ზურა მახარაძე: ყველაფერი ხალხის ბრალია

უკვე მეორე დღეა სოციალურ ქსელებსა და მედიაში საყოველთაო გლოვაა. პოლიტიკური პარტიების ლიდერებიდან ზოგი სახის შენარჩუნებას ცდილობს, ზოგი ისტერიკაშია, ზოგი კი პოლიტიკიდან მიდის. და მაინც ამ ქაოსში ნათლად ისმის მთავარი დასკვნა, მთავარი მესიჯი, რაზეც ყველა თანხმდება – ხალხის ბრალია. ის, რომ არ მივიდნენ, არ შემოხაზეს, ყველა გადახაზეს, მიშასა და ბიძინას „ოცნებებს“ შორის ირჩევენ, მესამე ძალას ვერ ხედავენ. აქვეა ტრადიციული გამონათქვამები – ხალხი ბრბოა, ფულზე გაიყიდა, არჩევნები იმან მოიგო, ვისაც ფული ჰქონდა.

მოდით, ცოტა ხნით თავი შევიკავოთ შეფასებისგან  -კარგი მოხდა თუ ცუდი და უბრალოდ გავერკვეთ რა მოხდა?

მაშ ასე: არჩევნებში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 1 814 276 ამომრჩეველმა.

პარტიებმა, რომელთა გამოც ამხელა ხმაურია ატეხილი, მიიღეს – ,,რესპუბლიკურმა პარტიამ“  27 381 , ალასანიას ,,თავისუფალმა დემოკრატებმა“ კი – 81 362 ხმა.

თუკი „დემოკრატები“ ხუთპროცენტიან ბარიერს მაინც მიუახლოვდნენ, „რესპუბლიკური პარტიის“ მარცხი იმდენად თვალშისაცემია, რომ შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს მათ საკუთარმა მეგობრებმა და ნათესავებმაც კი არ მისცეს ხმა. ვიცი, ცუდად ჟღერს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ „რესპუბლიკურ პარტიაში“ 3-დან 4 ათასამდე წევრია და მიღებული ხმების რაოდენობას მათზე გავყოფთ, გამოდის, რომ პარტიის წევრებმა თავის გარშემო რვა ადამიანის პოვნაც კი ვერ მოახერხეს, ვინც საარჩევნო უბანზე მათ გამო მივიდოდა.

გამოგიტყდებით და ჩემთვის ეს დიდი მოულოდნელობა იყო. მგონი, იმდენად მივეჩვიეთ ამ ადამიანთა მხარდამჭერების სოციალურ ქსელებში, მედიასა და ზოგადად ყველგან ყველაზე მეტ ხმაურს, რომ ვეღარც კი ვაცნობიერებთ – რა ცოტანი არიან.

და მაინც, ეს არაა ჩემი მთავარი სათქმელი. მთავარი ის არის, რომ ამ პოლიტიკური კატასტროფის შემდგომ არცერთ მათგანს არ გასჩენია აზრი, რომ შეიძლება რამეს არასწორად აკეთებენ, რომ ხალხთან საერთო ენა ვერ იპოვეს და მათთვის მნიშვნელოვანი თემების მაგივრად სხვა რამეზე ხარჯავდნენ დროსა და ენერგიას. პარტია, რომელიც 4 წელი ხელისუფლებაში იყო, ეჭირა პარლამენტის თავჯდომარის პოსტი, რამდენიმე მინისტრის პორთფელი  და არჩევნებში ეს შედეგი აჩვენა, პრობლემას ისევ იმაში ხედავს, რომ ხალხი ბრბოა და ფულზე გაიყიდა.

პირადად მე რამდენიმე კითხვა მიჩნდება:

  • მსგავსი კრახის შემდეგ რამდენად აქვს ლიბერალურ პოლიტიკურ ფრთას ქვეყნის მართვის რაიმე სფეროში მონაწილეობის მიღების უფლება;
  • დადგება თუ არა მომენტი, როდესაც ეს ხალხი გაიგებს, რომ პრობლემა მათშია და არა ხალხში;
  • მოხერხდება თუ არა შემდეგი არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების პროგრამების მიხედვით არჩევა და ,,ოღონდ ნაცები არ დაბრუნდნენ“ ფორმატიდან თავის დაღწევა.

ფაქტია, რომ მესამე ძალა, რომელსაც ასე ელოდნენ და ასე სურდათ, ვერ გაჩნდა. არა იმიტომ, რომ ხალხი ბრბოა, არამედ იმიტომ, რომ პოლიტიკოსები გვყავს სმენა და მხედველობადაქვეითებულები. მათ არ უნდათ დაინახონ  და გაიგონ – რა სურს და აწუხებს მოსახლეობას. საკუთარ ვიწრო ელიტურ ნაჭუჭში ჩაკეტილები მათთან მხოლოდ წინასაარჩევნოდ მიდიან და შინაარსის ნაცვლად, პიარტექნოლოგიებს სთავაზობენ და როცა ეს არ ამართლებს, რა თქმა უნდა მაინც ყველაფერი ხალხის ბრალია!

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ