ზურა მახარაძე: საჭიროა თვითგამორკვევა, როდესაც ელიტები იდეურ კრიზისს განიცდიან

შრომის გადანაწილების პრინციპი ადამიანმა დიდი ხანია აღმოაჩინა. იგი იმაში მდგომარეობს, რომ თუ მაგალითად გვინდა სკამი გავაკეთოთ, ჯობია ერთ ადამიანს ფიცრების გამოთლა დავავალოთ, მეორეს  დეტალების დამზადება  ხოლო მესამეს აწყობა. ეს გაცილებით ეფექტურია, ვიდრე ვარიანტი, სადაც თითოეული მათგანი თავიდან ბოლომდე ასრულებს ყველა სამუშაოს. ნებისმიერ სამუშაოს შესასრულებლად, ან მიზნის მისაღწევად იგივე მეთოდი გამოიყენება. ჩნდება სპეციალიზაცია, რომელიც ჩვენი ყოფის, ჩვენი ცივილიზაციის საფუძველია. იგი უფრო მაღალ სოციალურ დონეზეც არსებობს. თუკი გლეხი მიწას ამუშავებს, მუშა შრომობს ხოლო, ჯარისკაცი მათ იცავს, არსებობს და ყოველთვის არსებობდა ფენა, რომელიც პასუხისმგებელია ინტელექტუალური რესურსის წაროებაზე, შენარჩუნებასა და გავრცელებაზე.

ძველ ეგვიპტეში ეს ქურუმების ფენა იყო. შუასაუკუნეების ევროპაში სამღვდელოება და ა.შ. იმის მიუხედავად მოიხსენიებთ თქვენ მათ ახლა ინტელიგენციად, თუ კრეატიულ კლასად, ამით არსი არ იცვლება. მთავარია, მათ უზრუნველყონ იმ არამატერიალური, აზრობრივი ღერძის არსებობა, რაც ნებისმიერი საზოგადოების გადარჩენისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.

როდესაც ილია ჭავჭავაძე ქართველ ხალხს თავის ცნობილ სამ სიტყვიან ფორმულას აძლევდა, რომლის მიხედვითაც შესაძლებელი ხდებოდა ერის ხელახალი თვითიდენტიფიკაცია, სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს სამუშაოს ასრულებდა. სწორედ ამან გახადა შესაძლებელი პირველი რესპუბლიკის არსებობა.

და ეს ყველაფერი უნდა მომეყოლა იმიტომ, რომ დამესვა ერთი კონკრეტული კითხვა – რატომ ვერ უზრუნველყოფს დღევანდელი ელიტა ამ ფუნქციის შესრულებას? რატომ ვერ ახერხებს ახალი შინაარსობრივი იდეების წარმოებას, რომლებიც დღეს სასიცოცხლოდ აუცილებელია?

სახეზეა უმწვავესი კრიზისი თვითიდენტიფიკაციისა. დღეს საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას არ აქვს ნათელი პასუხი იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ქართველი. რას ნიშნავს ქვეყანა – საქართველო. რა ამოცანა და მისია აქვს მას.

ყოველივე ამაზე კი ჩვენი ,,ქურუმები“ მხოლოდ კარგად გაზეპირებულ ტექსტებს გვიყვებიან იმაზე, რომ ჩვენი გზა ევროინტეგრაციაა, რომ ,,მე ვარ ქართველი და მაშასადამე მე ვარ ევროპელი“. არ არსებობს პასუხი იმაზე, რატომ უნდა იწვალოს ადამიანმა აქ ევროპის აშენებაზე, როცა შეუძლია ჩაალაგოს ჩემოდანი და გაფრინდეს აშენებულ ევროპაში. არ არსებობს იდეა, რომელიც ხალხის გულებსა და გონებაში რეალურ ენერგიას გააღვიძებს და სადღაც გაქცევის ნაცვლად აქ შრომას, ცხოვრებასა და თავგანწირვას მოანდომებს.

ამის მიზეზი კი ისაა, რომ ადამიანებს, რომელთაც ეს აზრობრივი კონსტრუქციები უნდა შექმნან, თავად აღარ სჯერათ არცერთი ამ ცნების. ისინი უკვე ლიბერალური პოსტმოდერნიზმის პროდუქტები არიან და სიტყვები ,,სამშობლო“, ,,პატრიოტიზმი“  და ,,ეროვნება,“ როგორც ჭეშმარიტ რესპუბლიკანურ იდეალებზე დაფუძნებული თავისუფალი და სოლიდარული საზოგადოების ცნებები,  მათთვის ან ადამიანის ჩამორჩენილობის იდენტიფიკატორია, ან მასების დაბოლების ქმედითი საშუალება.

ამიტომაა მათი ყველა იდეა და პროგრამა ასე უცხო ხალხისთვის, რომელსაც ისინი თავად ჩამორჩენილ, შავ მასად მოიხსენიებენ. დამაკავშირებელი ხიდი და ურთიერთსაჭიროება ხალხსა და ელიტას შორის დაკარგულია. მოვლენათა განვითარების ვარიანტი კი მხოლოდ ორი:  ან ხალხი მოახდენს ალტერნატიული ელიტის ფორმირებას ან ელიტა განახორციელებს ხალხის დემონტაჟს და ისეთ უფორმო მასად ტრანსფორმაციას, რომლისთვისაც უკვე ყველაფერი სულ ერთი იქნება.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ