მაია ავლოხაშვილი: „ხვალის ქრონიკები“–ს lituraterra

/ვუძღვნი ამავე სახელწოდების პირველ ქართულ ფუტურისტულ რომანს/.

maia
მაია ავლოხაშვილი, მათემატიკოსი.

მეცნიერულ–ტექნოლოგიური პროგრესი თანამედროვე სამყაროს ცივილიზაციის განმსაზღვრელ ფაქტორადაა მიჩნეული. მასზეა დამოკიდებული არა მხოლოდ სოციო, არამედ ანთროპოგენეზიც.  კიბერადამიანი (კიბორგი– cybernetic organism)–ადამიანისა და მაღალი ტექნოლოგიების სინთეზი– აღარაა სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრი, ის რეალური სამეცნიერო პროექტია. არასტაბილური სამყაროს განვითარების მრავალალტერნატიული კვლევების პროცესში დღეს უკვე ჩართულნი არიან ბიოტექნოლოგიების, ნანოტექნოლოგიების, კიბერნეტიკის, ფიზიკის, მათემატიკის, საინჟინრო, მედიცინის, სოციოლოგიის, ფსიქოლოგიის, ფილოსოფიის, თეოლოგიის სპეციალისტები. აღმოჩნდა, რომ ტექნოლოგიური სინგულარობა, შესაბამისად– ხელოვნური ინტელექტის ბიოლოგიურზე გადასწრების ალბათობა, რომელიც გასული საუკუნის შუა წლებში ადამიანს ჰიპერშორეულ მომავლად ესახებოდა, საკმარისად ახლოსაა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური სინგულარობა ერთგვარი ტექნო–უტოპიაა, რომელიც უამრავ სიკეთეს პირდება ადამიანს, სპეციალისტები მაინც  ფრთხილობენ, – სავსებით დასაშვებია ადამიანმა მოულოდნელად დაკარგოს კონტროლი სიტუაციაზე და თავად ტექნოლოგიები იქცნენ ახალ E-Culture–ს საზოგადოებაში დომინანტად. არაფერს ცვლის ის ფაქტი, რომ „ჩვენ ზუსტად არ ვიცით რა არის სინგულარობა“. ამ საკითხებზე მსჯელობები არ წყდება.

და აი, სულ ახლახან სოციალური ფანტასტიკის ჟანრში გამოჩნდა პირველი ქართული რომანი ხელოვნური ინტელექტის თემაზე. როგორც უკვე აღვნიშნე, ამ სფეროში უკვე არსებულ პროგრესს თუ გავითვალისწინებთ, ქართული ფუტურისტული “ზღაპარი” შესაძლოა ჩვენი ხვალინდელი დღე აღმოჩნდეს. ავტორი წინათქმაში ამბობს– “წამზომი ჩართულია” და „შეიძლება  ზარალის ათვლა ნებისმიერი მომენტიდან დაიწყოს“. ჩემი მხრიდან დავამატებ– ისეთ ქვეყანაში კი, როგორიც საქართველოა, სადაც ჯერ კიდევ არ ისმინება ადამიანის ხმა და გამოტოვებულია ევროპული ჰუმანიზმის უმნიშვნელოვანესი და გრძელი პერიოდი, მეოთხე ტექნოლოგიური რევოლუცია პირდაპირი გაგებით ბიბლიურ ხატებზე გადასვლას და უმძიმეს აპოკალიფსურ რეალობაში ცხოვრებას ნიშნავს. ამიტომ, წერილი დაიწერა არა “შფოთვის ასამაღლებლად”, არამედ იმ პრობლემების შესაძლო რეფლექსიისთვის, რომელიც ანესთეზიისგან გამოსვლის მსურველს შეიძლება გააჩნდეს, რათა თანამედროვე რადიკალური ემპირიზმის სიბინძურეთა ორმოში ხელმეორედ არ ამოვყოთ თავი.

რაც შეეხება ქართულ თანამედროვე ლიტერატურას, მიუხედავად ფრანკო მორეტის (ამერიკაში მცხოვრები იტალიელი ლიტ. კრიტიკოსი, ლიტერატურის სოციოლოგი) უკვე დადასტურებული ჰიპოთეზისა, რომ ე.წ. პერიფერიულ კულტურებში თანამედროვე რომანი იქმნება არა როგორც დამოუკიდებელი შემოქმედება, არამედ როგორც კომპრომისი დასავლურ ფორმალურ გავლენებსა და ადგილობრივ მასალას შორის, ხოლო „რასაც ჩვენ ესპანურ, ფრანგულ და განსაკუთრებით, ბრიტანულ რომანს ვუწოდებთ, გამონაკლისია ამ კანონიდან“, მაინც უნდა ითქვას,– ვთვლი, რომ ქართულმა ლიტერატურამ (რამდენიმე ავტორს თუ არ ჩავთვლით) ვერ გამოხატა შეგნებული დამოკიდებულება ვერც ჩვენი, ვერც მსოფლიო რეალობის მიმართ, სწორად ვერ გადახარშა ვერც თავისი (ლიტერატურული), ვერც ქვეყნის (ისტორიული) წარსული. ის ვერ ეხმიანება თანამედროვე ადამიანის რეალურ პრობლემებს და მიუხედავად „დასავლური ფორმალური გავლენებისა“, ფოლკნერისეულად– მხოლოდ ჯირკვლებზე წერაში გაიწაფა, ვერ მიაღწია გულამდე. მრავალჯერადი, ზოგჯერ მართლაც წარმატებული შედეგის მიუხედავად, მთლიანობაში მაინც ვერ შეძლო ჯერ თავად გამხდარიყო იმდენად საინტერესო, რომ საზოგადოებაში დაგროვილი სირცხვილის, სიღატაკის, მიმქრალი ოცნებებისა თუ იმედების ეკვივალენტით– უგემოვნებით, ლაზღანდარობით, თავმოწონებით და უვიცობით – ხელმეორედ აღარ გამოეკვება ადამიანური სისატიკე, უპასუხისმგებლობა და შინაგანი გახევება. შესაბამისად, უძლური აღმოჩნდა შეექმნა ერთგვარი წინასწარმეტყველური სარკეების ლიტერატურული ანალოგები. მწერლობის დაფინანსება მოდური ნეოლიბერალური „პროგრესულობის“ მხოლოდ საფირმო ტრიუკი აღმოჩნდა, რომელზეც და რომლითაც ძირითადად უნიჭობა პარაზიტირებს. მაგრამ, ეს შედეგია და არა მიზეზი. მიზეზი საკმაოდ არალიტერატურულ, გაცილებით „ღრმა და სერიოზულ“ თემებშია საძიებელი… იმ პაროდიულ უკიდურესობაში, რომელშიც არა მხოლოდ  ლიტერატურა, არამედ ინტელექტუალური შრომის ყველა სხვა სფერო აღმოჩნდა, ერთი და იგივე განმეორებადი სტრუქტურა მოქმედებს. ეს ნაწილობრივ თავად მოვლენების განმეორებებსაც იწვევს. აღნიშნული ფაქტი შემჩნეულია არა მხოლოდ ეკონომიკური ციკლების, არამედ სახელმწიფოების, რევოლუციური ლოგიკის და თავად ლიტერატურის განვითარების ფორმებშიც.

ამიტომ, ამ ახალ რომანს და მის დებიუტანტ ავტორს მინდა დიდი წარმატება ვუსურვო. ვიმედოვნებ, ექსპონენციალური სიჩქარით განვითარებული მეოთხე ტექნოლოგიური გადატრიალების მისეული სცენარები მხოლოდ “საშიშ უტოპიად”, ხოლო თავად – სხვა ბევრი საინტერესო რომანის ავტორად დარჩება.

http://lit.ge/book/192274-xvalis-qronikebi-5-lasha-asatiani/

 

* * *

“ჩემს ცხოვრებას თავისი “ან–ან” რამდენადმე უკვე წარსულში ეგულება; მაინც კარგად მომეხსენება, მრავალგზის შეიძლება შევეყარო ვითარებებს, რომლებშიც ამ სიტყვებს თავისი სრული მნიშვნელობა ექნება. ვიმედოვნებ,  ეს სიტყვები ჩემ გზაზე შეხვედრისას მუდამ ღირსეულად განწყობილს მნახავენ, რომ მე შევძლებ სწორი არჩევანის გაკეთებას. დიახ, ყოველთვის გავირჯები, რათა ჭეშმარიტი სერიოზულობით ავირჩიო რაიმე. ყოველ შემთხვევაში მე შემიძლია ვინუგეშო თავი, რომ მცდარი გზიდან სწრაფად გადავუხვევ.

შენ კი როგორ გაქვს საქმე?”

/კირკეგორი. “ან–ან”/

„chi son’io to non saprai”

/ “შენ ვერასდროს გაიგებ ვინ ვარ მე“. ჰანდკე. „დონ ჟუანი“/

 

მესამე მეხსიერება

ჯერ კიდევ მუშაობს წარმოდგენები, რომ ტექნოლოგიები უნდა (!) გვესმოდეს , როგორც მხოლოდ ინსტრუმენტალიები, მაგრამ… დღეს, როცა უკან მოვიტოვეთ ყველაფრით მდიდარი მე–20 საუკუნე, სრულიად დარწმუნებით შეიძლება ითქვას: სიტუაცია ამოტრიალდა. რეალურად დასრულდა ჰუმანიზმის ეპოქა და ჰუმანისტური კატეგორიებით ისტორიის თუ ყოველდღიური მოვლენების წაკითხვა ფაქტობრივად შეუძლებელია, ეს კიდევ უფრო ზრდის ხედვის გეომეტრიაში არსებულ თეთრ ლაქებს. ტექნოლოგია უკვე თავად იქცა ისტორიის სუბიექტად და “მიიბა” ადამიანი, როგორც თავისი ფუნქცია.შესაბამისად, იბადება კითხვა: შეიძლება თუ არა ადამიანის, როგორც “რაციონალური ცხოველის” ტრადიციული განსაზღვრება ისევე უკრიტიკოდ მივიღოთ, როგორც ამას გვიკიჟინებენ ბნელი 90–იანებიდან მოყოლებული დღემდე. ვფიქრობ, ძნელია არსებას დააბრალო რომ „ცხოველია“,როცა მას აღარ ყოფნის ისეთი არსებითი მახასიათებელი, რაც ცხოველისთვისაა აუცილებელი– ინსტინქტები.

მიუხედავად იმისა, რომ ფროიდი თავის ადრეულ შრომებში იყენებდა ამ სიტყვას, მალევე მიხვდა შეცდომას და ინსტინქტი “დრაივით” ჩაანაცვლა.  მაგრამ ადამიანის ისტორიამ აჩვენა, რომ ისეთი “პოპულარული ინსტინქტიც” კი, როგორიცაა “სექსუალური დრაივი” თურმე თავისთავად იმდენად სუსტად ინსტინქტურია, რომ სექსუალურ სტიმულებზე რეაქცია ხშირად  პერვერსიული საშუალებებით ხდება. აღარაფერს ვამბობ თავის დაცვის და გადარჩენის ინსტინქტებზე.

ინსტინქტებდაკარგული (თუ დაქვეითებული) ადამიანის არსებობა კი მხოლოდ ტექნოლოგიური უნარების განვითარებაზეა დამოკიდებული და ამდენად, შეიძლება ითქვას–  თანამედროვე ანთროპოიდი პირველად დაიბადა მაშინ, როდესაც ხიდან ნაყოფის მოსაწყვეტად ჯოხი გამოიყენა. სწორედ ტექნოლოგიური განზომილება აძლევს ადამიანს შესაძლებლობას  ფიზიკურ სამყაროში დაძლიოს “მიუწვდომლობის” წუნი,  მხოლოდ ტექნოლოგიურ არსებას ეხსნება მიწაზე თავისუფლება. მაგრამ ამავდროულად ადამიანი თავისუფალია სწორედ იმიტომ, რომ მთლიანად არაა დეტერმინირებული ინსტინქტებით (განსხვავებით ცხოველისგან) . მან უნდა შექმნას საკუთარი თავი. მაგრამ რას ნიშნავს „უნდა“?

მოლეკულურ ბიოლოგიაში საუბარია ორი ტიპის მეხსიერებაზე–სახეობითზე, რომელიც გენეტიკურ მემკვიდროებასთანაა დაკავშირებული და ნერვული სისტემის ინდივიდუალურ მეხსიერებაზე. ცხოველთა შორისაც კი არ შეინიშნება შეძენილ ნიშანთა გადაცემა. ამიტომ დარვინის თეორია დღეს წმინდა ფორმალურ ხასიათს ატარებს. მიუხედავად ამისა, თანამედროვე ოკულტური სციენტიზმი გამუდმებით საუბრობს ადამიანთა შორის შეძენილ ნიშანთა მემკვიდრეობით გადაცემაზე, რომელიც თითქოს ცხოველთა სამყაროში უკვე დიდი ხანია თავისთავად ხდება. ბერნარ სტიგლერს (თანამედროვე ფრანგი ფილოსოფოსი), შემოაქვს მესამე მეხსიერება–ეპიფილოგენეტიკური, სწორედ ეს მეხსიერება გულისხმობს პროთეზ–ტექნოლოგიური აპარატების მოქმედების მხარდაჭერას. ეს გახლავთ ის მეხსიერება, რომელიც ემორჩილება ელექტრონულ მეხსიერებას დროსთან და ცნობიერებასთან ერთად. რა მეხსიერებაა ეს?

მის შესახებ პირველად პლატონის დიალოგებიდან ვიგებთ, რომელსაც იგი ანამნეზისისგან განსხვავებით ჰიპომნეზისს– ტექნიკურ, ხელოვნურ მეხსიერებას უწოდებს. მაგალითად, „წერილი“ ეს ჰიპომნეზისია. პლატონის აზრით ყველაფერი, რისი ასლიც, კოპირებაც შეიძლება გაკეთდეს, რაც შესაძლოა შეცვალო, დაამუშავო, გადააკეთო, რომელსაც შეუძლია დეზორიენტაციის შემოტანა რადგან შესაძლოა არასწორად გაიგო და რომელსაც არ შეიძლება ენდო– ეს ყველაფერი ჰიპომნეზისია, ანამნეზისი კი– ლამის ჭეშმარიტების სინონიმი (პლატონი იყენებს ბინარულ სისტემას– წერილი ან ამაგრებს მეხსიერებას, ან ასუსტებს). როგორც აღმოჩნდა, საქმე ასე მარტივად არაა.

ჰიპომნეზისი– „წერილი“–როგორც ამას დერიდა აჩვენებს თავის“პლატონის ფარმაციაში“, არის „ფარმაკონი“ (ამ სიტყვას ბერძნულ ენაში რამდენიმე მნიშვნელობა აქვს. ის შეიძლება გავიგოთ როგორც წამალი, სალბუნი, ელექსირი და ასევე–როგორც საწამლავი, ჯადოქრობა, მოჯადოება,შხამი). ხოლო ანამნეზისი (გახსენება, მეხსიერება) ეყრდნობა ჰიპომნეზისს და ახდენს მის შევსება–აღდგენას („მნემოტექნე“, მნემოტექნიკური–დამახსოვრების ხელოვნება).

აქ ვუბრუნდებით ფროიდს. მისთვის ფსიქიკური აპარატი არ იყო მხოლოდ მეხსიერების აპარატი, ამავდროულად ის იყო „წერილის“ აპარატიც (იხ. ფროიდის მეხსიერების თეორია, რომლის ფორმულირებაც დაიწყო 1897 წელს როგორც „კვალის“ –ნაკვალევის მრავალწახნაგა რეგისტრაცია და დაასრულა „ჯადოსნური ბლოკნოტის“ მოდელით 1925წელს. შემთხვევითი არ იყო ავტომატური წერის ლიტერატურული „მოდაც“). ფროიდი საერთოდ კითხვის ქვეშ აყენებს მეხსიერებაზე აგებულ აკადემიურ წარმოდგენებს, რადგან როგორც ფსიქოანალიზი აჩვენებს– მეხსიერება  ხშირად „დავიწყება“ უფროა,ვიდრე „გახსენება“ (არაცნობიერი, როგორც შემდეგ ლაკანი იტყვის, დაუბადებელ სულთა „უკანონო“ ტერიტორიაა. მეხსიერება კი მხოლოდ ცნობიერს არ ეკუთვნის, რასაც სული განიცდის უმრავლეს შემთხვევაში ცნობიერების მიღმა რჩება).  ამასთან, მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ შესაძლოა არსებობდეს ხსოვნა იმის შესახებ რაც სინამდვილეში არასდროს მომხდარა. აი აქ ფროიდი აკეთებს მეხსიერებისა და ფანტაზიის მეორე დეკონსტრუქციას– „წერილის აპარატსა“ და იმაში, რასაც ჩვენ ვუწოდებთ მეხსიერებას, ხდება შიგა და გარე ზედაპირების (არა ზედაპირულობის!)  დიალექტიკური გადახლართვა. მაშასადამე, დეკონსტრუქციას ექვემდებარება არა მხოლოდ „სუბიექტურის“ და „ობიექტურის“ მრავალსაუკუნოვანი ევროპული აზრის ფუნდამენტური გაგება, არამედ აზრი „ნამდვილი მეხსიერებისა“ და „წერილის მეხსიერების“ შესახებ. სტიგლერის (და არა მხოლოდ) მისი აზრით ეს უკანასკნელი წარმოადგენს ტექნიკურ პირობას ჩვენი კონსტრუირების ტრანსცენდენტური შესაძლებლობისთვის.

აქ უაღრესად პრინციპული აზრი იკვეთება : გამოდის, რომ ტექნიკას შეუძლია თავად „ცოდნის“ კონსტრუირება. ცოდნა კი პირდაპირაა მიბმული ადამიანის სურვილებზე. დერიდა ცოდნას და სურვილებს „არტეფაქტუალურს“ უწოდებს (არტეფაქტისა და აქტუალობის სინთეზი). ეს უკანასკნელი კი ფართოდ უხსნის კარს არა მხოლოდ კულტურინდუსტრიის, არამედ ექსპლუატაციის  შესაძლებლობებსაც.

პროთეზების თეორია („ღმერთი ყავარჯნებზე“) ფსიქოანალიზისა და ანთროპოლოგიის კვეთის „წერტილია“. მაშასადამე ჩნდება ტენზორის, როგორც გადამყვანის ონტოლოგიური გააზრების აუცილებლობა ისტორიული დროის დინამიკაში.

 

ეპიმეთეს შეცდომა, ანუ რას ნიშნავს პრომეთეს საჩუქარი

ინსტიქტებისგან თავისუფლების თემაც პირველად პლატონმა გააჟღერა “პროტაგორაში” სადაც ადამიანის შექმნის უძველეს მითს უბრუნდება.

მაგრამ უცნაურია, რომ დღეს, როცა ყველას ახსოვს პრომეთე, ეპიმეთეს შესახებ ძალზე ცოტამ თუ იცის. ამ ორი ძველი ბერძენი ტიტანი ძმიდან  მეხსიერებამ რატომღაც დაივიწყა  ეპიმეთე,  განდევნა სწორედ ის ძმა, ვისი შეცდომის წყალობითაც თავად მას (ადამიანს)  მიეცა ღმერთად ქცევის შესაძლებლობა .

ერთხელ, როდესაც მოკვდავთა შექმნის დრო (?!!) მოვიდა, პრომეთესა და ეპიმეთეს ებრძანათ ცოცხალ არსებათა სახეობები შეემკოთ და სახეობათა მიხედვით გაენაწილებინათ მათთვის უნარები, თვისებები (ინსტინქტები). ეპიმეთემ თავის თავზე აიღო ეს დავალება (ეპი–მეთის–– “ის, ვინც შემდეგ ფიქრობს”, წინდაუხედავი), მაგრამ ისე გააბნია ყველა ნიჭი, რომ როდესაც ადამიანის ჯერი დადგა, ხელცარიელი აღმოჩნდა. დასახმარებლად თავის ძმას, პრომეთეს მიმართა   (პრო–მეთის, “ვინც წინასწარ ფიქრობს”, წინდახედული) . პრომეთე მართლაც დაეხმარა მას–ათენას დახმარებით ოლიმპოს მთიდან ჰეფესტოს მოსტაცა ცეცხლი და ლერწმის ღეროში გადანახული მოუტანა ადამიანს, რის გამოც იქნა დასჯილი. მითის სწორედ ეს ნაწილი შემოინახა მეხსიერებამ

ცეცხლის ქვეშ  აზროვნება,ცოდნა , ტექნიკა, განჭვრეტის, გათვლის, ალბათობათა დანახვის უნარი და „სურვილის ცეცხლი“ ივარაუდება. ეს არის ადამიანის არსების პარამეტრაჟი .პლატონის მიხედვით სწორედ ადამიანი აღმოჩნდა ერთადერთი ცოცხალი არსება, რომელიც თავისი არსით  არა მხოლოდ ენათესავება ღმერთს, არამედ ცნობს კიდეც მას–მადლიერების ნიშნად  და  მეხსიერების შესანარჩუნებლად უგებს ტაძრებს და სამსხვერპლოებს.  ასეთი ნათესაობის წყალობით ისწავლა მან დანაწევრებული მეტყველება, შეძლო საცხოვრისის აგება, მოწყობა, ზრუნვა, აღმოაჩინა სამოსის შექმნისა და ფესვებისგან საკვების დამზადების უნარი(ბერძნული სიტყვა “τέχνη” –ტექნე– ნიშნავს ხელოვნებასაც, ხელობასაც და ცოდნასაც. ძველ საბერძნეთში სამივე ასპექტი ერთ მთელში იყო გაერთიანებული).

ადამიანი გაკულტურულდა. მასზე აღბეჭდილი ღვთის სამუდამო ტვიფარი–კულტურის  ბეჭედია (ამიტომ არის „ენა“ ჩვენი „ყოფიერების სახლი). ამდენად, „ბუნებრივი“ (მხოლოდ ინსტინქტური ადამიანი) მარადიულ ოპოზიციაში იმყოფება „კულტურულთან“.  თუკი ამ მითს მივყვებით, ადამიანი თავიდანვე ტექნოლოგიურ არსებად იყო ჩაფიქრებული.

 

რას გვეუბნება ფსიქოლინგვისტიკა და ნეირომეცნიერება

ექსპერიმენტალური ფსიქოლოგიისა და ნეიროლინგვისტიკის  მიერ დიდი ხანია დაწყებულია ცნობიერების შესწავლა, რომელიც ადამიანის ტვინის გამოკვლევას უკავშირდება. მეცნიერები ამ ტერიტორიას სახიფათოდ აცხადებენ, რადგან მაინც არ იციან რასთან აქვთ საქმე, თუმცა, ვარაუდობენ, რომ ეს (ცნობიერება) ისაა, რაც არ აქვთ ცხოველებს და ჯერ–ჯერობით, – არც ხელოვნურ ინტელექტს. მაგრამ საუბარია იმაზეც, რომ შორს არაა დრო, როდესაც ხელოვნური ინტელექტი თავს გაიცნობიერებს როგორც რაღაც ინდივიდუალობა. რის შემდეგაც  გაუჩნდება პირადი მოტივაციები და გეგმები, რომლებშიც  ადამიანი ვერ ისარგებლებს პრიორიტეტით.მეტიც, ის უბრალოდ გათვალისწინებულიც არ იქნება.

ეს თემა მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც აღმოჩენილ იქნა, რომ ტვინი–სრულიად გამოუცნობი და ამავდროულად ყველაზე ძლიერი იარაღია. ფსიქოლინგვისტიკაც და ნეირომეცნიერებაც სვამს ასეთ კითხვებს: ხომ არ ვაწყდებით უხერხულობასა და გაუგებრობას როცა ვამბობთ „ჩემი ტვინი“? გვაქვს თუ არა ობიექტური საფუძველი სწორი კუთვნილებისთვის გადავწყვიტოთ სინამდვილეში ვინ ვის ეკუთვნის–ადამიანს „მისი ტვინი“, თუ ტვინს „მისი ადამიანი“? მხოლოდ იმიტომ რომ  ჩვენ „ყუთით“ ვატარებთ „რაღაცას“, არის კი ეს სრული გარანტია ვიყოთ დარწმუნებულები რომ ის ჩვენია?  ფაქტია, რომ „ყუთის“ მოცემულობა  შინაარსით, შეუდარებლად ძლიერია მატარებელზე. მაშინ დგება კიდევ უფრო რთული საკითხი: გამოდის, ჩემი ტვინი სხვაა და მე–სხვა. ამ საკითხზე უმრავლესობა სპეციალისტებისა თანხმდება: დიახ, ტვინზე ჩვენ არანაირი ძალაუფლება არ გაგვაჩნია; ის თავად იღებს  გადაწყვეტილებას.სწორედ აქ იქმნება უხერხულობა: საქციელს ჩადის ადამიანი, მაგრამ ტვინი იყენებს ეშმაკურ მეთოდს–უგზავნის სიგნალს საკუთარ მატარებელს და ეუბნება, რაღა აზრი აქვს ნერვიულობას, ეს ყველაფერი შენ მოიმოქმედე,  ასეთი იყო შენი გადაწყვეტილება.

ამიტომ ფსიქიატრებიც და ფსიქოლოგებიც დიდ ყურადღებას აქცევენ როგორც შიგა, ისე გარე სივრცეებთან ჰიგიენური ურთიერთობის წესებს (პირველ რიში კი საკუთარ პერსონასტან დამოკიდებულებას), რაც ცხადია არც სტერილურობას  და არც მარადიული ჯანმრთელობისთვის გამოწერილ იაფფასიან რეცეპტს არ გულისხმობს.

როდესაც ტვინის მუშაობასა და კომპიუტერებს შორის პირდაპირი პარალელის გავლება ხდება, ხშირად მხედველობიდან რჩებათ ერთი ასპექტი: ტვინს მუშაობისთვის განუზომლად მცირე სიმძლავრე სჭირდება სუპერ კომპიუტერთან შედარებით. ტვინი აბსოლუტურად განსხვავებული მეთოდით მუშაობს, – მას აქვს საკუთარი სხეული, ტანი, კიდურები, ახსოვს საყვარელი ქალის პომადის გემო. კომპიუტერებს გააჩნიათ მოდულაციები, მუშაობენ სერიებად. ჩვენ მხოლოდ გვეჩვენება , რომ  ჩვენთან შედარებით ის გაცილებით დიდ სამუშაოს ასრულებს ერთდროულად. რეალურად კი – უბრალოდ სწრაფად გადადის ამოცანიდან ამოცანაზე.  ადამიანის ტვინში, განსხვავებით კომპიუტერისან,   hardware და software განუყოფელი „ნარევია“-მეხსიერება სემანტიკურადაა ორგანიზებული. მაგალითად, ინფორმაცია ძაღლის შესახებ არაა მეხსიერების იმ უბანში განლაგებული სადაც შეკრებილია ცნობები ცხოველების შესახებ. თუ დავუშვათ ოდესღაც მნიშვნელოვან რანდევუზე წასვლის წინ  მეზობელთან შეირბინეთ და მისმა ძაღლმა ყავით დაგილაქათ თქვენი საყვარელი წითელი კაბა. თქვენთვის ძაღლი შესაძლოა სამუდამოდ ასოცირდეს „წითელთან“ ან „წითელ კაბასთან“. მაგრამ თუ  ხმამაღლა იტყვით, რომ ძაღლი თქვენთვის ‘წითელი კაბაა“ დიდი ალბათობით  , ვერ გაგიგებენ. ტვინს კომპიუტერისგან განსხვავებით შეუძლია ასეთი ლიტერატურით საუბარი. ადამიანს გააჩნია 100 მლრდ–ზე მეტი ნეირონი და თითოეულს ამ ნეირონიდან 50 ათასზე მეტი კავშირი აქვს  სხვადასხვა უბანთან. ეს რიცხვი კვადრილიონს (10^15–ათი ხარისხად 15) უდრის. „ყუთი“ იტევს 5,5 პეტაბაიტის ინფორმაციას, რაც იგივეა , 3 მილიონი საათი, ანუ 300 წელი განუწყვეტლივ  ვუყურებდეთ ტელევიზორს. ამიტომ ღიმილის მომგვრელია სპეციალისტებისთვის „შფოთი“ იმის გამო, „ზედმეტად არ გადაიტვირთოს თავი“.  აქ უფრო პრობლემურია არა ტვინის დატვირთვა (რაოდენობით), არამედ თავად ინფორმაცია (ხარისხი). ინფორმაცია და ცოდნა კი სხვადასხვა რამაა. Burn-out–ემოციური გადაწვა–ჩვენი დროის სიმპტომი, გამოწვეულია არა იმდენად მაღალი IQ–ს (ინტელექტის კოეფიციენტი), რამდენადაც დაბალი EQ-ს (ემოციური ინტელექტის) წყალობით. საქმე ისაა, რომ ტვინის ქერქი–ნეოკორტექსი, ახალი ტვინია. ე.წ. „ემოციური ტვინი“ კი –უძველესი.ის ნეოკორტექსისგან დამოუკიდებლად ფუნქციონირებს,მისი სტრუქტურა, უჯრედული აგებულება და ბიოქიმიური თვისებებიც კი განსხვავებულია. ნაკლებად ემორჩილება მეტყველებას და გარედან შემოსული ინფორმაციის გადამუშავებას მასზე საკმაოდ შეზღუდული გავლენა აქვს–ბრძანებით ემოციის ჩაქრობა ან გაძლიერება შეუძლებელია. მაგრამ სავსებით შესაძლებელია ზემოქმედების,  ხანგრძლივი უყურადღებობის ან ემოციური დაბლაგვების შედეგად (ჩანაცვლების სქემა, მაგალითად მიზანმიმართულად იმუშაოთ სუბიექტზე მიზეზისა და შედეგის აღრევის მიზნით, ან სრული იგნორირების გამოყენებით ) ადამიანს დაეკარგოს საკუთარ ემოციათა არათუ სწორად წაკითხვის, არამედ დაფიქსირების უნარიც (ეს ფენომენი  ფსიქონალიზს და ანალიტიკურ ფსიქოლოგიას შესანიშნავად აქვს დამუშავებული). ემოციური ტვინი აკონტროლებს როგორც ფსიქოლოგიური კომფორტის ზონას, ასევე ორგანიზმის ფიზიოლოგიური ფუნქციონირების დიდ ნაწილს–გული, არტერიალური წნევა, ჰორმონების გამოყოფა, გადამამუშავებელი სისტემა და იმუნიტეტი. ემოციონალური აშლილობა წარმოადგენს ემოციური ტვინის დისფუნქციას. უამრავ ადამიანს ასეთი დისფუნქცია ეწყება წარსულში მტკივნეული გამოცდილებით, რომელიც აწმყოში „წაშლილია“, მაგრამ სამუდამოდაა აღბეჭდილი „ძველი ტვინის“ არქივებში, რომლის არსებობის შესახებ თავად ადამიანმა შესაძლოა არც კი იცოდეს. ეს გამოცდილება წარმოქმნის ფონს და ნაწილობრივ აკონტროლებს გრძნობებს და ქცევებს ხშირად ათეული წლების შემდეგაც.

გამომდინარე აქედან, EQ-ს (ემოციური ინტელექტის) ოთხ ძირითად ნიჭად (ფაქტორად) დასახელებულია:

  • საკუთარი , და გარემოს ემოციური მდგომარეობის სწორი იდენტიფიცირება.
  • ემოციების ბუნებრივი განვითარების გაგების უნარი (მაგალითად, სპილო და ცხენი ჭადრაკის დაფაზე სხვადასხვა გზით მოძრაობენ. ასევე, შიში და ბრაზი სხვადასხვანაირად ევოლუციონირებენ დროში).
  • უნარი, იმსჯელო კრიტიკულად საკუთარი თავისა და გარემოს შესახებ.
  • საკუთარი და გარემოს ემოციების მართვა.

მეცნიერებს დიდი იმედი აქვთ, რომ სწორედ EQ-ს შეძენა იქნება ხელოვნური ინტელექტისთვის ყველაზე რთული. მაგრამ შესაძლოა არც დადგეს ამის საჭიროება,– თუ ემოციები იქნება გამოყენებული ფსიქოძალაუფლებისთვის– ადამიანი თავად  იტყვის უარს EQ-ზე, თუმცა, დარწმუნებული იქნება რომ „ის სწორად იჭერს და კითხულობს ემოციებს“ . ესაა უკონტროლო (ანუ მთლიანად კონტროლირებადი) ტექნოლოგიური კაპიტალიზმის ახალი კანიბალისტური ერის ერთი ალბათური ველი.

 

ბერძნული აზრის გასაგებად

უნდა ითქვას, რომ ძველი ბერძნები შეიძლება იმ დროისთვის ყველაზე სერიოზული ხალხი იყო მსოფლიოში, მათ ძალიან ადრე დაიწყეს ფიქრი ტექნოლოგიურ პრობლემებზე (ესქილეს ტრაგედია “მიჯაჭვული პრომეთე”). ინფანტილურია აზრი, რომ ბერძნული ტრაგედიები თეატრალურ წარმოდგენებად “მასის გასართობად” იდგმებოდა. სინამდვილეში, როგორც კი პოლისში ჩნდებოდა რაიმე პრობლემა ის მაშინვე თავსდებოდა საკრალურ სივრცეში–თეატრში (ყველა ბერძნული სიტყვა, რომელიც იწყება ფუძით “თეოს”, მათ შორის სიტყვა “თეორემაც” თავის შიგნით ატარებს საკრალურისკენ მიმართებას).

ესქილესთან პრომეთე ადამიანთა მეგობარია და  საჩუქრად აძლევს ცეცხლს, რათა მათ შეეძლოთ მეტალთა გადადნობა და ინსტრუმენტების დამზადება. ამ შემთხვევაშიც  საუბარია ტექნოლოგიური უნარების რუდიმენტებზე. სწორედ ამ ეპიზოდში ერევა ზევსი, რადგან შეეშინდება, რომ ტექნოლოგიებს დაუფლებული ადამიანი მასვე შეეცილება ადგილს

(ეს მომენტი გახდა რელიგიასა და მეცნიერებას შორის კონფლიქტის წარმოშობის მიზეზი, რასაც შემდგომ ბრწყინვალედ გაუმკლავდება ქრისტიანობა, მაგრამ ის თავის მხრივ სხვა ტიპის პრობლემებს წარმოქმნის). ზევსი უბრძანებს პრომეთეს მიჯაჭვას კლდეზე , რომ არწივმა ყოველდღიურად  ჯიჯგნოს მისი ღვიძლი, რომელიც სასწაულებრივად უმრთელდება ღამით, რადგან სასჯელით მიღებული ტანჯვა მარადიულად გაუგრძელდეს.

ერთ მომენტში მომღერალთა გუნდი პრომეთეს ეკითხება–რა უფრო ძლიერია, ბუნება თუ ტექნოლოგია? მაგრამ იმისთვის, რომ ამ კითხვაზე გაცემული პასუხი გასაგები იყოს, საჭიროა ბერძნული აზროვნების ბუნების და ანტიკური სამყაროსთვის ფილოსოფიის მნიშვნელობის, არსის  ცოდნა.

ქრისტიანულ კულტურაში ბუნება გაგებულია (ძირითადად), როგორც ღმერთის ნების შემოქმედება და ის ეძლევა ადამიანს სარგებლობისთვის. ძველი ბერძენისთვის ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო. ბუნება მისთვის უცვალებელ მთელს წარმოადგენდა, რომელსაც ყველაზე ძლიერი წარმმართველი ძალა–აუცილებლობა (ანანკე) ყავდა მფარველად. ბუნების კანონთა შეცვლა შეუძლებელი იყო. ჰერაკლიტე ამბობს, რომ კოსმოსი არც ღმერთთა ქმნილებაა და არც ადამიანისა, ის იყო, არის და იქნება. შესაბამისად, ის არც ღმერთის (ღმერთების) ნების გამოვლენის პროდუქტი  შეიძლებოდა ყოფილიყო,მით უმეტეს გამოირიცხებოდა   მასზე ადამიანური ძალაუფლების გავრცელება. პლატონი კიდევ უფრო მკაცრია: “უბადრუკო ადამიანო, არ იფიქრო, რომ კოსმოსი შენგანაა შექმნილი. შენ შეგიძლია არსებობა მხოლოდ იმდენად, რამდენადაც შეესაბამები სამყაროს ჰარმონიას”.

როდესაც ამბობენ , რომ ძველმა ბერძნებმა (პლატონმა განსაკუთრებით) შეამზადეს ნიადაგი ქრისტიანობისთვის, აშკარა წინააღმდეგობაა. აქ ან ბერძნული აზრის ვერ გაგებასთან გვაქვს საქმე, ან –ქრისტიანობის. გადაულახავი უფსკრული არსებობს ამ ორ სამყაროს შორის. იმას, რასაც ამ „შემზადებაში“ გულისხმობენ, სინამდვილეში მდგომარეობს შემდეგში: ანტიკური ფილოსოფია უპირველეს ყოვლისა არა მხოლოდ აზროვნების, არამედ ცხოვრების წესი იყო. ის, რომ ფილოსოფიის ნაწილებად ითვლებოდა ფიზიკა, ეთიკა და ლოგიკა, რომლის შესწავლაც ევალებოდა „სიბრძნის მიღების“ მსურველს, მხოლოდ პედაგოგიური მოთხოვნები იყო, რასაც თავად ფილოსოფიური დისკურსი მოითხოვდა. მაგრამ თავად ფილოსოფია არადიფერენცირებადი, ცხოვრებისა და აზროვნების ერთიანი  ქმედება გახლდათ. ეს ჩვენ გვესმის ფილოსოფია დღეს ფილოსოფიური დისკურსის ათვისებად.  პიერ ადო (ფრანგი ფილოსოფოსი, ანტიკური ფილოსოფიის სპეციალისტი, რომელმაც მიშელ ფოკუს გვიანდელ შემოქმედებაზე საგრძნობი გავლენა მოახდინა) ამის შესახებ ამბობს–ეს ნიშნავდა რომ მათ „უნდა ეცხოვრათ ლოგიკა, ფიზიკა და ეთიკა. ამ შემთხვევაში ლოგიკის თეორიას (რაც სწორად ლაპარაკსა და ფიქრს გულისხმობს) კი აღარ ქმნიან, არამედ სწორად ფიქრობენ და ლაპარაკობენ, (..) ზნეობრივი საქციელის თეორიას კი აღარ ქმნიან, არამედ სწორად და სამართლიანად იქცევიან.“ შესაბამისად, უკვე მე–2ს.–დან მოყოლებული ქრისტიანობა წარმოჩინდა როგორც ფილოსოფია, ჯერ კიდევ აქტიურ მეხსიერებაში იდო ის, რომ ფილოსოფია „წიგნების წერა და ჭკვიანური საუბარი“ კი არა, გონების (გონიერების, სამყაროს ჰარმონიის) კანონების მიხედვით ცხოვრებას ნიშნავს. მაშასადამე, თუ ქრისტიანი ემორჩილება ლოგოსის საღმრთო გონების კანონებს,ის ამავდროულად ფილოსოფოსია.ქრისტიანობამ ისესხა ანტიკური ფილოსოფიიდან ელემენტები, ის იძულებული იყო შეეთვისებინა იოანეს სახარების სიტყვა სტოელთა კოსმიურ ლოგოსთან და შემდეგ არისტოტელესა და პლატონის გონებასთან. თავის წიაღშივე უნდა განეხორციელებინა ფილოსოფიური წვრთნები რათა არგუმენტირებულად,არა მხოლოდ „შიშველი რწმენით“, არამედ ცოდნითაც დაპირისპირებოდა თავად ანტიკურ ფილოსოფიას, განსაკუთრებით–გნოსტიციზმთან ბრძოლაში. ეს ყოველივე კი ინტენსიურად ვითარდებოდა სამონასტრო ცხოვრებაში, სადაც ხდებოდა სტოელთა თუ პლატონიკოსთა ვარჯიშების ათვისება– მედიტაცია, კონცენტრაცია საკუთარ თავზე (prosche), სინდისის კვლევა, მზადება სიკვდილისთვის და ა.შ. ყოველივე ეს ვნებათაგან გათავისუფლებას გულისხმობდა. შუა საუკუნეებს უკვე მემკვიდრეობით ერგო მონასტრული ცხოვრება ქრისტიანულ ფილოსოფიასთან ერთად. უნივერსიტეტის აკადემიურ კედლებშიც კი, ის  თეოლოგიის მსახური იყო. ქრისტიანობა ბევრად გონიერი აღმოჩნდა იმ გაგებითაც, რომ მან გამოამჟღავნა არა მხოლოდ სწავლისა და ათვისების  დაუოკებელი უნარი, – „მტრისგან“ წართმეული იარაღით შეძლო მისივე დამარცხება, –არამედ ეს იარაღი ბერძნული სამყაროსგან განსხვავებით, ბუნების დასამორჩილებლადაც მიმართა.

ბერძნულ სამყაროში, ადამიანი მხოლოდ ჭვრეტს ბუნებას რათა მისი უცვალებლობის და მუდმივობის კანონები შეიმეცნოს, ის კანონები რომლითაც იმართება ყველაფერი, მათ შორის ქალაქები და სულები (ფსიქეა, Ψυχή – სული, სუნთქვა). ბუნება აქ ამოსავალი წერტილია ყველაფერში და ყველაფრისთვის–როგორც პოლიტიკისთვის, ისე საკუთარ თავთან მიმართებაში.ქრისტიანულში –ასეთი წინააღმდეგობა ტექნოლოგიასა და ბუნებას შორის თავიდანვე მოხსნილი იყო. მაშინ როცა ბერძნულში დაპირისპირება მთელი ძალით მოქმედებდა–თუკი ბუნება უცვალებელია, მაშ რა შედეგი შეიძლება მოყვეს ტექნოლოგიის გამოყენებას? ამიტომ პრომეთეს პასუხი ბერძენისთვის გასაგები იყო: ტექნოლოგია ყოველთვის  უძლური იქნება ვიდრე აუცილებლობა, რომლითაც შემოისაზღვრება თავად უცვალებლის ბუნება და კანონები.

სოფოკლე “ანტიგონეში”   იგივეს ადასტურებს – როცა მიწაზე გუთანი კვალს ავლებს , მიწა იხურება მისი გავლის შემდეგ, როცა გემი სერავს ზღვის ტალღებს, წყალი უწინდებურად შეერთდება. მაშასადამე, ბუნება არ არღვევს აუცილებლობის კანონებს და ტექნოლოგია ვერასდროს გადააჭარბებს ბუნებას.

პრომეთეს პასუხი სწორი იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ძველ საბერძნეთში ცუდად იყო განვითარებული ტექნოლოგიები.

 

ჰუმანიზმი

ესქილედან 2000 წლის შემდეგ, მიუხედავად რომაული არქიტექტურის და სარწყავი სისტემების არსებობისა, მაინც უმნიშვნელო ნოვაციები მოხდა ტექნოლოგიაში. მედიცინა ასევე თვლიდა, რომ წამლები თავისთავად არაფერს კურნავდნენ, ისინი მხოლოდ ბუნებას ეხმარებოდნენ ჯანმრთელობის აღდგენაში. მე–16, მე–17 საუკუნიდან კი იბადება რაღაც პრინციპულად ახალი, რასაც დღეს თანამედროვე მეცნიერების სახელით ვიცნობთ. გამოჩნდნენ ადამიანები (მაგ. ბეკონი, დეკარტი, გალილეი), რომლებიც აღარ თვლიდნენ , რომ ბერძნების მსგავსად ბუნების მხოლოდ ჭვრეტა საკმარისია. ისინი ქმედებისკენ იყვნენ მოწოდებულნი: ჰიპოთეზირება, შემდგომ ექსპერიმენტალურად შემოწმება და თუკი ექსპერიმენტი დაადასტურებდა ვარაუდს, მხოლოდ ამის შემდეგ – კანონთა სტატუსის მინიჭება. ეს დაედო საფუძვლად თანამედროვე მეცნიერებას. 2 საუკუნის შემდეგ კანტი თავის “კოპერნიკის რევოლუციაში” აღწერს ამ მოვლენას. მას მაგალითად მოყავს ორი იტალიელი– გალილეი და ტორიჩელი. კენინსბერგელ ფილოსოფოსს  ამ იტალიელებმა ასწავლეს ბუნებასთან მიმართებაში ქონოდა არა სქოლასტიკოსის, არამედ მოსამართლის პოზიცია, რომელიც აიძულებს ბრალდებულს უპასუხოს დასმულ შეკითხვებს. ბუნება  ბრალდებულის სკამზე აღმოჩნდა.

ეს მომენტი კარგად უნდა იქნას გააზრებული: ჰუმანიზმის არსს მეცნიერება წარმოადგენს და არა როგორც ხშირად შეცდომით გონიათ ხელოვნება და ლიტერატურა, რომელიც “ადამიანს შემოქმედის გვირგვინს ადგამს თავზე.” ჰუმანიზმის არსად და ბირთვად მეცნიერება იქცა. დეკარტმა სწორად აღნიშნა, მხოლოდ მეცნიერული მეთოდის ათვისებით მიეცა ადამიანს ძალაუფლება იბატონოს ბუნებაზე. ადამიანმა შეძლო შეექმნა ბუნების წაკითხვის მეთოდი და საკუთარი ჩანაფიქრის ორგანიზება. ფაქტია, რომ  მეცნიერების წყალობით დაამარცხა ადამიანმა უამრავი ბოროტება, მათ შორის, წმინდა სამედიცინო თვალსაზრისითაც.

თუმცა, აქ მხედველობაში მისაღებია შემდეგი გარემოებები: როდესაც მეცნიერებაზეა საუბარი, არ იგულისხმება “წმინდა მეცნიერება”, რომლისთვისაც ტექნოლოგიები “უბრალო მომყოლია”, “მოწყობილობა” . ტექნოლოგია თავადაა მეცნიერების საზრისი და არა მხოლოდ იმიტომ, რომ მის გარეშე შეუძლებელია რაიმე სერიოზული კვლევა–ძიების წარმოება, არამედ იმიტომაც, რომ მეცნიერება “ჭვრეტისთვის” კი არა, სამყაროს შეცვლისთვის სწავლობს ბუნებას.  მეცნიერული შეხედულება უკვე თავისთავად გულისხმობს ტექნოლოგიურ განზომილებას.  ასევე, მითის ენაზე –ზევსსა და პრომეთეს შორის  არსებული კონფლიქტი კიდევ უფრო ნაკლებად სახიფათოა , ვიდრე   რელიგიასა და მეცნიერებას შორის გათანაბრების იდეა. რელიგია(ამ შემთხვევაში ქრისტიანობა) ყოველთვის შეახსენებს მეცნიერებას, რომ არსებობს გონივრული ზღვარი, რომლის გადალახვის შემდეგ პასუხისმგებლობას უკვე ვეღარავინ აიღებს განვითარებულ მოვლენებზე. მეცნიერება კი თავის მხრივ სამართლიანად გაიხსენებს  „კვლევისა და ძიების სულის“ ღვთაებრივ წარმომავლობას და, კეისრისა და ღმერთის წილის სასაზღვრო ზოლში საღი აზრის პრინციპს მისცემს უპირატესობას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, იგი ქრისტიანული  თეოლოგიის პირმშოა და ასეთად დარჩება მაშინაც კი, როდესაც  „აღარაფერში დასჭირდება ღმერთი“. ეს კარგად უნდა იქნას გააზრებული. როგორც ჰაიდეგერი ამბობდა, მეცნიერება არ აზროვნებს, ის თავის სფეროში წყევტს პრობლემებს, მაგრამ ყველაფერზე უარს ამბობს რაც მისი სფეროს საზღვრებს გარეთაა, ის უარს ამბობს საკუთარი საფუძვლის გაცნობიერებაზე და „სწორედ ამაშია მისი წარმატების გარანტია“.

ესაა  ის მეცნიერება, რომელმაც ქრისტიანულ დასავლეთში ნამდვილად შეძლო პროგრესის შემოტანა. ამავდროულად, იგი  მთლიანადაა გაჟღენთილი  თეოლოგიური მეტაფორებით, რომლებიც „სილამაზეს“ და  “ლიტერატურულ ტროპს” არ ნიშნავს, – ქრისტიანობაა მისი დვრიტა და მაცოცხლებელი ძალა. თავად პროგრესის იდეა, რაც ჩვენთვის მეცნიერებასთან ასოცირდება , თეოლოგიიდანაა აღებული, ის წმინდა რელიგიური იდეაა. მაგალითად, როდესაც თეოლოგია დროს ყოფს წარსულად (დაცემა), აწმყოდ (გამოხსნა) და მომავლად (ზეციური იერუსალიმი), მეცნიერულ ტერმინოლოგიებში ეს აღიწერებოდა როგორც  “ბნელი წარსული, რეტროგრადობა” , თანამედროვეობა (მოდერნი, შემდგომ უკვე პოსტ–მოდერნი) და მომავალი, –როგორც პროგრესული საზოგადოების ბედნიერი სამყარო. ბეკონს “ახალ ორგანონში” მეცნიერების თეოლოგიური საფუძვლები მოყავს და წერს: “მეცნიერებას შეაქვს თავისი ღვაწლი ადამიანის გამოსყიდვაში.” თავდაპირველი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანი ტექნიკის დაუფლებით იღებს ცოდვით დაცემამდელი ადამის თვისებებს და ამის წყალობით, –უკვე ცოდვით მოგვრილი ტანჯვის შემსუბუქებას. ტანჯვა კი უკავშირდება ტკივილს, სტრესს, შრომას და რა თქმა უნდა სიკვდილს. მეცნიერება კი, უფრო სწორად, ტექნო–მეცნიერება ამცირებს შრომის სიმძიმესა და ტკივილების სისასტიკეს–  ამ ქრისტიანული თეოლოგიური შეხედულების ბაზაზე დაფუძნდა პროგრესის იდეა.

ბუნებრივია, პრობლემა გაუქმებით არასდროს  წყდება. მით უმეტეს დღეს არავის, ფანატიკოსების გარდა  აზრად არ მოუვა ან მეცნიერების ან რელიგიის “გაუქმებით“ პრობლემათა გადაწყვეტა. მიზეზები მუდამ  გაცილებით ღრმაა და უწინარესად, ადამიანის ფსიქიკურ მზაობასთანაა კავშირში. მაშასადამე უნდა გაეცეს პასუხი კითხვას , სად გადის გონივრული ზღვარი და საერთოდ, არის კი  ადამიანი მართლაც წინდახედული ? ან, 21 საუკუნეში მაინც იქნება კი ყველასთვის ხელმისაწვდომი ყველა ტექნოლოგიური სიკეთე როგორც ადამიანებისთვის, ასევე ქვეყნებისთვის ? ხოლო თუ არა, ვინ დაადგენს   „გადასახადს“ ? ან სულაც, ვინ იღებს პასუხისმგებლობას რომ ეჭვმიუტანელ სიკეთესთან გვაქვს საქმე (რა არის „სიკეთე“, როგორ გავიგოთ „პასუხისმელობა“), თუ კვლავ სიკეთის სახელით მოტანილი კიდევ ერთი ახალი სისასტიკე შემოდის გლობალური კაპიტალიზმის ისედაც დაუნდობელ სამყაროში?

 

ტექნოლოგიური კაპიტალიზმის სათავეებთან

უკვე 1600 წლიდან იწყება ტექნოლოგიური სასწაულების წარმოდგენა უტოპიურ ნაწარმოებებში – ფრენსის ბეკონის “ახალი ატლანტიდა” , თომას მორის “უტოპიები” და ტომაზო კამპანელას “მზის ქალაქი”. ყველა ესენი ფანტასტიკური პროექტები გახლდათ, რამდენადაც ტექნოლოგიების გამოყენება ადამიანს ჯერ არ ქონდა დაწყებული.

200 წლის შემდეგ ჰეგელი “მეცნიერების ლოგიკაში” კაცობრიობას ტექნოლოგიის ერის დადგომას აუწყებს და შემოიტანს ორ მტკიცებას. პირველი, რომ მომავალში კეთილდღეობა განსაზღვრული იქნება არა მხოლოდ საქონლის ფლობით, არამედ წარმოების ინსტრუმენტალიებითაც, რამდენადაც საქონელი შეძენადია, ხოლო ინსტრუმენტები განაგრძობენ ახალ საქონელწარმოებას. თუ გავითვალისწინებთ, რომ ჰეგელამდე 40 წლით ადრე ადამ სმიტმა თავის ცნობილ “ნაციის კეთილდღეობის” ტრაქტატში მხოლოდ საქონლის ფლობა დაასახელა კეთილდღეობის ერთადერთ ფუნდამენტურ საზომად, ჰეგელის აზრი იმ დროისთვის რევოლუციური იყო.

მეორე მტკიცება ეხებოდა რაოდენობის ხარისხში გადასვლის საკითხს და მოყავდა ასეთი მარტივი მაგალითი,– თუ თმის ერთი ან რამდენიმე ღერი ჩამოგივარდებათ, ამას ვერ შეამჩნევთ, მაგრამ თუ მასიურად გაგცვივდებათ, მაშინ გამელოტდებითო. ანუ რაოდენობის მექანიკური ზრდა ბუნებრივად გამოიწვევდა ხარისხობრივ ცვლილებას. მაგრამ აქ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ხარისხი არსებობს როგორც „+“ , ისე „–„ ნიშნით.

მარქსმა ჰეგელის თეორემა ეკონომიკაში გადაიტანა და აჩვენა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყველა ვფიქრობთ ფულზე, როგორც მიზნის მიღწევის საშუალებაზე, დგება მომენტი, როცა ფულის რაოდენობრივი ზრდა იქცევა უნივერსალურ საშუალებად ნებისმიერი საჭიროებისა და მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის, ასევე ნებისმიერი საქონელწარმოებისთვის და სწორედ მაშინ ფული საშუალებიდან მიზნის ფოკუსში ინაცვლებს, იმ შემთხვევაშიც კი, თუკი გვჯერა რომ ფული “მხოლოდ საშუალებაა და სხვა არაფერი.”

საინტერესოა, რომ მარქსის ეს არგუმენტი ძალიან კარგად მუშაობს ტექნოლოგიებთან მიმართებითაც  და  გვერდითი ეფექტების საშიშროებას აღწერს.  თუკი ტექნოლოგია ნებისმიერი მიზნისთვის გახდება უნივერსალური საშუალება, მაშინ თავად ტექნოლოგია იქცევა საბოლოო მიზნად, რომლის მისაღწევადაც ყველა სხვა მიზანი ხდება საშუალება.

1960–იან წლებში ტექნოლოგიურად საბჭოეთი ამერიკას არ ჩამოუვარდებოდა. მაშინ საერთოდ წარმოუდგენელი იყო ფიქრი მის დაშლაზე. ხშირად ამბობენ, რომ საბჭოთა კავშირი „ჰუმანიტარულმა პრობლემებმა“ დაანგრია–მოსახლეობის მატერიალური ცხოვრების დაბალი ხარისხი და პოლიტიკური  თავისუფლების არქონა. ეს ძალიან ზედაპირული წარმოდგენებია.   1980–იანი წლებიდან, როგორც კი ამერიკული ტექნოლოგია გაცილებით წინ წავიდა და ბევრად გადაუსწრო წითელ ვეშაპს, ამ დროიდან გახდა რეალური საბჭოთა კავშირის დაშლა.  ემანუილ სევერინო (იტალიელი ფილოსოფოსი) “კაპიტალიზმის დაცემა”–ში წერს, თუკი კომუნიზმის მიზანი შესაძლებელია განხორციელდეს ტექნოლოგიების საშუალებით, მაშინ ტექნოლოგიის გარეშე კომუნიზმს უბრალოდ ეცლება საფუძველი. ამიტომ, თუკი მართლაც ტექნოლოგიები ყველანაირი მიზნის მიღწევის უნივერსალურ საშუალებად იქცევიან, შედეგად როგორც კომუნიზმის, ისე გლობალური კაპიტალიზმის შემთხვევაში, ის გახდება ერთადერთი მყარი ფუნდამენტი, რომელზედაც დაშენდება მომავალი საზოგადოება.

 

მეფე შიშველია

ზოგადად, პოლიტიკა პლატონის შემოქმედებად  და ამდენად, გაცილებით ახალგაზრდად ითვლება. მანამდე საუბარია მხოლოდ ტირანიაზე. ჯაკომო მარამაომ (იტალიელი ფილოსოფოსი) წიგნში “ლევიათანის შემდეგ”  ის (თანამედროვე პოლიტიკა) შეადარა მონარქს, რომელიც მხოლოდ წარდგენების, აფექტების ორგანიზაციის, კრებების, იდენტობისა და სოციალური კუთვნილებისთვისღა დარჩა სასარგებლო. მაგრამ სრულიად უმწეო და არაფექტურია რეალური გადაწყვეტილებების მისაღებად. ასეთი მდგომარეობის მიზეზად სახელდება ის ფაქტი, რომ პოლიტიკა დიდი ხანია ეკონომიკით ხელმძღვანელობს თავის გადაწყვეტილებებში, ხოლო ეკონომიკა თავის მხრივ ინვესტირებას ტექნოლოგიური რესურსების ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით ახდენს.

დღეს მსოფლიოს ყველა “ჭკვიანი თავი”  უკვე ხმამაღლა საუბრობს, რომ პოლიტიკა აღარაა ის სივრცე, სადაც გადაწყვეტილებების მიღებაა შესაძლებელი, ის მხოლოდ რეპრეზენტირებს ამ გადაწყვეტილებათა შესახებ და ასევე ღია ტექსტით ამბობენ–ისე როგორც არასდროს,  მსოფლიო უაღრესად სახიფათო მდგომარეობაში იმყოფება, რადგან ტექნოლოგიამ იცის მხოლოდ ის, როგორ აწარმოოს, მაგრამ არ იცის რატომ უნდა აწარმოოს და ღირს კი საერთოდ ეს წარმოება?

დღეს მთლიანად ამოტრიალებულია სიტუაცია–ტექნოლოგია თავად მართავს პოლიტიკას. ტექნოლოგიები უკვე აღარ დაუშვებენ ძველი ტიპის ძალაუფლებას რადგან ის ამ ძალაუფლებას გადასცემს მხოლოდ მას, ვინც უკვე ამ აპარატის შიგნითაა. მაგალითად, საკმარისია სულ რამდენიმე დისპეტჩერის გაფიცვა, რომ საჰაერო მოძრაობის ბლოკირება მოხდეს; მაშინ როცა ტრადიციული სქემით გაფიცვისთვის იგივე მუშათა   80–90% სჭირდებოდა აქციას სასურველი შედეგის დადგომისთვის.

შესაბამისად,  ვეჯახებით პრობლემებს, რომლებიც ჩვენთვის პრინციპულად უცნობია. თავად ტექნოლოგია მოითხოვს ყველა ნაწილის ზუსტ კოორდინაციას და ეფექტურ ფუნქციონირებას, აპარატის მცირე უბანზე წყვეტაც კი საკმარისია მთელი მოქმედების ბლოკირებისთვის. ამდენად, ტექნოლოგიური რევოლუციური ერა ძალაუფლებით აჯილდოებს მხოლოდ ყურმოჭრილ მონას, რომლზეც ამერიკელები ამბობენ: ” ძალაუფლება აქვს მხოლოდ იმისთვის, რომ აკეთოს … არაფერი”. ტექნოლოგიურ საუკუნეში პოლიტიკის ფუნქცია მაღალი ხარისხით უფრო გამაშუალებლის ფუნქციაა, ვიდრე გადაწყვეტილებების მიღების ხელოვნება, რადგან ეს უკანასკნელი უკვე შეუთავსებელია ფუნქციონალობასთან.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მტკიცედ გვჯერა დემოკრატიის, ტექნოლოგიური ერის დადგომა ჩვენი სიმპათიების მიუხედავად,სწორედ დემოკრატიული სისტემის სიკვდილს მოასწავებს .ის უკვე წარსულია. მეოთხე ციფრული რევოლუცია და კიბერ–ფიზიკური სივრცეები შეგვაჯახებს ისეთი ტიპის პრობლემებს, რომელთა არათუ გადასაწყვეტად, გასააზრებლადაც კი არ გვეყოფა კომპეტენცია. ერთადერთი “ანთროპოლოგიური ჯიში”, ვისაც გააჩნია ასეთი მაღალი კომპეტენტურობა მსგავს შემთხვევებში  ისევ მეცნიერები არიან, განსაკუთრებით ბირთვული ფიზიკის, გენეტიკის, ნეირომეცნიერების, ფსიქიკის  და მოლეკულური ბიოლოგიის დარგში. მათ მართლაც შეუძლიათ რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება არსებულ, ჩვენთვის უცნობ პრობლემურ  ვითარებაში. ჩვენ ვცხოვრობთ დროში, რომელსაც ბერძნები Kairos-ს– „ღმერთების მეტამორფოზას“ უწოდებდნენ. ესაა ძირითადი სიმბოლოების და პრინციპების ისტორიული ცვლილების მომენტი. ასეთი დროის მახასიათებლად მიჩნეულია არქეტიპებთან ფატალური იდენტიფიკაციები, რაც აუცილებლობის წესით იწვევს ფსიქიკის და შესაბამისად, ცნობიერების მსხვერპლად შეწირვას. სუბიექტისთვის ფსიქოზი და ფსიქოპათიური შეტევები ხდება ბუნებრივი. სოციუმი სტრუქტურულად ხდება დეზორიენტირებული. ამიტომ სულ უფრო სახიფათო სახეს იღებს  თანამედროვე სოფისტთა სუგესტიური ზემოქმედების ბანგის ქვეშ „ძილის“ ფაზები.

ისევ პლატონი რომ გავიხსენოთ, თავისი 35 დიალოგიდან 10 რიტორთა და სოფისტთა მხრიდან წამოსულ საშიშროებას მიუძღვნა, რომლებიც კონსესუსს აღწევენ არა რაციონალურ არგუმენტაციებზე დაყრდნობით , მათი გაუმჯობესებით ან კომპეტენტურობის ამაღლებით, არამედ აფექტურობის წყალობით, საკუთარი პარალოგიზმების ბრწყინვალებით მოხიბლულნი „დიად ავტორიტეტთა“  მოხმობით, აპელაციებით და ემოციებზე თამაშით.  ის ენის მისტიფიკატორებს უწოდებს მათ და  ამბობს,  დემოკრატია არ დაიბადება მანამ სანამ ასეთები იქნებიან, ამიტომ ქალაქიდან გაძევებას მოითხოვს.

ეს კარგი მაგალითია არა დემოკრატიის „საშობაო პირობების“ საილუსტრაციოდ, არამედ იმისთვის, რათა წარმოვიდგონოთ „ენის“ შესაძლებლობების მასშტაბი.

 

გვჭირდება თუ არა მორალი

ტექნოლოგიურ ერაში განსაკუთრებით მწვავედ ეთიკასთან დაკავშირებული საკითხები იჩენს თავს. ამიტომ შეუძლებელია მორალის თემას ავცდეთ. მაგრამ რა უნდა მივიჩნიოთ 21–ე საუკუნეში მორალურად? ან, რა ტიპის მორალს შეუძლია გლობალური კაპიტალიზმის პირობებში ტექნოლოგიებს  დაუპირისპირდეს და წინააღმდეგობა გაუწიოს მის შესაძლო ტირანიას? რას შეიძლება დაეყრდნოს ადამიანი, რომელიც არასკმარისად კომპეტენტურია ახალ პრობლემათა პირისპირ როცა  არც იმის ფუფუნებაა ველოდოთ „სინდისიერ მეცნიერთა“ მიღებულ გადაწყვეტილებებს. ყოველდღიურობა უკვე გვაყენებს საკმაოდ მძიმე არჩევანის უსიამოვნო მდგომარეობებში.

ქრისტიანული დასავლეთი სულ სამი ტიპის მორალს იცნობს: ქრისტიანულს, საეროს და პირად პასუხისმგებლობას.

ქრისტიანულ მორალს ევროპულ კანონთა სისტემა ეყრდნობა და მას სამართლიანად მოიხსენებენ  სახელოვანი ისტორიის მქონედ . სხვანაირად , ის  „განზრახვის მორალია” (დასკვნის გამოტანისას მუდამ მიიღება მხედველობაში განზარხვა. მაგ., მკვლელობის ჩადენისას აუცილებლად უნდა განისაზღვროს ქმედება წინასწარგანსაზღვრული იყო თუ “შემოაკვდა”).  ნებისმიერ შემთხვევაში , განზრახვის კატეგორიაზე ხდება მისი ბაზირება.

მაგრამ უნდა ითქვას , რომ სწორედ მეოთხე ტექნოლოგიური რევოლუციის შედეგად ის თანდათან სულ უფრო კარგავს ძალას. ეს არ ნიშნავს მის ხელაღებით უარყოფას, განსაკუთრებით ჩვენნაირი ქვეყნებისთვის და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც „დასავლურ ქრისტიანულ მორალსა“ და „აღმოსავლურ ქრისტიანულ მორალს“ შორის განსხვავებზე დაუსრულებელი საუბარი დღეს  პოპულიზმის მავნე ჩვევადაა ქცეული. ფრანგი ფილოსოფოსი რემი ბრაგი თავის წიგნში „ევროპა–რომაული გზა“ წერს: „ქრისტიანული დასავლეთი ქრისტიანულ აღმოსავლეთს თავიდან გარეგანი, ენათა და კულტურათა განსხვავებულობის გამო დასცილდა. შემდგომ ეს განცალკევება კომუნიკაციის სიძნელემაც გააღრმავა–ამ ფაქტორთა გაცნობიერება ადრევე მოხდა. მაგრამ დასავლური იმპერიის აღდგენის კარლოს დიდისა და პაპთა გადაწყვეტილებას შინაგანი მოტივაცია ჰქონდა, რომელიც გარკვეულწილად ბიზანტიის იმპერიის გადასწრების სურვილით იყო ჩაგონებული.“

თუ შედეგებით ვიმსჯელებთ და სწორედ ამ ტიპის მორალს დავეყრდნობით, საერთოდ კატასტროფულ სურათს ვიღებთ. აღმოჩნდება, რომ ძალიან ცოტას, ან სულაც არაფერს ნიშნავს განზრახვა, რადგან ვისი წყალობითაც დადგა კატასტროფული შედეგები ძირითადად, უაღრესად წესიერი ადამიანები იყვნენ. მაგალითად, ატომური ბომბის შემთხვევაში ენრიკო ფერმის და მისი კოლეგების განზრახვა  არაფრით  უკავშირდება ბომბის გამოყენების სავალალო შედეგებს. ხოლო თუ მაინც მოვინდომებთ კორელაციის დადგენას, მივალთ იმ „ლოგიკურ დასკვნამდე“ , რომ სრული უსაფრთხოებისთვის უმჯობესია  მოვითხოვოთ მეცნიერული საქმიანობის აკრძალვა და გამოქვაბულში თუ არა, კარგად მოწყობილ ბუნკერში მაინც დავემალოთ გარდაცვალებას.

შემდეგი, ესაა საერო მორალი, რომელსც კანტმა თავის დროზე ასეთი ფორმულირება მისცა: ” ადამიანს უნდა მოეპყრო არა როგორც მიზანს, არამედ როგორც საშუალებას.” პრინციპში, ესეც განზარხვის მორალის კატეგორიაა, მაგრამ  ერთი, რომ შეუძლებელია ბოლომდე იქნას გაგებული და რეალიზებული ასეთი მორალი და ამასთან (მაშინ), უნდა გაეცეს კითხვებს პასუხი: რას ნიშნავს ადამიანი ჩათვალო ან საშუალებად ან მიზნად? და , ნიშნავს თუ არა ეს რომ სხვა ყველაფერი ჩაითვალოს მიზნად ან საშუალებად (შესაბამისად)?  ასევე, მაგალითად ფლორა ან ფაუნა (ბუნება, რესურსები), მიზნად ჩავთვალოთ თუ საშუალებად?  ქალაქებში ცხოვრება მიზანია თუ საშუალება? წარმატების მიღწევა მიზანია თუ საშუალება და ა.შ. და ა.შ.

ფაქტია, რომ ვერც ქრისტიანულმა და ვერც საერო მორალმა ვერ ააცილა კაცობრიობას ის სამწუხარო შედეგები, რაც გასულ საუკუნეში დადგა და არც ჩვენი ჩამორჩება სტარტით თუ ვიმსჯელებთ . ამისთვის  ეკოლოგიური პრობლემების დასახელებაც საკმარისია. ვერც ერთმა ამ ორიდან დროის გამოცდას ვერ გაუძლო.

საინტერესოა, რომ ჯერ კიდევ 1910 წელს მაქვს ვებერმა თეორიულად “გამოიყვანა” სხვა ტიპის მორალიც, რომელსაც პასუხისმგებლობის მორალი ეწოდა. ვებერმა ამოაბრუნა “განზრახვის მორალი” და თქვა, რომ მხედველობაში მიღებული უნდა იქნას შესაძლო შედეგებიც, მაგრამ დააყოლა–თუმცა, შედეგის გათვლა შეუძლებელია. ამ იდეას 1980 წელს მიუბრუნდა ჰაიდეგერის და ჰუსერლის მოწაფე ჰანს იონასი („პასუხისმგებლობის  პრინციპი. ეთიკის გამოცდილება ტექნოლოგიური ცივილიზაციებისთვის“ ).

სამწუხაროდ, ტექნოლოგიების არსებით მახასიათებელად ითვლება სწორედ ის, რომ მისი შედეგები განუზღვრელობათა რიგს მიეკუთვნება.

მაგრამ საბედნიეროდ, ჯერ მაინც არ მივსულვართ იმ tipping point-ამდე, როცა „სუბიექტი“ ეკრანიდან მთლიანად და სამუდამოდ გამქრალია.

 

რა მოიტანა პირადი პასუხისმგებლობებიდან გაქცევამ

ტექნოლოგიური ერის დასაწყისად მეორე მსოფლიო ომის და შემდგომი პერიოდია მიჩნეული (აქტიურად განვითარება მე–19 ს.–დან იწყება).  მიუხედავად ამისა, სწორედ მეორე მსოფლიო ომის დროიდან უპრეცენდენტო ცვლილება და გარდატეხა ხდება ადამიანის ფსიქიკაში, მომხმარებლური  ტიპის აზროვნება ხდება დომინანტი და პარადიგმული ტექნიკის საკუნეში.

გიუნთერ ანდერსი, გერმანელი ფილოსოფოსი, რომელმაც ნაცისტური რეჟიმისგან ამერიკას შეაფარა თავი, წერდა :  ჰაიდეგერისგან მე ვისწავლე ის, რომ ადამიანი ყოფიერების მწყემსია (მოძღვარია), მაგრამ დღეს მეჩვენება, რომ ის “მანქანათა მწყემსი”უფროა. მანქანის, რომელიც გონებრივად ისეა აღჭურვილი, რომ ჩემსას (გონებას) აღემატება. ასე რომ მე “პრომეთესეულ სირცხვილს” ვგრძნობ, როცა მანქანების მუშაობას ვუყურებ.”

ანდერსს მიაჩნდა, რომ ნაცისტურმა რეჟიმმა ბევრად რადიკალური და ტრაგიკული გადატრიალება მოახდინა ფსიქიკაზე და შესაბამისად, –მენტალობაზე, ვიდრე 6 მილიონი ებრაელის განადგურება იყო.  მას მხედველობაში ქონდა  გარდამავალი პერიოდი “ქმედებიდან კეთებაზე” რაც გულისხმობდა გარკვეულ ქმედებათა მარტივ თანმიმდევრობათა სისრულეში მოყვანას  „ჩვეულებრივი მიზნების შესაბამისად”, მაგრამ ეს „კეთება–ქმედება“ შემოისაზღვრება კონკრეტული ლოკალური ამოცანების შესრულებით,–სუბიექტი არ ინტერესდება  საბოლოოდ ვის მიზანს ემსახურება,  თუმცა რომც იცოდეს, მას ეხსნება პასუხისმგებლობა, რადგან პირადი პასუხისმგებლობის ზონა მხოლოდ “თითზე ღილაკის დაჭერით” შემოიფარგლება.

ნიურნბერგის პროცესზე, როცა გენერლებს უსვამდნენ პასუხისმებლობის შესახებ კითხვებს, ისინი თავდაჯერებით ,ამაყად პასუხობდნენ: “მე უბრალოდ ვასრულებდი ბრძანებას.” სწორედ ანდერსმა უწოდა ნაციზმს “პროვინციული თეატრი” . მისი აზრით  ნაცისტებმა ჩაატარეს მსოფლიო რეპეტიცია  ტექნოლოგიური საუკუნის შესაძლო ეფექტებზე დასაკვირვებლად, როდესაც “მოქმედებიდან” გადასვლა მოხდა “კეთებაზე”. საკუთარი პასუხისმგებლობა კი მარტივად იქნა დაყვანილი “უბრალო ამოცანის” შემსრულებლის როლზე– იგი ამას  “წმინდა კეთებას“ უწოდებს. ხოლო როდესაც გერმანელ–უნგრული წარმოშობის ინგლისელმა მწერალმა და ჟურნალისტმა ქალმა, გიტა სერენიმ ფრანც სტანგლთან ინტერვიუში (სტანგლი ცნობილი ტრებლინკის ბანაკებს ლიდერობდა, ეს იყო ოკუპირებულ პოლონეთში სოფელ ტრემბლინკთან განლაგებული ორი ბანაკი. მსხვერპლშეწირვით აუშვიცს უთმობდა პირველ ადგილს) მას ასეთი კითხვა დაუსვა: როგორ კლავდა  ერთ დღეში 5000 ადამიანს და რას განიცდიდა ამ დროს, სტანგლმა ვერც კი გააცნობიერა კითხვის სერიოზულობა (ფონის უგრძნობლობა–დაბალი EQ) და მონოტონური ტონით განაგრძო,რომ ყოველდღიურად ბანაკში 3000 ადამიანი შედიოდა, ამიტომ აუცილებელი იყო ადგილების გამოთავისუფლება რადგან დანარჩენი 2000–ის მიღებაც შესაძლებელი ყოფილიყო. თვითონ კი „უბრალოდ ასრულებდა სამუშაოს“.

საინტერესოა პოლ ტიბეტსთან  დაკავშირებული  ფაქტიც (პილოტი, რომელმაც ჩააგდო ბომბი ჰიროსიმაში). უკვე მოგვიანებით, როდესაც მას ანდერსის 60 გვერდიანი წერილი შეახსენეს  (მან უპასუხოდ დატოვა მაშინ გიუნთერ ანდერსი, რომელიც  ცდილობდა გაერკვია საიდან ეყო პილოტს ძალა და მოტივაცია გაენადგურებინა სრულიად უცნობი ადამიანები, ის ხომ ცხადად ხედავდა შედეგსაც)   და  კითხეს: რას იტყოდა ანდერსის მისამართით,უპასუხა: „ეს ჩემი სამუშაო იყო“.  პოლ ტიბეტსი თავს ბოლომდე კარგ პილოტად თვლიდა, რადგან იცოდა როდის და რომელი ღილაკისთვის  დაეჭირა თითი (ფონის უგრძნობლობა–დაბალი EQ). ლოკალური ტექნიკური კომპეტენტურობა–სულ ეს იყო  საჭირო „წარმატებისთვის“.

სწორედ სიტყვა “სამუშაო”, რომელიც დღემდე მხოლოდ პოზიტიური კონოტაციით გვესმის, ტექნოლოგოიურ ერაში საკმაოდ საშიშ იერს იძენს, რადგან   ბრძანების შესრულებით ამოიწურება მისი პასუხისმგებლობა და „წარმატების საიდუმლო“.

ამდენად, დგება ძალიან რთული ტიპის კითხვების კასკადი. მაგალითად, რა დავარქვათ ადამიანებს, რომლებიც (ჰიპოთეტურად)  ასაფეთქებელი მოწყობილობების ქარხანაში მუშაობენ: მუშები, შემსრულებლები, ამორალურები თუ გაჭირვებულები?

ეს მხოლოდ ერთ–ერთია იმ უამრავი პასუხგაუცემელი კითხვიდან, რომლის პირისპირ უკვე  დღეს ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს.

 

რაზე საუბრობს დღეს ფსიქოანალიზი

ჯერ კიდევ ჰუსერლმა ტემპორალური ობიექტის თეორიაში „კვალის“ პრინციპულად მნიშვნელოვანი გაგება – რეტენცია შემოიტანა (retentio-ლათ. დამაგრება, დაჭერა, დაფიქსირება, შეყოვნება, შეჩერება, შენახვა). პირველადი რეტენცია ამწამიერის (რომელიც არის და უკვე აღარაა) „დაჭერას“ გულისხმობს აწმყოში. ეს რეტენცია თვითონვე ფორმულირდება დროის გა(და)სვლით. გადასვლის მომენტშივე წარმოიშვება მეორადი რეტენცია, რომელიც „მოგონებას, ხსოვნას“ ამ ფაქტის შესახებ ანიჭებს კონსტიტუციურ ძალას. მაგრამ აღმოჩნდა, რომ არსებობს მესამეული რეტენციაც, რომელიც ადამიანის (სუბიექტის) დროსთან დამოკიდებულებას გარდაქმნის. სწორედ ეს მესამეული რეტენციები ახდენენ  „კვალის“–მეორეული რეტენციის მნემოტექნიკურ ექსტერიორიზაციას.

გასულ საუკუნეში მასობრივი საინფორმაციო საშუალებების გამოჩენა სხვა არაფერი იყო, თუ არა რეტენციონალური ტექნოლოგიები. აღმოჩნდა, რომ მათი დახმარებით სავსებით შესაძლებელია ცნობიერების კომერციალიზაცია. ის ნელ–ნელა გახდა ბაზრისთვის შეუცვლელი საშუალება თავად ბაზრის უწყვეტი ფუნქციონირებისთვის. მაგრამ სრულიად წარმოუდგენელი მასშტაბები გახსნა რეტენციონალურ ტექნოლოგიებზე კონტროლმა. ასეთი კონტროლის დამსახურებით, თუკი „ბაზარი მოითხოვს“, სავსებით რეალურია იდენტურობის დაკარგვა ანუ განსხვავების წაშლა და ერთგვაროვნების პოლიტიკა.

ფსიქოანალიზის ენაზე ეს ნიშნავს, რომ მნემოტექნიკის აბსოლუტური კონტროლი ტექნოლოგიურ ტოტალიტარიზმს დაამკვიდრებს. ეს კი სხვა არაფერია თუ არა სუბიექტის გაქრობა.

 

 

 

გრამატიზაცია

ფრანგულ ფიოლოსოფიურ კოლეჯში მუშაობისას დერიდას ერთერთი პირველი პროგრამა გრამატოლოგიის საკითხს ეხებოდა. მისი მოწაფე და კოლეგა (ზემოთ ნახსენები) ბერნარ სტიგლერის „გრამატიზაცია“ სწორედ ამ თემის გაგრძელებაა.

გრამატიზაცია, ესაა ტექნიკური მეხსიერების, „წერილის“ ისტორია. ფროიდის „ჯადოსნური ბლოკნოტი“ არც მხოლოდ მეხსიერების მეტაფორაა და არც მხოლოდ თეორია. ეს ამავდროულად გახლავთ „არქივის თეორია“. არქივი კი ერთნაირად ღიაა განადგურების შესაძლებლობებისა და ნებისმიერი პოლიტიკისთვის. ე.ი. ის ექვემდებარება ჰიპომნეზისის ლოგიკას. სხვა სიტყვებით–ექვემდებარება დიფერენციაციასა და გრამატიზაციას. სტიგლერი მას „ნეოლოთის ხანიდან დღევანდელ დღემდე მესამეული რეტენციის ევოლუციას“ უწოდებს. კაცობრიობის (ადამიანის) ისტორია, როგორც აღმოჩნდა, სურვილებისა და სუბლიმაციებისგან დამოუკიდებლად, მისგან გახლეჩვით ვერ ცოცხლობს.

დღეს ჩვენ მივედით ისტორიის იმ ზღურბლთან, რომელიც დეისტორიზაციას ნიშნავს. ეს ასევე ნიშნავს სურვილებისა და სუბლიმაციების განადგურების ალბათობას. მიუხედავად იმისა, რომ  ტექნოლოგიურმა განზომილებამ აქცია ადამიანი ადამიანად და ასევე პოლიტიკურ არსებადაც, ამჯერად უკვე პოლიტიკის წყალობით (რომელიც ეკონომიკური მინოტავრის  მსვერპლი გახდა და თავადაა ტექნოლოგიებზე ჟანგბადის აპარატით  მიერთებული) შეიძლება ადამიანს წაართვას პრომეთეს საჩუქარი და ასე მოგვევლინოს ხარბი ზევსის ტახტზე. ის არ იქნება ქრისტე. ის ისევ „ის ძველი, ღიპიანი იუპიტერი“ იქნება.

ბედის ირონიაა, რომ მომხმარებლური კაპიტალიზმის სათავეებთან ფროიდის ნათესავი, ედუარდ ბერნეისი დგას. სწორედ მისი მიგნება იყო  –„მარკეტინგი, როგორც ფანტაზმების ტექნოლოგია“. ბერნეისმა გულდასმით შეისწავლა ბიძამისის შრომები და ამერიკული ინდუსტრიული პოლიტიკის კონფიგურაცია მთლიანად ლიბიდო–ეკონომიკაზე გადაიყვანა. საბოლოო ჯამში 21–ე  ს.–ის ადიქტიური კაპიტალიზმის ფსიქოძალაუფლება  გასული საუკუნის  (ფუკოსეულ) ბიოძალაუფლებაზე გაცილებით საშიში და მასშტაბურია.

 

უსათაურო

ერთ–ერთი პირველი, ვინც ტექნოლოგიის ბუნების ნეგატიურ მხარეს ჩაწვდა სწორედ ჰაიდეგერი იყო . ომის დამთავრებიდან 14 წლის თავზე ის წერდა: ” რაც რეალურად მაშფოთებს ისაა, რომ ტექნოლოგიამ დაიპყრო მსოფლიო და შეცვალა იგი. ამაზე მეტად მაწუხებს ის, რომ ადამიანი არ აღმოჩნდა მზად მსოფლიოს ასეთი რადიკალური ცვლილებისთვის. და კიდევ უფრო მეტად ვწუხვარ იმის გამო, რომ ჩვენ ჯერ კიდევ უძლურნი ვართ აზრის მეშვეობით ადეკვატური კონფრონტაციისთვის იმასთან, რაც რეალურად იბადება მსოფლიოში.”

ამასთან დაკავშირებით უმბერტო გალიმბერტი (კულტურული ანთროპოლოგი, იუნგიანელი ანალიტიკოსი)ამბობს: “აღარაა საკმარისი ის არგუმენტი, რომ ტექნოლოგიებთან  მარტივი პოზიცია გვეჭიროს,– “კარგია ან ცუდი, გააჩნია რა დოზით გამოვიყენებთ”. ჩათში საუბარიც კი ცვლის ჩვენი ურთიერთობების  მოდალობას რადგან უზარმაზარი განსხვავებაა ცოცხალ და ვირტუალურ ურთიერთობებს შორის. უნდა გავაცნობიეროთ, რომ ტექნოლოგია უკვე აღარაა საშუალება რომელიც ადამიანის განკარგულებაშია, არამედ ისაა გარემო, რომელშიც იმყოფება ადამიანი და აქეთ ცვლის მის ფსიქიკას. ტექნოლოგია– ეს სრულიად ახალი მოვლენაა და სავსებით შესაძლებელია მან შეუქცევად ისტორიულ პროცესში გადაგვიყვანოს. ამიტომ აქტუალურია არა ის კითხვა, თუ რა ვუყოთ ტექნოლოგიებს, არამედ პირიქით–რას გვიშვრება ტექნოლოგიები ჩვენ.”

—————————————————————————————————————————–

წინ გამოდი: ჩვენ გაგვიგია რომ შენ კარგი ადამიანი ხარ, შენ ვერ მოგისყიდიან, მაგრამ ვერც ელვას მოისყიდიან, რომელიც შენს სახლს დაეცემა. შენ ყოველთვის შენს ნათქვამზე დგახარ. მაგრამ რას წარმოადგენს ეს ნათქვამი?

შენ პატიოსანი ხარ, ამბობ შენს აზრს.. რომელ აზრს?

შენ მამაცი ხარ.

ვისთვის?

შენ არ ზრუნავ საკუთარ პირად სარგებელზე.

მაშ ვის სარგებელზე ზრუნავ?

შენ კარგი მეგობარი ხარ?

ხარ კი ამავდროულად კარგი ადამიანების კარგი მეგობარი?

გაიგე ჩვენი:

შენ ჩვენი მტერი ხარ.

ამიტომ

ჩვენ ახლა კედელთან დაგაყენებთ , მაგრამ გავითვალისწინებთ რა შენს დამსახურებებს და დადებით თვისებებს,

ჩვენ კარგ კედელთან დაგაყენებთ და დაგხვრეტთ კარგი ტყვიებით კარგი იარაღიდან და დაგმარხავთ კარგი ნიჩბით კარგ მიწაში.

/ბერტოლდ ბრეხტი “სიკეთის დაკითხვა”/

 

 

სიკეთის დასაკითხად კი  „უბრალოდ“ იკითხეთ „ხვალის ქრონიკები“.

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

(lituraterra– ლაკანის ტერმინი იმის აღსანიშნავად,რომ ფსიქოანალიზს პირველ რიგში სიტყვასთან აქვს საქმე)

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ