კონფორმიზმის ამორფულობა

ერთ-ერთი არგუმენტი, რითაც დღეს ჩვენში კონფორმიზმის გამართლებას ცდილობენ, იმ უდავო გარემოების მოშველიებაა, რომ კონფორმიზმი – აუცილებელი სოციალური ფუნქციაა.

გაუგებრობის მიზეზი როგორც ჩანს, გაგებაზე დაბეჯითებული უარი უნდა იყოს, რაც თავის მხრივ…

მოგეხსენებათ, თანამშრომლობაც  (კოლაბორაცია) აუცილებელი სოციალური ფუნქციაა, რომლის გარეშე ასევე ვერაფერს მივაღწევთ,  მაგრამ  სიტყვა კოლაბორაციონიზმს  უმეტესწილად უარყოფითი მნიშვნელობით ხმარობენ. რატომ ხდება ასე?

სიტყვების ტექნიკური, ეტიმოლოგიური, მეცნიერული, სალაპარაკო მნიშვნელობები ერთმანეთისაგან უნდა განვასხვავოთ. ძალიან მნიშვნელოვანია კონტექსტი, რომელშიც ესა თუ ის სიტყვა ითქმის. მაგ. იდეალიზმი (მატერიალიზმი) ფილოსოფიაში სხვა რამეა, პოლიტიკაში სხვა, ხოლო ჩვეულებრივ მეტყველებაში ისეთ რამეს შეიძლება ნიშნავდეს, რასაც ვერა ფილოსოფოსი ვერ ჩაწვდება.

თუ სიტყვა კონფორმიზმის სოციოლოგიურ მნიშვნელობას ვიგულისხმებთ –  სოციალურ რეალობასთან  შეგუების უნარს, რასაკვირველია, ცხადია, რომ მის გარეშე საზოგადოება ვერ იარსებებს. მრავალ გარემოებასთან  შეგუების გარეშე  ვერც კერძო ინდივიდი იხსნის საკუთარ ცხოვრებას ჯოჯოხეთად ქცევისგან. ამ სოციალურ ფუნქციას ფესვები ბიოლოგიაში აქვს და იქ მას ადაპტაცია ჰქვია. ადაპტაცის, გარემოსთან შეგუების უნარის გარეშე ადამიანის მოდგმა უბრალოდ ისტორიულად არ შედგებოდა.

მაგრამ როცა ამ სიტყვას არა სოციოლოგები, ბიოლოგები და ა.შ., არამედ მაგ. რეჟისორები ხმარობენ, შესაძლოა სულ სხვა რამეს, მაგ. უზნეობასთან, ბოროტებასთან შეგუებას ნიშნავდეს. http://en.wikipedia.org/wiki/The_Conformist_(film) ეს კი ძალიან, ძალიან ცუდი რამაა. უზნეობასთან და ბოროტებასთან შეგუება (კონფორმულობა) ისაა, რაც საზოგადოებას  ბრბოდ, ცხოვრებას – გულისამრევ მასკარადად აქცევს. შესაძლოა ვინმეს არ მოსწონს, ან არ ეთანხმება, მაგრამ ფაქტია – ჩვეულებრივ მეტყველებაში სიტყვები ეტიმოლოგიურ და სხვა მნიშვნელობებს ხშირად სცილდებიან და ახალ კონოტაციებს იძენენ. უნდა შეგვეძლოს გავერკვეთ, როდის რაზეა ლაპარაკი. ბოროტებასთან  შეგუება არ შეიძლება გავამართლოთ იმით, რომ თუ კაცი მორყეულ სკამს ვერ ეგუება, ფეხზე მდგარს მოუწევს ჭამა, და რადგან ზეზეურად ჭამა ცუდია, კონფორმიზმი კარგია.

რასაკვირველია, კონფორმიზმს არაფერი აქვს საერთო დეკლარირებულ პოლიტიკურ პლატფორმასთან  – კონფრმისტი შეიძლება იყოს ლიბერტარიანელიც და სოციალისტიც. მაგრამ კონფორმისტი არაა მემარჯვენე, რომელიც საკუთარი ’სულიერი’ სიმშვიდის უზრუნველსაყოფად უკრიტიკოდ იღებს ქვეყანაზე შიმშილისა და სიღატაკის არსებობას, და ამაში მთავარ დამნაშავეებად თავად მოშიმშილეებს მიიჩნევს;  არც მემარცხენე, რომელსაც კატეხიზმოსავით დაუზეპირებია კაპიტალიზმის ბოროტებათა მოცემული ნუსხა, და ტვინის გატოკების აუცილებლობისგან რომ თავი დაიძვრინოს,  ხმამღლა და ყოველ ფეხის ნაბიჯზე მანტრასავით იმეორებს ’გაქსუებული ბურჟუების’ ლანძღვას.  ესენი რაიმეს მშვიდად კი არ ეგუებიან, გულქვაობასა და სიბრიყვეს ამკვიდრებენ.

მაგრამ თუ კონფორმიზმი – კონკრეტულ სიტუაციაში აშკარა ბოროტებასთან, უსამართლობასთან, უზნეობასთან შეგუებაა – ეს ბოროტებაა, რადგან ესაა ადამიანური არსების, ადამიანთა თანაცხოვრების უმთავრესი საფუძვლების  ნგრევასთან შეგუება. ამას ვერანაირი ღვლარჭნილობა და სოფისტიკა ვერ გაამართლებს.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ დღეს ჩვენში ზოგიერთები – როგორც წესი, ყველასთვის აშკარა მერკანტილური ინტერესებით შეპყრობილი ხალხი, არა უბრალოდ შეგუებისაკენ მოგვიწოდებენ, არამედ – ცდილობენ გაამართლონ, მეტიც, სიკეთედ წარმოგვიდგინონ ბოროტება. ბოლო დღეების განმავლობაში ჩვენ ვაკვირდებით როგორ ცდილობენ ეს ადამიანები ერთმანეთს შეეჯიბრონ ცინიზმსა და დემაგოგიაში. აქ ჩვეულებრივი გარეწრობა იწყება, და კონფორმიზმზე საუბარი სასაცილო ხდება.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ