ზვიად ავალიანი: რა დაგვანახა ტყიბულის გაფიცვამ

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

როგორც არ უნდა დასრულდეს ტყიბულის გაფიცვა, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა გასცდა ერთი კონკრეტული საწარმოს ფარგლებს და ფაქტიურად საერთო-ეროვნული პროტესტის ფორმა მიიღო, უკვე დღესაც კი ცხადად იკვეთება რამდენიმე დასკვნა, რომელიც შეიძლება (და უნდა) გამოიტანოს საზოგადოებამ ამ მოვლენებისგან.

პირველი დასკვნა, თუ შეიძლება ითქვას, ცალსახად სამართლებრივი ხასიათისაა და მდგომარეობს იმაში, რომ განახლებული შრომის კოდექსი, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება პირველი ოქტომბრის ერთ-ერთ მთავარ მონაპოვრად თვლის – რეალურ ცხოვრებაში ფაქტობრივად არ სრულდება.

თავი რომ დავანებოთ იმ ფაქტს, რომ კანონი, როგორც პრაქტიკულმა ცხოვრებამ გვაჩვენა, ფორმალურ დონეზეც კი ბევრ ხარვეზს შეიცავს,  კანონმდებლობაში ძალიან ბუნდოვნად ან სრულებით არ არის გაწერილი კოდექსით დადგენილი ნორმების შესრულების კონტროლის მექანიზმები – ნებაყოფლობით კი როგორც ჩანს არავინ აპირებს მათ შესრულებას.

შემდეგ, ამ დასკვნას ავტომატურად გავყავართ პოლიტიკურ ველში, რადგან რეალობის პოლიტიკური ანალიზის გარეშე შეუძლებელია გავიგოთ სამართლებრივი გაუგებრობის მიზეზები.

ტყიბულის გაფიცვამ ცხადად დაგვანახა ქართული ოცნების ხელისუფლების ყველა შინაგანი  წინააღმდეგობა, რაც ყველაფერთან ერთად გულისხობს საკუთარ თავთან წინააღმდეგობასაც. ტყიბულში ცხადად გამოჩნდა თუ რამდენად შინაგანად წინააღმდეგობრივი და გაორებული ფენომენია დღევანდელი ხელისუფლება. წინააღმდეგობა და გაორება, როგორც ჩანს, ერთგვარ  წითელ ზოლად გაყვება ყოველივე იმას, რასაც მომავალში ისტორიკოსები „ქართული ოცნების პერიოდს“ დაარქმევენ.

მეორე მომენტი, რაც აუცილებლად უნდა შეამჩნიოს საზოგადოებამ მთლიანად და განსაკუთრებით მათ, ვისაც ეს უშუალოდ ეხება მდგომარეობს არასამთავრობო სექტორის  გულგრილობაში ამ პრობლემის მიმართ.

ცხადია, არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს არ ვამჩნევდე რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც ამ დღეებში აქტიურობდა ტყიბულში, მაგრამ, როგორც იტყვიან, გამგები სწორად გაიგებს – ჯერ ერთი, თუნდაც ამ კრიტიკულ მომენტშიც კი, ძალიან ცოტა აღმოჩნდა ისეთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელმაც საერთოდ შეამჩნია რომ ტყიბულში “რაღაც ხდებოდა” და ეს “რაღაც” პირდაპირ კავშირში იყო ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან და მერე მეორე – იმ ორგანიზაციებს, რომლებმაც ეს ყველაფერი შეამჩნიეს, ჩემი აზრით შეეძლოთ გაცილებით მეტი გაეკეთებინათ.

ასე, მაგალითად – არასამთავრობო სექტორს რომ მეტი ინტერესი გამოემჟღავნებინა მუშათა მდგომარეობისა და სამუშაო პირობების (თუნდაც შრომის უსაფრთხოების) პრობლემატიკის მიმართ, ცხადია რომ ტყიბულში სიტუაცია ასეთ კრიტიკულ წერტილამდე არც კი მივიდოდა.

არასამთავრობო სექტორს რომ იმის მსგავსი კამპანია მაინც დაეწყო თითოეული მუშის გარდაცვალების გამო, როგორი კამპანიაც, მაგალითისთვის ვნახეთ შარშან ქალთა მკვლელობებთან დაკავშირებით, ცხადია დამსაქმებლები დამსაქმებლები სავარაუდოდ მეტ ყურადღებას დაუთმობდნენ ამ საკითხებს, ხოლო სახელმწიფო უბრალოდ იძულებული გახდებოდა უფრო ეფექტიანად აემოქმედებინა კონტროლის მექანიზმები.

ყოველ შემთხვევაში ერთი რამ ცხადია – თუ, მაგალითად, სხვადასხვა ნიშნით ადამიანთა დისკრიმინაციის თითოეული ქეისი არასამთავრობოთა ძალისხმევის შედეგად ფაქტიურად ყოველთვის იძენს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ განზომილებას (რაც რა თქმა უნდა მისასალმებელია) შრომის უსაფრთხოების უგულვებელყოფის გამო დაღუპული ასობით ადამიანი მედიასა და საზოგადოებრივ დისკურსში დღემდე აღიქმება, როგორც ა-პრიორი უბედური შემთხვევა, რომელსაც არავითარი პოლიტიკური განზომილება არ გააჩნია.

ამის მიზეზი (სხვა ფაქტორებს შორის) არის ისიც, რომ ამ ტრაგედიების უმრავლესობა ქართული არასამთავრობო სექტორის ყურადღების მიღმა რჩება, ხოლო თუ  გავითვალისწინებთ იმასაც, თუ რამხელა გავლენა აქვს ქართულ არასამთავრობო სექტორს ერთ მხრივ ხელისუფლების, ხოლო მეორე მხრივ მედიის დღის წესრიგზე, არც ის უნდა იყოს გასაკვირი თუ რატომ დავდივართ 25 წელია ჩაკეტილ წრეზე შრომის უსაფრთხოების საკითხებში.

და ბოლოს – ეკონომიკურ ასპექტში ტყიბულის (და თუ განვაზოგადებთ – მთლიანად სამთო-მოპოვებითი დარგის) ქეისმა დაგვანახა ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება. ეს ჭეშმარიტება მდგომარეობს იმაში, რომ ბაზარი ყველაფერს ვერ (და არ) არეგულირებს.

ერთ მხრივ, დამსაქმებლისა და დასაქმებულის ურთიერთობის „თვითდინებაზე მიშვება“ (როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს) ადრე თუ გვიან მთელი საწარმოო პროცესის სრული პარალიზებით (და აქედან გამომდინარე – ყველა მხარის წაგებით) შეიძლება დასრულდეს, ხოლო მეორე მხრივ (და ასეთი სცენარის პრაქტიკაც გვაქვს) არ არის გამორიცხული საზოგადოების მხრიდან იგნორირებული და „უჩინარ ხელს“ (პირადად ჩემში ამ ტერმინის ირაციონალური ელფერი ყოველთვის ღიმილს იწვევდა) მინდობილი წინააღმდეგობა არ არის გამორიცხული ურთიერთგამანადგურებელ აგრესიაშიც გადაიზარდოს…

კიდევ ცალკე საკითხია ეკოლოგია. აქ ცხადია არ არის დრო და ადგილი იმისთვის, რომ ფართოდ გავშალოთ მსჯელობა გლობალური ეკოლოგიური კატასტროფების, გლობალური დათბობის და სხვა პლანეტარული მასშტაბის პროცესებზე, მაგრამ ერთი რამ უდავოდ ცხადია – თავისთავად აღებულ ბაზარს, როგორც ასეთი, არ აქვს არავითარი მექანიზმი და მეტიც – არანაერად არ არის დაინტერესებული ეკოსისტემის შესანარჩუნებლად.

დიახ – აქ შესაძლოა შეგვახსენონ „კონტრარგუმენტიც“, რომ ბუნება საერთოა, ჰაერი ყველასია და შესაბამისად, ვინც მას არ უფრთხილდება, ის რეალურად საკუთარ თავსაც ვნებს მაგრამ ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მხოლოდ ცარიელი ფრაზებია ციკლიდან „მინდა ვიყო ფილოსოფოსი“ და მეტი არაფერი.

აქ არ მოვიყვან ყველა იმ თეორიულ არგუმენტს, თუ რატომ არის ამგვარი განცხადებები ცარიელი ფრაზა (ან მიზანმიმართული სიცრუე) თუმცა ვფიქრობ პრაქტიკაზე დაკვირვება ყველა თეორიულ არგუმენტზე უკეთ აბათილებს ამგვარი კონტრარგუმენტების  „ლოგიკას“.

თეორიული არგუმენტებიდან კი საკმარისი იქნება ხაზი გავუსვათ თუნდაც მხოლოდ იმას, რომ მთელი ეს „ლოგიკა“ საერთო ბუნების შესახებ გარანტირებულ მოცემულობად თვლის, თითქოს ყველა მწარმოებელი ა-პრიორი გათვითცნობიერებული იყოს მისი საქმიანობის შედეგების შესახებ 50 ან 100 წლის შემდეგ და შემდეგ, თითქოს ყველა მათგანი გრძნობდეს მორალურ პასუხისმგებლობას სხვისი ან თუნდაც პირადად მისი შვილების მიმართ (რომლებიც, ალბათ დიდ საიდუმლოს არ გაგიმხელთ თუ ვიტყვი, რომ ზოგიერთ ადამიანს საერთოდ არც კი ყავს)…

ერთი სიტყვით – პრობლემა ბევრია და დასკვნებით რომ არ გადაგღალოთ, მთავარი დასკვნა, რომელშიც შეიძლება შევაერთოთ და შევაჯამოთ ყოველივე ის, რაზეც ზემოთ ვილაპარაკეთ მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ყველანი, საზოგადოება მთლიანად, მედია, არასამთავრობო სექტორი, ხელისუფლება და ზოგადად ყველა, ვისაც რამე გავლენა აქვს საზოგადოებრივ პროცესებზე უნდა ვიყოთ უფრო აქტიურები, უფრო ჭკვიანები და უფრო სოლიდარულები ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ.

არ შეიძლება იდეოლოგიურ ლოზუნგებს გადავაყოლოთ ადამიანთა სიცოცხლე და გაუჯიუტდეთ ფაქტებს, როცა თეორია პრაქტიკას არ ემთხვევა და როცა ვხედავთ, რომ ეს კონკრეტული ლოზუნგები პრაქტიკულ ცხოვრებაში არ მუშაობენ.

ვფიქრობ, ჩვენ დიახაც უფრო აქტიურად და გნებავთ – უფრო აგრესიულადაც უნდა ჩავერიოთ საწარმოო ურთიერთობებში და თუ ვინმეს ამ ჩარევით დისკომფორტი შეექმნება, მთლიანად საზოგადოებისთვის (და პირადად მათთვისაც) ეს მაინც განუზომლად ნაკლები დისკომფორტი იქნება, ვიდრე ის ტრაგიკული რეალობა, რომელიც ამ ჩარევის გარეშე იქმნება.

Share on Facebook0Share on Google+0Tweet about this on Twitter0Share on LinkedIn0Email this to someone

კომენტარები

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

*