აუდიტორია #115: უნივერსიტეტი უნდა გარდაიქმნას

ორშაბათს, 14 მარტს, 12:00 სთ-ზე I კორპუსის ეზოში თსუ-ს სტუდენტური თვითორგანიზებული მოძრაობა “აუდიტორია 115” გადამწყვეტ აქციას გამართავს. avtonomia

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 7 მარტიდან უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სტუდენტების პროტესტი, რომელიც ეხება 1. სტუდენტური თვითმმართველობის სრულ რეფორმირებას, 2. ე.წ. “ოდეერის” არსებობას საუნივერსიტეტო სივრცეში და 3. უნივერსიტეტის კანცლერის პოზიციაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურის მოხსნას.

სტუდენტთა განცხადებით უნივერსიტეტში პრობლემები სისტემურია. პრივილეგიები, უთანასწორობა, უსამართლობა, სტუდენტების უფლებების დარღვევა, მათი ინტერესების უგულებელყოფა და რესურსების პრივილეგირებულ ჯგუფთა მიერ ფლანგვა.

თსუ-ს თვითმმართველობა სრულ პროვოკაციაზე წავიდა და თავიანთი დემონსტრაცია იმავე დროს დანიშნა, რა დროსაც სამართლიანობისა და თანასწორობისთვის მებრძოლმა სტუდენტებმა, ჯერ კიდევ 2 დღის წინ დაანონსა აქცია I კორპუსის ეზოში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ სრული მობილიზაცია აქვთ გამოცხადებული სხვა უნივერსიტეტების თვითმმართველობათა რიგებშიც.

აღსანიშნავია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში უსამართლობის წინააღმდეგ მებრძოლ სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადა კონსერვატორიის რექტორმა რეზო კიკნაძემ, ცნობილმა მთარგმნელმა და პუბლიცისტმა ნაირა გელაშვილმა, სხვადასხვა სოციალურმა ჯგუფებმა და მრავალმა სტუდენტმა სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

ჩვენი ანალიტიკური გამოცემა European.ge სრულ მხარდაჭერას უცხადებს სტუდენტებს და მათთან ერთად გააგრძელებს ბრძოლას სამართლიანობისა და თანასწორობის აღდგენისთვის უნივერსიტეტში.

მიგვაჩნია, რომ

1. თსუ-ში მიმდინარე პროცესები უნივერსიტეტის ცარიელ კედლებში გადასაწყვეტი საკითხები არაა. ეს უნდა იქცეს ფართო საზოგადოებრივი მსჯელობის საგნად, რადგანაც საჯარო სივრცეში ინსტიტუციურად როგორ მოვაწყოთ განათლების პოლიტიკა და აკადემიური სივრცე, თანაბრად ეხება ყველა დანარჩენ სახელმწიფო უნივერსიტეტს და მაშასადამე, საზოგადოებას.

2. განათლების პოლიტიკა კრიზისშია.

ის ფაქტიურად სრულ კოლაფსს განიცდის.

3. პროფესურა და მთლიანად აკადემიური სივრცე (გამონაკლისების გარდა) არის გაჟღენთილი კონფორმიზმით. 

საერთოდ იზოლირებულნი არიან პროცესებიდან, რაც ზუსტად რომ საბჭოურობის ინერციაა. 

4. სახელმწიფო ბიუროკრატია, რომელიც პირდაპირ ან ირიბად კავშირშია განათლების პოლიტიკასთან, ახალგაზრდობასთან და საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან, აბსოლუტურად სტერილურია.
არ გააჩნია პოზიცია. გარდა ზოგადი მესიჯ ბოქსისა. (პოსტსაბჭოური ტრაგიზმი).


5. დიახ, სახელმწიფო უნდა ერეოდეს საჯარო უნივერსიტეტებში. ისინი ვალდებულნი არიან, მაგრამ არა იმ ფორმით, რა ფორმითაც 25 წელია ერეოდა (უშიშროება, “თემების დალაგებები”, “დამასტვები”),
არამედ, განათლების პოლიტიკით, პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსებით კვლევების მიმართულებით, განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისთვის რადიკალური რეფორმების ინექციით, პარტიული კლანების დაშლითა და უსამართლოდ და პოლიტიკური ნიშნით რეპრესირებული პროფესურისთვის ბოდიშის მოხდით.
ერთადერთი მექანიზმი, რომელიც ამას შესაძლებელს გახდის არის სახელმწიფო ბიუროკრატიის იდეური გარდაქმნა.

დღევანდელი ბიუროკრატიის შემყურე, რომელიც პროცესებიდან სრულიად იზოლირებულია იმ გაგებით, რომ სტერილური მესიჯ ბოქსის გარდა, განათლების პოლიტიკის იდეური ორგანიზების შესახებ ურყევი პოზიციები არ აქვს და პოზიციონერობას ვერ ახერხებს, განწირულები ვართ ვიაროთ წრეზე.

მოდით 14 მარტს, 12:00 სთ-ზე და მხარი დაუჭირეთ სტუდენტების გულწრფელ პროტესტს. ისინი თავიანთი აქტივიზმით ცვლიან ქართული საზოგადოებრივი დისკურსის დღის წესრიგს, რაც უკეთესობისკენ შეცვლის საჯარო საუნივერსიტეტო განათლებასა და უნივერსიტეტს, მაშასადამე მთლიანად საზოგადოებას.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ