თქვენ ნავთობმომპოვებელი პატარა ქვეყნის დიდი დიქტატორი ხართ, კარზე კი ამერიკული დემოკრატიის მძიმე ხელმა მოგიკაკუნათ და ლიბერალიზმის ტრიუმფისთვის კადაფის ბედს გიმზადებენ? მაშინ ჩვენ თქვენთვის კარგი ამბები გვაქვს.
სირიაში მოსკოვმა პრეტენზია გამოთქვა იმაზე, რომ პლანეტას მხოლოდ ერთი პატრონი აღარ ჰყავს. სანამ ამ ბლოგს კითხულობთ, სირიის სამთავრობო ძალების, რუსეთის, ირანის და ქურთების ალიანსი გეგმაზომიერად ახორციელებს ალეპოს წმენდას. აჯანყებულები, რომელთა გამარჯვებაშიც ადრე ეჭვი არავის ეპარებოდა, ახლა პოზიციებს ერთმანერთის მიყოლებით კარგავენ და ეს ყველაფერი ხდება იმის მიუხედავად, რომ ამერიკის პრეზიდენტმა და ევროკავშირის ხელმძღვანელობამ განაჩენი ასადის რეჟიმს დიდი ხნის წინ გამოუტანეს. მსოფლიო ძალის ცენტრი ბრძოლაში გამოიწვიეს და როგორც ჩანს, ამ კონკრეტულ ადგილზე დაამარცხეს კიდეც. ეს კი ბევრად უფრო მასშტაბურ შედეგებს მოიტანს, ვიდრე ეპიზოდური უკანდახევაა ერთ-ერთ აზიურ სახელმწიფოში. დღეიდან ყველამ, ვინც უკმაყოფილოა ამერიკელთა ჰეგემონიით, ვისაც დამოუკიდებელი რეგიონული პოლიტიკის გატარება უნდა ან ახალ მოკავშირეებს ეძებს, კარგად იცის სად უნდა დარეკოს, როდესაც დასავლურ მედიაში არადემოკრატიულ არჩევნებზე, მასობრივი განადგურების იარაღზე და სისხლიან რეჟიმზე დაიწყება საუბარი და თუკი კრემლის ბინადართან ფასზე მორიგდებიან, შეიძლება ყველაფერი არც ისე ცუდად დამთავრდეს.
დავუმატეთ ამას ტრამპის ფენომენი, რომლის რეალურ გეგმებზე ახლა პროგნოზების გაკეთება სრულიად უაზროა, მაგრამ ფაქტია, ქვეყნის ლიდერი, იგი სწორედ იმ ლოზუნგის მეშვეობით გახდა, რომლის თანახმადაც ამერიკა გარე ფაქტორებიდან ქვეყნის შიდა პრობლემების მოგვარებაზე უნდა გადაერთოს.
რას ნიშნავს ეს გლობალურად?
ზბიგნევ ბჟეზინსკიმ წინა საუკუნის 90-იან წლებში წიგნში ,,დიდი საჭადრაკო დაფა’’ ჩამოაყალიბა ამერიკისთვის ყველაზე ცუდი სცენარი. მის მიხედვით სრულიად დაუშვებელია ევრაზიის სივრცეში ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის არსებობა, რადგან იგი რეალურ საფრთხე უქმნის ამერიკის ძლიერებას. ახლა, როდესაც რუსეთის და ჩინეთის თანამშრომლობა სულ უფრო ღრმავდება და შესაძლებელია მათ შორის არა მხოლოდ ეკონომიკური არამედ სამხედრო ალიანსიც გაფორმდეს, აშშ-სთვის კი ჩინეთი მთავარ თავის ტკივილს წარმოადგენს, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბჟეზინსკის ყველაზე ბნელი კოშმარი რეალობა ხდება.
თუკი ტრამპი ცხოვრებაშიც გაატარებს მის წინასაარჩევნო, იზოლაციონისტურ კონცეფციას და საერთაშორისო არენაზე ერთგვარი უკანდახევა მოხდება, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ სიტუაცია განიმუხტება. რუსეთი და ჩინეთი აქტიურად დაიწყებენ იმ პოზიციების ათვისებას, რომლებზეც აქამდე მხოლოდ ამერიკელები აცხადებდნენ პრეტენზიას, თუნდაც იგივე ახლო აღმოსავლეთში. მეორეს მხრივ, თუკი დაპირებები მხოლოდ დაპირებად დარჩება და შეჯახება ახალი ენერგიით და ხედვით განახლდება იმავე სირიაში ან რომელიმე სხვა ადგილას, არც ეს იქნება რაიმე სახის სტაბილიზაციის წინაპირობა.
ხდება მსოფლიოს მოწყობის გლობალური მოდელის ცვლილება, რასაც ყოველთვის თან სდევს რყევები. ამ მიწისძვრის დროს კი პატარა ქვეყნები, რომლებიც ძალთა შეჯახების საზღვრებზე მდებარეობენ, ხშირად იჭყლიტებიან ხოლმე. თუკი უკრაინისა და სირიის შემდგომ ურთიერთობათა გარკვევის წერტილი ისევ კავკასია გახდება, გაუძლებს კი ამ ყველაფერს საქართველო თავის დღევანდელ მდგომარეობაში?
მგონი დროა, იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს ქვეყანაში გადაწყვეტილებების მიღებაზე არიან პასუხისმგებელნი, ვკითხოთ, არის თუ არა რაიმე გეგმა იმ სცენარისთვის, როდესაც ამერიკის გლობალური უკანდახევის გამო, ჩვენ რუსეთთან სრულიად მარტო დავრჩებით, ან იმ სცენარისთვის, როდესაც ახალი მსოფლიო გადანაწილების პირობებში ომი ისევ კარს მოგვიკაკუნებს.
– ილუსტრაცია: © The Economist.