მრავალი წელია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმათველობა არა რიგითი სტუდენტების ინტერესების დამცველად, არამედ ერთგვარ ელიტისტურ და ჩაკეტილ ჯგუფად გვევლინება. ეს პრაქტიკა წინა ხელისუფლების მმართველობის პერიოდის ინერციაა.
სტუდენტების პროტესტი და უკმაყოფილება გრძელდება უნივერსიტეტის ბიუჯეტის ხარჯვასთან დაკავშირებით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სივრცეში ჩამოყალიბებულია თვით-ორგანიზებადი სტუდენტური მოძრაობა “სტუდენტები განათლების პოლიტიკის წინააღმდეგ”, რომლებიც მათ მიერ გამოქვეყნებულ მანიფესტში აღნიშნავენ, რომ როგორც საუნივერსიტეტო, ასევე განათლების პოლიტიკაში, ფუნდამენტური გარდაქმნებია განსახორციელებელი.
ასევე, მათი განცხადებით, “ისედაც არასაკმარისი სიდიდის ბიუჯეტის მქონე უნივერსიტეტში, გრძელდება თანხების არამიზნობრივი და არასამართლიანი ხარჯვა, რამაც უკვე სისტემური ხასიათი მიიღო, სტუდენტური თვითმმართველობა კი ამ მანკიერი პროცესის მთავარი ბენეფიციარია. კერძოდ 2015 წლის ზამთარში ბაკურიანის “ტრენინგ-გასვლისთვის“, რაც მათი წევრების დატრენინგებას გულისხმობდა თვითმმართველობამ 19 000, უკვე 2016 წლის თებერვალში კი 24 600 ლარი მიიღო. ეს იმის პარალელურად როცა კატასტროფული სისწრაფით იზრდება ფინანსური დავალიანებების გამო სტატუსშეჩერებული სტუდენტების რაოდენობა.”
ორშაბათს, 7 მარტს, 15:00 საათზე, უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, ზემოაღნიშნული საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებით გაიმართება საპროტესტო აქცია, რომლის ძირითადი მოთხოვნები იქნება შემდგი:
#1. თსუ-ის სტუდენტურ თვითმმართველობასთან ერთად უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და რექტორატმა გაიზიაროს პასუხისმგებლობა ზემოხსენებული და მსგავსი პროექტების დაფინანსებაზე, რომელიც საუნივერსიტეტო საზოგადოების დიდ ნაწილს არამიზნობრივად გახარჯულ თანხად მიაჩნია.
#2. დადგინდეს დასაფინანსებელი პროექტების ღირებულების ზედა ზღვარი, რათა სტუდენტურ თვითმმართველობას, როგორც ამ სფეროს მონოპოლისტს, ნაკლებად მიეცეს შესაძლებლობა მიიღოს დიდი ფინანსები გაუკონტროლებლად.
#3. სტუდენტური თვითმმართველობის ერთადერთ ფუნქციად საუნივერსიტეტო წარმომადგენლობით ორგანოებში (საფაკულტეტო საბჭოები, სენატი) მუშაობა განისაზღვროს; გაუქმდეს მისი ბიუროკრატიული სტრუქტურა. სტუდენტური პროექტების დასაფინანსებლად გამოყოფილ თანხაზე დაწესდეს მკაცრი კონტროლის მექანიზმები.
#4. სტუდენტური თვითმმართველობის არჩევნების დროს ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატების მხარდასაჭერად არ იყოს გამოყენებული ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსები.
ყველა სტუდენტი თანასწორია!