“უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში შესატან ცვლილებათა პროექტთან დაკავშირებით

საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა კანონპროექტის ერთ პუნქტს (მე-7 მუხლის 1 პუნქტის პ) ქვეპუნქტი),  რომლისმიხედვითაც რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, განათლების მინისტრი პრემიერ–მინისტრს წარუდგენს კანდიდატურას, ხოლო ამ უკანასკნელს ენიჭება კანდიდატურის დანიშვნის პრეროგატივა.

ოპონენტები ამ ცვლილებას მიიჩნევენ უნივერსიტეტთა ავტონომიის ხელყოფად და მთელი აკადემიური პერსონალის შეურაცხყოფად.

ჩვენი პოზიცია შემდეგია:

ჩვენთვის სრულიად აშკარაა, რომ  განათლების სისტემა დღესდღეობით სავალალო სიტუაციაშია. ეს ვითარება წლების განმავლობაში არსებული ავტოკრატიული პოლიტიკური სისტემის შედეგია.  უნივერსიტეტთა პერსონალი, განსაკუთრებით – აკადემიური საბჭოები და ადმინისტრაცია დაკომპლექტებულია ხელისუფლებისადმი პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით.  ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ უნვერსიტეტებში დღეს არაპროფესიონალები ან ‘ცუდი ადამიანები’ არიან, არამედ იმას, რომ განსხვავებული პოლიტიკური ხედვის  სხვა პროფესიონალები განდევნილი არიან აკადემიური სივრციდან. წინა პოლიტიკური რეჟიმის პირობებში უნივერსიტეტებში ჩვენ გვქონდა ვითარება, როდესაც განსხვავებული შეხედულების გამო იდევნებოდნენ პროფესორები, სტუდენტებზე ხორციელდებოდა  ძალადობა,უგულვებელყოფლი იყო სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობა  და ა.შ. ადმინისტრაციასთან ერთად ამ ანტისაზოგადოებრივ პრაქტიკაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი უნივერსიტეტთა სტუდენტური ‘თვითმმართველობები’, რომლებსაც არაფერი ჰქონდათ საერთო რეალურ თვითმმართველობასთან და ნაციონალური მოძრაობის ერთგვარ კომკავშირულ დანამატს წარმოადგენდნენ.  ყოველივე ეს სრულად გამორიცხავდა აკადემიურ თავისუფლებას,  სამეციერო–კვლევითი, სასწავლო პროცესების სრულფასოვნებას, შესაბამისად უნივერსიტეტის (ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით) არსებობას.

ცხადია, უნივერსიტეტის ავტონომიურობა ხელშეუხებელი უნდა იყოს. მაგრამ რას ნიშნავს ავტონომია? შეიძლება თუ არა საუნივერსიტეტო ავტონომიად ჩაითვალოს კლანური პრინციპით და პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით დაკომპლექტებული ჯგუფის შეუზღუდავი ძალაუფლება – არსებითად, ანტისაზოგადოებრივი პრაქტიკა? არავისთვის არის საიდუმლო, რომ უნივერსიტეტში ავტონომიურ ძალაუფლებას ფლობდა და დღესაც ფლობს სააკაშვილის რეჟიმის ერთგულ ჩინოვნიკთა და დანიშნულ ‘ინტელექტუალთა’ კლანი. ჩვენი აზრით, ავტონომიაზე საუბარი შეიძლება მხოლოდ ერთ შემთხვევაში – როდესაც მას ფლობს და ახორციელებს უმაღლესი ხარისხის, გარე რეფერირების პრინციპით შერჩეული აკადემიური პერსონალი სრული აკადემიური თავისუფლების პირობებში. ყველა სხვა შემთხვევაში სახეზე გვაქვს მხოლოდ თავად ავტონომიის იდეის პროფანაცია.

ვითარებაში, როცა ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი, ჩივილი უნივერსიტეტთა ავტონომიის შეზღუდვაზე, ჩვენი აზრით, არის  უტიფარი ცინიზმი.

ბუნებრივია, თუკი ყოველგვარი საზოგადოებრივი ჩარევის გარეშე, თავად ამ ვითარებას მივანდობთ საკუთარი თავის უკეთესობისკენ გარდაქმნას, მხოლოდ თავს მოვიტყუებთ. ავტონომია არ ნიშნავს საზოგადოებისგან იზოლირებას. სახელმწიფო უნივერსიტეტები – საზოგადოების ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და როცა არ ემსახურება, საზოგადოება ვალდებულია ჩაერიოს. ამისთვის მას მხოლოდ ერთი ეფექტური ინსტრუმენტი აქვს – ხელისუფლება. სახელწიფო ჩვენთვის არის, და უნდა იყოს, მხოლოდ ინსტრუმენტი  საზოგადოების ხელში სასურველი პოლიტიკების განხორციელებისა, ამიტომაც სახელწიფოს პოზიტიური ჩარევა საზოგადოების ინტერესიდან და სიკეთიდან გამომდინარე, სავსებით ლეგიტიმურია და სრულ თანხვედრაშია დემოკრატიის პრინციპთან. ამის მაგალითებია კონტინეტური ევროპის სოციალურად ორიენტირებული სახელწიფოების პოლიტიკები განათლების სფეროში.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებამ უნდა დაავალოს, თუ საჭიროა – აიძულოს  ხელისუფლებაგარდაქმნას სიტუაცია მისი ინტერესების შესაბამისად, და ამასთან, მუდმივად აკონტროლოს ეს პროცესი.

აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია საგანმანათლებლო სისტემაში გატარდეს არსებითი  ცვლილებები, რომლებიც ორიენტირებული უნდა იყოს პოზიტიურ პერსპექტივაზე და უნდა გულისხმობდეს არა მხოლოდ ‘ხარვეზების გამოსწორებას’, არამედ ნოვატორული, შემოქმედებითი მიდგომით ახალი ღირებულებების დამკვიდრებას, არსებითად –აკადემიური თავისუფლების პირობათა, ავტონომიის, შეიძლება ითქვას – უნივერსიტეტთა ხელახლა დაფუძნებას.

ჩვენ, სტუდენტები, განათლების სამინისტროს მიერ წამოყენებულ ინიციატივას მხარს დავუჭერთ მხოლოდ ერთი პირობით:

თუკი ეს ცვლილება საწინდარი და გარანტია იქნება აკადემიური თავისუფლებისა და ხარისხიანი განათლების ვითარებისკენ მიმართული ენერგიული რეფორმისა. ამის განხორციელების ერთადერთ გზად კი განათლებისა და მეცნიერების რეფორმის სახელმწიფო კომისიის მიერ შემუშავებული კონცეფციის, ე.წ. ‘ტენუარის სისტემის’  განხორციელება მიგვაჩნია.

ეს იქნება ასევე ერთადერთი პირობა ნებისმიერი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატის მხარდაჭერისთვისაც.

სტუდენტები აკადემიური თავისუფლებისთვის

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ