ზურა მახარაძე: პარტია, რომელიც ჯერ არ არსებობს

ქართული პოლიტიკური ქვაბის შემყურე, რომელიც თავისი დინჯი დუღილით, კიდევ და კიდევ ამზადებს ერთსა და იმავე კერძს, მახსენდება მხატვრები, რომლებიც გაჭირვების ჟამს, როცა საჭმელი აღარ ქვთ, მდიდრული სუფრის ხატვას იწყებენ ხოლმე.  ჩემი ეს წერილიც ალბათ მსგავსი მცდელობაა წარმოვიდგინო რაიმე ახალი და ჩემთვის საინტერესო იქ, სადაც თითქოს მისი ნიშანწყალიც კი არ ჩანს.

როგორც წესი, პოლიტიკურ პროცესებში პარტიები მოსახლეობაში არსებული ძირითადი მოთხოვნების და სურვილების ათვისებას, მათთვის მკაფიო და გასაგები ფორმის მიცემას და საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას ცდილობენ. ანუ, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ლოგიკური ამოცანაა საზოგადოებრივი ენერგიის ტალღის ქიმზე მოექცეს, ლაგამი ამოსდოს და თავისი სურვილებისამებრ მართოს.

ჩვენს უცნაურ პოლიტიკურ სამზარეულოში კი ეს ელემენტარული ლოგიკა დარღვეულია. ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, საზოგადოებრივი აზრის ყველა კვლევის თანახმად, კონსერვატული შეხედულებისაა, მთელი პოლიტიკური ელიტა როგორც ოპოზიცია, ისე პოზიცია უკიდურესად ლიბერალურია. არ მუშაობს მოთხოვნა-მიწოდების პრინციპი.

მოდით, ცოტა ხნით გვერდზე გადავდოთ ჩვენი შეხედულებები და იმის მიუხედავად, რომელი მათგანის იდეოლოგიური მხარდამჭერნი ვართ, ვაღიაროთ, რომ პოლიტიკური პროცესების ლოგიკა დარღვეულია.  აქ ვერაფრით ვერ მივიღებ კონტრ-არგუმენტად ცალკეული ფიგურების პოლიტიკაში არსებობას, რომლებიც ითვლება რომ კონსერვატიული შეხედულებების არიან. ისინი ნამდვილად არ და ვერ არიან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ხმა, რომელიც ქვეყნის ბედს განაგებს.

რამ გამოიწვია ეს? მეტწილად იმან, რომ პოლიტიკური ელიტის აბსოლუტური უმრავლესობა, როგორც პოზიცია ისე ოპოზიცია,  მჭიდროდ არის მიბმული დასავლეთის პოლიტიკურ სტრუქტურებთან და ორგანიზაციებთან, რომლებიც უმეტეს წილად ლიბერალური იდეოლოგიის მატარებლები არიან. იქიდან გამომდინარე, რომ საკუთარი ლეგიტიმაციის უმთავრეს წყაროდ ჩვენი ელიტა ამ სტრუქტურების მოწონებას და მხარდაჭერას მიიჩნევს და არა საკუთარი ქვეყნის მოსახლეობის მხარდაჭერას, ლოგიკურიც არის, რომ კონსერვატიულ მოსახლეობას ლიბერალური ელიტა გვყავს.

ყოველივე ამის მიუხედავად არის ორი გადამწყვეტი ფაქტორი, რომელიც ადრე თუ გვიან დაიწყებს მუშაობას.

პირველი: ეს დასავლეთის, როგორც აბსოლუტური სიკეთისა და ერთადერთი პოლიტიკური ორიენტირის ხატის ნგრევაა მოსახლეობის ცნობიერებაში. რუსეთუმეებზე მონადირეთათვის განვმარტავ, რომ აქ ავტომატურად ჩრდილოეთ მეზობელთან ჩახუტების სურვილი არ იგულისხმება. უბრალოდ ფაქტია, რომ ეპოქა, რომელიც ზურაბ ჟვანიას ცნობილი სიტყვებით გაფორმდა (მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი), დასასრულს უახლოვდება. ჯერ ერთი, ევროპა და მთლიანად სამყარო, როდესაც ეს სიტყვები იქნა წარმოთქმული და ახლანდელი მსოფლიო, ეს სხვადასხვა რამ არის. დღეს ევროზონაში ეკონომიკური და მიგრანტების კრიზისია. დღეს ბრიტანეთი ევროკავშირიდან გასვლის შესახებ რეფერენდუმს აანონსებს. დღეს ჰოლანდიელთა უმრავლესობამ უკრაინის ასოცირებულ წევრად მიღებაზე ევროკავშირში უარი განაცხადა. მაგრამ, ესეც არ არის მთავარი. მთავარი ის არის, რომ ჩვენ მივხვდით იქ მაინცდამაინც არავინ გველოდება და პრინციპში დიდად არავის ვჭირდებით. ის რაც მშობლიურ სახლში დაბრუნება უნდა ყოფილიყო, მდიდარი მეზობლის კართან მოწყალების მოლოდინში თავდახრილი ჯდომით დასრულდა. უკვე გავიგეთ, რომ ნატოში არ გვიღებენ და მერამდენედ მოგვცემენ მაპზე უკეთესს. გავიგეთ რომ ჩვენი მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ, ევროინტეგრაციის პიკი საზღვარზე გაცემული ტურისტული ვიზა იქნება.

და რა იქნება შემდეგ?

და მეორე:  როგორც ყალბმა და უაზრო ურაპატრიოტიზმმა გამოიწვია უკურეაქცია და ლიბერალიზაციის მკვეთრი ტალღა, რომლის ფარგლებშიც ყველაფერი ქართული დასაცინი გახდა. ასევე იწვევს წინა და ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკა იმედგაცრუებას და აგრესიას იმის მიმართ, რაც წესით თავისუფლების და ურთიერთპატივისცემის იდილია უნდა ყოფილიყო. რეალურად კი სნობიზმითა და საკუთარი ხალხისადმი სიძულვილით გაჯერებული სოციალური დარვინიზმის მიმდევართა ფსევდოარისტოკრატიულ მმართველობად იქცა.

აი, აქ ჩნდება მთავარი კითხვა: გადავა ეს ისევ ურაპატრიოტულ გულზე მჯიღის ცემაში? გამოიწვევს დასავლური პროექტით იმედგაცრუება ავტომატურად მზის ჩრდილოეთიდან ამოსვლას? თუ, გაჩნდება ძალა, რომელიც ამ სოციალურ ენერგიას სწორ მიმართულებას მისცემს. რომელიც შეძლებს სრულიად ახალი, ჯანსაღი ნაციონალური იდეის არა სადმე ინტეგრაციაზე, არამედ აქ რაიმე საინტერესოს და კარგის აშენებაზე დაფუძნებას. შეძლებს გამაერთიანებელი იდეოლოგიის შექმნას, რომლის საფუძველზეც ეთნიკურ ქართველებს, სომხებს, აზერბაიჯანელებს, ოსებს, აფხაზებს და კიდევ ბევრს სხვას ეცოდინებათ, რომ ცხოვრობენ ერთ ქვეყანაში.  მოხერხდება როდესმე საგარეო პოლიტიკაში ერთი პატრონიდან მეორესთან გადარბენის ნაცვლად ლავირებისა და ნაციონალურ ინტერესებზე დაფუძნებული პოლიტიკის გატარება? ( ნუ მეტყვით, რომ ეს შეუძლებელია. თუ ფინეთმა შეძლო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ჩვენც შევძლებთ).

შეიძლება ითქვას, რომ ვინც ამ საზოგადოებრივი მუხტის ხელში აღებას შეძლებს, ქვეყნის პოლიტიკური მომავალიც მისია. იქნება ეს ვინმე, ვინც უკვე პოლიტიკაშია და საკუთარი იდეოლოგიის მკვეთრ რებრენდინგს მოახდენს? მეეჭვება. იქნება ეს ეწ. ,,საპატრიარქოს“ პროექტი, რისიც ჩვენს ლიბერალებს ასე ეშინიათ? ვერ გეტყვით, ჯერჯერობით ინფორმაციულად საკმაოდ წარმატებით ძირავენ და ესეც რომ არ იყოს მხოლოდ მართლმადიდებლობაზე დაფუძნებული სახელმწიფო იდეა ჩვენს მრავალ ეთნიკურ და მრავალ კონფესიურ ქვეყანას ახალი კრიზისის წინაშე დააყენებს. ამდენად, თუ გამარჯვება სურთ, მათაც სერიოზული რებრენდინგი დასჭირდებათ. იქნება ეს მემარცხენე ძალები, რომლებიც საბჭოთა კავშირის ნგრევისა და უკიდურესად მემარჯვენე წინა მთავრობის პირობებში სრულიად მარგინალიზებულნი იყვნენ? ძნელი სათქმელია. ისინი მხოლოდ სოციალურ ფაქტორებზე არიან ჩაციკლული, რაც რათქმაუნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ თუკი ტრადიციულ საზოგადოებასთან დიალოგი ვერ შეძლეს და ვერ დაარწმუნეს ხალხი, რომ მათი ღირებულებებისა და შეხედულებების დამცველები სწორედ ისინი არიან, მხოლოდ ხელფასებისა და სამუშაო პირობების მიერ გამოწვეული სოციალური მუხტით ისინი ხელისუფლებაში ვერასდროს მოვლენ.

ვიცი ძნელია ჩვენს რეალობაში, სადაც ყველაფერი უკიდურესად გამარტივებულია, ჩაკეტილი წრე გაარღვიო. პროდასავლურობასა და რუსეთუმეობას შორის არჩევნის გარდა კიდევ ერთი პოზიცია აღმოაჩინო, და დაინახო, რომ  შეიძლება იყო პრო- ქართველი, მიხვდე რომ ჩვენ მეგობრები არ გვყავს, მხოლოდ დროებითი მოკავშირეები. და ყოველი ქმედება ყოველი ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვდგამთ უნდა აიწონოს და შეფასდეს ერთადერთი კრიტერიუმით – რამდენად არის იგი საქართველოს ნაციონალურ ინტერესებში. დროა გამოვძვრეთ ვირტუალური რეალობიდან, სადაც ჩვენ სინათლის ძალების მხარეს, თეთრ ცხენზე ამხედრებულები ვიბრძვით ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ და დავინახოთ, რომ რეალური პოლიტიკა ბევრად უფრო რთული, ცინიკური და პრაგმატული სფეროა.

მანამდე კი ისევ იგივე, ერთფეროვანი პოლიტიკური სამზარეულო და ფიქრები პარტიაზე. პარტიაზე რომელიც ჯერ არ არსებობს.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ