წინა წერილში დასმული საკითხი მნიშვნელოვან მსჯელობას და ახალი ეროვნული ნარატივის ძიებას საჭიროებს.
წინასწარ უნდა გაგაფრთხილოთ, რომ წინამდებარე წერილი საშინლად ბანალური იქნება. მას ორიგინალურობაზე პრეტენზია არა აქვს. როგორც ლუკ ბესონის ,,მეხუთე ელემენტში“, აქაც ყველაფრის პასუხი სიყვარულია და საერთოდ შეგიძლიათ მასზე დრო არც დაკარგოთ. მაგრამ, თუ მაინც გაინტერესებთ, გამომყევით და ერთად ვცადოთ გარკვევა, ბოლოს და ბოლოს ვინ ვართ ჩვენ, ეს ქართველები, რატომ უნდა დავრჩეთ აქ და რისთვის უნდა ვიცხოვროთ ამ ქვეყანაში.
სულ რა ვარიანტები გვაქვს?
- ან თქვენი წინაპრების კვალის მოძებნა გორგასლის ეპოქამდე შეგიძლიათ და ქართველი ხართ იმიტომ, რომ თქვენში ქართული სისხლია;
- ან ქართველი ხართ იმიტომ, რომ ქართულად საუბრობთ, ქართული ცნობიერებისა და კულტურის მატარებელი ხართ;
- ან იმიტომ, რომ მართლმადიდებელი ხართ და საქართველოს, როგორც ლაზარეს მკდრეთით აღდგომას და გაბრწყინებას ელით;
- ან იმიტომ, რომ თქვენ ხარ ქართველი და „მაშასადამე ხართ ევროპელი“.
ალბათ კიდევ შეიძლება ვარიანტების მიმატება, მაგრამ ფაქტია, რომ არცერთ მათგანს არსებულ რეალობაში თვითიდენთიფიკაციის მთავარი ღერძის ფუნქციის შესრულება არ შეუძლია.
თუკი ქართველობა გენეტიკურია, ან აბო თბილელის ფენომენს რა ვუყოთ, ან ათასობით ეთნიკურად არაქართველს, ვინც დღეს აქ ცხოვრობს? ჩვენი ფიზიკური გადარჩენისთვის საჭიროა ისეთი განსაზღვრება, რომელიც გაგვაერთიანებს.
იგივე შეიძლება ითქვას მართლმადიდებლობაზე. ჩვენი სახელმწიფოებრიობის არსებობისა და შენარჩუნების ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ყოველთვის იყო რელიგია. დიდგორის წინ აღმაშენებელი თავის ჯარს არ მიმართავს სიტყვებით ,,ქართველნო“. იგი მის წინ შეკრებილ ჭრელ, სხვადასხვა ეროვნების ხალხს აერთიანებს სიტყვებით – ,,მეომარნო ქრისტესნო “. და მიუხედავად ამისა, დღეს ჩვენი თვითიდენთიფიკაცია მხოლოდ რელიგიური კუთხით ვერ მოხერხდება. რა ვუყოთ აჭარას, რა ვუყოთ მუსლიმებს, იუდეველებს, გრიგორიანელებს, ან თუნდაც ადამიანებს რომელთაც არ სწამთ? ისინი დაკარგული რესურსი არიან? მტრები, რომელთაც უნდა ვებრძოლოთ, თუ სხვა რამ?
კულტურული კუთვნილების მიხედვით ქართველობის განსაზღვრება ერთი შეხედვით ყველაზე მართებული ჩანს. და აქაც დგება წმინდად პრაქტიკული საკითხი – ჩვენი მცირერიცხოვანი ერი, რომელსაც ათასი პრობლემა და განსაცდელი დასტრიალებს თავს, ამჟამად ისეთ კულტურულ მუხტს ვერ ქმნის, რომელიც გლობალურ მასკულტურასთან სათანადო კონკურენციას შეძლებდა. მე ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩვენი მწერლობა, სიმღერა ან ტრადიციები არ მიყვარს. პირიქით, რომ მიყვარს და პრობლემას ვხედავ, იმიტომ ვწერ. თუ მაგალითი გჭირდებათ, დაფიქრდით – თქვენი შვილების ზღაპრული გმირი ქაქუცა ჩოლოყაშვილი ან შალვა ახალციხელი არ არის, მეგობრებთან ერთად ის „ჩაკრულოს“ არ ღიღინებს. ცალკე აღებულ ქართულ კულტურაში საკმარისად ძლიერი მუხტი, გამაერთიანებელი ენერგია, არ არის.
ევროპელობაზე, როგორც თვითიდენტიფიკაციის საშუალებაზე, უკვე დავწერე წინა სტატიაში, და აქ მეტს აღარ ვისაუბრებ.
რომ შევაჯამოთ, ცალ-ცალკე ვერც ერთი მათგანი ვერ ხდება გამაერთიანებელი ფაქტორი. უარეს შემთხვევაში კი, ცალკე აღებული, შეიძლება გამოყენებული იქნას იმ მყიფე და არამდგრადი კონსტრუქციის დემონტაჟისთვის, რომელსაც დღეს საქართველო წარმოადგენს. (დაპირისპირების შექმნა რელიგიურ, ეთნიკურ, კულტურულ და საგარეო ორიენტაციის საფუძველზე).
ეს ფაქტორები მხოლოდ ერთიანობაშია ეფექტური. და ისიც მხოლოდ მაშინ, თუკი საერთო ღერძის გარშემო ერთიანდებიან.
ეს ღერძი არის მსახურების იდეა. იგი გულისხმობს, რომ ადამიანი მხოლოდ მაშინ არის ბედნიერი, როდესაც ცხოვრობს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ სხვებისთვის. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში, სადაც ადამიანის საზომად, მისი ე.წ. ,,წარმატებულობაა’’ გამოცხადებული. ეს ცნება თავის თავში უმეტესად პირადი მატერიალური მოთხოვნილებებისა და ეგოისტური ინტერესების დაკმაყოფილებას გულისხმობს. ითვლება, რომ ამგვარი ატომიზირებული ინდივიდების ბრძოლა, იგივე კონკურენცია, ერთადერთი სწორი და სამართლიანი ყოფაა, რომ ჩვენ მხოლოდ ვირთხები ვართ, რომლებიც ლაბირინთში ლუკმისთვის იბრძვიან. მაგრამ ეს არ არის ჩვენი ხალხის, ჩვენი კულტურის, ჩვენი რელიგიის და ჩვენი ცნობიერების სული.
ჩვენში არის ერთიანობის და სოლიდარობის ფუნდამენტური კოდი, რომელიც მრავალი დაზიანების მიუხედავად, მაინც ცოცხალია. ამიტომ, აუცილებელია ითქვას, რომ არსებობს ალტერნატივა. არსებობს არსებობის ფორმა, სადაც ჩვენ მხოლოდ ერთმანერთთან კონკურენციაში მყოფი ბიოლოგიური ორგანიზმები კი არა, ადამიანები ვართ. ფორმა, რომელშიც შენ შეგიძლია იცხოვრო არა მხოლოდ შენთვის, არამედ სხვებისთვის. რადგან, საბოლოო ჯამში სწორედ ამ უნარს ჰქვია სიყვარული და სწორედ იგი გვაძლევს უფლებას საკუთარ თავს ადამიანები ვუწოდოთ. ამგვარი იდეის გარშემო ადამიანში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტი გაერთიანდება. ამ შემთხვევაში მიეცემა აზრი მის აქ ყოფნას, ხშირად დაუფასებელ შრომას და ბრძოლას.