უნივერსალური უფლება კაპიტალიდან შემოსავალზე

Image result for yanis varoufakis

►  ავტორი: იანის ვარუფაკისი

►  თარგმნა ანა ბერიამ

►თარგმანი მომზადებულია „საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის“ პროექტის: “საგადასახადო სისტემის ეკონომიკური ეფექტები და საქართველოს ინკლუზიური განვითარების შესაძლებლობები” ფარგლებში. 

 © European.ge

მაშინ, როდესაც სიზარმაცის უფლება – ტრადიციულად და ყოველთვის –  მხოლოდ საკუთრების მფლობელ მდიდრებს ჰქონდათ, ღარიბებს ღირსეული ხელფასებისა და სამუშაო პირობებისთვის ბრძოლა უწევდათ, ბრძოლა უმუშევრობისა და შეზღუდული შესაძლებლობების დაზღვევისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის სისტემისა თუ ღირსეულად ცხოვრების სხვა აუცილებელი კომპონენტებისათვის. ცხოვრების გასაგრძელებლად საკმარისი უპირობო შემოსავლის უზრუნველყოფის იდეა ანათემას წარმოადგენდა არა მხოლოდ მდიდრებისთვის, არამედ მშრომელთა მოძრაობისთვისაც კი, რომლის ეთიკაც სოლიდარობის, თანაზიარობისა და საზოგადოებისათვის კონტრიბუციის გაღების პრინციპებს ეფუძნებოდა.

ათწლეულების წინ, როდესაც უპირობო საბაზისო შემოსავლის სქემები პირველად იქნა წამოყენებული, მათ სასტიკად შეეწინააღმდეგა დამსაქმებელთა ასოციაციები, პროფკავშირები, ეკონომისტები და პოლიტიკოსები. თუმცა, ახლახანს, ამ იდეამ კვლავ წინ წამოიწია და შთამბეჭდავი მხარდაჭერა მოიპოვა როგორც რადიკალური მემარცხენე ფრთისგან, ასევე მწვანეთა მოძრაობისგან და ლიბერტარიანელი მემარჯვენეებისგანაც კი. ამის მიზეზი მანქანა-დანადგარების ისეთ დონეზე განვითარებაა, რომელმაც ინდუსტრიალიზაციის პროცესის დაწყების შემდეგ პირველად შექმნა საფრთხე, დაიკარგოს იმაზე მეტი სამსახური, ვიდრე ტექნოლოგიური ინოვაცია წარმოქმნის და შესაბამისად, საყრდენი გამოეცალოს თეთრსაყელოიან პროფესიონალებსაც.

თუმცა, უნივერსალური საბაზისო შემოსავლის იდეის დაბრუნებასთან ერთად, დაბრუნდნენ მისი მოწინააღმდეგეებიც, როგორც მემარჯვენე, ისე მემარცხენე პოლიტიკურ ფლანგზე. მემარჯვენე მოწინააღმდეგეები, ერთის მხრივ, მიუთითებენ იმაზე, რომ ასეთი სქემების დაფინანსებისთვის საკმარისი შემოსავლის დაგროვება შეუძლებელი იქნება კერძო სექტორზე დარტყმის გარეშე, მეორეს მხრივ კი იმაზე, რომ ეს გამოიწვევს სამუშაო ძალის მიწოდებისა და პროდუქტიულობის დაცემას, რადგან დაიკარგება მუშაობის სტიმული. მემარცხენეებს შემდეგი საკითხები ანაღვლებთ: უნივერსალური შემოსავალი შეასუსტებს სამუშაო გარემოს გაუმჯობესებისთვის ბრძოლას, ლეგიტიმაციას მისცემს უსაქმურ მდიდრებს, შეასუსტებს კოლექტიური მოლაპარაკების უფლებებს (Uber-ისა და Deliveroo-ს მსგავსი კომპანიების გაძლიერებით), შეარყევს კეთილდღეობის სახელმწიფოს საფუძველს, ხელს შეუწყობს პასიურ მოქალაქეობას და წაახალისებს მომხმარებლობას.

ასეთი სქემების მხარდამჭერები კი, როგორც მარჯვნივ, ასევე მარცხნივ, მიიჩნევენ, რომ: ერთის მხრივ, უნივერსალური ბაზისური შემოსავალი დაეხმარება მათ, ვინც დღემდე ფასდაუდებელ ღირებულებას მატებს საზოგადოებას – ძირითადად მომვლელ ქალებს, ან, მაგალითად ხელოვანებს, რომლებიც თითქმის უფასოდ ქმნიან შესანიშნავ საჯარო ნამუშევრებს. მეორეს მხრივ კი ღარიბები, ბოლოს და ბოლოს, თავს დააღწევდნენ კეთილდღეობის სახელმწიფოს შესაძლებლობათა მიხედვით დიფერენცირების (means testing) მანკიერებას და მხარდაჭერის სისტემა, რომელსაც შეუძლია ხალხი მუდმივ სიღარიბეში ჩაითრიოს, ჩანაცვლდებოდა პლატფორმით, რომელიც ადამიანებს იქამდე მისცემდა სიმყარეს, სანამ ისინი რაიმე უკეთესს მიაღწევდნენ. ახალგაზრდებს მიეცემოდათ თავისუფლება, მოესინჯათ სხვადასხვა კარიერული გზები და ესწავლათ საგნები, რომლებიც არ ითვლება შემოსავლიანად. მეტიც, დღეს არსებული, მზარდად გაფართოებადი პრეკარიული ეკონომიკის (Gig economy) პირობებში, სადაც უფრო და უფრო მცირდება პროფკავშირების შესაძლებლობა, დაიცვან მშრომელები, აღდგებოდა ეკონომიკური სტაბილურობა, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი ადამიანთა უმრავლესობისთვის.

წინსვლისთვის აუცილებელია ახალი პერსპექტივა იმის შესახებ, თუ როგორ უკავშირდება ერთმანეთს უნივერსალური საბაზისო შემოსავლის დაფინანსების წყარო, რობოტების გავლენა და თავისუფლების ჩვენეული გაგება. ეს ნიშნავს სამი შეხედულების შერწყმას –  რომ გადასახადები ვერ იქნება უნივერსალური საბაზისო შემოსავლის სქემების დაფინანსების წყარო, რომ მანქანა-დანადგარების განვითარება მისასალმებელია და რომ უნივერსალური ბაზისური შემოსავალი თავისუფლების მთავარი წინაპირობაა.

იდეა, რომ ერთმა ადამიანმა შეუსვენებლად იმუშაოს და იხადოს საშემოსავლო გადასახადები, მეორემ კი იცხოვროს ამ იძულებითი კეთილი საქმის ხარჯზე, ისე, რომ თვითონ არაფერის კეთება აირჩიოს, არ გამოგვადგება. უნივერსალური საბაზისო შემოსავალი რომ ლეგიტიმური იყოს, ის ვერ დაფინანსდება, პირობითად ჯილის დაბეგვრით, რათა ჯეკს გადავუხადოთ ფული. აი, რატომ უნდა დავაფინანსოთ უნივერსალური საბაზისო შემოსავალი არა გადასახადებიდან, არამედ კაპიტალიდან მიღებული შემოსავლებიდან.

მდიდრების მიერ შექმნილი საზოგადო მითის მიხედვით, სიმდიდრე ჯერ ინდივიდუალურად იწარმოება და შემდეგ კოლექტივიზდება სახელმწიფოს მიერ, გადასახადების სახით. სინამდვილეში, სიმდიდრე ყოველთვის კოლექტიურად იწარმოებოდა და ამის შემდეგ ხდებოდა პრივატიზებული მათ მიერ, ვისაც ამის ძალაუფლება ჰქონდა –  საკუთრების ფლობელი კლასის მიერ. სამეურნეო მიწები და მარცვლეული –  კაპიტალის პრემოდერნული ფორმები – კოლექტიურად იწარმოებოდა გლეხების თაობათა ძალისხმევის შედეგად, შემდეგ კი მათ მემამულეები ისაკუთრებდნენ; დღეს, ყოველი სმარტფონი შეიცავს სახელმწიფო დაფინანსებითა თუ საერთო, საზოგადოებრივი ცოდნის გამოყენებით წარმოებულ სხვადასხვა კომპონენტებს, საიდანაც საზოგადოებას არასდროს მიუღია დივიდენდები.

მაშ, როგორ უნდა ავუნაზღაუროთ საზოგადოებას საკუთარი წვლილი? გადასახადები – არასწორი პასუხია. კორპორაციები გადასახადებს იხდიან სერვისებისთვის, რომელსაც მათთვის სახელმწიფო უზრუნველყოფს და არა როგორც ინვესტიციებს, რომელიც დივიდენდებს მოიტანდა. საზოგადოების მიერ კორპორატიულ კაპიტალში შეტანილი წვლილიდან გამომდინარე ვასკვნით, რომ რიგით მოქალაქეებს სამართლიანად ეკუთვნით წილი კაპიტალიდან, მასთან დაკავშირებული დივიდენდებთან ერთად. ხოლო, რადგან შეუძლებელია ზუსტად გამოვთვალოთ, თუ რა მოცულობითაა განსხეულებული სახელმწიფო და სოციალური კაპიტალი კონკრეტულ კომპანიაში, იმის განსაზღვრა, თუ რა წილი ეკუთვნის საზოგადოებას ძირითადი კაპიტალიდან, მხოლოდ პოლიტიკური მექანიზმების საშუალებით შეგვიძლია.

მარტივი პოლიტიკა – იქნებოდა იმგვარი კანონმდებლობის ამოქმედება, რომელიც მოსთხოვდა თითოეულ სააქციო საზოგადოებას (IPO), გადაეტანა მისი კაპიტალური აქციების ნაწილი საერთო კაპიტალურ დეპოზიტზე,  მათთან დაკავშირებული დივიდენდები კი უნივერსალურ საბაზისო დივიდენდებად (UBD) გარდაიქმნებოდა. ეს უკანასკნელი იქნებოდა და უნდა იყოს სრულიად დამოუკიდებელი სოციალური გასაცემლებისა თუ უმუშევრობის დაზღვევისგან, რაც აძლიერებს ეჭვს, რომ ის ჩაანაცვლებს კეთილდღეობის სახელმწიფოს, რომელიც  ანაზღაურებად მშრომელებსა და უმუშევრებს შორის ურთიერთდახმარების კონცეპტის განსხეულებაა.

შიში იმ მანქანა-დანადგარების მიმართ, რომლებსაც შეუძლიათ მძიმე შრომისგან გაგვათავისუფლონ, საზოგადოების გაუბედაობისა და დანაწევრებულობის შედეგია. ლუდიტები (მშრომელები, რომლებმაც XIX საუკუნის დასაწყისში მანქანა-დანადგარები სამუშაოს დაკარგვის შიშით გაანადგურეს) ერთ-ერთ ყველაზე პროარასწორად ინტერპრეტირებულ ისტორიულ აქტორებს წარმოადგენენ – მათი ვანდალიზმი იყო არა პროტესტი ავტომატიზაციის წინააღმდეგ, არამედ იმ სოციალური წყობის წინააღმდეგ, რომელმაც მათ ცხოვრების პერსპექტივები ტექნოლოგიური ინოვაციებით წაართვა. ჩვენი საზოგადოებები სიხარულით უნდა ეგებებოდნენ მანქანა-დანადგარების განვითარებას, მაგრამ იმ გარანტიით, რომ ისინი საერთო კეთილდღეობის მიღწევისათვის იქნება გამოყენებული თითოეული მოქალაქისათვის მათზე საკუთრების უფლების მინიჭებით, რაც უნივერსალური საბაზისო შემოსავლის საშუალებით მოხდება.

უნივერსალური საბაზისო შემოსავალი თავისუფლებისა და თანასწორობის ახლებურ გაგებას გვთავაზობს, რაც შესაძლებელს ხდის აქამდე ერთმანეთთან წინააღმდეგობრივი პოლიტიკური ბლოკების დაკავშირებას, სტაბილიზაციას უკეთებს რა საზოგადოებას და აძლიერებს საერთო კეთილდღეობის ცნებას, რის გარეშეც ტექნოლოგიური ინოვაცია დესტაბილიზაციის წყაროა. უთანხმოებები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება, მაგრამ იმის შესახებ, თუ კომპანიის აქციების რა ნაწილი უნდა დაიდოს დეპოზიტზე, რა ტიპის სოციალური დახმარება და უმუშევრობის დაზღვევა შეიძლება დაემატოს უნივერსალურ საბაზისო შემოსავალს და როგორ უნდა შეიცვალოს შრომითი ხელშეკრულებები.

ხოლო მან, ვინც ჯერ კიდევ ვერ ეგუება იდეას “რაღაცის არაფრის სანაცვლოდ მიღებისა”, საკუთარ თავს რამდენიმე მარტივი შეკითხვა უნდა დაუსვას: ნუთუ მე არ მსურს, ჩემს შვილებს გააჩნდეთ მცირე დანაზოგი, რომელიც მათ დაიცავდა სიღარიბის შიშისგან და საშუალებას მისცემდა, უშიშრად ჩაედოთ ინვესტიცია საკუთარ ნიჭიერებაში? ნუთუ ეს სულიერი სიმშვიდე მათ სიზარმაცისკენ უბიძგებდა? და თუ ასე არ არის, მაშინ რა მორალური საფუძველით ვართმევთ ყველა დანარჩენ ბავშვს ამ შესაძლებლობას?

პროექტი დაფინანსებულია საქართველოში ფრიდრიხ ებერტის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. აღნიშნული სტატიის შინაარსა და თარგმანზე პასუხისმგებლობა ეკისრება „საზოგადოებრივ კვლევის ცენტრს“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს თბილისში ფრიდრიხ ებერტის ფონდის პოზიციას.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ