თქვენ მოწმე ხართ, თუ როგორ იხრწნება ნეოლიბერალიზმი შიგნიდან

Aditya-Chakrabortty-Lწარმოგიდგენთ ბრიტანულ გამოცემა The Guardian-ზე გამოქვეყნებული წერილის თარგმანს, რომელიც წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წამყვანი ეკონომისტების მხრიდან ახლახან გამოქვეყნებულ კვლევის შეჯამებაზე გამოხმაურებას.

წერილის ავტორი ადიტია ჩაკრაბორტი არის გარდიანის ეკონომიკური სექციის უფროსი კომენტატორი.

© European.ge

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომისტებმა გამოაქვეყნეს შესანიშნავი კვლევა, სადაც აღიარებენ რომ ნეოლიბერალური იდეოლოგია გადაფასებულია.

როგორ გამოიყურება იდეოლოგია როცა კვდება? როგორც ხშირ შემთხვევაში, მხატვრული ლიტერატურა აქაც საუკეთესო გზამკვლევია. ფრენსის სპაფორდის შესანიშნავ ისტორიულ რომანში – „წითელი დოვლათი“, აღწერილია თუ როგორ დაიმსხვრა უკეთესი, უფრო სამართლიანი, საზოგადოების შენების კომუნისტური ოცნება.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც თავიანთი მოქალაქეების ფიქრებსაც კი ცენზურაში ატარებდნენ, კომუნისტებს დიდი ოცნებები ქონდათ. სპაფორდის მთავარი გმირი ლეონიდ კანტოროვიჩია, რომელიც ერთადერთი ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტია საბჭოთა კავშირში. მოსკოვის მეტროში მგზავრობისას ვაგონების გამაყრუებელ ხმაურში ის ოცნებამორეული წარმოიდგენს, რას მოუტანს აურაცხელი დოვლათი ამ გაღატაკებულ გარეუბნელებს, დილაადრიან რომ მიჰყვებიან ქალაქის მატარებელს, მთელი დღე შრომობენ, საღამო ხანს კი კვლავ მატარებლით ბრუნდებიან შინ: „ქალების ღარიბული ტანსაცმელი კილტებით გაწყობილ, დალიანდაგებულ, აბრეშუმის მშვენიერ სამოსად იქცევა; სამხედრო უნიფორმები, თითქოს, ერთმანეთის მიყოლებით იღვენთება, სადღაც ქრება და ტანზე მომდგარ, ოსტატურად შეკერილ, კოხტა, რუხ და ვერცხლისფერ შესამოსელად გარდაისახება. გამუდმებული დარდითა და მწუხარებით დანაოჭებულ სახეებს სიმშვიდე ეფინება, უკვალოდ ქრება დამშეული მზერა და თვალში საცემი, ცხადზე ცხადი იარები, სიღარიბე რომ აყენებს ადამიანს”.

მაგრამ, რეალობა სწრაფად წალეკავს მსგავს ქვიშის კოშკებს. დროთა განმავლობაში ციფრების დამორჩილება უფრო და უფრო რთულია. დიდებული გეგმების განხორციელება შეუძლებელი ხდება თაღლითობის გარეშე და ეს ამ გეგმების არქიტექტორებმა ბევრად უკეთ იციან ვიდრე ნებისმიერმა დისიდენტმა. სწორედ ესაა სპაფორდის ერთ ერთი მთავარი მიგნება: მღელვარება და შფოთვა სწორედ შიდა სამზარეულოდან იწყება, დიდი ხნით ადრე ვიდრე სახალხო პროტესტი იფეთქებს. ჩუმი გაფრთხილებიდან გაფრთხილებამდე, მემორანდუმიდან მემორანდუმამდე, რეჟიმი ნელ-ნელა ინგრევა შიგნიდან. მისი საბოლოო დამხობა რომანის დასასრულიდან ათწლეულის შემდეგ ხდება, თუმცა ამის ნიშნები ამ დროს უკვე სახეზეა.

2010 წელს, როდესაც რომანი „წითელი დოვლათი“ გამოქვეყნდა, ნათელი იყო რომ იდეოლოგია, რომელსაც თანამედროვე კაპიტალიზმი ეყრდნობა კრახს განიცდიდა, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ იყო სიკვდილი. მსგავსი პროცესები რაც რომანშია აღწერილი, სწორედ ახლა მიმდინარეობს კრიზისში მყოფ კაპიტალიზმში. გაკოტრების აღიარება კი, თანდათან სწორედ იმ ტექნოკრატების მიერ ხდება ვინც ამ სისტემაზეა პასუხმისმგებელი.

ეს განწყობა შეიძლება ამოვიკითხოთ მარკ კარნის (Bank of England) გამოსვლიდან, როდესაც ის განგაშით აცხადებს „ზრდის დაბალ ტემპებზე, დაბალ ინფლაციასა და დაბალი საპორცენტო განაკვეთის წონაწორობაზე“. ან როდესაც საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკი, რომელიც ცენტრალურია ცენტრალურ ბანკებს შორის, გვაფრთხილებს იმის თაობაზე, რომ „გლობალური ეკონომიკა უძლურია დაუბრუნდეს მდგრად და დაბალანსებულ ზრდას“. ყველაზე მკვეთრი სიგნალი კი ამის შესახებ ივნისის დასაწყისში სავალუტო ფონდისგან მივიღეთ.

სავალუტო ფონდის ეს წერილი, გამორჩეულად აღსანიშნავია არა მხოლოდ იმის გამო თუ რა წერია მასში, არამედ თუ ვინ წერს ამას და რამდენად პირდაპირია ის. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) გამოცემა, აქვეყნებს 3 მისი წამყვანი ეკონომისტის ესსეს სახელწოდებით – „ნეოლიბერალიზმი: გადაფასებულია?“.

თავად სათაური უკვე ძვრებს იწვევს. ძალინ დიდი ხნის მანძილზე, ეკონომისტები და პოლიტიკოსები უარყოფნდნენ ნეოლიბერალიზმის არსებობასაც კი, ისინი უგულვებელყოფდნენ მას, როგორც წარუმატებელი, ჭირვეული ხალხის მიერ გამოგონილ ცნებას, რომელთაც არც ეკონომიკის და არც კაპიტალიზმის არაფერი გაეგებოდათ. ახლა კი გამოდის სავალუტო ფონდი და აღწერს, თუ როგორ ვრცელდებოდა „ნეოლიბერალური დღის წესრიგი“ მთელს მსოფლიოში ბოლო 30 წლის განმავლობაში. მათ მხედველობაში აქვთ, თუ როგორ მოხდა, უფრო და უფრო მეტი სახელმწიფოს მიერ თავიანთი საოცილური და პოლიტიკური მოწყობის გადაკეთება ბაზრის მკრთალ ანარეკლად. ვილ დავის თქმით, (ავტორი წიგნისა –„ნეოლიბერალიზმის ლიმიტი“) ბრიტანეთში ამის მაგალითებად შეიძლება განვიხილოთ ეროვნული ჯანდაცვის სისტემა (NHS) და უნივერსიტეტები: „სადაც სასწავლო ოთახები სუპერმარკეტებადაა ქცეული“. ასე და ამგვარად, მივიღეთ შემდეგი სურათი: საჯარო სექტორი ჩაანაცვლა კერძო კომპანიებმა, ხოლო დემოკრატია კონკურენციის მიერ იქნა განდევნილი.

სავალუტო ფონდის მკველვარებიც აღიარებენ, რომ ამ ყველაფრის შედეგი სავალალოა. ნეოლიბერალიზმმა მოიტანა არა ეკონომიკური ზრდა, არამედ მხოლოდ ადამიანების მცირე ჯგუფის მდგომარეობის მკვეთრი გააუმჯობესება. ის იწვევს დიდ კატასტროფებს, რასაც მოყვება ადამიანური მსხვრეპლი და ამ ყველაფრის გამოსასწორებლად საჭირო მილიარდ დოლარიანი ვალი. ბრიტანეთის კვების ბანკის მომხმარებლები ამაში ნამდვილად დაგვეთანხმებიან. და მაშინ როდესაც ჯორჯ ოსბორნი, ქამრების შემოჭერის პოლიტიკას (Austerity) ამართლებს და ადარებს მას „მზიან ამინდში სახურავის შეკეთების“ პრაქტიკას, სავალუტო ფონდის გუნდი ამას განმარტავს, როგორც „მთავრობის ზომის შეკვეცას, რაც ნეოლიბერალური დღის წესრიგის ერთერთი ასპექტია“. მათივე თქმით, მთავრობის ზომის შეკვეცა „ძალიან ძვირი ჯდება, იმაზე ძვირიც კი ვიდრე მისგან მიღებული სარგებელია“.

აქ ორ რამეზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. პირველი რიგში, ეს კვლევა ეკუთვნის სავალუტო ფონდის კვლევების დეპარტამენტს და არა იმ თანამშრომლებს, რომლებიც გაბანკროტებულ ქვეყნებში დადიან, გაღატაკებულ მთავრობებს სესხის პირობებზე ევაჭრებიან და ფისკალურ წნეხს ახორციელებენ (fiscal waterboarding). აღსანიშნავია ის ნაპრალი, რომელიც 2008 წლის შემდეგ გაჩნდა სავალუტო ფონდის შეხედულებებსა და მის ქმედებებს შორის. მეორე, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ არის ის, რომ მაშინ როდესაც მკვლევარები ზოგიერთი საკითხის ანალიზისას იმაზე ღრმად მიდიან ვიდრე ვინმე წარმოიდგენდა, ისინი ღიად ტოვებენ ბევრ ძალიან მნიშნველოვან პუნქტს. ავტორები იცავენ პრვატიზაციის იდეას და აღწერენ მას, როგროც „სერვისების უფრო ეფექტური უზრუნველყოფის წინაპირობას“. ასევე, ისინი ამართლებენ სახელმწიფო ხარჯვის შემცირების პრაქტიკას – რაზეც ჩვენი მხრიდან ერთადერთი სწორი რეაგირება იქნებოდა მათთვის შეგვეთავაზებინა მატარებლით მგზავრობა Hinkley point C-სკენ (ატომური ელექტროსადგური).

და მაინც, ეს ესსე წარმოადგენს სავალუტო ფონდის მიერ ნეოლიბერალური კონსესუსის დარღვევას. უთანასწორობა და ამჟამინდელი ფინანსური სისტემის უვარგისობა, თანამედროვე ეკონომისტებისა და პოლიტიკოსების რეგულარული სალაპარაკო თემები გახდა, თუმცა, ისინი ამას უდგებიან როგორც ნორმიდან გადახრას. ბოლოს და ბოლოს კი, ისეთი მთავარი ინსტიტუცია, როგორიც სავალუტო ფონდია, ალაპარაკდა არა მხოლოდ სიმპტომებზე, არამედ მის გამომწვევ მიზეზზეც და ეს მიზეზი მათი განცხადებით პოლიტიკურია. არაა გასაკვირი, როცა ავტორი ამბობს, ეს კვლევა 5 წლის წინ არც კი გამოქვეყნდებოდა.

1980-იანი წლებიდან მოყოლებული, პოლიტიკური ელიტები უარყოფდნენ   იდეოლოგიური ჩარჩოს ფარგლებში მოქმედებას, მათი მტკიცებით ისინი აკეთებდნენ იმას „რაც მუშაობდა“. თუმცა ამგვარი მკტიცებით მანამდე გახვალ ფონს, სანამ ის რასაც აკეთებ რეალურად მუშაობს. კრიზისის შემდეგ ცენტრალური ბანკები, პოლიტიკოსები თუ ტელევიზიები, ცდილობდნენ ხალხის დარწმუნებას, რომ მილიარდები მოახდენდა სასწაულს და გამოასწორებდა ეკონომიკურ მდგომარეობას. ისინი წინ და უკან ფურცლავდნენ სახელმძღვანელოებს: საბანკო „ბეილაუთები“, ხარჯვის შემცირება, ხელფასების გაყინვა, ფინანსურ ბაზარზე მილიონების გადასროლა – და მაინც ზრდა ანემიურია.

რაც უფრო დიდხანს გრძელდება ვარდნა, ხალხი უფრო მეტად დგება ფაქტის წინაშე, რომ არა მხოლოდ ზრდა შესუსტდა, არამედ უბრალო მშრომელების სარგებელი ამ ზრდიდან სულ უფრო და უფრო ნაკლებია. გასულ წელს მდიდარი ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) დიდ დათმობაზე წავიდა, როდესაც აღიარა რომ გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკური ზრდიდან მშრომელებზე ასახული სარგებული ამჟამად ყველაზე დაბალ ნიშნულზე დავიდა მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ. უფრო მეტიც, მათივე თქმით მდგომარეობა იგივე ან უარესია კაპიტალისტური დასავლეთის სხვა ქვეყნებშიც.

რომანი „წითელი დოვლათი“ შემდეგნაირად მთავრდება: იძულებით პენსიაზე გაშვებული ნიკიტა ხრუშოვი საკუთარ აგარაკზე სეირნობს. „სამოთხე“– წამოიძახებს ის უეცრად: „არის ადგილი, საითაც ხალხი საბოლოოდ მიილტვის და არა ის, საიდანაც გაქცევა სურთ. და მაშინ როგორი სოცილიზმია ეს? რა ჯანდაბაა როდესაც ხალხის ძალით დაკავება გიწევს? რა ქვია ამ სოცილურ წესრიგს? ნუთუ ესაა სამოთხე?“

სამწუხაროდ ეკონომისტები, არ საუბრობენ მწერლების ენით, მაგრამ ამ დიაგრამებისა და ტექნიკური ენის ფონზე თქვენ ხდებით მოწმე, თუ როგორ იწყება იდეოლოგიის ხანგრძლივი სიკვდილი.

 

– ინგლისურიდან თარგმნა მაგდა ლაბაძემ.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ