► ავტორი: ზურა მახარაძე, პოლიტიკის მკლევარი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დოქტორანტი.
წარმოდგენილ სტატიაში ჩვენ შევეცდებით, გავაანალიზოთ სახელმწიფოს სისტემური მართვის დამკვიდრებული პრაქტიკა, რომელიც საგრძნობ გავლენას ახდენს როგორც სამთავრობო სტრუქტურებში დასაქმებულ ცალკეულ პირებზე, ისე მთლიანად სისტემაზე. ცხადია, ჩვენი ანალიზი ვერ იქნება სრულყოფილი და ამომწურავი, რამდენადაც თემა ძალიან რთული და კომპლექსურია, მაგრამ ვეცდებით გამოვყოთ რეფორმების პოლიტიკის უმთავრესი ხარვეზები და მათი გამომწვევი ძირითადი მიზეზები.
ვისაც კი მმართველობით საქმიანობასთან ჰქონია შეხება, დაგიდასტურებთ, რომ სწორი მოტივაციის გარეშე შეუძლებელია მეტ-ნაკლებად გამართული სისტემის აგება და ამ მოტივაციის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ნაწილს მისიის განცდა წარმოადგენს. ანუ ადამიანს უნდა სჯეროდეს, რომ რაღაც მნიშვნელოვანს აკეთებს. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომელი, რომელსაც ძალიან რთული და სპეციფიკური ფუნქცია აკისრია. თუკი სოციუმს განვიხილავთ როგორც სისტემას, რომელიც თავისი საბაზისო ელემენტების – ადამიანების შექმნით არის დაკავებული ისევე, როგორც ორგანიზმი წარმოქმნის ახალ უჯრედებს, აღმოჩნდება, რომ ზემოთ აღნიშნულ თანამშრომელს სისტემის შიგნით გაჩენილ ენტროპიასთან უწევს ბრძოლა. როგორც მუტაციის შედეგად ორგანიზმში წარმოიქმნება მტრული უჯრედები, რომლებიც სისტემის არსებობას უქმნიან საფრთხეს, ისე საზოგადოებაშიც ჩნდებიან ინდივიდები, რომლებიც თავისი ქმედებებით საშიში არიან საზოგადოებრივი წესრიგისთვის. ორგანიზმის ანალოგიას თუ გავყვებით, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელს იმუნიტეტის ფუნქცია აქვს. იგი ყოველ დღე სოციუმის ყველაზე უარყოფითი, შემაძრწუნებელი თვისებების გამოვლინებასთან შედის ურთიერთქმედებაში. ამ შემთხვევაში, რაც არ უნდა დიდი იყოს მისი ანაზღაურება, შეუძლებელია თავისი ფუნქციები წარმატებით შეასრულოს, თუკი არ ექნება შინაგანი რწმენა საკუთარი საქმიანობის განსაკუთრებული მნიშვნელობის შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება მისი ტრანსფორმაცია ისეთივე ელემენტად, რომელთა გარემოშიც ყოველდღიურად უწევს მუშაობა და არსებობა. ხოლო რას ნიშნავს ორგანიზმისთვის, როდესაც იმუნიტეტი დაცვის მაგივრად მის წინააღმდეგ იწყებს მოქმედებას, ჩემი აზრით, განმარტებას არ საჭიროებს. რა თქმა უნდა, ღირსეული ანაზღაურება და კონტროლის მექანიზმები აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ მათზე გათვლის გაკეთდება შეცდომაა. თქვენ ვერასდროს მისცემთ სახელმწიფო ჩინოვნიკს ისეთ მაღალ ანაზღაურებას, რომ მას ათჯერ და ასჯერ მეტის მოპარვის ცდუნება არ გაუჩნდეს. თქვენ ვერასდროს შექმნით იმდენად დახვეწილ კონტროლის მექანიზმს, რომ სურვილის შემთხვევაში კონტროლის სუბიექტსა და ამ კონტროლის განმახორციელებელს შორის გარიგება გამორიცხოთ. ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს გამართული მუშაობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია, რომ მისი თითოეული ქვესისტემის საბაზისო ელემენტებს ჰქონდეთ ნათელი წარმოდგენა იმაზე, რას და რატომ აკეთებენ და დარწმუნებულნი იყვნენ იმაში, რომ მათი საქმიანობა საჭირო და მნიშვნელოვანია. მარტივად რომ ვთქვათ, თავისი საქმის უნდა სჯეროდეთ. ახლა კი წარმოვიდგინოთ თავი რომელიმე სამინისტროს საშუალო რგოლის მუშაკად. თქვენ ახალი ხელმძღვანელი დაგინიშნეს, რომელიც ენთუზიაზმით აღსავსე ატარებს თათბირს და აცხადებს, რომ საჭიროა სამინისტროს და საერთოდ, მთელი სისტემის ძირეული რეფორმირება. ერთი შეხედვით, ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ თუკი უფრო სრული სურათის მისაღებად გარკვეულ გარემოებებს დავამატებთ, ნათელი გახდება პრობლემის მასშტაბები. კერძოდ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ამ სამინისტროში უკვე შვიდი ან რვა წელია მუშაობთ და ასეთი მინისტრები, თავისი გეგმებით, უკვე იმდენი გამოიცვალა, რომ ერთმანეთში გერევათ. ყოველი მათგანი მოდის და მოღვაწეობას სუფთა ფურცლიდან იწყებს. ყოველი მათგანი მოწადინებულია, ძირეულად გარდაქმნას სავალალო მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფო აპარატი, რომელშიც თქვენ მუშაობთ. დგება გეგმები, ტარდება ტრენინგები, იცვლება შიდა ორგანიზაციის სტრუქტურა. გარკვეული ცვლილებები მართლაც აისახება რეალურ ცხოვრებაზე და შემდეგ მინისტრს ცვლიან. მისი შემცვლელის კაბინეტში შესვლით კი ყველაფერი თავიდან იწყება. ისევ თათბირი, ისევ გეგმები, ისევ რეფორმები. როგორ გგონიათ, რა დამოკიდებულება გექნებათ, ამ ახალი ხელმძღვანელის იდეების მიმართ? დაინახავთ მათში საკუთარ მისიას? თუ ეს უბრალოდ კიდევ ერთი თავის ტკივილი იქნება, რომლის გადატანაც შემდეგი უფროსის მოლოდინში მოგიწევთ? პირველ რიგში, საუბარი უნდა დაიწყოს იმის გარკვევით, თუ როგორ უნდა მოხდეს ამა თუ იმ რეფორმის ეფექტურობის შეფასება.
მაგალითისთვის განვიხილოთ საქართველოს განათლების სისტემაში არსებული მდგომარეობა. თუკი ჩვენ ვატარებთ აღნიშნულ სფეროში ფუნდამენტურ რეფორმას, მისი შედეგების გასაგებად საჭირო იქნება, რომ თუნდაც მოსწავლეთა ერთმა ნაკადმა სრულად გაიაროს ჩვენს მიერ რეფორმირებული სისტემის სრული ციკლი. ანუ დაამთავროს სკოლა და შემდეგ რომელიმე უმაღლესი სასწავლებელი. მოდით, გამოვტოვოთ ის ეტაპი, სადაც ჩვენ ვითვალისწინებთ პირის მიერ უმაღლესი განათლების შემდგომი საფეხურების გავლას, რადგან ამ შემთხვევაში კიდევ უფრო სავალალო შედეგს მივიღებთ და ჩავთვალოთ, რომ სკოლის და უმაღლესი სასწავლებლის საბაკალავრო კურსის გავლას კონკრეტულმა პირმა 15-16 წელი მოანდომა. მხოლოდ ამის შემდეგ, ანუ საბოლოო პროდუქტის მიღებისას, შეგვიძლია ზუსტად შევაფასოთ ჩვენს მიერ გატარებული რეფორმების ეფექტურობა.
რა თქმა უნდა, შეიძლება პროცესის ისე წარმართვა, რომ თავდაპირველ გეგმაში, შუალედური შემოწმებების შედეგად გამოვლენილი შეცდომების გამო, შესწორებები შევიდეს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში საქმე სხვა რამესთან გვაქვს.
მეორე მაგალითად მოვიყვანთ სფეროს, რომელიც იდეაში ყველაზე მეტად უნდა იყოს დაცული მსგავსი პრობლემებისგან. ავიღოთ თავდაცვის სამინისტრო. იმის მიუხედავად, რომ არსებობს ევროატლანტიკური ალიანსის სტანდარტები, ანუ მოდელი, რომლის მიხედვითაც სისტემა უნდა გარდაიქმნას, სახეზეა ზემოთ აღნიშნული ქაოსური რეფორმებისა და დაბნეულობის მდგომარეობა. კონკრეტულად შეგვიძლია დავასახელოთ საყოველთაო რეზერვი, რომელიც თავდაპირველად, საკონტრაქტო ჯართან ერთად, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მთავარი გარანტი უნდა ყოფილიყო. 2008 წლის აგვისტოს მოვლენების შემდგომ მისი მნიშვნელობა თითქმის ნულამდე დავიდა. საკონტრაქტო სამსახურთან ერთად შენარჩუნდა სავალდებულო გაწვევის ინსტიტუტი. მინისტრ ხიდაშელის მიერ გაკეთდა განცხადება მისი გაუქმების შესახებ, ხოლო ხელმძღვანელობის შეცვლის შემდგომ, კვლავ ითქვა, რომ სავალდებულო სამსახური შენარჩუნდება. აქ ჩნდება მთავარი კითხვა, თუ რატომ ვერ ხერხდება გეგმაზომიერი გრძელვადიანი დაგეგმარებისა და რეფორმების განხორციელება ისეთ შემთხვევებშიც კი, თუკი წინასწარგანსაზღვრული სტანდარტები ქვეყნის გარედანაა ნაკარნახევი და შიდა პოლიტიკური პროცესების თავისებურებებსა და კადრების ცვლილებას, წესით, არ უნდა ექვემდებარებოდეს.
პრობლემის არსი ქართული პოლიტიკური სისტემის გარკვეულ თავისებურებებში უნდა ვეძებოთ. მიუხედავად იმისა, საქმე გვაქვს პოზიციასთან თუ ოპოზიციასთან, მრავალ თუ მცირერიცხოვან პარტიასთან, მათი უმრავლესობა ერთი და იგივე სქემითა და პრინციპებით არის შექმნილი. პარტიის წევრების გაერთიანება ხდება არა რაიმე იდეების ან ხედვის, არამედ კონკრეტული პიროვნებების გარშემო. აღნიშნული ლიდერი ცხადდება სიმართლის, სიბრძნისა და ძალის მატარებლად და ყველა დანარჩენი წევრის პოლიტიკური მომავალი მის პერსონას უკავშირდება. თუკი პარტიაში განხეთქილება ან ძალთა გადანაწილებაა, მიზეზს, როგორც წესი, პირადი უთანხმოება ან პოლიტიკური დივიდენდების გაყოფა წარმოადგენს. ყოველივე ამის შედეგს კი წარმოადგენს სიტუაცია, როცა პარტიები მხოლოდ პირობითად არიან მემარჯვენე ან მემარცხენე, ლიბერალური ან კონსერვატიული იდეოლოგიის (ხშირ შემთხვევაში ამგვარ თვითიდენტიფიკაციას ფორმალურადაც კი არ აკეთებენ). შედეგად ხელისუფლებაში მოსულ პოლიტიკურ ძალას ქვეყნის განვითარებაზე და მის სავარაუდო მოდელზე საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს. პრინციპში, ნებისმიერი პარტიის პროგრამა დაიყვანება იქამდე, რომ ყველანი ბედნიერად ვიცხოვრებთ მდიდარ, ერთიან და ევროპულ საქართველოში. როგორც კი უფრო დეტალური ანალიზის აუცილებლობა ჩნდება, აღმოჩნდება, რომ ერთსა და იმავე პარტიაში წარმატებით თანაარსებობენ რადიკალურად განსხვავებული ფასეულობების და მიზნების მქონე ადამიანები. ხშირად განათლების მინისტრი ხდება ლიბერალი, ხოლო კულტურის მინისტრი – კონსერვატორი. ეკონომიკა იმართება თავისუფალი ბაზრის პრინციპებით, ხოლო სოციალურ სფეროში გატარებულია სოციალიზმის კონცეფცია. ზოგადი ფორმულა, რომლის მიხედვითაც საქართველო ევროპული ქვეყანა უნდა გახდეს, კარგად ერგება ამ მოცემულობას, რადგან სურვილის შემთხვევაში ევროპაში თითქმის ნებისმიერი მოდელის პოვნა შეიძლება. არავინ აკონკრეტებს რომელია ჩვენი ეტალონი, საბერძნეთი თუ ესპანეთი, გერმანია თუ დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი თუ ნორვეგია. არადა განათლების და სოციალური დაცვის სისტემა, რომელიც შვედეთში მოქმედებს, საჭიროებს შესაბამის ეკონომიკურ და სამართლებრივ მოდელს. მხოლოდ ერთიანობაში ახერხებენ სახელმწიფო აპარატის უზარმაზარი მანქანის ცალკეული დეტალები ეფექტურ მუშაობას. აღსანიშნავია ასევე ერთი საინტერესო დეტალი, რომელიც ქართული რეფორმების განუყოფელი ნაწილია. კერძოდ, რეფორმა ვერ იქნება რეფორმა, თუკი იგი რომელიმე უცხო ქვეყნის მოდელს არ იმეორებს. იმაზე არავინ დაობს, რომ სხვისი გამოცდილების გაზიარება აუცილებელია და ხელახლა ველოსიპედის გამოგონება არ ღირს, მაგრამ მუდმივი აპელირება იმაზე, რომ აღნიშნული მოდელი გადმოღებულია დასავლეთისგან და ამ ფაქტორის გადაქცევა შეფასების მთავარ კრიტერიუმად, საკმაოდ ნეგატიური შედეგების შემცველია. რეალურად, თქვენ ეუბნებით ამა თუ იმ დარგში მოღვაწე სპეციალისტებს, მეცნიერებს და ექსპერტებს, რომ მთავარი ამოცანა სხვისი მოდელების ეფექტური კოპირებაა, ხოლო შემოქმედებითი, ინოვაციური საქმიანობა არავის სჭირდება. რა აზრი აქვს ახალი ორგანიზაციული სქემის ან პრინციპების შემუშავებას, თუკი ისინი უცილობლად დაიმსხვრევა რკინის არგუმენტზე „ეს რომ სწორი ყოფილიყო, სხვაგანაც გააკეთებდნენ“.
დღეს ჩვენი სახელმწიფო სისტემა შეიძლება შევადაროთ მეზღვაურს, რომელიც ცუდად შეკრული გემის ერთი ბოლოდან მეორეში დარბის და მრავალრიცხოვანი ხვრელებიდან წამოსული წყლის ნაკადის შეჩერებას სახელდახელოდ ცდილობს. იმის თქმა, რომ ეს ცუდია, უაზრობაა, რადგან გემი თუ ჩაიძირა ყოველგვარ მსჯელობას აზრი დაეკარგება. ყველაფერი, რაც სისტემაში ენტროპიის დონის შესამცირებლად კეთდება კარგია, მაგრამ თუკი ჩვენ ვერ მოვახერხებთ მიმდინარე პრობლემების ორომტრიალიდან სტრატეგიული, გრძელვადიანი დაგეგმარების საფეხურზე გადასვლას, ადრე თუ გვიან ხვრელების რაოდენობა იმდენად მოიმატებს, რომ მათ ამოქოლვას არანაირი რესურსები და ენთუზიაზმი აღარ ეყოფა.
არ არსებობს გეგმაზომიერი ტრანსფორმაციის და კორექტირების განმახორციელებელი სუბიექტი.
რა არის აუცილებელი გრძელვადიანი დაგეგმარებისთვის? პირველ რიგში, აუცილებელია ნათლად და მკაფიოდ ჩამოვაყალიბოთ სახელმწიფოს ის მოდელი, რომლის აშენებაც გვინდა. გაცვეთილი ფრაზები, რომ ჩვენ ევროპულ, დემოკრატიულ და წარმატებულ ქვეყანას ვაშენებთ, საკმარისი აღარ არის, რადგან მათი გამოყენება იმდენჯერ და იმდენად განსხვავებული მიზნებით მოხდა, რომ ისინი ამჟამად ყოველგვარი შინაარსისგან არიან დაცლილნი. მარტივად რომ ვთქვათ, აუცილებელია გასაგებად ჩამოყალიბდეს ქვეყნის მოწყობის პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და იდეოლოგიური მოდელი. აუცილებელია, მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობაში ამ ყველაფრის მიმართ არსებობდეს კონსესუსი. ცალსახაა, რომ ჩრდილოეთ ევროპული სოციალიზმის პირობებისთვის შექმნილი განათლების სისტემით აღზრდილი ბავშვი სხვა უნარ-ჩვევების მქონე ადამიანია და ამერიკული ლიბერალური ეკონომიკის რეალიებისთვის აღზრდილი და მომზადებული – სულ სხვაა. გლობალური მულტიკულტურული სამყაროსთვის აღზრდილი კოსმოპოლიტი ერთია და ნაციონალური სუვერენული სახელმწიფოს იდეოლოგიით აღზრდილი მოქალაქე – სხვა. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ჯერ უნდა ჩამოვყალიბდეთ რა გვინდა.
პრობლემის არსი პირველ რიგში გრძელვადიანი დაგეგმარების არარსებობაშია.