანელმა მოსწავლემ არ იცის თუ რას ნიშნავს „მაჟინოს ხაზი“ მაგრამ ორივეს ერთად შეუძლია სამოგზაუროდ ამერიკაში, ჩინეთში ან იაპონიაში გადაფრენა და ხიროსიმელ თანატოლებთან ერთად დროის გატარება. ეს რეალობა უქმნის საფრთხეს გაეროს ელიტურ წევრთა ლეგიტიმაციას და სწორედ ამიტომ ცდილობენ ჩინეთის და რუსეთის პოლიტიკური წრეები მაქსიმალურად შეანელონ და შეაჩერონ მათი რეჟიმებისთვის სახიფათო ტენდენციები.
მოსკოვი, 9 მაისის ყოველწლიური პომპეზური აღლუმებით და შესაბამისი პროპაგანდით ცდილობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნარატივის დამკვიდრებას _ „მეორე მსოფლიო ომის ფაქტორი კვლავ განსაზღვრავს მსოფლიო წესრიგს, ხოლო რუსეთი ამ გამარჯვების მთავარი მოქმედი პირია და არ დათმობს საკუთარ პრივილეგირებულობას“.
ჩინეთის ხელმძღვანელობას პრივილეგიების შესანარჩუნებლად სხვა იარაღი აქვს: 18%-იანი, უნიკალური წილი მსოფლიო მოსახლეობაში და 15%-იანი წილი მსოფლიო ეკონომიკაში.პეკინის ნარატივიც შესაბამისია _ „ჩინეთი არის უზარმაზარი სახელმწიფო ცივილიზაცია, რომლის გარეშე მსოფლიო ეკონომიკა ჩამოიქცევა, ამიტომ ყოველთვის გაგვიწიეთ ანგარიში“.
მეორე მსოფლიო ომში, საფრანთეთის მსგავსად, ჩინეთსაც არ ჰქონია გადამწყვეტი როლი. იაპონიის ოკუპაციით დასუსტებული ჩინეთი უფრო მეტად აგრესიის მსხვერპლი იყო ვიდრე გარდამტეხი აქტორი. გაეროს დაარსების შემდეგაც ჩინეთი ვერ ასრულებდა გლობალური სახელმწიფოს როლს, რადგან შიდა კონფლიქტმა პირდაპირი ასახვა იქონია გაეროში აქტივობაზეც, სადაც ჯერ „ჩინეთის რესპუბლიკა“, შემდეგ კი „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა“ იყვნენ წარმოდგენილები. ამიტომ პეკინისთვის სახიფათოა არა მეორე მსოფლიო ომის დეაქტუალიზაცაცია, არამედ ჩინეთის ახალი თაობების გლობალიზაცია და სწრაფვა უფლებებისა და თავისუფლებებისკენ. ეს ტენდენცია შეინიშნება არა მარტო რუსეთსა და ჩინეთში, არამედ მთელს მსოფლიოში, მიუხედავად იმისა თუ რა პოლიტიკური სისტემა შეუქმნია, რა რელიგია აურჩევია ან რამდენი ომი მოუგია ამა თუ იმ სახელმწიფოს. ისტორია სულ უფრო კარგავს პოზიციებს თანამედროვე და პერსპექტიულ გეოპოლიტიკაში. კომუნიკაციისა და ინფორმაციის გლობალიზაციამ საშუალება მისცა ავღანელსა და ლაოსელს, ბოლივიელსა და ირანელს, ნიგერიელსა და ესპანელს შეადაროს ცხოვრების წესები სხვადასხვა ქვეყნებში და თავად გადაწყვიტოს, რისკენ ისწრაფვოს.
არა ისტორიითა და წარსულში მოგებული ომებით, არამედ სწორედ ამ ადამიანური სურვილებით და მიზნებით ხელმძღვანელობს მილიონობით ადამიანი(მიუხედავად მათი მოქალაქეობის, რწმენის, ეროვნების ან ორიენტაციისა) როცა ცდილობს ლეგალურ და არალეგალურ მიგრაციას დასავლურ სამყაროში. ეს მიმართულება ყველაზე თვალნათლივ აჩვენებს, თუ რისკენ ისწრაფვის ადამიანი _ სიცოცხლის, უსაფრთხოების, ჯანმრთელობის, განათლების, თავისუფლებისა და წარმატებისკენ. არა მეორე მსოფლიო ომში ხუთეულის გამარჯვებამ, არამედ რობერტ შუმანის ინიციატივით შექმნილმა „ნახშირისა და ფოლადის ევროპულმა გაერთიანებამ“ შექმნა ის დასავლური სამყარო, რომლისკენაც ისწრაფვიან მილიონები. ის დასავლური სამყარო რუსეთს არ შეუქმნია და არც ამერიკას. საფრანგეთმა და გერმანიამ, ომში ერთმანეთის მტრებმა შექმნეს, თან ომის დასრულებიდან 5 წელიწადში. ყოფილმა მტრებმა შექმნეს კავშირი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ, მშვიდობიან მულტინაციონალურ გაერთიანებას.
ლოგიკურად ჩნდება კითხვა, რატომ არ უნდა იყოს გერმანია მსოფლიო პოლიტიკის ისეთივე წონის მოთამაშე, როგორც საფრანგეთი, რუსეთი ან ამერიკა? რატომ არ უნდა იყოს გაეროს მუდმივი წევრი იაპონია, იტალია, ბრაზილია, ინდოეთი, ნიგერია ან თურქეთი? რატომ უნდა წყვეტდეს პორტუგალიის, სურინამის ან ავსტრალიის საკითხს 80 წლის წინანდელ ომში გამარჯვებული სახელმწიფო, რომელსაც ხელში უჭირავს გარანტირებული, მუდმივი ვეტოს უფლება? რამდენად მნიშვნელოვანი ინიციატივებიც არ უნდა იქნას წამოჭრილი გაეროში, მათ თავზე მუდამ დამოკლეს მახვილივით ეკიდება ხუთეულის წევრთა კონკრეტული ინტერესები. სანამ იარსებებს ვეტოს უფლება, გაერო ვერ იქნება ქმედითი ორგანიზაცია. ვეტოს ფაქტორი ვერ იცავს მსოფლიო მშვიდობას. გაეროს დაარსებიდან დღემდე ვეტომ ვერ შეუშალა ხელი ათობით ომსა და გენოციდის ფაქტს, გაეროს წევრ სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.
გაეროს სიმძლავრე დიდი ხანია ვეღარ პასუხობს თანამედროვე რეალობას და შემორჩენილია ხუთეულის ინტერესთა ჭიდილის არენად. ისევე როგორც 40-იანი წლების ბოლოს, დღესაც პრივილეგირებულ ხუთეულში წინააღმდეგობის მიზეზი სამია:
1. ფული/ეკონომიკა/ენერგორესურსები
2.ღირებულებები/ იდეოლოგია/ ცხოვრების წესი
3.გავლენის სფეროები/ შეიარაღება/ ურთიერთშეკავების პრინციპები და პირობები
მაგრამ ეს ინტერესები და პრობლემები გააჩნია არა მარტო ხუთეულს, არამედ ყველა დანარჩენ სახელმწიფოს, თუმცა გაერო ყველას თანასწორ პირობებში არ აყენებს და არც ალტერნატივებს სთავაზობს, მსოფლიო კი წრიულ სამართებელზე დგას და ნებისმიერ მომენტში შეიძლება ბირთვულ ქაოსში გადაეშვას.
როგორი გაერო სჭირდება თანამედროვე მსოფლიოს?
გაეროს ქმედუნარიანობა დამოკიდებულია მისი წევრების მზაობაზე დაემორჩილონ მათ მიერვე დადებულ შეთანხმებებს. ანუ სახელმწიფოებმა უნდა დათმონ საკუთარი სუვერენიტეტის ნაწილი და გადასცენ ის საერთაშორისო ორგანიზაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში, წევრ სახელმწიფოს შეეძლება არ დაემორჩილოს გაეროს გადაწყვეტილებას და მისგან დამოუკიდებლად იმოქმედოს, რაც საბოლოო ჯამში ავტორიტეტს დაუკარგავს და დაღუპავს ორგანიზაციას რისი დიდი ალბათობაც არის, თუ გავითვალისწინებთ, დღეს არსებულ უამრავ უთანხმოებას გაეროს წევრ სახელმწიფოთა შორის.
თეორიულად არსებობს გაეროს რეფორმირების ორი გზა _ ევოლუციური და რევოლუციური.
გაეროს რეფორმის ევოლუციური გზა
გაეროს სამდივნო, სახელმწიფოთა ჯგუფი ან უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთაგან ერთ-ერთი სახელმწიფო გამოდის გაეროს რეფორმირების ინიციატივით და ცდილობს ამ პროცესში ჩართოს მსოფლიოს სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფები.
გაეროს უშიშროების საბჭო ეტაპობრივად იცვლის ფორმებსა და რეგლამენტს, ამუშავებს აქტებს და აცნობს საზოგადოებას მომავალ გეგმებს. პროცესი შეიძლება გაიწელოს ათწლეულები ან გაგრძელდეს უსასრულოდ, მთავარია, რომ გაეროს ლეგიტიმაციას არ შეექმნება პრობლემა.
გაეროს რეფორმის რევოლუციური გზა
გაეროს წევრთა ჯგუფი ითხოვს გაეროს რეფორმას, რასაც ეწინააღმდეგება მეორე ჯგუფი, რის შედეგადაც პირველი ჯგუფი ქმნის ალტერნატიულ საერთაშორისო ორგანიზაციას და იწვევს მასში თანამოაზრეებს. დიდი ალბათობით, ალტერნატიულ საერთაშორისო ორგანიზაციას ლოკომოტივად გაუძღვება დღევანდელი პრივილეგირებული ხუთეულის ერთი ან რამდენიმე წევრი. ამ შემთხვევაში ძველ გაეროს ლეგიტიმაცია შესუსტდება და მასში დარჩენილ პრივილეგირებულ სახელმწიფოებს მოუწევთ ან ახალი სტრუქტურის შექმნა ან ძველი გაეროს რეფორმირება. ყველა შემთხვევაში, კაცობრიობა დადგება მინიმუმ ორი საერთაშორისო ორგანიზაციის და შესაბამისად, მინიმუმ ორი წესრიგის წინაშე.
მიუხედავად იმისა, გაეროს რეფორმაცია ევოლუციური თუ რევოლუციური გზით მოხდება, თავად რეფორმაციის მოთხოვნა გარდაუვალია უახლოეს 3-5 წელიწადში. ისევე, როგორც გარდაუვალია რეფორმირებული საერთაშორისო ორგანიზაციის საფუძვლებად სამი კომპონენტის ჩამოყალიბება: 1. იდეოლოგია/პრინციპები 2. ეკონომიკა/ფინანსები 3.იძულების/ძალადობის მექანიზმი
საერთო პრინციპების კომპონენტი უმნიშვნელოვანესი და შესაძლოა, უმთავრესად პრობლემატურია რეფორმისთვის. დღესვე შეიძლება ითქვას, რომ საერთაშორისო ორგანიზაციის იდეოლოგიას საფუძვლად ავტომატურად ვერ დაედება რომელიმე კულტურული ან „ცივილიზაციური“ კლასტერის პრინციპები. გაეროს არსებობის ისტორიამ შედეგად მოიტანა პრობლემები ღირებულებებზე შეთანხმებაშიც ან ამ ღირებულებების ერთნაირ ინტერპრეტაციაშიც. ფაქტიურად, მსოფლიო დადგება სერიოზული დილემის წინაშე. ან უნდა მოხდეს კომპრომისი პრინციპებს შორის, ან შეიქმნება მინიმუმ ორი ორგანიზაცია, რომლებშიც სახელმწიფოები შევლენ მათი მმართველი კლასების ინტერესების შესაბამისად. ხოლო თუ კონკრეტულ ქვეყანაში შეიცვლება მმართველი კლასი, ის სახელმწიფო შესაბამისად გადავა ალტერნატიულ გაერთიანებაში.
დღეს სახეზე გვაქვს ორი მსხვილი იდეოლოგია _ ე.წ. „ლიბერალური“ და ე.წ. „კონსერვატიული“.
ლიბერალური იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები მიიჩნევენ, რომ სახელმწიფოსა და მოქალაქის ურთიერთობის საფუძველი ადამიანია, შესაბამისად სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ადამიანსა და მისი თავისუფლებების უზრუნველყოფაზე. კონსერვატიული იდეოლოგიის მატარებელი ადამიანების აზრით მოქალაქეს აქვს ვალდებულებები სახელმწიფოს, მორალური კოდექსის და ტრადიციების წინაშე.
პრობლემა იმაშია, რომ ავტორიტარიზმის და დიქტატურის საფრთხე შეიძლება შეიქმნას როგორც ლიბერალურ, არსევე კონსერვატიულ გარემოში. ანუ ლიბერალიზმი ავტომატურად არ ნიშნავს არც დემოკრატიას და არც უმცირესობების დაცვას. ისევე როგორც კონსერვატიზმი არ ნიშნავს დიქტატურასა და სოციალურ შემწეობებზე უარის თქმას. ზოგადად ეს თემა იმდენად მრავალწახნაგოვანია, რომ იდეოლოგიაზე შეთანხმების მიღწევა ყველა სახელმწიფოს შორის ფაქტიურად გამორიცხულია. სამაგიეროდ სავსებით შესაძლებელია ურთიერთკომპრომისები ძირითად პრინციპებზე. განახლებულმა გაერომ უნდა დაიცვას როგორც კონსერვატიული, ასევე ლიბერალური ღირებულებები როგორც განახლებული წესდებითა და უმაღლესი ძალის მქონე წესების დაწესებით, ასევე იძულებით, რადგან დღევანდელი გაეროს სისუსტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზი სწორედ მიღებულ რეზოლუციათა იმპლემენტაციის ბერკეტების არქონაა.
მშვიდობიანი თანამეზობლობის დასამკვიდრებლად, მსოფლიოს მოუწევს გადადგას იგივე ნაბიჯები, რა ნაბიჯებიც გადადგეს საფრანგეთმა და გერმანიამ _ უნდა მოხდეს ურთიერთკომპრომისი საერთო კეთილდღეობისთვის და ეფემერული საზღვრების ჩანაცვლება მშვიდობიანი თანაცხოვრების ზონებით. ახალმა გაერომ ხელი უნდა შეუწყოს პლანეტის სხვადასხვა კუთხეში ევროკავშირის მსგავსი მშვიდობიანი ფედერაციების ან კონფედერაციების შექმნას და მათი ურთიერთობების წესების შემუშავებას. ამ შემთხვევაში მოიხსნება არა მხოლოდ „მსოფლიოს ჟანდარმის“ ან ბიპოლარული მსოფლიოს საფრთხე, არამედ საზღვრის გამო სახელმწიფოთა ომების საშიშროებაც მინიმუმამდე დავა.
არის მეორე გზაც. მინიმუმ ორი „გაერო“ და ამ ორი ორგანიზაციის სწრაფი ფორმირება სამხედრო ალიანსად, რასაც საბოლოოდ გარდაუვალი ომი მოჰყვება მანამ, სანამ მსოფლიო კვლავ არ გადანაწილდება ომში გამარჯვებულებს შორის ან სანამ პირველი ვარიანტის არჩევანამდე არ მივა.