ზედაპირს მიღმა: სივრცის აღქმა, როგორც პოლიტიკური აუცილებლობა

ლევან ასაბაშვილი

თუ თვალს გადავავლებთ, სივრცითი ორგანიზების პრობლემებს, რომლებიც წარმოიქმნა პოსტ-საბჭოთა საქართველოში, დავინახავთ რომ სირთულე ნაწილობრივ მომდინარეობს სივრცის ზედაპირული ხედვიდან და გარდამავალ ხანაში მისი მნიშვნელობის არასწორად შეფასებიდან. თემა, რომელსაც გთავაზობთ ძალიან ფართეა და საჭიროებს სიღრმისეულ შესწავლას და გაანალიზებას, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც მინდა გაგიზიაროთ ზოგიერთი მოსაზრება, რომელიც ამ საკითხის გარშემო გამაჩნია.

ისტორიის მანძილზე სივრცე ყოველთვის იყო ფილოსოფიური მსჯელობის საგანი. სხვადასხვა ფილოსოფიური მიმდინარეობები მას განიხილავდნენ განსხვავებული თეორიული პერსპექტივებიდან. ანრი ლეფევრი (1901-1991) იმ პირველ მოაზროვნეთაგანი იყო რომელიც შეეცადა სივრცის იდეის გათავისულებას განყენებული ფილოსოფიური ჩარჩოებისგან. მან უარყო ტრადიციული ფილოსოფიისგან მემკვიდრეობით მიღებული და მის თანადროულ მოაზროვნეთა ნაშრომებში დამუშავებული ”ფილოსოფიური” ანუ ”მენტალური” სივრცის იდეა და აჩვენა მისი ყოველდღიური რეალობისგან გაუცხოვების ტენდენცია. თავის ერთ ერთ ყველაზე გავლენიან და რადიკალურ ნაშრომში ”სივრცის პროდუქცია” მან წარმოაჩინა სივრცე, როგორც სოციალური პროდუქტი. იგი შეეცადა საფუძველი ჩაეყარა ”სივრცითი მეცნიერებისთვის”, რომელიც თავს მოუყრიდა დომინანტური კულტურის მიერ სხვადასხვა დარგებად იზოლირებულ ცოდნას და ერთიანი თეორიის (unitary theory) საფუძველზე შეძლებდა სოციალური სივრცის პერსპექტივიდან მისი შემქმნელი საზოგადოების ანალიზს. ამასთან ერთად მან აჩვენა საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების, მისთვის დამახასიათებელი წარმოების ფორმების და მის მიერ წარმოებული სივრცის მჭიდრო ურთიერთკავშირი და განსაზღვრა მათი ურთიერთქმედების თეორიული საფუძვლები.

სხვადასხვა მკვლევარების მიერ ამ მიმართულებით დაგროვილი გამოცდილებიდან ნათელია, რომ სოციალური სივრცის აღქმა შეუძლებელია მისი შემადგენელი სხვადასხვა ნაწილების განყენებულად კვლევით. ჩანს რომ თუ გვინდა ჩავწვდეთ სივრცისთვის მახასიათებელ კომპლექსურობას, აუცილებელია გარკვეული მთლიანობის ხედვა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ ”მეტანარატივის” არსებობა. ეს დაგვეხმარებოდა ერთიანობაში მოგვექცია პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური პროცესები, მათთვის დამახასიათებელი სივრცით-დროით ჩარჩოებთან ერთად და გავყოლოდით სოციალური სივრცის პროდუქციის თანმიმდევრულ თეორიულ ხაზს. ასეთი ერთიანი მეთოდით ჩატარებული ანალიზი საშუალებას მოგვცემდა დაგვენახა პროცესები სივრცის ფორმალური სახის მიღმა და გაგვეხსნა დისკურსი არა მხოლოდ მისი ფიზიკური და ტექნიკური მახასიათებლების, არამედ მისი მაფორმირებელი ლატენტური პროცესების გარშემო, გვემსჯელა იმის შესახებ, თუ როგორი ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს საზოგადოებაზე ამ ორი მხარის ურთიერთქმედებას.

მაშ ასე, რა არის ის ძალები რაც აყალიბებს სოციალურ სივრცეს, როგორც მთლიანობას? თუ მოკლედ გადავხედავთ ისტორიულ განვითარებას, დავინახავთ რომ მომთაბარე ტომების ერთ ადგილას დასახლებას უმთავრესად წარმოების პროცესი განაპირობებდა, რაც გულისხმობდა ნოყიერ ან ბუნებრივი რესურსებით მდიდარ მიწებზე ხანგრძლივი დროით დასახლების აუცილებლობას. პროდუქტების აკუმულირებამ და თემებს შორის გაცვლა-გამოცვლამ ან მათ შორის რესურსების ძალადობრივმა მითვისებამ, მმართველი კლასების წარმოქმნა გამოიწვია, რომლებიც მალე წარმოების საშუალებებსა და სამხედრო ძალაუფლებასაც დაეპატრონენ. დროთა განმავლობაში ასეთ სივრცეებში მოსახლეობის და დოვლათის აკუმულაცია დაჩქარდა, რამაც პირველი ურბანული ფორმები წარმოშვა. დომინანტური წარმოების ფორმები და წარმოებითი ურთიერთობები განსაზღვრავდენენ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალურ პროცესებს, რომელთაც თავის მხრივ პირდაპირი გავლენა ჰქონდათ საზოგადოების ყოველდღიური ცხოვრების და შრომის სივრცით ორგანიზაციაზე. მეორეს მხრივ, ამა თუ იმ საზოგადოების სპეციფიკური სივრცითი სტრუქტურა ყოველთვის ემსახურებოდა მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის შენარჩუნებასა და გაძლიერებას. დროთა განმავლობაში ეს ურთიერთკავშირი უფრო და უფრო კომპლექსური გახდა, წარმოების ფორმების ცვლა სოციო-სივრცითი ფორმების რე-ორგანიზაციასაც განაპირობებდა.

ამ მოკლე და ზედაპირული მიმოხილვიდანაც კი ჩანს რომ სივრცე საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების სამ განზომილებიანი გამოსახულებაა. როგორც ვიცით, ეს პროცესები დინამიური და დროში ცვალებადია, აქედან გამომდინარე შეუძლებელია სივრცის, როგორც განყენებული, სტატიკური ობიექტის დანახვა. პირიქით, ის უნდა იქნეს აღქმული, როგორც განგრძობითი პროცესი, მჭიდროდ დაკავშირებული იმ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ გარემოსთან, სადაც ის იქმნება. კიდევ ერთი მარტივი მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ ოჯახის ძირითადი სივრცითი ჩარჩო – საცხოვრებელი სახლი, რომლის სივრცეც პროცესებთან მიმართებაში უწყვეტ მოდიფიკაციას განიცდის. თუ დავაკვირდებით საგვარეულო სახლებს ისეთ სივრცეებში სადაც სახელმწიფოს რეგულაციები შედარებით სუსტია, მაგალითად სოფლად, დავინახავთ თუ როგორ იცვლებიან ისინი ოჯახის ზრდასთან ერთად, იყოფიან ოჯახის გაყოფის შემდეგ, ცვლიან სამეურნეო სივრცეებს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ფორმებისა და საშუალებების ცვლასთან ერთად, იღებენ დომინანტური კულტურის გავლენებს და ა.შ. David_Harvey_on_Subversive_Festival

სივრცის სწორი ანალიზისთვის ასევე მნიშვნელოვანია ანთროპოლოგ დევიდ ჰარვის მიერ ანრი ლეფევრის მსგავს თეორიაზე დაყრდნობით განვითარებული სივრცის სამმაგი ხედვა. თავის წიგნში ”გლობალური კაპიტალიზმის სივრცეები” იგი სივრცეს ყოფს სამ კონცეპტუალურ ჩარჩოდ აბსოლუტური (absolute), ფარდობითი (relative), და ასოციაციური (relational) და განმარტავს მათ შემდეგნაირად:

1. აბსოლუტური არის ფიზიკური სივრცე, რაც იზომება და იწონება, როგორიცაა მიწა, შენობები, ოთახები და ასე შემდეგ. აბსოლუტური სივრცის, აღქმა და კონტროლი იოლია მისი ბუნებიდან გამომდინარე.

2. ფარდობითი არის სივრცე, სადაც აბსოლუტურ სივრცეში მოცემული დისტანციები ფარდობითია. ეს არის მოძრაობის სივრცე, სადაც მანძილი იზომება ცირკულაციისთვის საჭირო ენერგიითა და დროით. აქ უნდა აღინიშნოს, რომ ფარდობით სივრცეში, რამდენადაც ის დაკავშირებულია მოძრაობასთან, დროის ფაქტორი დიდ მნიშვნელობას იძენს. ფარდობითი სივრცე ასევე მოიცავს რუკებს და სივრცის სხვა სახის რეპრეზენტაციებს, რომლებიც მას ფარდობით პირობებში გამოხატავენ. ფარდობითობის მიუხედავად, ამ სივრცის გაზომვა და კონტროლი კვლავ შესაძლებელია და დამოკიდებულია სპეციფიკურ წესებზე.

3. ასოციაციური სივრცის ასახსნელად ავტორს მოყავს ლაიბნიცის ფორმულირება, რომ პროცესები არ ხდება სივრცეში, არამედ განსაზღვრავს საკუთარ სივრცით ჩარჩოებს. ასოციაციური სივრცე დაკავშირებულია პოლიტიკასთან და სიმბოლოებთან, მოგონებებთან და გრძნობებთან და მათი გარემოზე ზემოქმედების შედეგებთან. აქედან გამომდინარე მისი გაზომვა და კონტროლი რთულდება. მაგალითად ავტორს მოყავს ნიუ იორკის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ყოფილი ორი შენობის ტერიტორია და მისი თავიდან დაგეგმარების საქმეში არსებული წინააღმდეგობა, სადაც უძრავი ქონების დეველოპერებს მაქსიმალური მატერიალური სარგებლის ნახვა უნდათ, ხოლო საზოგადოებას 11 სექტემბრის ცნობილი მოვლენების გამო ამ ადგილთან სხვა გრძნობები და მოგონებები აკავშირებს და მაშასადამე განსხვავებული მოთხოვნებიც აქვს.

სივრცის ანალიზისას არ შეიძლება უპირატესობა მიენიჭოს ჩამოთვლილი სამი იდეიდან რომელიმეს, პირიქით ისინი ერთმანეთისგან განუყოფელნი არიან და საჭიროებენ ანალიზს როგორც ურთიერთ, ასევე სხვა პროცესების მიმართებაში. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ ურბანული სივრცის ანალიზისას თუ დაგეგმვისას თანაბრად უნდა გავითვალისწინოთ როგორც მისი ტექნიკური, ასევე პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მხარეები.

რა მდგომარეობაა ამ მხრივ თანამედროვე საზოგადოებაში? არქიტექტურული და ქალაქგეგმარებითი დებატი კვლავ მკაცრად ავტონომიურ, პროფესიურ ჩარჩოებში მიმდინარეობს, მისი მაფორმირებელი პროცესების და მისგან მოსალოდნელი სოციალური შედეგების კრიტიკული ანალიზისგან იზოლირებულად. იგი ძირითადად ორიენტირებულია გეომეტრიზე, ზომებზე, პროპორციებზე, დეკორაციაზე თუ გამოყენებულ მასალებზე, ფერსა და ფაქტურაზე. ასევე განხილვის საგნებია სივრცითი გადაწყვეტა, ფუნქციური თვისებები, თუ ტექნიკური მახასიათებლები, მაგრამ ესეც იზოლირებულ რეჟიმში. ასეთი სახის სივრცითი დისკურსი დამახასიათებელია არა მხოლოდ მოყვარულთათვის, არამედ საქმეში ჩახედულ, გამოცდილ პროფესიონალთა და პედაგოგთათვის. სივრცითი პრაქტიკის ასეთი აღქმა ბაზრისთვის სრულიად მისაღები პოზიციაა, რადგან ასეთ პირობებში არაფერი ეწინააღმდეგება მის მიერ სოციალური სივრცის, მაქსიმუმი მოგების ლოგიკით, საბაზრო პროდუქტად ქცევის ცალმხრივ ტნდენციას.

რა თქმა უნდა, სივრცის ფორმალური თვისებები მნიშვნელოვანია მისი სწორად გაანალიზებისთვის და ადეკვატური დაგეგმვისთვის, მაგრამ ჩვენ თითქმის ყოველთვის გვავიწყდება უმთავრესი კითხვა იმის შესახებ თუ, ერთის მხრივ რას გამოხატავს და მეორეს მხრივ როგორი შედეგები მოაქვს ამა თუ იმ სივრცეს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციო-კულტურული კუთხით? ვფიქრობ რომ სივრცის იზოლირებულად ხედვის და მისი გაფეტიშების მაგიერ, ზემოთ მოყვანილ კითხვაზე პასუხების გაცემა (თუნდაც საპირისპირო და სხვადასხვა თეორიული პლატფორმიდან) უნდა წარმოადგენდეს ჩვენი, როგორც საზოგადოების მთავარ ამოცანას.

აქ აღარ მოვყვები თანამედროვე კულტურაში სივრცითი დისკურსის ასეთი სახით წარმართვის მიზეზების ძიებას და ქვემოთ შევეცდები ამ კუთხით თბილისისათვის დამახასიათებელი კონკრეტული პრობლემატიკის განხილვას. ამ თემის მომზადების წინ პროექტის კურატორმა მთხოვა ბეთლემის და საბჭოთა პერიოდის თბილისის უბნების, (საბურთალო, დიღომი, გლდანი და ა.შ.) სივრცეებს შორის ზოგადი პარალელების გავლება, მაგრამ აქამდე მოსასვლელად საჭიროდ ჩავთვალე ზემოთ მოყვანილ თეორიულ საფუძვლებს შევხებოდი.

როგორც ცნობილია, საბჭოთა კავშირის არსებობის შუა და გვიან პერიოდში, პოლიტიკური კრიზისის პარალელურად სივრცის აღქმის კრიზისიც განვითარდა. ამ სისტემამ თავისი ბუნებიდან გამომდინარე ვერ მოახერხა კომუნისტური საზოგადოების (რომელსაც თეორიულად აშენებდა) შესაფერისი სივრცის პროდუქცია და ცდილობდა ამ კუთხით კაპიტალისტურ სამყაროში არსებული გამოცდილების გადმოღებას და მოდიფიკაციას. ამან შედეგი ვერ გამოიღო, განსხვავება მხოლოდ ზედაპირული გამოდგა, ხოლო ხარისხის მხრივ საბჭოთა ბლოკი კაპიტალისტურ ქვეყნებს ბევრად ჩამორჩა. სხვა მაგალითებთან ერთად ამის ნათელი შედეგია საბჭოთა მიკრორაიონები, რომელთა ანალოგებიც მრავლადაა ევროპის და ამერიკის დიდი ქალაქებში.

მიუხედავად იმისა რომ ამ პროექტებს დადებით მხარეებიც გააჩნდა მაგ. მასიური საბინაო ფონდის შექმნა და ა.შ. ასეთ სივრცეებზე დაკვირვებისას დავინახავთ, რომ მათი შემქმნელები არ ამახვილებდნენ ყურადღებას იმაზე თუ რა სოციალურ შედეგებს მოიტანდა მათ მიერ გამოყენებული ურბანული თუ არქიტექტურული მეთოდები. ისინი უბრალოდ აკოპირებდნენ ომის შემდგომი ევროპული ტექნოკრატიული სისტემების მიერ დამუშავებულ მაგალითებს. ევროპელი მოდერნისტების მიერ ურბანული სივრცის მკაცრმა ფუნქციურმა ზონირებამ და სხვა პრინციპებმა თავად ურბანულობის დაკნინება გამოიწვია, რაც საბჭოთა სისტემამაც წარმატებით გადმოიღო. ინსტიტუციონალური კოლექტივიზმი: ბანალური ”ყველას ყველაფერი ერთნაირი”, მშენებლობის სტანდარტიზაციასთან ერთად, განსაზღვრავდა ახალი საერთო საცხოვრებლების და ყოველდღიური მოხმარების სივრცეების დიზაინს. ამას დაემატა ის ფაქტიც რომ საბჭოთა მიკრორაიონები დაგეგმარდა აბსოლუტურ რეჟიმში, როგორც ხისტი სივრცე, დროისა და სოციალური ფაქტორების უგულვებელყოფით. ახალი საერთო საცხოვრებლების არქიტექტურა არ ითვალისწინებდა, მის მომხმარებლებში დროთა განმავლობაში მოსალოდნელ სოციალურ ცვლილებებს, რომლებსაც ახალი სივრცითი მოთხოვნები გაუჩნდებოდა და ხისტად დაგეგმარებული სივრცეები უდავოდ თავს მოხვეულ დაბრკოლებად ექცეოდა. მაგ. ოჯახის ზრდა ან გაყოფა და ა.შ. ახალი საცხოვრებლების არქიტექტურა ასევე არ ითვალისწინებდა საბჭოთა და კაპიტალისტურ იდეოლოგიებს შორის სოციალურ პოლიტიკაში არსებულ განსხვავებებს მაგ: ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინების პრიმიტიულ სადარბაზო-კიბის უჯრედზე აწყობა და სიმაღლეში დახვავება პირდაპირ უწყობდა ხელს ამ სივრცის მომხმარებელი სუბიექტების ინდივიდუალიზმს, სოციალურ იზოლაციას და ანონიმურობას, რაც კაპიტალისტური საზოგადოებისთვის დამახასიათებელი ტენდენცია უფრო იყო.

შეიძლება ზოგს გაუჩნდეს აზრი, რომ მაშინ ეს პროექტები უკიდურესად მწირი რესურსების პირობებში ხორციელდებოდა და გადაუდებელი აუცილებლობას წარმოადგენდა, რასაც მეც ვეთანხმები, მაგრამ ასევე მინდა ავღნიშნო რომ იგივე ხარჯებით შესაძლებელი იქნებოდა უფრო საინტერესო და ქალაქის ცხოვრებისთვის ადექვატური სივრცის შექმნა, რადგან ამ საქმეში მატერიალურ სახსრებზე მეტად განსხვავებული მიდგომის საჭიროება იდგა. ამის შედეგია ის მდგომარეობაც, რაც დღესდღეობით ასეთ რაიონებში გვაქვს. ფუნქციურმა ჰომოგენურობამ, იძულებითმა კოლექტივიზმმა და ხისტად დაგეგმარებულ -კონტროლირებულმა სივრცემ, საბჭოთა სისტემის კოლაფსის შემდეგ ბუნებრივი ტრანსფორმაცია განიცადა – გაცოცხლდა და შეძლებისდაგვარად არსებულ მოთხოვნილებებს მოერგო, რაც თავის მხრივ მრავალი პრობლემის საფუძველიც გახდა, როგორიცაა მაგალითად მასიური მიშენებების საკითხი და ა.შ. რომლებსაც აქ აღარ ჩაუღრმავდები.

აქედან გამომდინარე შეიძლება დავასკვნათ, რომ საბჭოთა სივრცის პროდუქციაზე უფრო დეტალურად დაკვირვებით შეგვიძლია თავად სისტემის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური მანკიერებების აღმოჩენა, რამაც ალბათ გამოიწვია მისი დეგრადაცია და საბოლოო განადგურება.

რაც შეეხება ბეთლემის უბანს, მისი დაგეგმარება არ მომხდარა ცენტრალიზებული სისტემის ხელდასხმით, ის საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა შიგნიდან, თავისი მაცხოვრებლების მიერ და სხვადასხვა პროცესებთან ერთად იცვლიდა ფიზიკურ სახეს. შეიძლება ითქვას რომ ბეთლემის უბნის სივრცე არის ცოცხალი, გვიყვება მის ისტორიას, გვაჩვენებს ამ სივრცეზე სხვადასხვა დროს არსებულ კულტურულ გავლენებს, მისი მაცხოვრებლების ყოველდღიური ცხოვრების თავისებურებებს, გვამცნობს მათ ინდივიდუალურ და კოლექტიურ მხარეებს. ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის მიზნით დაწესებული რეგულირებების მიუხედავად იგი კვლავ იცვლის ფორმას ახალი საჭიროებების მიხედვით. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას რომ ბეთლემის უბნის სივრცე არის დროისა და პროცესების მიმართ მგრძნობიარე და გახსნილი. ამით აიხსნება მისი სოციალური მრავალფეროვნება, სივრცითი ფოროვანობა და თავისუფლება, რაც ასე განასხვავებს რეპრესიულ და ხისტ საბჭოთა მიკრორაიონების სივრცეებისგან.

ამ მოკლე შედარებიდან ჩანს რომ თვითგანვითარებულ სივრცეს გააჩნია ბევრი ისეთი თვისება რომელზე დაკვირვებითაც შეგვიძლია შევიძინოთ ცოდნა სოციალური სივრცის აზრიანი დაგეგმარებისა თუ დღევანდელ საქართველოში ძალზე პოპულარულ ”რეაბილიტაცია-რესტავრაციისთვის”.

რეაბილიტაციის ხსენებისას აქვე მინდა შევეხო ამასწინათ გამოცხადებულ ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტს. პროექტის ოფიციალური მიზანია ერთდროულად სტიმულირება გაუწიოს კრიზისის შემდეგ შეჩერებულ მშენებლობის პროცეესს, წაახალისოს ბანკები, ძველი თბილისის მოსახლეობას გაუუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები და მოახდინოს ავარიულ მდგომარეობაში მყოფი ისტორიული უბნების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია. პროცედურულ მხარეს რომ აღარ ჩავუღრმავდეთ, რომელიც ბევრი წინააღმდეგობით არის სავსე (უფრო კონკრეტულად შეგიძლიათ იხილოთ ზურაბ და ლუკა ბაქრაძეების სტატია გამოქვეყნებული ჟურნალ ლიბერალის აგვისტოს მე-17 ნომერში) პროექტის ლოგიკა შემდეგში მდგომარებს: ძველი თბილისის მოსახლეობა, რომელსაც თავისი საბინაო ფონდის ტექნიკური მომსახურების ძალა არ შესწევს გადადის ახლად აშენებულ კორპუსებში, ხოლო მათ ძველ საცხოვრებლებს თუ საცხოვრებლების ტერიტორიას შეძლებული ფენა ეპატრონება, რამაც პროექტის ავტორთა აზრით უნდა გამოიწვიოს ამორტიზირებული ისტორიული შენობების და ინფრასტრუქტურის აღდგენა.

ერთი შეხედვით პროექტი უალტერნატივოა, მაგრამ თუკი კარგად დავაკვირდებით დავინახავთ, რომ საქმე გვაქვს უკეთეს შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან ქალაქის სივრცის მხოლოდ აბსოლუტური კუთხით წარმოჩენასთან. აქ ხელისუფლება ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაცია-რესტავრაციას მისი ტექნიკურად შეკეთების და ”პირვანდელი სახის” ხისტად დაბრუნების კუთხით წარმოგვიდგენს (რისი მაგალითებიც უკვე მრავლადაა: სიღნაღი, ქუთაისი, ბათუმი). უარეს შემთხვევაში კი საქმე გვაქვს ქალაქის, როგორც მხოლოდ კომერციულად სარფიანი ტერიტორიის ხედვასთან. ეს უკანასკნელი თბილისზე ”შეყვარებული” ხელისუფლებისთვის საჯაროდ განსახილველ თემებს შორის ნაკლებადაა. ჩვენს მთავრობას და დეველოპერებს სჯერათ ან გვაჯერებენ რომ სასიკეთო საქმეს აკეთებენ, როდესაც ქალაქის საბინაო ფონდით და მასში მცხოვრები სოციალური ჯგუფებით სპეკულირებენ. მოსახლეობა კი უფლება აყრილ მდგომარეობაში, უპირობო არჩევანის წინაშე დგება: ან უნდა გადავიდეს შეთავაზებულ ბინებში და გაიუმჯობესოს საცხოვრებელი პირობები ან დარჩეს გაუსაძლის მდგომარეობაში. რა თქმა უნდა არჩევანის ამ პირობებში ყველა მეორე ვარიანტს ამჯობინებს. არავინ საუბრობს მესამე გზაზე – იგივე სახსრებით დაფინანსდეს თავად მოსახლეობის ლოკალური სარეაბილიტაციო ინიციატივები, (მითუმეტეს თუ, როგორც პროექტის დეტალებიდან ირკვევა, სახელმწიფოს ამის სახსრები გააჩნია) რითაც ადგილობრივებს საშუალება მიეცემოდათ გამოესწორებინათ შენობების და ლოკალური ინფრასტრუქტურის ტექნიკური მდგომარეობა, შეენარჩუნებინათ საცხოვრებელი გარემო და ამასთანავე გაეუმჯობესებინათ ეკონომიური მდგომარეობა, რეაბილტირებულ სივრცეებში ეკონომიკური აქტივობის ზრდით. ამის შედეგად ისტორიული ქალაქი ტოტალური ”ჯენტრიფიკაციის” ნაცვლად შეინარჩუნებდა იმ სოციალურ ბირთვს, რაც მისი ურბანული ღირებულების უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორია. საერთაშორისო კაპიტალით დაფინანსებული ბიზნესის ნაცვლად კი უპირატესობა მიენიჭებოდა ლოკალურ პროდუქტიულ და სავაჭრო პოტენციალს. პროცესების ასეთი წარმართვა ქალაქის სივრცეზეც ადეკვატურ ასახვას ჰპოვებდა: მოხდებოდა ურბანული სივრცის განვითარებაში მრავალფეროვნების და თვითმყოფადობის შენარჩუნება, კომერციული ისტორიციზმით გაჟღენთილი, აბსოლუტური სივრცის ნაცვლად მივიღებდით აქტიურ სოციალურ გარემოს.

რა დასკვნების გამოტანა შეგვიძლია ამ ინიციატივიდან? ხელისუფლების მხრიდან ქალაქის, როგორც სოციალური ფენომენის არაადექვატური ხედვის პარალელურად აშკარაა რომ საქართველოში სახელმწიფო და დიდი კაპიტალი გვევლინება ერთ ჰეგემონურ მხარედ, თავის თავის იმედად დარჩენილი საზოგადოება კი მეორედ. არადა უფრო პირიქით უნდა იყოს – სახელმწიფო როგორც საზოგადოების ინტერესების დამცველი ერთს ხოლო დიდი კაპიტალი მეორე მხარეს წარმოადგენდეს.

საბოლოოდ მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ამა თუ იმ საზოგადოების მიერ შექმნილი განაშენიანებული გარემო შეიძლება განხილულ იქნას ერთდროულად როგორც მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური სისტემის გამომხატველიც და განმსაზღვრელიც. ერთის მხრივ სოციალური სივრცის შესწავლა შეიძლება დაგვეხმაროს მისი მაფორმირებელი პროცესების აღქმაში და განსაზღვრაში. მეორეს მხრივ, სივრცეზე სწორი ზემოქმედება შეიძლება იქცეს ამ პროცესების საზოგადოებისთვის სასიკეთოდ წარმართვის ინსტრუმენტად. ამას აუცილებლად სჭირდება სათანადო პოლიტიკური შეგნება და ნება სზოგადოების და ხელისუფლების მხრიდან, რაც ბუნებრივია ვერ იარსებებს კაპიტალის ისეთი ჰეგემონიის პირობებში როგორშიაც ჩვენ ვიმყოფებით.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ