„მოგიყვანეთ აყვავებულ მიწაზე, რომ მისი ნაყოფი და დოვლათი გეჭამათ. მოხვედით და შებღალეთ ჩემი მიწა, და ჩემი სამკვიდრო სიბილწედ აქციეთ.“
– იერემია 2:7
სტატიის დაწერის ინსპირაცია გახდა ცნობილი კანადელი გარემოსდამცველისა და ჟურნალისტის, ნაომი კლაინის წიგნი – ეს ყველაფერს ცვლის: კაპიტალიზმი კლიმატის წინააღმდეგ. ავტორი წიგნის ერთ-ერთ თავში – ცხელი ფული: როგორ შეუწყო ხელი თავისუფალმა საბაზრო ფუნდამენტალიზმმა პლანეტის გადახურებას – აღწერს იმ უმძიმეს შედეგებს, რაც ნეოლიბერალურმა ეკონომიკურმა მოდელმა მოუტანა გლობალურ ბუნებრივ გარემოს. ის ახსენებს ტერმინს „იდეოლოგიური კედელი,“ რომელიც წინ ეღობება დედამიწის ყველა მცდელობას, გაუმკლავდეს ისეთ პრობლემებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, გარემოს დაბინძურება, თავზეხელაღებული სამომხმარებლო ცხოვრების წესის გაფეტიშება და სხვ. „იდეოლოგიური კედელი“ შედგება სამი პოლიტიკური საყრდენისგან. ესენია: საჯარო სივრცის პრივატიზაცია, კორპორაციული სექტორის დერეგულაცია და გადასახადების შემცირება.
სტატიის მიზანია მოცემული სამი პოლიტიკური საყრდენი გადმოიტანოს და განიხილოს ქართულ რეალობაში. შესაბამისად, ქვემოთ გაანალიზდება ის პრობლემები, რომელიც დერეგულირებულმა კაპიტალიზმმა მოუტანა საქართველოს გარემოსდაცვითი კუთხით ბოლო 25 წლის განვალობაში.
საჯარო სივრცის პრივატიზაცია
საჯარო სივრცე თავისი გაგებით აღნიშნავს „ღია სივრცეს“, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა ადამიანისთვის. ის მოიცავს ქუჩებს, ქვაფენილებს, რეკრეაციულ ზონებს, პარკებს, სკვერებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ბიბლიოთეკებს და ა.შ. [1] ამგვარი სივრცე სასიცოცხლოა ნებისმიერი საზოგადოების არსებობისა და ფუნქციონირებისთვის, ვინაიდან სწორედ აქ ხდება სოციალური კავშირების დამყარება, პოლიტიკური აზრის გამოხატვა, კულტურული, სპორტული და ეკოლოგიური ცხოვრების სტილის სტიმულირება. საჯარო სივრცე თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოების ყველა ჯგუფისთვის და ის უნდა ემსახურებოდეს ხალხის ინტერესებსა და საჭიროებებს. საზოგადოება უნდა განკარგავდეს, როგორ შეცვალოს და გარდაქმნას ის სივრცე, სადაც ის ცხოვრობს.
პრივატიზაციის თანამედროვე გლობალურმა ტენდენციამ ამ მოცემულობის ტოტალური გაუკუღმართება გამოიწვია. საქართველოს მაგალითზე ნათლად ჩანს როგორ გათიშა კერძო კაპიტალმა ადამიანები და საჯარო სივრცე ერთმანეთისგან – დღეს ეს უკანასკნელი არა საზოგადოებრივი სიკეთე, არამედ ელიტების პირადი კომფორტის ზონაა, რომელიც უმთავრესად ეკონომიკური სარგებლის მიღების საშუალებადაა ქცეული. ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი ილუსტრაციაა ის ქაოსური, უხარისხო, დაუგეგმავი და არათანმიმდევრული მშენებლობების პროცესი, რომელიც თბილისში საზოგადოებრივი არეალების ათვისების ხარჯზე ვითარდება და თანდათან სხვა ქალაქებშიც იკიდებს ფეხს. გარდა ურბანული და სოციალური ფაქტორებისა, ამ ყველაფერს უმძიმესი გარემოსდაცვითი შედეგები ახლავს თან.
ბოლო წლებში საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს პარკებისა და მწვანე ზონების მთლიანი ან ნაწილობრივი პრივატიზაცია (დიღმის ტყე-პარკი, იპოდრომი, ვაკის პარკი, ე.წ „ციყვები“, ბოტანიკური ბაღი…), რაც შემდგომ მათი ფუნქციის შეცვლით ან ზოგჯერ განადგურებით მთავრდება. მშენებლობებს მტვრისა და ხმაურის გარდა, თან ახლავს მწვანე საფარის განადგურება, ხეების მასობრივი გაჩეხვა და გახმობა. მწვანე ზონების მოსპობა, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად ზრდის ბუნებრივი სტიქიების საშიშროებას, იწვევს ჰაერის დაბინძურების ზრდასა და მიკროკლიმატის ცვლილებას. ჰაერის დაბინძურების სხვა ძირითად წყაროებთან ერთად, როგორიცაა გამონაბოლქვი, დღეს საქართველოს რამდენიმე ქალაქი ეკოლოგიურ კრიზისში იმყოფება. მაგალითად, თბილისის ატმოსფერულ ჰაერში წლიდან-წლამდე იზრდება გოგირდის დიოქსიდის, მტვრის, ოზონისა და ნახშირორჟანგის კონცენტრაცია,[2] რაც სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას (აქვეითებს იმუნურ სისტემას, აძლიერებს ალერგიულ ფონს, ხელს უწყობს რესპირატორული დაავადებების გავრცელებას, იწვევს სხვადასხვა სახის კიბოს წარმოქმნას და სხვ). აქედან გამომდინარე, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2013 წლის მონაცემებით საქართველოში ავადობის 17% და სიკვდილიანობის 19% გარემოს მავნე ზემოქმედებით იყო გამოწვეული.[3]
ეს ფატალური სტატისტიკა პირდაპირ მიანიშნებს იმ პოლიტიკური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი პოლიტიკის მცდარობაზე, რომელსაც საქართველო აწარმოებს დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული. იგი პირდაპირ ეწინააღმდეგება ფართო საზოგადოებრივ ინტერესებს, რომელთა წევრების ყოველღიურობის გაუარესების ხარჯზე ერთეული პირები ნახულობენ სარგებელს. ეს უკანასკნელნი კი მათ უზღუდავენ და ართმევენ იმ სივრცეს, რომელიც მათ ჯანმრთელობას, განვითარებასა და ბუნებასთან ჰარმონიულ თანაცხოვრებას უზრუნველყოფს.
კორპორაციული სექტორის დერეგულაცია
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ მის ყოფილ წევრ ქვეყნებში მასობრივად გაბატონდა ნეოლიბერალური ეკონომიკური დღის წესრიგი, რომელმაც დროთა განმავლობაში აბსოლუტური ჭეშმარიტებისა და ერთგვარი კულტის სახეც კი მიიღო. საქართველოში დერეგულირებული კაპიტალიზმი და ეკონომიკაში სახელმწიფოს მინიმალური ჩარევის პრინციპი მმართველი და კორპორაციული ელიტების მხრიდან დღემდე წარმოჩინდება დოვლათის დაგროვების ერთადერთ საშუალებად, მაშინ, როცა არავინ საუბრობს მის თანმდევ უსამართლობაზე, უთანასწორობასა და მჩაგვრელობაზე, რომელიც თანაბრად ეხება როგორც საზოგადოებას, ისე ბუნებრივ გარემოს.
ფინანსური სექტორის დერეგულირებამ, ბოლო 25 წლის მანძილზე, საქართველოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა გარემოსდაცვითი კუთხით. ამ მხრივ ყველაზე მძიმე, ბუნებრივი რესურსების ველური ათვისების პოლიტიკაა, ვინაიდან ის მოიცავს იმ მსხვილი საწარმოების ძირითად ნაწილს, რომლებიც წიაღისეულის სწრაფ და მაქსიმალურ მოპოვებაზე არიან კონცენტრირებული, მაშინ როცა სრულიად იგნორირებულია მისი სოციალური თუ ეკოლოგიური დანაკარგები.
აღნიშნული სექტორის დერეგულაცია გამოიხატა სახელმწიფო გარემოსდაცვითი და შრომითი მონიტორინგის ინსტიტუტების გაუქმებითა თუ დამახინჯებით და კანონმდებლობის კერძო კაპიტალზე მთლიანადმორგებით. მაგალითად, სახელმწიფო კანონები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის სოციალური პასუხისმგებლობის იდეასთან და საშუალებას აძლევს ინვესტორს საწყის ეტაპზე ნებართვისა და გარემოზე ზემოქმედების შეფასების ჩატარების გარეშე დაიწყოს სასურველი საქმიანობა.[4] ამგვარმა უპასუხისმგებლო სახელმწიფო პოლიტიკამ საქართველოს ათეულობით ქალაქი ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზე მიიყვანა, რომელთა შორისაა ტყიბული, ზესტაფონი, ჭიათურა, კაზრეთი, საგარეჯო და სხვ.
განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ქართული ენერგო სექტორი, კერძოდ ელექტროენერგიის სფერო, რომელიც ფოკუსირებულია წყლის რესურსის ათვისებაზე ჰიდროელექტროსადგურების მეშვეობით. სახელმწიფოს მხრიდან კერძო ინტერესების დაცვა აქაც წამყვან როლს თამაშობს, შედეგად ‘ენერგოდამოუკიდებლობის’ მოპოვებისა და ინვესტიციების მოზიდვის გამო ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილია 50-მდე ჰესის აგება,[5] რაც ისეთი მცირემიწიანი სახელმწიფოსთვის, როგორიც საქართველოა აუცილებლად გამოიწვევს სოციალურ, კულტურულ და ეკოლოგიურ დანაკარგებს. ერთ-ერთი ასეთი პოტენციური მოწყვლადი კუთხეა სვანეთი, სადაც „ხუდონჰესის“ პროექტი 700 მეგავატიანი ჰესისა და 200 მეტრი სიმაღლის კაშხლის მშენებლობას ითვალისწინებს.[6]ეს, თავის მხრივ, გამოიწვევს ათასობით ადამიანის გადასახლებას, ადგილობრივი კლიმატის ცვლილებას, ეკოსისტემების განადგურებას, ბიომფრავალფეროვნების შემცირებასა და სხვადასხვა მატერიალურ თუ კულტურულ დანაკარგებს.[7]
გადასახადების შემცირება
სოციალურად და ეკოლოგიურად დაცული სახელმწიფოს მშენებლობაში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება სამართლიან და ფართო ინტერესებზე გათვლილ ეკონომიკურ და ფინანსურ პოლიტიკას. გასულმა ათწლეულებმა ნათლად აჩვენა რომ ეკონომიკურმა ლიბერალიზაციამ და სახელმწიფოს ჩაურევლობამ ვერ გაამართლა მასზე დამყარებული იმედები. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველო, პოპულაციის შემოსავლებისა და კეთილდღეობის უთანასწორობის მაჩვენებლით (ჯინის კოეფიციენტი) ევროპაში რუსეთის შემდეგ მეორე ადგილზე იმყოფება.[8]უთანასწორობის განცდა კი საზოგადოებაში პოლიტიკურ ინერტულობას, გაუცხოვებასა და სოლიდარობის გაქრობას იწვევს. დღეს საქართველოს ესაჭიროება ძლიერი სახელმწიფო სოციალურად სამართლიანი სისტემის შესაქმნელად, რომელიც წარმოუდგენელია მყარი ინსტიტუტებისა და მზარდი ბიუჯეტის გარეშე. მთავრობა აქტიურად უნდა მუშაობდეს სიღარიბის აღმოსაფხვრელად, სოციალური სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ის თავად უნდა ახდენდეს ინვესტირებას გარემოს დაცვაში განახლებადი ენერგიისა და კონსერვაციის კუთხით, რათა უზრუნველყოს მოსახლეობის დაცული მომავალი. დაბალანსებული საგადასახადო მოდელის გარეშე, რომელიც მოახდენდა კეთილდღეობის სამართლიან რედისტრიბუციას, აღნიშნულის განხორციელება სრულიად წარმოუდგენელია.
დღეს, საქართველოში, ეკონომიკური კრიზისის, დიდი არაფორმალური სექტორისა და უმუშევრობის მაღალი დონის ფონზე კიდევ უფრო კნინდება სახელმწიფოს როლი მომჭირნეობის პოლიტიკითა თუ მოგების გადასახადზე ე.წ „ესტონური მოდელის“ შემოღების გზით.[9] ამას ემატება საზოგადოების დაბალი ჩართულობა და ფართო დისკუსიის არარსებობა, რაც ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებას არდემოკრატიულად წარმართვას და მას ელიტების ‘პრეროგატივად’ ტოვებს.
გამოსავლის ძიებაში
ძნელია დაანგრიო კედელი, რომელიც ათწლეულებია ასე გულმოდგინედ შენდება, თუმცა მომავლის გადარჩენის სურვილი მასზე ბევრად უფრო მტკიცე და მყარია. „იდეოლოგიური კედლის“ დასანგრევად საჭიროა კოლექტიური მოქმედება, ინსტრუმენტის მოძებნა, რომელიც თანაბარად დაფარავს ფართო საზოგადოებრივ და გარემოსდაცვით ინტერესებს. ასეთი ინსტრუმენტი პასუხისმგებლიანი სახელმწიფოა, მის შესაქმენელად კი აუცილებელია პოლიტიკას დაუბრუნდეს სოციალური შინაარსი და ადამიანთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება გახდეს მთავარი საზრუნავი.
არსებული კრიზისიდან გამოსასვლელად საქართველოს ჭირდება მემარცხენე დღის წესრიგი, რომლის მიზანი ქვეყნის მდგრადი განვითარება იქნება. ეკოლოგიურ ლიმიტებში დასარჩენად აუცილებელია დაიწყოსბიზნესის „დესაკრალიზაცია“, რაც მათთვის სოციალური და გარემოსდაცვითი ვალდებულებების დაკისრებითა და მათი შესრულების მოთხოვნით იქნება გამოხატული. ამისთვის აუცილებელია კანონმდებლობისა და მონიტორინგის დახვეწა და სრულყოფა.
მნიშვნელოვანია სახელმწიფომ ეტაპობრივად დაიწყოს ტრანზიცია მწვანე ეკონომიკაზე, რომელსაც თან ახლავს წვდომა განახლებადი ენერგიის გლობალურად მზარდ ბაზარზე. აუცილებელია მთლიან შიდა პროდუქტში გაიზარდოს სამთავრობო დანახარჯების წილი მდგრად საწარმოო და სატრანსოპორტო სისტემებში ინვესტირების გზით.
სოციალური სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, მნიშვნელოვანია მოხდეს ყოველდღიური ინდივიდუალური პასუხისმგებლობის გაცნობიერებაც. ის თავზეხელაღებული მომხმარებლობა და არაეკონომიური ცხოვრების სტილი, რომელიც გამეფებულია საქართველოში, პირდაპირ კავშირშია გარემოს დაბინძურებასა და მის დეგრადაციასთან, შედეგად აუცილებელია გადაიდგას ინდივიდუალური და სისტემური ნაბიჯები ნარჩენების შემცირებისკენ, გადამუშავებისა და ნივთების მრავალჯერადი გამოყენებისკენ.
ყველა ეს ზემოთჩამოთვლილი ფაქტორები ქმნიან იმ ბაზისს, საიდანაც უნდა დაიწყოს საქართველოს ეკო–სოციალური კრიზისიდან გამოსვლა და „იდეოლოგიური კედლის“ ჩამოშლა. საქართველო მზად უნდა იყოს ჩაებას მოახლოებულ გლობალურ ბრძოლაში გარემოს დასაცავად, ვინაიდან ესაა ის ერთადერთი გზა, რომლითაც დედამიწის ინდიფერენტულ ლოგიკასთან ადაპტაციაა შესაძლებელი.
ეს მოხსენება დაიწერა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროსა და “კავკასიური სახლის” მიერ ჩატარებული სტუდენტური კონფერენციისთვის “მწვანე პოლიტიკა მდგრადი განვითარებისთვის”.
გამოყენებული ლიტერატურა:
[1] Tonnelat, Stéphane. The sociology of urban public spaces, CRH-LAVUE Research Center, Paris. Available at: http://stephane.tonnelat.free.fr/Welcome_files/SFURP-Tonnelat.pdf
[2] Energynews.ge, ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი თბილისის ქუჩების მიხედვით, 2016 ხელმისაწვდომია: http://energynews.ge/haeris-dabindzurebis-machvenebeli-tbilisis-quchebis-mikhedvit-2/
[3] საქართველოს დაავადება კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საპასუხო წერილი ერიკ ბარეტს. ხელმისაწვდომია: https://docs.google.com/file/d/0B9UyMZoeaZt8ZFZBSXZXQUF4eE0/edit
[4] ანთიძე, ნინო. საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან შესაბამისობის შეფასება, მწვანე ალტერნატივა, 2013 წ. გვ 10
[5]საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, პერპექტიული პროექტები. ხელმისაწვდომია: http://www.energy.gov.ge/investor.php?id_pages=19&lang=geo
[6]რეხვიაშვილი, ჯიმშერ. ხუდონჰესი: აშენდეს თუ არ აშენდეს? რადიო თავისუფლება, 2013 ხელმისაწვდომია: http://www.radiotavisupleba.ge/content/khudoni-power-station/25108733.html
[7]კახიშვილი, ნინო. ხუდონჰესის ფასი. ნეტგაზეთი, 2013. ხელიმსაწვდომია: http://netgazeti.ge/news/26043/
[8] GINI index (World Bank estimate)http://data.worldbank.org/indicator/SI.POV.GINI/countries?display=map
[9]ამ თემასთან დაკავშირებით იხილეთ European.ge-ს ღია წერილი პრემიერ-მინისტრს. ხელმისაწვდომია: https://european.ge/ghia-werili-premier-ministrs/