ეკონომიკური ზრდა და საგარეო ვალი საქართველოში

დავით კოსაკიანი

ბოლო დროს ხშირია საუბარი საქართველოში ეკონომიკური ზრდის ტემპების კლებაზე. ზოგჯერ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის 2013 წლის მაჩვენებელს მექანიკურად ადარებენ 2007–2012 წლების ანალოგიურ მაჩვენებელს. აღნიშნული შედარება სრულიად არაკორექტულია, რადგან 2013 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდის მოდელი შეცვალა. რომელი ძირითადი ფაქტორებით არის გამოწვეული ეკონომიკური ზრდა 2013 წელს და რომელი ძირითადი ფაქტორით იყო გამოწვეული “ეკონომიკური ზრდა” 2007–2012 წლებში? ამ შეკითხვაზე პასუხის გასაცემად გადავხედოთ ოფიციალურ სტატისტიკას და გავაკეთოთ შესაბამისი დასკვნები.

ეკონომიკაში ინვესტირების წყარო შეიძლება იყოს როგორც ქვეყნის წმინდა შიდა დანაზოგი, ასევე უცხოური კაპიტალი. რადგან საქართველოში დაზოგვის ნორმა ძალიან დაბალია: 2007–2012 წლებში მთლიანი დანაზოგები მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალოდ 0.46%–ს[1] შეადგენდა (სომხეთში 2007–2011 წლებში – 34.8%[2], აზერბაიჯანში 2007–2012 წლებში – 19.9%[3]), ძალზედ აქტუალურია უცხოური კაპიტალის გამოყენება ინვესტირებისთვის. დაზოგვის ასეთი დაბალი ნორმა იმაზე მიგვანიშნებს, რომ ფაქტიურად მთლიან წმინდა ეროვნულ განკარგვად შემოსავალს მოვიხმართ, დანაზოგებზე კი სახსრები აღარ რჩება. აღსანიშნავია, რომ 2008 წელს დაზოგვის ნორმამ –4.9%, 2009 წელს კი –7.9% შეადგინა, ანუ საბოლოო მოხმარებამ აღნიშნულ წლებში წმინდა ეროვნულ განკარგვად შემოსავალს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

Growth_Graphრა თქმა უნდა უცხოური კაპიტალის ნებისმიერი შემოდინება ქვეყანაში არ მოგვცემს მდგრად ეკონომიკურ ზრდას. უცხოური ინვესტიციების მოზიდვა საჭიროა საქართველოს ეკონომიკის გასაძლიერებლად, იმისთვის რომ შემდგომ თვით საქართველოს ეკონომიკამ შეძლოს მწარმოებლური ინვესტიციებისთვის საჭირო დანაზოგების შექმნა. ამისთვის აუცილებელია, რომ უცხოური ინვესტიციების დაბანდება მოხდეს წარმოებაში მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვით, სადაც შეიქმნება მდგრადი სამუშაო ადგილები, საიდანაც საქართველოს ეკონომიკას ექნება შემდგომი მნიშვნელოვანი გრძელვადიანი სასარგებლო ეფექტი: როგორც მოხმარების, ასევე დანაზოგების კუთხით. 2007–2012 წლებშიც ხდებოდა უცხოური ინვესტიციების მოზიდვა საქართველოში, მაგრამ დიდ ეჭვს იწვევს მათი მწარმოებლური ხასიათი, რადგან მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის პარალელურად გაცილებით უფრო მაღალი ტემპებით იზრდებოდა საქართველოს საგარეო ვალი. თუ 2007–2012 წლებში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტისა და საგარეო ვალის ზრდის დინამიკას გადავხედავთ დავრწმუნდებით იმაში, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის წყარო არა უცხოური ინვესტიციები, არამედ მზარდი საგარეო ვალი იყო, რომელიც არა მხოლოდ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაში აისახებოდა, არამედ ქვეყნის ეკონომიკაში არსებული კრიზისის შენიღბვას ახდენდა.

შევადაროთ საგარეო ვალის ზრდის დინამიკა მთლიანი შიდა პროდუქტისა და მთლიანი ეროვნული შემოსავლის ზრდის დინამიკას 2007–2012 წლებში. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით 2007-2012 წლებში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი წელიწადში საშუალოდ 18.4%–ით იზრდებოდა (სახელმწიფო საგარეო ვალის საშუალო ზრდამ ამავე პერიოდში 22.3% შეადგინა). ამავე პერიოდში, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საქართველოს მთლიანი ეროვნული შემოსავალი მიმდინარე ფასებში წელიწადში საშუალოდ 10.1%–ით იზრდებოდა, მთლიანი შიდა პროდუქტი კი 9.3%–ით. როგორც ჩანს 2007–2012 წლებში საქართველოს საგარეო ვალი მთლიან ეროვნულ შემოსავალზე 1.8 ჯერ უფრო სწრაფად, მთლიან შიდა პროდუქტზე კი თითქმის 2 ჯერ უფრო სწრაფად იზრდებოდა. ამავე დროს საქართველოს სახელმწიფო ვალის ზრდის ტემპები მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპებს 2.4 ჯერ აღემატებოდა. საქართველოს მთლიანი ეროვნული შემოსავალი 2012 წელს 15723.6 მლნ. აშშ დოლარს, მთლიანი საგარეო ვალი კი 13378.2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენდა, ანუ მთლიანი ეროვნული შემოსავლის 85.1%–ს (მთლიანი შიდა პროდუქტის 84.5%–ს). 2007 წელს აღნიშნული მაჩვენებლები, შესაბამისად, 56.7%–ს და 56.9%–ს შეადგენდა. აშკარაა 2007–2012 წლებში აღნიშნული მაჩვენებლების საგრძნობი მატება, რაც საგარეო ვალის ზრდის გაცილებით უფრო მაღალი ტემპებით იყო გამოწვეული მთლიან ეროვნულ შემოსავალთან და მთლიან შიდა პროდუქტთან შედარებით.

ახლა კი გადავხედოთ საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტისა და საგარეო ვალის ზრდის აბსოლუტურ მაჩვენებლებს 2007–2012 წლებში. 2012 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 1391.2 მლნ. აშშ დოლარით მოიმატა. ამავე დროს საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოს საგარეო ვალი 1838 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა. ანუ საქართველოს საგარეო ვალის ზრდამ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას 446.8 მლნ. აშშ დოლარით გადააჭარბა. 2007–2012 წლებში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი 5657.6 მლნ. აშშ დოლარით მოიმატა, საგარეო ვალი კი 7588 მლნ. აშშ დოლარით. ანუ 2007–2012 წლებში საქართველოს საგარეო ვალის ზრდამ მთლიანი ეროვნული შემოსავლის ზრდას 1930.4 მლნ. აშშ დოლარით გადააჭარბა. აღნიშნული მაჩვენებლები მხოლოდ შემდეგზე მიგვითითებს: რომ საგარეო ვალის უცვლელობის პირობებში სახეზე იქნებოდა მთლიანი შიდა პროდუქტის კლება, რომელიც 2007–2012 წლებში ჯამში მინიმუმ 1930.4 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდებოდა, 2012 წელს კი 446.8 მლნ. აშშ დოლარს. ეკონომიკური ვარდნა გაცილებით უფრო მძიმე იქნებოდა 2009 წელს (ოფიციალური მონაცემებით მთლიანმა შიდა პროდუქტმა 2033.4 მლნ. აშშ დოლარით იკლო), რომ არა ამავე წლის მანძილზე საგარეო ვალის მომატება 1158.3 მლნ. აშშ დოლარით.

ზემოთ მოყვანილი მონაცემებიდან თვალსაჩინოა, რომ 2007–2012 წლებში ეკონომიკურ ზრდას ადგილი არ ჰქონდა: “ეკონომიკური ზრდა” ფიქსირდებოდა სტატისტიკურად, რაც საქართველოს საგარეო ვალის ზრდით იყო გამოწვეული.

debtახლა კი შევადაროთ საგარეო ვალის ზრდის სტატისტიკური მაჩვენებლები 2007–2012 წლებში 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებლებს. 2007–2012 წლების ყოველ კვარტალში აღინიშნებოდა საქართველოს საგარეო ვალის ზრდა. ზრდის მდგრადი ტენდენცია ასევე ახასიათებდა საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალს. როგორც ზემოთ აღინიშნა 2007–2012 წლებში საქართველოს საგარეო ვალის საშუალო წლიურმა ზრდამ 18.4% შეადგინა. 2013 წლის პირველ კვარტალში პირველად 2007–2012 წლებიდან მოყოლებული საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით დაფიქსირდა საქართველოს საგარეო ვალის კლება წინა კვარტალთან შედარებით: 0,12%–ით. როგორც ზემოთ აღინიშნა 2007–2012 წლებში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის საშუალო წლიურმა ზრდამ 22.3% შეადგინა. 2013 წლის პირველ კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით დაფიქსირდა საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალის კლება წინა კვარტალთან შედარებით: 2.1%–ით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით კი 31.08.2013 მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 2012 წლის ბოლოსთან შედარებით 4.3%–ით იკლო[4]. ანუ აშკარაა საქართველოს საგარეო ვალის კლების ტენდენცია. ამავე დროს 2013 წლის პირველ კვარტალში საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2.8%–ით მოიმატა, 2013 წლის მეორე კვარტალში კი 1.5%–ით.

ასევე საინტერესოა 2013 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდისა და საგარეო ვალის დინამიკის აბსოლუტური მაჩვენებლების შედარება. 2013 წლის პირველ კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მუდმივ ფასებში 74.8 მლნ. აშშ დოლარით მოიმატა, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით მთლიანი საგარეო ვალი 15.5 მლნ. აშშ დოლარით, სახელმწიფო საგარეო ვალი კი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით 102.6 მლნ. აშშ დოლარით შემცირდა. 2013 წლის მეორე კვარტალში საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი მუდმივ ფასებში 53.6 მლნ. აშშ დოლარით მოიმატა, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი კი 126.3 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

2007–2012 წლებში საქართველოში რეალურ ეკონომიკურ ზრდას ადგილი არ ჰქონია. მთლიანი შიდა პროდუქტისა და მთლიანი ეროვნული შემოსავლის მაჩვენებლების ზრდა გამოწვეული იყო საგარეო ვალის ზრდით. საგარეო ვალის უცვლელობის პირობებში 2007–2012 წლებში ადგილი ექნებოდა მთლიანი შიდა პროდუქტის მკვეთრ კლებას. ანუ 2007–2012 წლებში საქართველოს ეკონომიკა იმყოფებოდა ეკონომიკურ კრიზისში, რომელიც საგარეო ვალის ზრდით იყო შენიღბული. საგარეო ვალი იმდენად სწრაფად იზრდებოდა, რომ ქმნიდა ეკონომიკური ზრდის ილუზიას. 2013 წლის პირველი კვარტლიდან სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა: საქართველოს საგარეო ვალი შემცირდა, რაც სახელმწიფო საგარეო ვალის კლებით იყო გამოწვეული. ამავე დროს, მთლიანი შიდა პროდუქტი 2013 წლის პირველ–მეორე კვარტალში 128.4 მლნ. აშშ დოლარით მოიმატა. 2013 წლიდან საქართველოს ეკონომიკა კრიზისიდან გამოდის, ადგილი აქვს რეალურ ეკონომიკურ ზრდას, რადგან საგარეო ვალის კლების ფონზე მთლიანი შიდა პროდუქტი იზრდება. მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას განაპირობებს: სოფლის მეორნეობის სახელმწიფო მხარდაჭერა, ახალი საწარმოების დაფინანსება, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება და სხვა ცვლილებები.



[1] საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური: http://geostat.ge/?action=page&p_id=121&lang=geo;

[2] სომხეთის რესპუბლიკის სტატისტიკის ეროვნული სამსახური: http://www.armstat.am/ru/?nid=45&year=2012;

[3] აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სტატისტიკური კომიტეტი: http://www.stat.gov.az/source/system_nat_accounts/indexen.php

[4] საქართველოს ფინანსთა სამინისტრო: http://www.mof.ge/5145

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ