4 მიზეზი, რატომაც არ მუშაობს მდიდრებზე გადასახადების შემცირების პოლიტიკა

გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

etaboriწარმოგიდგენთ ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის United for a Fair Economy-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.

წერილის ავტორი, მეჰრუდ ეტაბარი გახლავთ Brandeis University-ისა და “იელის უნივერსიტეტის” კურსდამთავრებული.

© European.ge

ჩვენ ყველას მოგვისმენია, რომ უმდიდრესი ამერიკელებისათვის გადასახადების განაკვეთების შემცირება გააუმჯობესებს მშრომელი კლასის ცხოვრების სტანდარტს. სავარაუდოდ, ყველაზე მაღალი განაკვეთის გადასახადების შემცირება გამოიწვევს მეტი სამუშაო ადგილების შექმნას, უფრო მაღალ ხელფასებს საშუალო მშრომელისათვის, და საერთო აღმავლობას ჩვენს ეკონომიკაში. ეს არის  ავადსახსენებელი [სიმდიდრის] ჩამოჟონვის თეორიის (Trickle-Down Economics) არსი.

ბოლო 40 წლის განმავლობაში ხდებოდა [შემოსავლის] ყველაზე მაღალ სექტორში საშემოსავლო გადასახადის განაკვეთის თანდათანობითი შემცირება, 91%-დან, 1963 წელს, 35%-მდე, 2003 წელს. 1988-1989 წელს შემოღებული კანონმდებლობის შედეგად, იგი კიდევ შემცირდა 28%-მდე რეიგანის ხელში, რომელიც იყო [სიმდიდრის] ჩამოჟონვის თეორიის ყველაზე ცნობილი მომხრე. კლინტონის წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი მყარად იდგა უფრო მაღალ – 39.6% – ნიშნულზე, მაგრამ, უმცროსი ბუშის გადასახადების შემცირების პოლიტიკის შედეგად, მდიდრები კვლავ ნაკლებს იხდიან. საგადასახადო პოლიტიკის მკვეთრი ცვლილება, რომელსაც ადგილი ჰქონდა 1960-იანი წლებიდან მოყოლებული, გვაძლევს დიდებულ შესაძლებლობას შევისწავლოთ და შევაფასოთ ის მტკიცება, რომ მდიდრებისათვის დაბალი გადასახადები ითარგმნება მეტ სიმდიდრეში საშუალო ამერიკელისათვის.

ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ ყველაზე მაღალი გადასახადის განაკვეთის ცვლილება რეალური მშპ-ს ზრდის ტემპის (აშშ-ის მთელი ეკონომიკის ზრდის საზომი) და საშუალო ამერიკელი მშრომელის მდგომარეობის [სხვა] სამი საზომის ცვლილებას: მედიანური შემოსავლის წლიურ ზრდას, საშუალო საათობრივი ხელფასის წლიურ ზრდას, და სამუშაო ადგილების შექმნას. თუ მდიდრებისათვის გადასახადის შემცირება, მართლაც ჯადოსნური ელექსირი იქნებოდა ეკონომიკისა და საშუალო კლასისათვის, რაზეც რესპუბლიკელები ერთხმად იძახიან ასეაო, გადასახადის განაკვეთის დაცემისას ჩვენ დავინახავდით ზემოხსენებული ოთხი მაჩვენებლების/საზომის ზრდას. მაგრამ, რეალობაში ასე არაა. ასეთი რამ ხდება ზოგჯერ, მაგრამ სხვა დროს ხდება საპირისპირო!

მოდით სათითაოდ შევხედოთ საკვანძო ეკონომიურ ინდიკატორების შედარებას ყველაზე მაღალ საგადასახადო განაკვეთის[1] ცვლილებასთან.

  1. ყველაზე მაღალი საგადასახადო განაკვეთის შემცირება არ იწვევს ეკონომიურ ზრდას.

ეს გრაფიკი აჩვენებს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპის რყევებს მოცემულ პერიოდში, მიუთითებს რა მთელი ამერიკული ეკონომიკის წარმატებაზე. მართალია, რომ 1982 წლის გადასახადების შემცირების მერე ეკონომიკის ზრდის ტემპმა მკვეთრად მოიმატა,  მიაღწია რა 7.3%-ს 1984 წელს. თუმცა, როცა რეიგანის და ბუში უფროსის ადმინისტრაციებმა გაუტიეს და  მდიდრების გადასახადები კიდევ უფრო შეკვეცეს, ზრდა დაეცა უარყოფითი ნიშნულამდე 1991-ში, ბოლო რეცესიის [მშპ-ს შემცირება] შუაგულში. და კიდევ, ყველაზე  სწრაფი ზრდის სამიდან ორი წელი იყო 1950-იანებში, როდესაც ყველაზე მაღალი საგადასახადო განაკვეთი 91% იყო.  ჯამში, ჩანს, რომ არ არის მჭიდრო ურთიერთდამოკიდებულება ყველაზე მაღალი გადასახადის განაკვეთსა და მშპ-ს ზრდის ტემპს შორის , და სტატისტიკური ანალიზი ამას ადასტურებს: ამ ორი ცვლადის კორელაციის კოეფიციენტი არის 0.03, რაც იმას ნიშნავს, რომ არსებითად მათ შორის კავშირი არ არის. (გადასახადების შემცირება მყარ კავშირში რომ ყოფილიყო მშპ-ს ზრდასთან,  ეს კოეფიციენტი იქნებოდა  -1-თან ახლოს.) ეს, რაც შეეხება მდიდართა კლასის გადასახადების შემცირებისაგან გაძლიერებულ  ეკონომიკას; ახლა მივუბრუნდეთ მედიანური შემოსავლის ზრდას.

  1. ყველაზე მაღალი საგადასახადო განაკვეთის შემცირება არ იწვევს პერსონალური შემოსავლების ზრდას.

და კიდევ, ჩვენ ვხედავთ გადასახადების შემცირების ძალის არადამაჯერებელ ნიშნებს. დიახ, ჩვენ ვხედავთ მედიანურ შემოსავლების ზრდის (საშუალო ამერიკული ოჯახის კეთილდღეობის კარგი საზომი) მცირე პიკებს 1960-იანების შუაში და ადრეულ 1980-იანებში ყველაზე მაღალი შემოსავლების დაბეგვრის შემცირების შემდეგ, მაგრამ ჩვენ ასევე ვხედავთ შემოსავლების შემცირებას გვიან 1980 იანებში გადასახადების შემცირებისას  და ძლიერ  [შემოსავლების] ზრდას 1993-ში  გადასახადების ზრდისას. მართალია, რომ მედიანური შემოსავლის ყველაზე დიდი დაცემის წელს (3,3% ით დაეცა 1974-ში) ყველაზე მაღალი საგადასახადო განაკვეთი იყო 70% [საკმაოდ მაღალი]. თუმცა, ეს განაკვეთი იყო იგივე 70% მედიანური შემოსავლის ყველაზე მაღალი ზრდის წელსაც (4,7% 1972ში)! და ისევ, ხსენებულ ორ საზმოს შორის კავშირის ნაკლებობა გამოიხატება ნულთან მიახლოებული კორელაციის [სტატისტიკური] კოეფიციენტით: 0.06, ზუსტი რომ ვიყოთ. და კვლავ, კოეფიციენტი არის პოზიტიური, აღნიშნავს რა შემოსავლის ცოტათი (თუმცა უმნიშვნელოდ) მეტ მატებას მაღალი გადასახადების წლებში. ესეც ორით ნოლი ჩვენს სასარგებლოდ. მოდით ეხლა შევხედოთ საათობრივ ანაზღაურებას.

  1. ყველაზე მაღალი საგადასახადო განაკვეთის შემცირება არ იწვევს ხელფასების ზრდას.

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ჩვენ, კვლავაც, გვაქვს არაერთმნიშვნელოვანი შედეგები! საშუალო საათობრივი ანაზღაურების ზრდა დაჩქარდა 1980-იანებში რეიგანის მიერ გადასახადების პირველი შეკვეცის შემდეგ, ოღონდ ორი წლის მერე ამ შეკვეცის განხორციელებიდან. მაგრამ, მსგავსად მშპ-ს და მედიანური შემოსავლის ზრდის შემთხვევისა, გვიანი 1980-იანების გადასახადების შემცირების მერე საათობრივი ანაზღაურება დაეცა და აიჭრა ზევით 1993-ში დაბეგვრის გაზრდის შემდეგ.

მეტიც, მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ყველაზე მაღალი  საგადასახადო  განაკვეთი იყო 91%, ხელფასები იზრდებოდა [წლიური] 1% ის სიჩქარით და, ჩვეულებრივ, უფრო სწრაფად. ფაქტიურად, ხელფასის ზრდის 1% ზე ნაკლები ტემპი  1972 წლამდე არ გვინახავს. თუმცა, თუ ჩვენ შევხედავთ იმ 19 წლის საკვლევ პერიოდს, როცა ყველაზე მაღალი საგადასახადო განაკვეთი იყო 50% ან უფრო დაბალი, ვნახავთ 8 წელს ხელფასების ზრდის 1%-ზე დაბალი ტემპით. ამგვარად, ჩანს, რომ საათობრივი ანაზღაურება უფრო სწრაფად იზრდებოდა მაღალი დაბერგვრის პირობებში – მართლაც, კორელაციის კოეფიციენტი არის 0,34, აღნიშნავს რა ზომიერად პოზიტიურ კავშირს მდიდრებისათვის მაღალ გადასახადებსა და  შედარებით მაღალ საათობრივ ანაზღაურებას შორის.  ეს დასკვნა კონსერვატული თეორიის საპირისპიროა. თუ ეს საკმარისი არ არის, მოდით შევხედოთ იმას, რაც პრეზიდენტი ბუშის მტკიცებით უნდა ყოფილიყო გადასახადების შეკვეცის უდიდესი შედეგი – სამუშაო ადგილების შექმნას.

  1. ყველაზე მაღალი საგადასახადო განაკვეთის შემცირება არ იწვევს სამუშაო ადგილების შექმნას.

აქ ჩვენ ვხედავთ უმუშევრობის დონის ცვლილების შეპირისპირებას ყველაზე  მაღალ  საგადასახადო  განაკვეთთან 1954 იდან 2002 წლამდე. უარყოფითი მნიშვნელობები აღნიშნავს უმუშევრობის შემცირებას – არსობრივად, სამუშაო ადგილების შექმნას. კვლავაც,  მაშინ, როცა ყველაზე მაღალი საგადასახადო განაკვეთს დაქვეითების ტენდენცია აქვს მოცემულ პერიოდში, უმუშევრობის წლური ცვლილება არ ავლენს რაიმე ტენდენციას!

თუმცა [უმუშევრობის] ყველაზე დიდი ზრდა (2,9%) მოხდა 1975 ში, როცა ყველაზე მაღალი  საგადასახადო განაკვეთი იყო 70%, უმუშევრობის ოთხიდან სამი ყველაზე დიდი შემცირება მოხდა იმ წლებში, როცა ყველაზე მაღალი  საგადასახადო განაკვეთი იყო 91%.  ეს არაერთმნიშვნელოვანი შედეგები ავის მომასწავებელია მათთვის  ვინც ყველაზე მდიდრებისათვის გადასახადების შეკვეცას ხედავს, როგორც დასაქმების ზრდის სულისჩამდგმელ სტიმულს. ამ შემთხვევაში ცვლადებს შორის კორელაციის კოეფიციენტი არის 0,11 – რაც ნიშნავს, რომ ცოტათი მეტი სამუშაო ადგილი იქმნებოდა  [ყველაზე დიდი შემოსავლებისათვის] შედარებით დაბალი გადასახადების წლებში, მაგრამ ეს სურათი უმნიშვნელოდაა გამოხატული – არასაკმარისად ძლიერია იმისათვის, რათა [აღნიშნული ცვლადების] ურთიერთდამოკიდებულებას ნიშნავდეს.

ამგვარად, ხვდებით რა არის ჩვენი დასკვნა?

ჯამში, გასული 50 წლის მონაცემები დაბეჯითებით უარყოფს ყველა არგუმენტს იმის თაობაზე, რომ უმდიდრესი ამერიკელბისათვის გადასახადების შემცირება გააუმჯობესებს ეკონომიურ მდგომარეობას დაბალი და საშუალო კლასის ამერიკელებისათვის ან მთლიანად ნაციისათვის. რა თქმა უნდა, ამ ანგარიშში გამოკვლეული ეკონომიური ინდიკატორები დამოკიდებული არიან სხვადასვა ფაქტორებზე, არა მხოლოდ საგადასახადო პოლიტიკაზე. თუმცა ეს კვლევა აჩვენებს, რომ  ყველა ცდა მდიდრებისათვის გადასახადების შეკვეცით ეკონომიური ზრდის სტიმულირებისა დამთარდება უშედეგოდ –  ამან არ იმუშავა გასული 50 წლის განმავლობაში, ხოდა რატომ იმუშავებს მომავალში? უფრო მარტივად და უხეშად რომ ვთქვათ, ბუშის დაბეგვრის შეკვეცა ყველაზე მაღალი შემოსავლებისათვის არის ეკონომიკის სტიმულირების არაეფექტური მცდელობა, რაც არ გამოიწვევს რაიმე [ეკონომიკურ] ზრდას – თუ, რა თქმა უნდა, ლაპარაკი არ არის საბიუჯეტო დეფიციტის [გაზრდის] სიდიდეზე.

ჩვენს ვებგვერდზე აღნიშნულ თემაზე შეგიძლიათ ასევე წაიკითხოთ საჯარო პოლიტიკის სფეროში კვლევითი ორგანიზაციის, Center for American Progress-ის ვებგვერდზე მაიკლ ეტლინგერისა და მაიკლ ლინდენის მიერ გამოქვეყნებული წერილის თარგმანი  მიწოდების ეკონომიკის კრახი.

შენიშვნა

[1] ლაპარაკია შემოსავლების პროგრესულ დაბეგვრაზე. იგულისხმება ყველაზე მაღალი შემოსავლების დაბედვრის განაკვეთი, რომელიც ყველაზე მაღალი განაკვეთია თავის მხრივ. ასეთი დაბეგვრის მიზნით შემოსავლებს ყოფენ რამდენიმე სექტორად და ყველაზე მაღლი შემოსავლების სექტორს ბეგრავენ ყველაზე მაღალი სადაგასახადო განაკვეთით. მაგალითად, თუ შემოსავლები დაყოფიალია სამ სექტორად – 1000 მდე, 1000იდან 200მდე, და 2000 ის ზევით – თითოეული შეიძლება დაიბეგროს 10%, 20%, და 30%-იანი განაკვეთით თანმიმდევრობის შესაბამისად. ანუ, 2000ის ზევით შემოსავალი დაიბეგრება 30% ით, რაც არის სწორედ „ყველაზე მაღალი  საგადასახადო განაკვეთი“, იგივე „ყველაზე მაღალი შემოსავლის საგადასახადო განაკვეთი“.


– ინგლისურიდან თარგმნა პაატა გურგენიძემ.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ