ზურა მახარაძე: რატომ უნდა ვიმსჯელოთ დიდგორზე?

როდესაც თანამედროვე სამხედრო თვითმფრინავი ჰაერშია, მისი რადიოსადგური უწყვეტ რეჟიმში გადასცემს სიგნალს, რათა მოკავშირეებს მოწინააღმდეგეში არ აერიოთ.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დიდგორი ქართველებისთვის მსგავსი იდენტიფიკატორია – იდეა, ლეგენდა, ისტორია, რომელიც დიდ წილად განსაზღვრავს იმას, ხარ თუ არა ქართველი. აქ მთავარი ის კი არ არის, თუ რეალურად რამდენი იყვნენ თურქ-სელჩუკები (ზუსტად იგივე კამათი მიდის ვატერლოოს, კულიკოვოს ბრძოლის ან თერმოპილესთან მომხდარი მოვლენების შესახებ) საქმე იმაშია, რომ ბერძნებისთვის, რუსებისთვის ან ინგლისელებისთვის ეს მოვლენები ნაციონალური თვითიდენტიფიკაციის ელემენტია.

სწორედ ამ კუთხიდან უნდა დავიწყოთ საინტერესო მოვლენის ანალიზი, რომელიც ცოტა ხნის წინ დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების ინიციატივასთან დაკავშირებით განვითარდა (ომიტეტმა დიდგორის ბრძოლაში გამარჯვების დღის უქმედ გამოცხადებას მხარი დაუჭირა).

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ, რომელიც დიდგორობის უქმე დღედ გამოცხადების შესახებ კანონპროექტის ინიციატორია, 21 აპრილს განაცხადა, რომ კანონის მიღება თურქული მხარის თხოვნით შეჩერდა. (თურქეთის საელჩოს თხოვნით პარლამენტმა დიდგორის დღის უქმედ გამოცხადებაზე კანონპროექტი შეაჩერა)

პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის თურქეთის მხრიდან სავარაუდო თხოვნისა და ამ ყველაფრის მედიაში გახმაურების ერთმანეთისგან გამიჯვნა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ მთავრობის ხელმძღვანელი ხართ და ამგვარი გადაწყვეტილების მიღება გიწევთ. თქვენ არაფრის დიდებით არ დაუშვებთ იმას, რომ ინფორმაციამ მედიაში გაჟონოს. ყველაფერი მარტივად შეიძლება მოგვარდეს. უბრალოდ ვიტყვით, რომ ქვეყანაში უკვე ბევრი უქმე დღეა, ხოლო დიდგორობას ისედაც აღვნიშნავთ. ამგვარი არგუმენტაცია თითქმის ყველასთვის მისაღები იქნებოდა. ამის საპირისპიროდ პირდაპირი ტექსტით არის ნათქვამი, რომ სწორედ თხოვნის გამო ხდება კანონპროექტის შეჩერება. რით შეიძლება იყოს ეს ყოველივე გამოწვეული?

ვერსია პირველი

არაკომპეტენტურობა – პარტიის რიგითმა წევრმა უბრალოდ წამოროშა ის, რის გახმოვანებაც პიარის კითხით კატასტროფის ტოლფასია. ეს ვერსია სრულიად დასაშვებია ქართული პოლიტიკური ელიტის საკმაოდ სპეციფიკური ხარისხისა და შემადგენლობის გათვალისწინებით, მაგრამ მაშინ მას უარმყოფელი განცხადებები უნდა მოყოლოდა, რომლებიც მდგომარეობის გამოსწორებას ეცდებოდნენ. ასეთი კი სახეზე არაა.

ვერსია მეორე

შიდაპოლიტიკური ქულების საგარეო პოლიტიკურში კონვერტაცია – თურქეთის პრეზიდენტთან ვიზიტის წინ, პრემიერს ჭირდებოდა რაიმე პოზიტიური მესიჯი და შიდა ნეგატივის გაზრდის ხარჯზე, თურქული მხარის კეთილგანწყობის მოპოვება სცადა.

პრობლემა იმაშია, რომ ამ ორიდან რომელიც არ უნდა შეესაბამებოდეს სიმართლეს, მაინც სრულ იდიოტიზმთან გვაქვს საქმე. როდესაც თქვენ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ხართ, არ შეიძლება ტომას ჯეფერსონს ან აბრაამ ლინკოლნს პიროვნებაზე აგდებულად ილაპარაკოთ. იმიტომ კი არა, რომ ისინი იდეალურები იყვნენ, არა, უბრალოდ ეს ადამიანები პიროვნებებიდან უკვე ლეგენდებად იქცნენ. ეს ლეგენდები კი სახელმწიფოს არსებობის საძირკვლის ქვებია. დიდგორი დიდი ხანია აღარაა სამხედრო ისტორიის ეპიზოდი. ეს არის ფუნდამენტური მითი, რომელზეც ქართული სახელმწიფოებრიობის იდეა დგას. როდესაც ე.წ. პროგრესულად მოაზროვნე საზოგადო მოღვაწეები, ჟურნალისტები და პოლიტიკოსები დასცინიან ,,ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის“, ,,იბერიის მკვდრეთით აღდგომის“ ან ,,ძლევაი საკვირველის“ იდეას, ამით ანადგურებენ არა უბრალოდ მითებს, არამედ იდეოლოგიურ ბაზისს. ამ ხალხს მართლა ჰგონია, რომ საქართველოს სახელმწიფოს არსებობა იმ ათასჯერ გაუპატიურებული და ხელახლა შეკერილი დოკუმენტის შედეგია, რომელსაც საქართველოს კონსტიტუციას ვეძახით. მათთვის საქართველო იურიდიული კონსტრუქციაა. არადა საბოლოო ჯამში, სახელმწიფო – ეს საერთო იდეაა, რომ რაღაც უფრო დიდს, უფრო მნიშვნელოვანს ვემსახურებით. და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს იდეა თავისი მითების, გმირებისა და იდეალების გარეშე ცოცხლობს, მაშინ მისი მიკარება სახელმწიფო მმართველობის სადავეებთან სრულიად დაუშვებელია. არ შეიძლება იდეის ამწუთიერ სარგებელზე დახურდავება – აღარც სარგებელი შეგრჩება ხელში და აღარც იდეა.

ვისაც ეს სიტყვები კიდევ ერთი ურა-პატრიოტული გულზე მჯიღის ბრაგუნი ჰგონია, ვეცდები მათთვის გასაგებ ენაზე ავხსნა: ჰკითხეთ თქვენ თავს, რა ჯდება წინა საარჩევნოდ საზოგადოებრივი მხარდაჭერის იმ პროცენტით გაზრდა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ ამ ერთი ფრაზის გამო დაკარგა?

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ