საქართველო-ისრაელი _ მეგობრობიდან აფხაზეთამდე

 
დღემდე საქართველო-ისრაელის ურთიერთობები კარგი იყო, ისევე როგორც კარგი იყო ქართულ-ებრაული ურთიერთობები.  „კარგს“ და არა „იდეალურს“ იმიტომ ვამბობ, რომ გავემიჯნო ქართულ სუფრულ ინტერნაციონალიზმს და მასზე დაზეპირებული 26 საუკუნოვანი მეგობრობით მუდმივ აპელირებას. ურთიერთობები იდეალური ვერ იქნებოდა იმ მიზეზით, რომ ქართველ ებრაელობას ახსოვს მე-19-20 საუკუნეებში მომხდარი ანტისემიტური გამოხტომები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში(ქუთაისი 1878, 1965, წყალტუბო 1963, ზესტაფონი 1964) და ახსოვს (სხვათაშორის, მოყოლებული 1878 წლის „ქუთაისის პროცესიდან“) ქართველებში მეოცე საუკუნის 90-იან წლებამდე მოარული ჭორი თუ როგორ იყენებენ ებრაელები მაცას მოსამზადებლად ქართველი ბავშვების სისხლს. მოკლედ, თუ სიმართლეს გვინდა შევხედოთ თვალებში და რეალისტობაზე გვაქვს პრეტენზიები, მხოლოდ 26 საუკუნოვანი ძმობა და 80-იანი წლების „ჟიგულებში“ ჩართული „ემიგრანტების“ კასეტები საკმარისი არაა იდეალური ურთიერთობებისთვის. თუმცა, ქართველები და ებრაელები ბევრად უკეთ თანაცხოვრობდნენ, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყნებში, სადაც ანტისემიტიზმი არაერთხელ ქცეულა სახელმწიფო თუ არა, ნახევრადოფიციალურ პოლიტიკად მაინც. თუმცა აქ საუბარი არაა ანტისემიტიზმზე და ძმობის 26 საუკუნეზე…

საქართველოს და ისრაელს ერთი რამ აკავშირებთ _ საბჭოთა ალიის(1969 წლიდან დღემდე) პერიდში ისრაელსა და აშშ-ში გადასახლებული და საქართველოში ისევ  მცხოვრები „ქართველი ებრაელები“, დანარჩენში ამ ორი ქვეყნის ურთიერთობა ისეთივეა როგრც ურთიერთობა სომხეთსა და არგენტინას  ან აზერბაიჯანსა და პოლონეთს შორის. შესაბამისად საქართველოსა და ისრაელს შორის უნდა ყოფილიყო ისეთი ურთიერთობები, როგორიც შეფერის ორ ცივილიზებულ და შეგნებულ სახელმწიფოს _ კეთილმეგობრული, პარტნიორული, საქმიანი და დაშორებული ერთმანეთის საქმეებში ჩარევისგან. პრინციპში ეს ურთიერთობები ასეთივე იყო სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლამდე. ერთ ერთ თავის ინტერვიუში უცხოურ მედიასთან სააკაშვილმა ჩამოთვალა პოლიტიკოსები, რომლებსაც ის სამაგალითოდ თვლის. დე გოლისა და ათათურქს შორის მან ახსენა ბენ გურიონიც.

 დავიდ ბენ გურიონი იყო ისრაელის სახელმწიფოს პირველი პრემიერ მინისტФайл:BG 1949.jpgრი და პოლიტიკოსი, რომელმაც მოახერხა „ისრაელის თავდაცვის არმიის“ ჩამოყალიბება. მას ხშირად ასახელებენ, როგორც ისრაელის დამფუძნებელ მამას და სააკაშვილსაც არ დაუმალავს რომ საქართველოს მამობის პრეტენზია ქონდა, ამიტომ პირველი რაც მან გააკეთა დაიწყო ქართული არმიის შეიარაღება.  ამ პროცესში სააკაშვილმა აქტიურად ჩართო ისრაელის სამხედრო მრეწველობა და ისრაელიდან მოწვეული ინსტრუქტორები. იმავდროულად საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ცდილობდა მოეზიდა ისრაელის ინვესტიციები საქართველოში, 2007 წელს მათი ოდენობა 7 მილიონი დოლარი იყო. თუმცა მთავარი აქცენტი კეთდებოდა სამხედრო თანამშრომლობაზე. სააკაშვილის გუნდის წევრები _ დავით იაკობაშვილი, დავით კეზერაშვილი და ლაშა ჟვანია აქტიურად მუშაობდნენ ამ საკითხზე. თავად სააკაშვილი სამჯერ(2004, 2006, 2008) ეწვია ისრაელს, შუალედში ისრაელი მოინახულა გელა ბეჟუაშვილმაც, საქართველოში კი პარალელურად სამხედრო ისრაელიზმის პროპაგანდა დაიწყო. საზოგადოებაში მკვიდრდებოდა აზრი, რომ რადგან ისრაელი გვეხმარება არმიის მშენებლობაში, საქართველოც გადაიქცევა „კავკასიის ისრაელად“,  ეყოლება უძლეველი არმია, რომლის შიშიც ექნება მთელ სამეზობლოს. ასეთი განცხადებები ხშირად ისმოდა ხელისუფლებისგან კონტროლირებადი ინტერნეტ ფორუმებიდან. საქართველო დაადგა მილიტარიზაციის გზას და ნიმუშად ისრაელის წარმატებული მაგალითი მოჰყავდა. იყო  ასოციაციებიც _ „საქართველო ისრაელივით მტრის გარემოცვაშია!“ და ამას ემატებოდა „სერიოზული“ არგუმენტი _ რამე რომ იყოს, ისრაელი დაგვეხმარება, ჩვენ ხომ ებრაელები 26 საუკენე გვყავდა შეფარებული! მახსოვს ასეთივე ხმები იყრებოდა საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ წლებში, როცა ალყამოქცეულ პარლამენტში მყოფი გამსახურდიას მომხრეები დახმარებას ელოდნენ თურქეთში მცხოვრები „ქართველების“ 5 მილიონიანი „არმიისგან“. რასაკვირველია, ისრაელი არ იყო ერთადერთი ქვეყანა, რომლითაც მანიპულირებდა საააკაშვილის მილიტარიზმის პროპაგანდისტი მანქანა, უფრო მეტი იმედები მყარდებოდა აშშ-ზე და რასაკვირველია ნატოზე. საქართველოში მთელი დატვირთვით ამუშავდა საზოგადოების ტვინის გამორეცხვის მექანიზმი, რეკლამა უკეთდებოდა ჯარში წასვლას რეზერვისტად, კლიპში ჩანდა მშვიდობიან ქალაქში ჯავშნოშანით მოსეირნე ახალგაზრდა, რომელიც უბრალო მანქანით მოსეირნეს ურჩევდა _ წამოდი, მაგარიაო! მოკლედ, 2008 წლის ზაფხულისთვის საქართველო გადაქცეული იყო ბენგურიონის დროინდელი ისრაელისა და რუზველტის დროინდელი აშშ-ს პაროდიად. ომი იქცა მთავარ იარაღად პოლიტიკური მიზნების მიღწევაში და რასაკვირველია ლეგალიზაციის საშუალებად 2007 წელს რეპუტაციაგანადგურებული სააკაშვილისთვის. ის რომ ომი დაიწყებოდა, გასაკვირი არ იყო, რადგან ცხინვალში ხალხის ევაკუაცია 7 აგვისტომდე 2 კვირით ადრე დაიწყო. ამას მოჰყვა ომიც. მაგრამ ყველა ომში გამარჯვებული ისრაელის არმიისგან განსხვავებით ქართული არმია 3 დღეში დამარცხდა. რეჟიმისგან დაპირებულ-დაპიარებული აშშ-ს დახმარება გამოიხატა სამხედრო ხომალდებით გამოგზავნილ სასმელ წყალში, ხოლო ნატომ საერთოდ არ გაგვიღო კარი. სააკაშვილის ხელისუფლების მიერ საზოგადოებისთვის თავსმოხვეულმა ვარდისფერმა ოცნებებმა გაფანტვა დაიწყო და ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას ეღიარებინა საკუთა
რი შეცდომები, ის აგრესიულ თავის მართლებაზე გადავიდა. ნატოში საქართველოს არშესვლა დააბრალეს გერმანიას და რუსეთის ხრიკებს, აშშ-ს პასიურობა ობამას, ისრაელის მხრიდან საქართველოსთვის იარაღის მისყიდვაზე უარის თქმა კი რუსული დიასპორის გავლენას. ისრაელის პოზიცია გასაგები იყო, მას არ სურდა, რომ რუსეთს მიეყიდა ირანისთვის ს-300-ს რაკეტები და სამაგიეროდ თმობდა სამხედრო თანამშრომლობას საქართველოსთან. საზოგადოებაში კი  გაჩნდა შესაბამისი, აგრესიანარევი იმედგაცრუება ისრაელისადმი _ აი თურმე როგორ გადაგვიხადა ისრაელმა 26 საუკუნოვანი მასპინძლობისთვის! ომის დასრულებიდან ცოტა ხანში ისრაელიდან შემოსული ინვესტიციებით დაწყებული თითქმის ყველა პროექტი გაიყინა, რასაკვირველია აქ  ითამაშა როლი არასტაბილურობამ. პარალელურად გამოჩნდა საქართველო-ისრაელის სამხედრო თანამშრომლობის დეტალები ამერიკულ პრესაში, ამერიკელი დენიელ ალვირესის მეშვეობით გაირკვა, რომ ქართველი და ებრაელი სამხედრო პირები ჩართულნი იყვნენ იარაღით უკანონო ვაჭრობაში. ამ საკანდალზე საქართველოს მედიას ხმა არ ამოუღია, მაშინ როცა ზუსტად ამ სკანდალის გამო ეწვია 2010 წლის 6 მაისს გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი რობერტ მიულერი. ამ სკანდალმა სერიოზულად დაძაბა ურთიერთობები საქართველოსა და ისრაელს შორის. საქართველო ვეღარ იღებდა ვერც ისრაელის იარაღს, ვერც შემოსავლებს კორუფციული გარიგებიდან და ვაერც ინვესტიციებს, რა შეიძლებოდა ყოფილიყო საპასუხო ნაბიჯი? _ რასაკვირველია ირანი. ომამდე ისრაელიზაციის  პროპაგანდისტი საქართველოს ხელისუფლება ომის შემდეგ ირანთან უვიზო მიმოსვლას აფორმებს. ისრაელს ეს ნამდვილად არ გაუხარდებოდა. სხვათაშორის, ირანში(ფერეიდანში) ვიზიტისას სააკაშვილისთვის გამზადებულ დარბაზში თვალსაჩინო ადგილი ეკავა დიდ ფირნიშს _ “სიკვდილი ისრაელს!“. მოკლედ, ომმა საქართველო ისრაელის ურთიერთობები საკმაოდ დააზარალა. და ამის ფონზე ჩნდება ებრაელი ბიზნესმენი რონ ფუქსი თავისი თანაშემწით(ზეევ ფრენკელი). ფუქსი თავის პარტნიორ იოანის კარდასოპულოსთან ერთად 14 წელი ითხოვდა იმ ზარალის ანაზღაურებას საქართველოსგან, რომელიც მას მიადგა გაწყვეტილი ხელშეკრულებით( შევარდნაძის პერიოდში ამ ბიზნესმენებს მიეცათ საქართველოს ნავთობ და გაზსადენების მართვის უფლება), ზარალი კი დააწესა საინვესტიციო დავების საერთაშორისო სასამართლომ _ 100 მილიონი დოლარი.  რასაკვირველია, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას ხელები აქვს დასაჭრელი იმ კონტრაქტის დადებისთვის, მაგრამ ცივილიზებულად ამგვარი სისულელეები კაპიტალით იზომება. ამ საკითხებზე მოსალაპარაკებლად საქართველოდან წავიდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ხარაიძე და სულ მალე გაჟღედა, რომ ფუქსი თავის თანაშემწესთან ერთად დააკავეს ხარაიძისთვის ქრთამის მიცემის მცდელობისთვის, 1 აპრილს კი მათ 8 წელი მიუსაჯეს. ცნობილია რა საქართველოს ხელისუფლების ქცევის ტაქტიკა, საზოგადოებაშიც მაშინვე გაჩნდა მოსაზრება, რომ სააკაშვილმა გადაწყვიტა მისი ჩვეული ხერხით აერიდებინა თავი 100 მილიონის გადახდისთვის და უკვე მოცვეთილი მეთოდის გამოყენებით „გაუჩალიჩა“ებრაელ  ბიზნესმენებს ციხე. საპასუხოდ კი ისრაელის საზოგადოება აღსდგა.

სწორედ აქ ჩანს უდიდესი განსხვავება სააკაშვილსა და ბენ გურიონს შორის. ბენ გურიონმა შექმნა ერი-საზოგადოება, ერი-კოლექტივი, ერი-არმია. სააკაშვილმა კი არსებული ერის ისეთი ატომიზაცია მოახდინა, რომ 2008 წლის ომი ქართველებისთვის არ ქცეულა საერთო ტრაგედიად. ტრაგედია იყო კონკრეტული დაღუპული ადამიანების ოჯახებისთვის, მაგრამ არა სხვა რეგიონებში ოკუპანტებისთვის ხაჭაპურის მცხობელებისთვის, მითუმეტეს არა თავად ხელისუფლების წევრების ოჯახებისთვის, რომელთა ჯიპები აზერბაიჯანის საზღვარზე იდგნენ. მთელი ისრაელი ფეხზე დადგა რონ ფუქსის დასახმარებლად, მაშინ როცა ცოტა ხნის წინ, ქართველი ქალების ნარკოტრანზიტისთვის დაკავებისას საქართველოს საგერეო საქმეთა სამინისტროს ერთი კვირა მხოლოდ იმაში დასჭირდა, რომ მალაიზიის საგერეო უწყების ხელმძღვანელის ტელეფონი დაედგინა. ისრაელმა მსოფლიოს გააგებინა, რომ საქართველოში უცხოელ ინვესტორებზე ნადირობენ, საქართველოს ხელისუფლებას კი თითი არ გაუნძრევია სომალელი მეკობრეების მიერ დაკავებული ქართველების გამოსახსნელად. ისრაელმა ფუქსის გამო დაგეგმილი ვიზიტები ჩაუშალა ჯერ პარლამენტის სპიკერ დავით ბაქრაძეს და შემდეგ ეკონომიკს მინისტრ ვერა ქობალიას, საქართველოს ხელისუფლებამ კი რუსეთში მცოვრები თითქმის მილიონიანი ქართული დიასპორა რუსეთის აგენტურად მონათლა.

 ისრაელისა და საქართველოს  დამოკიდებულება საკუთარი მოქალაქეებისადმი აშკარად განსხვავებულია, თუმცა შესაძლოა სწორედ ეს არის, რაც მაგალითად უნდა აეღო სააკაშვილს ისრაელისგან და არა მილიტარიზაცია. და სწორედ ამიტომაა, რომ დღეს სააკაშვილი საზოგადოებად არშემდგარი ერის არშემდგარი და თვითმარქვია მამაა, რომლის სიმბოლიზმებზე გაფეტიშებულმა პოლიტიკამ საქართველო ისრაელის ურთიერთობები გააფუჭა.

დღეს "აპსნი პრესმა"(სოხუმი) გაავრცელა ინფორმაცია სოხუმში ებრაული თავდაცვითი კომპანიის Global CST- ხელმძღვანელების ვიზიტის შესახებ.

„დელეგაციას კომპანიის პრეზიდენტი და დამფუძნებელი, ისრაელის არმიის გენერალური შტაბის ოპერატიული სამმართველოს ექსხელმძღვანელი ისრაელ  ზივი და მოქმედი პრემიერის ყოფილი სამხედრო მდივანი მეირ კლიფი ხელმძღვანელობენ. დელეგაციის წევრებს დე ფაქტო პრემიერი სერგეი შამბა და თავდაცვის მინისტრი მერაბ ქიშმარია მიიღებენ. განიხილება თანამშრომლობა უსაფრთხოების, ტურიზმის, აგროსამრეწველო სფეროებში. დელეგაცია ასევე ეწვევა აფხაზეთის რაიონებს და დაათვალიერებს "საქართველოაფხაზეთის საზღვარს". ვიზიტის ბოლოს კი, დელეგაციის წევრები აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშს კონკრეტულ წინადადებებს წარუდგენენ.
სოხუმში ჩასვლამდე, დელეგაცია ბაღაფშს 13 აპრილს მოსკოვში შეხვდა და აფხაზეთისთვის უსაფრთხოების სფეროში არაშეტევითი დანიშნულების აღჭურვილობისა და სამხედრო ტექნოლოგიების მიწოდების საკითხი განიხილა. შეხვედრაზე ისრაელ ზივმა გამოთქვა მზდყოფნა, მიაწოდოს აფხაზეთს უსაფრთხოების სფეროში არაშეტევითი დანიშნულების აღჭურვილობა და სამხედრო ტექნოლოგიები.
"ისრაელის მხარეს ესმის რუსეთთან და აფხაზეთთან სტრატეგიული დიალოგის მნიშვნელობა და მის განვითარებას უჭერს მხარს", – განაცხადა ბაღაფშთან შეხვედრაზე ისრაელ ზივმა.
არსებული ინფორმაციით, შეხვედრა ოფიციალურ იერუსალიმთან იყო შეთანხმებული. ებრაული კომპანიის დელეგაციის სოხუმში ვიზიტი 15 აპრილამდე გაგრძელდება.
Global CST კერძო კომპანიაა, რომელიც შეიარაღებული ძალების მომზადებითა და იარაღით ვაჭრობით არის დაკავებული...“ _ ეს ინტერპრესნიუსის მიერ გავრცელებული თარგმანია, თუმცა ეჭვი არავის უნდა ეპარებოდეს, რომ ისრაელი ამგვარ დემარშებზეც წავიდოდა. რათქმაუნდა ისრაელის ელჩმა განაცხადა, რომ ეს კერძო ბიზნესმენის ვიზიტია და ისრაელი არ აპირებს აფხაზეთისთვის იარაღის მიყიდვას, მაგრამ აშკარაა, რომ ამ „კერძო“ ვიზიტსაც კონტრშეტევის სახე ქონდა.  შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ისრაელის სამხედრო მწარმოებელმა „ელბიტ მოარახოტ“-მა საქართველოს მოსთხოვა 100 მილიონიანი ვალის დაფარვა ომამდე მიწოდებული უპილოტო თვითმრინავებისთვის და ყველა შანსია მიიღოს ეს ფული. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ჯიბის ტელეარხებზე მექრთამეობაში ბრალდებულ ებრაელ ბიზნესმენებს „ნაძირლებად“ მოიხსენიებენ და აპელირებელ სამართლებრივ სახელმწიფოზე, დიდი ალბათობაა, რომ საქართველოს ხელისუფლები ფუქსსა და მის თანაშემწეს არცთუშორეულ მომავალში ჩუმად გაათავისუფლებენ და თან მოუწევთ მეორე 100 მილიონის გადახდაც, თუმცა ზარალი, რომელიც უკვე მიადგა საქართველოს მსოფლიოს თვალში, ვეღარ ანაზღაუდება ვერც საინვესტიცო ბაზარზე და ვერც საქართველო-ისრაელის ურთიერთობებში, მითუმეტეს, თუ ამ დაძაბულობის ფონზე სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრი ვარძელაშვილი ტაშით ეგებება და ამარჯვებინებს უნიჭო „კავეენშიკების“ მიერ წამოსროლილ ფაშისტურ ხუმრობას _“ჰიტლერმა ყველა ებრაული ოჯახი უფასო გაზით უზრუნველყოო“.

საქართველო ისრაელი არ არის, და მითუმეტეს ისრაელი არის საქართველო. ამ ორ ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობა არც უნდა დაწყებულიყო. არა, იმიტომ არა, რომ საქართველო არ გაძლიერებილიყო ან იმიტომ არა, რომ ისრაელში ფული არ შესულიყო. უბრალოდ იმიტომ, რომ ორივე ქვეყანას თავის განსხვავებული გზა, განსხვავებული პრობლემები და ინტერესები აქვს. ისრაელის მტერი არაა აუცილებელი იყოს საქართველოს მტერი და პირიქით. ისრაელის სამხედრო პოლიტიკო არაა აუცილებელი იყოს სამაგალითო საქართველოსთვის. ქვეყნებს შორის კეთილმეგობრობა ხომ არ გულისხმობს სხვა ქვეყნის კოპირებას და ამის გამოყენებას პრეზიდენტის სავარძლის შესანარჩუნებლად. ისევე, როგორც ერის მამობა არ ხდება შეკვეთით, ერმა უნდა აღიაროს პოლიტიკოსი მამად და არა პირიქით. მოკლედ, სანამ სააკაშვილი პრეზიდენტია ისრაელთან ურთიერთობების დალაგება გაჭირდება, ამას უნდა შევეგუოთ. ისრაელი არც პირველი და არც უკანასკნელი ქვეყანაა, რომელთანც ამ პერიოდში ურთიერთობები უარესდება. მთავარია, ისრაელის საპასუხო ნაბიჯებმა სულ არ გადარიოს დღევანდელი რეჟიმი და მის კონტროლირებად არხებზე შეფარული ანტისემიტიზმის პროპაგანდა არ დაიწყოს.

 

წერილში გამოყენებულია ინტერპრესნიუსის, апсныпресс-ის და wikipedia-ს გვერდებზე გამოქვეყნებული ფოტოები

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ