სოციალური სახელწიფოს გამოწვევებისა და კულტურის პოლიტიკის მნიშვნელობის შესახებ

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

ამ წერილის დაწერის იდეა აღმოცენდა საქართველოში სოციალური სახელწიფოს მიმართულებით გადადგმული პირველი ნაბიჯებისა და გამოწვევების შესახებ დისკუსიის შედეგად, ამიტომაც ავტორი მიესალმება კომენტარებსა და შენიშვნებს დისკუსიის გაღრმავებისათვის.

ფრანკ ტრემელი, ისტორიკოსი 
ჰამბურგი 4 მარტი 2013 წელი

საქართველოში სოციალური სახელწიფოს პირველი ნაბიჯები იდგმება, თვითმმართველობის რეფორმა დაიწყო, სოფლის განვითარების ხელშემწყობი ღონისძიებებიც ხორციელდება, მაგალითად გლეხებისა და ფერმერების საწყისი კაპიტალით, იაფი კრედიტებითა და სოფლის მეურნებისათვის საჭირო საშუალებებით აღჭურვა. როგორც მედიიდან შევიტყვეთ, სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ კახელებზე გარკვეულწილად კონპენსაციის გაცემაც მოხერხდა. მეორე მხრივ მედიაში გავრცელდა ცნობები იმის შესახებ, რომ დაზარალებული რეგიონებიდან მაცხოვრებლებმა კომპენსაციის ფულით პრესტიჟული მარკის ავტომობილები შეიძინეს.

ცალკეული, კონკრეტული პროცესების ზედმეტი ინტერპრეტაცია რომ არ მომივიდეს, აქ დავსვავდი ფუნდამეტურ კითხვას, რომელიც ყველას დაებადება, ვინც პრინციპში ზემოთ ხსენებულ ღონისძიებებს მხარს უჭერს. მე რა თქმა უნდა არა ვარ საქართველოს სოფლის მეურნეობის ექსპერტი, მაგრამ ეს კითხვა მაინტერესებს როგორც ისტორიკოსს და კულტუროლოგს და როგორც ადამიანს, რომელიც ამ ხსენებულ ღონისძიებებს მიესალმება.

რამდენიმე პრობლემა უკვე დასახელდა რომლებიც ამ შემთხვევების აღწერისას უნდა გავითვალისწინოთ. ესენია, ქალაქსა და სოფელს შორის მკვეთრად გამოკვეთილი დიფერენციაცია, როგორც სოციალური და ეკონიმიკური, ისე კულტურული თვალსაზრისით. სოფლის მეურნეობა უმეტეს წილად ნატურალური მეურნეობის ანუ სუბისტენტური მიზნით გამოიყენებოდა [მეურნეობის ფორმა, რომელიც აწარმოებს მხოლოდ იმდენს, რამდენიც საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლადაა საჭირო]. მეორეს მხრივ სოფლის მოსახლეობა სიმბოლურად ასოცირდებოდა ჩამოჩენილობასა და განუვითარებლობასთან. ახალგაზრდებს გული ქალაქისკენ მიუწევთ, მაშინაც კი, როცა ისინი არავითარ ხელობას, პროფესიას თუ გამოცდილებას ფლობენ.

აქ მართლაც არსებობს „სიღარიბის კულტურის“ გაზრდის საფრთხე, როგორც ამას ამერიკელი კულტურული ანთროპოლოგი ოსკარ ლევისი მექსიკის, პუერტო-რიკოსა და კუბის სოფლების მაგალითზე აღწერს. სამწუხაროდ, ზემოთ ხსენებული სოციალურ-პოლიტიკური ღონისძიებები ამ მენტალიტეტს გარკვეულ წილად ხელსაც შეუწყობენ, თუ ისინი იმავდროულად მიზნად არ დაისახავენ თვით აქტივიზაციას და თვითშემოქმედების გაუმჯობესებას. მე არ შემიძლია იმის განსჯა, თუ მოსახლეობაში კიდევ რა როლს თამაშობს საბჭოთა კავშირისეული დამოკიდებულება სოციალური მოთხოვნების დაკმაყოფილების საქმეში სახელწიფოს მიერ. რისი თქმაც შესაძლებელია, არის ის, რომ ამჟამად გვაქვს საბჭოთა სახელწიფო სოციალიზმიდან მიღებული მემკიდრეობისა და ნეოლიბერალური პოლიტიკის ძალიან არაჯანსაღი ნაზავი. ამ უკანასკნელმა კი სოფლების გაღარიბებას ძალიან შეუწყო ხელი.

ის, რომ მოსახლეობას საბაზრო ეკონომიკა და შესაბამისი აზროვნებაც შეუძლია, სულ უბრალო და კურიოზული მაგალითებითაც მტკიცება, როცა გლეხები ერთი ადგილას ნაყიდ ბენზინს მომატებული ფასში (რამდენიმე ლარითა თუ თეთრით მეტით) თავის სოფელში თუ სხვა ადგილას ყიდიან. მაგრამ საბაზრო ეკონომიკის ამ ფსევდო ფორმას ნაყოფიერი გავითარების სტიმულირება არ შეუძლია. თვით აქტიურობა არ არის იდენტური არც ეგოიზმის და არც მოკლევადიანი მიზნების მიღწევის.

ასევე პრობლემატურად ვთვლი, რომ განუვითარებულობა მენტალური მდგომარეობად მივიჩნიოთ, როგორც ამის დამტკიცებას ცდილობენ კონსერვატორი მეცნიერები, მაგ. ამერიკელი მეცნიერი ლორენს ჰარისონი, სამხრეთ ამერიკის მაგალითზე დაყრდნობით. ეს არის ზუსტად ის პოზიცია, რასაც აწ უკვე ყოფილი საქართველოს მთავრობა და მისი ინტელექტუალური მხარდამჭერები ფორსირებდნენ.

მე როგორც გერმანული ისტორიული კულტურის სოციალოგიის ტრადიციებისა და ფილოსოფოური ანთროპოლოგისა მიმდევარს და ამავდროულად, როგორც დემოკრატ სოციალისტს ამ ფენომენზე განსხვავებული ხედვა მაქვს. მე არც მარქსისტულ სტრუქტურულ დეტერმინიზმს ვიზიარებ, რომელიც იქიდან ამოდის რომ, ახალი საზოგადება ახალ მენტალიტეტს შობს და არც კულტურალიზს ვეთანხმები, რომელიც განუვითარებლობას საბოლოდ კულტურის დაბალი დონით ხსნის. კულტურა არ არის მხოლოდ ტრადიცია, არამედ ტრადიციების კრეატიული, შემოქმედებითი ათვისებაა. მას გააჩნია, როგორც ეს ფრანგმა ფილოსოფოსმა და სოციალისტმა პოლ რიკორმა ჩამოყალიბა, „ეთიკურ-მისტიური“ ბირთვი, რომელიც გამუდმებით უნდა გააქტიურდეს. რამდენადაც პარადოქსალურად არ უნდა ჟღერდეს, ზემოთ მოყვანილი ორივე მიმართულება კულტურის მნიშვნელობას უარყოფს. კულტურა მათთვის მხოლოდ საშუალებაა (Vehikel) და არა სიმბოლური გამოხატულება თავის თავთან და გარემოსთან ჭიდილში მყოფი, აქტიური ადამიანისა. ამ შემოქმედებითი ბირთვის გარეშე ქართული სოფლის კვლავ აღორძინება ვერ მოხერხდება. აქ მე არ შემიძლია კონკრეტული რეკომენდაციების მოცემა, არა მხოლოდ იმის გამო რომ ვითარებას სრულყოფილად არ ვიცნობ, არამედ უფრო იმის გამო, რომ თვით აქტიურობის სტიმულაცია „გარედან“ ვერ მოხერხდება. მე, როგორც მეცნიერს, მხოლოდ პერსპექტივის შეთავაზება შემიძლია. ერთი წერილი რა თქმა უნდა ყველა სათქმელს ვერ დაიტევს, მაგრამ სოციალ- დემოკრატიული პოლიტიკის შესახებ რამდენიმე სიტყვა მაინც მინდა ვთქვა.

ერთის მხრივ ნათელია, რომ გლობალური ცივილიზაციის პროცესს ადამიანის გასაზოგადოებრიობა (Vergesellschaftung) მოსდევს, როგორც პოლიტიკურ ისევე ეკონომიკური თვალსაზრისით. მაგრამ ეს პროცესი სულაც არ არის იდენტური გაადამიანურებასთან (ჰუმანიზაციასთან). ამის უკვე წლებია ვამბობ, მაგრამ როგორც ჩანს ეს კიდევ ვერ გახდა გასაგები. მართალია ეს არ არის მაინც და მაინც ახალი და განსაკუთრებით ორიგინალური ხედვა, მაგრამ მე ძალიან ცოტა მემარცხენეს ვიცნობ, რომელიც ამაზე ღიად საუბრობს. მემარცხენები უფრო დიდი სიამოვნებით წერენ და საუბრობენ იმაზე, რომ ადამიანს თავის თავის შექმა შეუძლია, მომავალში თავისი სქესის ამორჩევა და არც ერთ ადგილის აღარ მიეჯაჭვება და აღარც იქაურ „იდენტობების ტერორს“ დააჩაგვრინებს თავს. ამ მემარცხენეებისათვის კულტურა მხოლოდ ტრადიციაა, რომელიც უნდა გადაილახოს. მე არ ვაყენებ კითხვის ნიშნის ქვეშ პოსტმოდერული ადამიანის უფრო და უფრო მეტად გარდაქმნად უნარებს, მაგრამ მეეჭვება, რომ მხოლოდ ამას შეუძლია სიკეთის მოტანა. თვითპროექტი (Selbstentwurf) წარმომქმნელი ფესვების (გადატანითი მნიშვნელობა „Ursprungsbild“) გარეშე ყველაზე არაჰუმანურ უტოპიადაც შეიძლება იქცეს. ჩვენ იმდენად შებოჭილი ვართ ჩვენი ნარცისტული განათლების შიშებით, რომ ძალიან პატარა მითითებასაც კი ამ მიმართულებით უკვე წყენად აღვიქვავთ.

მსგავსი დამოკიდებულებაა სოციალური სახელწიფოს მიმართაც. მე რასაკვირველია ზოგადად სოციალურ სახელწიფოს მხარს ვუჭერ. მაგრამ მარტოოდენ სოციალური სახელწიფო ვერ შესძლებს აიყვანოს ადამიანთა შორის ურთიერთობები ახალ ხარისხში. მას დაბეჩავება და ეგოისტური გამოკვება-მზრუნველობის მენტალიტეტის პროდუცირებაც შეუძლია. ამის მისახვედრად ნეოლიბერალიზმის მოშველიება არ არის საჭირო. პირიქით, ე.წ. ბაზარსაც არანაკლები დაბეჩავების პროდუცირება შეუძლია. კულტურისა და ადამიანურობის ჩამოყალიბების გარეშე, ახალი ანთროპოლოგიის გარეშე, არაფერი არ გამოვა. აქ ძალაში რჩება ის, რაც ჩეხმა ეკონომისტმა ოუგენ ლიობელმა 1970-იან წლებში, პრაღის გაზაფხულიდან ცოტა ხნის შემდეგ, ამერიკაში, ემიგრაციაში ყოფნის დროს ჩამოაყალიბა.

„იმ იდეამ, რომ სოციალისტური საზოგადოება შინაგანად (იმანენტურად) ჰუმანისტურია და ადამიანი ამას მხოლოდ უნდა დაექვემდებაროს, კრახი განიცადა. სოციალისტურ საზოგადეობასაც ესაჭიროება ჰუმანისტური კონცეფციის გატარება“.

ამ მიზეზის გამო ლიობელი მოითხოვდა და პროგნოზირებდა, „ადამიანის რენესანს“. უფრო მეტიც, ის ანთროპოკრატიის, როგორც დემოკრატიის მთავარი განმსაზღვრელის შესახებ საუბრობდა. სხვათაშორის საინტერესო იქნებოდა, ლიობელისა და ორი ნეოლიბერალის ვილჰელმ რიოპკესა და ალექსანდრე რიუსტოვის მოსაზრებების კონტრასტირება. ლიობელი ანთროპოკრატიას მოითხოვდა, რიუსტოვი ვიტალური (შემოქმედებითი) პოლიტიკის შესახებ საუბრობდა და რიოპკე კიდევ მოთხონა/მიწოდების მიღმაCivitas humana-ს ამოცანებზე მიუთითებდა. ეს ყველაფერი კი როგორც 1960-იანი წლების ნეომარქსისტებისთვის, ასევე ისეთი შეუდრეკელი ნეოლიბერალის, როგორც ჰაიეკისათვის, სხვა არაფერი იყო, თუ არა დაბალი ბიურგერული, ავტორიტარული და ჩამორჩენილი კონცეპტები.

ცალკეულ შემთხვევაში შეიძლება ეს მართლაც ასეა, ამაზე არ ვკამათობ. მაგრამ ის კითხვები, რაც ამ კონცეპტებს საფუძვლად უდევს პასუხგაუცემელია. აქ საქმე ეხება ადამიანის კულტურულ მოწოდებას, რომელიც ვერც ბაზრის უხილავი ხელითა და ვერც მხოლოდ სახელწიფოთი გადაიქცევა საზოგადოებრივ არსებად. შემთხვევითი არ არის რომ სოციალ-დემოკრატიულო მოძრაობები გერმანიაშიც და საქართველოშიც კულტურულ-განმანათლებელ მოძრაობებად დაიწყო. ალბათ, ამ საწყისებს უნდა დავუბრუნდეთ.

გერმანულიდან თარგმნა მაია რაზმაძემ.

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Leave a Comment

Your email address will not be published. Required fields are marked *

*