ზურა მახარაძე: ახალი ანტიუტოპია

თქვენ ნიჭიერი მწერალი ხართ და მომავლის აღწერა გინდათ? მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ორუელის ანტიუტოპია აღარ არის მოდელი, რომლისგანაც მაგალითი უნდა აიღოთ. მთელი იმ დამთრგუნველი საშინელების მიუხედავად, ორუელს მიაჩნდა, რომ ადამიანებს დაიმონებდნენ. რას იტყვით, თუკი აღმოაჩენთ, რომ მომავალში არც თქვენი კონტროლი, არც თქვენი დამონება და არც „უფროსი ძმა“, რომელიც თქვენ მუდამ გადევნებთ თვალყურს, საჭირო აღარ იქნება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ თქვენ თვითონ აღარ იქნებით საჭირო აბსოლუტურად არაფერში.

მარქსის მოძღვრება, პრინციპში, დაიყვანება მტკიცებამდე, რომ ძალაუფლება იმის ხელშია, ვინც წარმოების საშუალებებს აკონტროლებს. იქიდან გამომდინარე, რომ კაპიტალიზმის შიგნით არსებული კონკურენცია აიძულებს ძალაუფლების მატარებელ სუბიექტებს სულ უფრო მეტად კვალიფიციური მუშახელი იყოლიოს, რათა სულ უფრო უკეთესი პროდუქცია აწარმოოს, კეთდებოდა ლოგიკური დასკვნა, რომ ადრე თუ გვიან ეს მუშახელი მიაღწევდა განვითარების იმ დონეს, როდესაც თავად გახდებოდა ძალაუფლების მატარებალი. თუკი თქვენ ახლა გარშემო მიმოიხედავთ, აღმოაჩენთ, რომ გლობალური რევოლუცია არ მომხდარა, ეპოქა არ დასრულებულა და მარქსის მიერ ნაწინასწარმეტყველები პროლეტარიატიც არსად ჩანს. რა არის ამის მიზეზი? სადაა შეცდომა ფორმულაში?

აღმოჩნდა, რომ მარქსს კითხულობდნენ არა მხოლოდ კომუნისტები, რომლებსაც მისდამი კვაზირელიგიური დამოკიდებულება ჰქონდათ და არც კი უშვებდნენ მოვლენათა ალტერნატიული განვითარების შესაძლებლობას, მარქსს, ასევე, ძალიან დაკვირვებით კითხულობდა ის ბურჟუაზიაც, რომლის აღსასრულსაც ეს თანამედროვე წინასწარმეტყველი პროგნოზირებდა. მათთვის „კაპიტალი“ დაცლილი იყო ყოველგვარი საკრალური, მესიანური დატვირთვისგან და მხოლოდ ანალიტიკურ დოკუმენტს წარმოადგენდა, რომლის მიხედვითაც გარკვეულ გარემოებებში გარკვეული შედეგები უნდა დამდგარიყო. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შესწავლის შედეგად  საკმაოდ მარტივი და ლოგიკური დასკვნა გაკეთდა – თუ გარემოებები ელიტის განადგურებას იწვევს, ეს გარემოებები უნდა შეიცვალოს, თუ მაღალკვალიფიციური მუშახელის დიდი მასა საფრთხეა, იგი არ უნდა არსებობდეს.

პრინციპში ეს ამოცანა გადაჭრილია. შეადარეთ თანამედროვე ქარხანა ინდუსტრიული რევოლუციის დროინდელ საწარმოს – უამრავი ჩარხისა და მუშის მაგივრად ჩვენს თვალწინ ავტომატიზირებული კონვეერი წარსდგება. მასში ადამიანის ჩარევა, ძირითადად, სისტემის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფისთვისაა აუცილებელი. ანუ თანამედროვე წარმოების საშუალებებისთვის საჭიროა არა მაღალკვალიფიციური მუშების არმია, არამედ კარგი ინჟინრებისა და პროგრამისტების მცირე ჯგუფიც საკმარისია.  მექანიზმი, რომელსაც პროლეტარიატი უნდა ეშვა, აღარ არსებობს.

პრინციპში ამაზე შეიძლებოდა ეს თემა დაგვემთავრებინა რომ არა ერთი გარემოება – ისევ მარქსს რომ დავესესხოთ, მონათმფლობელურ საზოგადოებაში ხალხის მასა საჭირო იყო როგორც მონები, შუა საუკუნეებში – როგორც გლეხები, ინდუსტრიული რევოლუციისას – როგორც მუშები. და რა ხდება ახლა? რა საჭიროა ეს ხალხი ახლა, როცა მათი როლი წარმოების ციკლში მხოლოდ მომხმარებლამდე დადის?

და თუკი მოსახლეობის საკმაოდ დიდი მასა ამ მომხმარებელის ფუნქციასაც ვერ შეასრულებს? ყველა მენეჯერი, დიზაინერი და პროგრამისტი ვერ იქნება. მასების განათლება და მათი სოციალური ჯურღმულიდან ამოყვანა ძლიერთა ამაქვეყნისათა ინტერესებში აღარ შედის. თავისუფალი ბაზრის იდეოლოგია პირდაპირ აცხადებს, რომ თუ თავად ვერ ამოძვრებიან ჯურღმულიდან, დაე მოკვდნენ. მათი შრომა საჭირო აღარ არის. ისინი საზოგადოებისთვის არსებული ეკონომიკური სისტემისა და ზოგადად, კაცობრიობისთვის ბალასტად იქცევიან. არსებული მოდელის ფარგლებში მათი ადგილი არ არის.

არ ვიცი რამდენად შეამჩნია ამ ბლოგის მკითხველმა, მაგრამ იდეა, რომ დედამიწაზე ზედმეტი ადამიანები ცხოვრობენ, რომ პლანეტას გავანადგურებთ თუ რამე არ მოვიმოქმედეთ და ერთადერთი გამოსავალი ადამიანების რაოდენობის სასწრაფო წესით შემცირებაა, ბოლო დროს მასკულტურაში საკმაოდ ხშირად ჩნდება. სავარაუდოა, რომ ეს ტენდენცია მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. გაითვალისწინეთ ისიც, რომ მასების ცნობიერებაში ადამიანის, როგორც რაღაც ზე არსების აღქმა წარმატებით ჩაანაცვლა მოდელმა, რომელშიც ეს ადამიანი უბრალოდ სხვებზე მეტად განვითარებული ცხოველია. ამდენად, სულაც არ არის გასაკვირი, თუკი ვინმეს კვლავ გაუჩნდება იდეები პოპულაციის სრულფასოვან და ქვეადამიანებად დაყოფაზე. ყველაზე საშინელი კი ამ ყველაფერში ის არის, რომ პრინციპში საწინააღმდეგოც არავის  აღარაფერი ექნება, მასაც ისევე მკაფიოდ დაინახავს საკუთარ თავში პარაზიტს, როგორც ისინი, ვინც მათ ზემოდან დასცქერიან.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ