ახალი კურსი საქართველოსთვის – განვითარების 14 პუნქტი

ვაგრძელებთ პროგრამული დოკუმენტების გამოქვეყნებას. ამჯერად გთვაზობთ იმ საკვანძო მომენტების ჩვენეულ ხედვას, რომლებსაც ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური სფეროების განვითარება უნდა დაეფუძნოს. 

 

1           დემოკრატიული ეკონომიკა

დღეს მთელ მსოფლიოში აღიარებულია, რომ სოციალური თანასწორობის მაღალი დონე ეკონომიკის განვითარების საფუძველია. თანასწორობის დამკვიდრება მხოლოდ არსებულის სამართლიანი გადანაწილებით არ მოხდება – უნდა უზრუნველვყოთ გადასანაწილებლის უწყვეტი შექმნა. ეს კი არსებულისაგან პრინციპულად განსხვავებულ, არა აბსტრაქტული ‘საბაზრო პრინციპებით’ მართულ, არამედ – ადამიანთა განვითარების ინტერესებზე, მონაწილეობასა და თანამშრომლობაზე დაფუძნებულ, დემოკრატიულ ეკონომიკას ნიშნავს.

 

 2         პასუხისმგებელი სახელმწიფო

სახელმწიფოს, როგორც უმთავრეს ინსტრუმენტს ხალხის ინტერესების გასატარებლად და დასაცავად, ეკისრება პასუხისმგებლობა ეფექტური, მდგრადი, ცოდნასა და ინოვაციაზე დაფუძნებული ეკონომიკის ჩამოყალიბებაზე. საბაზრო კონკურენციის პირობებში ეკონომიკის რეგულირება და ინვესტირება სახელმწიფოს ფუნქციაა. ეს არათუ არ ნიშნავს ჩინოვნიკ–ბიზნესმენთა სასარგებლოდ ჩარევას, არამედ მიმართულია ამგვარი შესაძლებლობის მაქსიმალური გამორიცხვისკენ.

განსხვავებით იმგვარი სახელმწიფოსაგან, რომლის ფუნქციაც მხოლოდ კანონის დაცვაა, ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც პასუხისმგებელი და განმაპირობებელია განვითარებისა, მათ შორის – ეკონომიკის განვითარებისა.

 

3         ინსტრუმენტი ეკონომიკის განვითარებისათვის

ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად საჭიროა ახალი და სპეციფიკური ინსტიტუტის შექმნა, რომელიც გაანალიზებს და დაგეგმავს სპეციფიურ პოლიტიკებს ადგილობრივი, ინოვაციებზე დაფუძნებული წარმოებისა და ინდუსტრიის გასავითარებლად, უზრუნველყოფს საყოველთაო დასაქმებას და ა.შ. ამ პოლიტიკის დასაგეგმად და განსახორციელებლად იქმნება (უშიშროების საბჭოს რანგის) განვითარების სახელმწიფო საბჭო .

 

4       მდიდარი სოფელი

სოფლისა და მისი მოსახლეობის სრულფასოვანი განვითარება სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ამისათვის აუცილებელია გადამამუშავებლი საწარმოების შექმნა, მეურნეობის დაფუძნება კოოპერაციის პრინციპზე, თემების თვითმმართველობის უზრუნველყოფა კანონმდებლობისა და სტიმულირების გზით. საჭიროა სოფლის იურიდიული სტატუსის განსაზღვრა, და მისთვის მიწის, ტყის, წყლის სხვა ქონების გადაცემა. ამგვარად ჩვენ შევძლებთ ვაწარმოოთ ჩვენ მიერ მოხმარებული პრუდუქციის უდიდესი ნაწილი, და მეორე მხრივ – ეკონომიკურად ძლიერ ფენად ვაქციოთ სოფლის მოსახლეობა.

 

5       განვითარებული ინდუსტრია

ჩვენი ქვეყანა მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, წიაღისეულით, საწარმოო და ინტელექტუალური პოტენციალით. ეს პოტენციალი დღეს სრულიად უგულებელყოფილია და ქვეყნის ეკონომიკის ლამის ერთადერთ სექტორად – ტურიზმია გამოცხადებული. ჩვენ შეგვიძლია და უნდა შევქმნათ ძლიერი ინდუსტრია, წარმოება, რომელიც მაქსიმალურად გამოიყენებს ამ პოტენციალს ადამიანების დასაქმების, ეკონომიკის ზრდის, ქვეყნის საერთო განვითარებისათვის. ამ მიზნის მისაღწევად სახელმწიფო ყველა გზას მიმართვს – ახდენს კერძო ინვესტირების სტიმულირებას, ხოლო სადაც ეს საჭიროა, პირდაპირ სახელმწიფო ინვესტირებას.

 

6       ინოვაციური ეკონომიკა

ეკონომიკა, რომელიც მხოლოდ ამოწურვადი რესურსების გადამუშვებას ეფუძნება, განწირულია არაეფექტურობისთვის. ჩვენ უნდა შევქმნათ ცოდნაზე, ინოვაციაზე დაფუძნებული ეკონომიკა. მეცნიერების განვითარება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და განპირობებულია არა მარტო ეკონომიკის განვითარებით, არამედ თავადაა ეკონომიკის განვითარების განმაპირობებელიც.

აუცილებელია განათლებისა, მეცნიერების, ინფორმაციული სისტემების განვითარება, მათი დაკავშირება ეკონომიკასა და პროგრესთან. აქ სახელმწიფო მთავარი ინვესტორია, ასევე – იგი სწორი საგადასახადო პოლიტიკით სტიმულს აძლევს ბიზნესს მეცნიერებასა და ინოვაციაში ინვესტირებისთვის.

 

7       ხელმისაწვდომი უწყვეტი განათლება

განათლება გრძელვადიანი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა, ამიტომ აუცილებელია იგი იქცეს ყველასათვის ხელმისაწვდომ საზოგადოებრივ პროდუქტად – დაწყებული საბავშვო ბაღით, სკოლით, უმაღლესი განათლებით, პროფესიული განათლებით, მეორადი განათლებითა და კვალიფიკაციის ამაღლება–გადამზადებით დამთავრებული.

ამდენად, განათლების სისტემაში რეფორმის უმთავრესი მიმართულებებია: განათლების მთელი ციკლის საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა სუბსიდიებისა და დაფინანსების ეფექტური სისტემის შექმნით, და განათლების სისტემის საერთშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა.

 

8       ჯანმრთელი საზოგადოება

განვითარებული ეკონომიკა – ერთი მხრივ, ჯანმრთელი ადამიანების შრომას ეფუძნება, მეორე მხრივ კი – ადამიანთა ჯანსაღი და უკეთესი ცხოვრების ახალ პირობებს ქმნის. ჯანმრთელობა საზოგადოებრივი პროდუქტია და იგი არა კომერციის პრინციპებზე, არამედ ადამიანთა სასიცოცხლო მოთხოვნილებებზე და მეცნიერულ ცოდნაზე უნდა იყოს დაფუძნებული.

ჯანდაცვის სისტემაში რეფორმის უმთავრესი პრიორიტეტებია – ჯანდაცვის უნივერსალური – ყველგან და ყველასთვის ხელმისაწვდომი სისტემის შექმნა, არა ავადმყოფობის, არამედ – ჯანმრთელობის – პირველადი, პროფილაქტიკური მედიცინის განვითარება.

 

9       ღირსეული შრომის პირობები

ღირსეული შრომა ადამიანის უფლებაა, ამიტომ სახელმწიფო პასუხისმგებელია ყველა ადამიანისთვის შექმნას ღირსეული შრომის პირობები სტიმულირებისა და უშუალო ინვესტირების მეშვეობით.

 არა უმრავლესობის გაღარიბების ხარჯზე – მცირერიცხოვან ადამიანთა გამდიდრებაზე, არამედ ყველა მშრომელი ადამიანის კეთილდღეობაზე ორიენტირებული ეკონომიკა უეჭველად დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის ცივილიზებულ ურთიერთობას უნდა დაეფუძნოს. აუცილებელია შრომის კანონმდებლობის რეფორმა, რომელიც უზრუნველყოფს შრომის სტიმულირებას, შრომის პირობების მაღალ სტანდარტებს, და ღირსეული ცხოვრებისათვის აუცილებელ ანაზღაურებას. შრომის პოლიტიკის მიზანი უნდა იყოს შრომის წილის ზრდა საბოლოო პროდუქტში, რაც მაღალ ხელფასებს და ღირსეულ ცხოვრებას ნიშნავს.

 

10      მშვიდობისა და თანამშრომლობის მსოფლიო

ქვეყნის განვითარება ვერ მოხდება იზოლაციისა და კონფრონატციის პირობებში. საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტები უნდა იყოს მშვიდობა და თანამშრომლობა,. პრაგმატულმა საგარეო პოლიტიკამ უნდა უზრუნველყოს თანმიმდევრული და შეუქცევადი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, სავაჭრო ინტეგრაცია ცივილიზებულ სამყაროში.

 

11.      სოლიდარული საზოგადოება

ყველა ჩვენგანის თანამშრომლობაზე დაფუძნებული ქვეყნის მშენებლობისათვის აუცილებელია სოციალური თანასწორობისა და სოლიდარობის ატმოსფეროს ჩამოყალიბება. აუცილებელია პროგრესული გადასახადის შემოღება და საგადასახადო სტიმულირება განვითარებისთვის და უთანასწორობის შემცირებისთვის. ამ მძლავრი, ყველა ცივილიზირებულ ქვეყანაში დიდი ხნის დამკვიდრებული მექანიზმით სახელმწიფო შეძლებს თანასწორობის უზრუნველყოფასა და საშუალო ფენის გაძლიერებას. თანადგომა, სოლიდარობა – ჭეშმარიტი სოლიდარობის საფუძველია.

 

12.     ხალხის მმართველობა

ქვეყანაში პლურალისტური დემოკრატიის, თითოეული ჩვენგანის მონაწილეობაზე დაფუძნებული მმართველობის შესაქმნელად საჭიროა ძალაუფლების დეცენტრალიზაცია, რეალური თვითმმართველობის უზრუნველყოფა, ადამიანთა მართვაში ჩართულობის სტიმულირება ადგილობრივ დონეზე სავალდებულო არჩევნების, შერჩევისა და წილისყრის პრინციპების დამკვიდრებით, საარჩევნო კანონმდებლობის გზით – წარმომადგენლობითი პარლამენტის ჩამოყალიბება.

აუცილებელია რეგიონული პროპორციული წესით არჩევნების ჩატარება ეროვნულ დონეზე, ხოლო ადგილობრივ მრავალმანდატიან ოლქებში თვითმმართველობების მაქსიმალური გაძლიერება და ყველა შესაძლო კომპეტენციების მათთვის გადაცემა. მოსახლეობის აქტიურობის გასაზრდელად და ჯანსაღი პოლიტიკურ–მოქალაქეობრივი კულტურის წასახალისებლად საჭიროა ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა სავალდებულო გახდეს. ასევე გარკვეულ თანამდებობებზე არჩევა უნდა მოხდეს არა არჩევნებით, არამედ შერჩევითა და წილისყრით, რაც უზრუნველყოფს მმართველობაში ყველას მონაწილეობასა და პასუხისმგებლობის ზრდას.

 

13 ეკოლოგიური პოლიტიკა

მსოფლიოს ეკოლოგიური ვითარება, კლიმატის გლობალური ცვლილება შესაძლოა ყველაზე უკეთ ცხადყოფს, რომ პლანეტაზე მცხოვრები ხალხების ბედი განუყრელადაა ერთმანეთზე გადაჯაჭვული, და რომ თითოეული ჩვენგანის ზრუნვა საკუთარი საარსებო გარემოს სიჯანსაღეზე – პლანეტის სიჯანსაღის წინაპირობაა. სახელმწიფომ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ჩვენი საცხოვრებელი გარემოს დაცვასა და გაუმჯებესებაზე. რესურსების ხარჯვა, გარდაუვალი ჩარევა გარემოში გონივრულად და ფრთხილად უნდა განხორციელდეს. ეკოლოგიური პოლიტიკამ ზღვარი უნდა დაუდოს რესურსების მფლანგველობით ხარჯვას, და უპირატეს პრიორიტეტად – ჩვენი ქვეყნის ბუნებრივის სიმდიდრის დაცვისა და განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივა უნდა გამოცხადდეს, ნაცვლად მყისიერი კომერციული მოგებისა.

 

14. ეროვნული ერთობის აღდგენა აფხაზებთან და ოსებთან

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პოლიტიკურ სტატუსთან დაკავშირებული პრინციპული უთანხმოება რეალობაა, რომელიც ხელს უშლის რეგიონში ადამიანების ცხოვრების განვითარებას. აუცილებელია გამოცხადდეს დროებითი „მორატორიუმი“, ანუ მიღწეულ იქნას იმგვარი შეთანხმება, რომელიც სტატუსის საბოლოო განსაზღვრამდე შესაძლებელს გახდის და დააჩქარებს ხალხებს შორის თანამშრომლობასა და მიზანმიმართულ განვითარებას. სტატუსთან დაკავშირებით ყველა მხარის ინტერესების ჰარმონიული თანხვედრა შესაძლებელი გახდება მხოლოდ აღდგენილი ნდობისა და რეალურად განვითარებული ცხოვრების პირობების შემთხვევაში.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ