საქართველოს პრემიერ–მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

ბატონო ბიძინა,

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელთა ნაწილმა არაერთი განცხადება გააკეთა და პირდაპირაც მიმართა ჩვენ მთავრობას. ჩვენ საზოგადოებასა და მედიაში გავრცელდა შეხედულება, რომ მიმდინარე პროცესების თაობაზე ევროპის სახალხო პარტიის პოზიცია მისი წევრების არაინფორმირებულობის ბრალია, რაც ნაციონალური მოძრაობის აქტივობითა და ესპ-ს ვითარებაში არასაკმარისი ჩართულობითაა გამოწვეული. რა თქმა უნდა, ეს მიზეზები გარკვეულ როლს თამაშობენ, მაგრამ საქმე მარტო დეზინფორმირებულობაში არაა. აშკარაა პოლიტიკური დაინტერესება, რომელიც შორს სცილდება საქართველოს შიდა ვითარებას.

ესპ-ს დღევანდელი ხელმძღვანელობა და რადიკალური მემარჯვენე და ნეოლიბერალური განწყობების ჯგუფი მწვავედ განიცდის ბოლო წლებში მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებს. ყოველივე ეს  განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისისა და ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ. ვითარება იცვლება და შესაბამისად სუსტდება ამ ჯგუფის პოლიტიკური გავლენა როგორც ევროპაში, ასევე საერთაშორისო არენაზე.

უკანასკნელი 20-25 წლის განმავლობაში მსოფლიოში გაბატონებული იყო რადიკალური ნეოლიბერალური პოლიტიკური ტენდენცია, რასაც თან ახლდა უდიდესი ფინანსური და ეკონომიკური რესურსების კონცენტრირება უაღრესად ვიწრო წრის ხელში და მათ მიერ გლობალიზაციის პირობებში ჰეგემონისტური პოლიტიკის წარმართვა, რაც მნიშვნელოვანწილად ეყრდნობოდა ცივი ომის დროინდელ სტერეოტიპებს. ყოველივე ეს შესაბამისად აისახებოდა გეოპოლიტიკურ ვითარებაზეც.

რადიკალ მემარჯვენეთა ეს ჯგუფი აღმოსავლეთ ევროპისა და ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ნაწილს განიხილავდა, როგორც ცივი ომის დროს დაპირისპირებულ ქვეყნებს შორის სარტყელს. ეს მიდგომა ამ ქვეყნებისადმი შეიძლება შეფასებული იქნას როგორც ნეოკოლონიალისტური.

ოცდამეერთე საუკუნემ ახალი პოლიტიკა მოიტანა. ჰეგემონისტურ მიდგომებს სულ უფრო და უფრო ეცლება საფუძველი. რადიკალური მემარჯვენეობა კრიზისს განიცდის. ეკონომიკა კვლავ ბრუნდება ხალხისაკენ, ხოლო გეოპოლიტიკაში ჰეგემონიზმის ნაცვლად თანამშრომლობისა და ერთმანეთის ინტერესების გათვალისწინების პრინციპები იკიდებს ფეხს.

2012 წელს საქართველოს ისტორიაში ეპოქალური ცვლილება მოხდა და შეიცვალა პოლიტიკის შინაარსიც. იწყება რეალური სვლა ევროპისაკენ. ავტორიტარიზმს ცვლის დემოკრატია, უსამართლობას – სამართლიანობა, დიქტატს – თავისუფლება, მკვიდრდება სიტყვის თავისუფლება, პლურალიზმი, ჯანდაცვისა და განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობა, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა, რეალური დეცენტრალიზაცია და თვითმმართველობის გაძლიერება. უპასუხისმგებლო სახელმწიფოს ცვლის ხალხის კეთილდღეობაზე მზრუნველი სოციალური სახელმწიფოს იდეა.

აღებულია კურსი ევროპული ღირებულებების დამკვიდრებისაკენ. გადადგმულია პირველი მოკრძალებული ნაბიჯები კეთილდღეობის სახელმწიფოს მშენებლობისაკენ. ესაა ნაბიჯები საქართველოში ევროპული ინსტიტუციური წესრიგის დამკვიდრებისაკენ და შესაბამისად ევროპასთან რეალური ინტეგრაციისაკენ.

რა თქმა უნდა, რეტროგრადები, პოპულისტურ მემარჯვენეობას ამოფარებული ვიწრო ოლიგარქიული ჯგუფები ამას ძნელად ეგუებიან. ისინი კარგავენ უკანასკნელ ბასტიონს, რომელიც ერგულად უჭერდა მხარს უკვე დამარცხებულ, წარსულს ჩაბარებულ პოლიტიკურ ტენდენციას.

ამ ვითარების გათვალისწინების გარეშე მოცემულ ძალებთან დიალოგი შესაძლოა უსაგნო აღმოჩნდეს და ფუჭ კამათში გადაიზარდოს. 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან ქართველმა ხალხმა თქვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობით დაიწყო ახალი საქართველოს შენება. საქართველო მსოფლიოს ახალ, ოცდამეერთე საუკუნის ტენდენციებს შეუერთდა და ქმნის ევროპული ინტეგრაციის ახალ, ამ ტენდენციების შესაფერის პრეცედენტს. ჩვენ წინა პლანზე გამოვიტანეთ ევროპული სოციალური ღირებულები, რომლებიც დღევანდელი ევროპული წესრიგის ქვაკუთხედია და ის ეფექტურად ფუნქციონირებს ყველა ქვეყანაში. ჩვენი საქმე – დაწყებული გარდაქმნის წარმატება, იქნება ის ერთადერთი საზომი, რომლითაც ჩვენ ევროპაში პარტნიორებსა და გულშემატკივრებს მოვიპოვებთ.

ჩვენ პროგრესულ გზას ვადგავართ და პროგრესული ძალები ევროპაში ჩვენს მხარეს არიან და იქნებიან. საჭიროა მხოლოდ რომ ეს სიმართლე გავაგებინოთ ჩვენს ხალხს რათა სრულიად უსაფუძვლოდ არ მოიკიდოს ფეხი ანტიევროპულმა განწყობებმა საქართველოში.

პატივისცემით,

გია ჟორჟოლიანი

პოლიტიკური გაერთიანება სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის თავმჯდომარე

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

Comments are closed.