31 ივლისს, სოციალურ ბარ გენერატორ 9.8-ში გაიმართა თორნიკე რაზმაძის სათავგადასავლო რომანის -“აპოკალიფსის დღიურები” – პრეზენტაცია.
“აპოკალიფსის დღიურები” არის სათავგადასავლო რომანი, რომელშიც მოთხრობილია ერთი ჩვეულებრივი ახალგაზრდას თავგადასავალი მას შემდეგ, რაც სამყაროში გაუგებარი და ამოუხსნელი პროცესები იწყება: იშლება კონტროლისა და წესრიგის მექანიზმები; აღარ არსებობენ ხელისუფლებები, სრული ანარქია ბატონობს. მთავარი გმირი საკუთარ თავგადასავალს პირველ პირში აღწერს. როდესაც “ყველაფერი” იწყება, ის მეტროთი მგზავრობს, სადაც გაიცნობს გოგონას, რომელიც, როგორც შემდეგ აღმოჩნდება, მისი თანამგზავრი და სიყვარულის ობიექტიც გახდება. არავინ იცის, რა მოხდა და რამ გამოიწვია არეულობა და განუკითხაობა ქალაქში. ნაწარმოების გმირებიც უბრალოდ დინებას მიჰყვებიან, თავის გადარჩენას ცდილობენ, მაგრამ მალევე გამოჩნდება ორგანიზებული ჯგუფი მისტიკური წარმომავლობითა და სიმბოლიკით, რომელიც ადამიანებზე ნადირობს, ხოცავს ან ტყვედ მიჰყავს ყველა შემხვედრი. მთავარი გმირის ახალგაცნობილი თანამგზავრიც მათ ხელში აღმოჩნდება და ბიჭი მთელი შემდგომი სიუჟეტის განმავლობაში ცდილობს მისი დახსნის გზები იპოვნოს. შეხვდება ძველ ნაცნობებს, სპეციალურად აგებულ სახელმწიფო თავშესაფარში, სადაც ახალი პერსონაჟები და ურთიერთობებიც ჩნდება. მთავარ გმირს ორი რამ არ ასვენებს: დაბრუნების პირობა, რომელიც ელენეს განშორების წინ მისცა და საკუთარი ეგო – მეორე მე, რომელიც პერიოდულად ჩნდება და ფიქრებს უწამლავს, რომელიც მოუწოდებს, რომ სხვა ადამიანებზე ნაკლები იფიქროს და მეტად რაციონალრად იმსჯელოს. გმირის საკუთარ თავთან დიალოგებსა და ბრძოლას ნაწარმოებში მნიშვნელოვანი როლი აქვს.
წიგნის ყიდვა შეგიძლიათ “ბიბლუსის” მაღაზიათა ქსელში და ელექტრონული ვერსიის გადმოწერა ვებგვერდიდან: www.saba.com.ge.
© European.ge
გთავაზობთ ავტორის ტექსტის ნაწყვეტს წიგნის პრეზენტაციიდან:
რაღაც მომენტში, 23 წლის ასაკში ვიგრძენი რომ ზუსტად ის მაწუხებდა, რაც ჩემი წიგნის მთავარ პერსონაჟს: სოციალური უსამართლობა, უთანასწორობა და ყველა მჩაგვრელი სისტემის განადგურების გარომანტიზებული სურვილი. ზუსტად ამას განიცდის ნაწარმოების მთავარი გმირი, რომელიც საკუთარ თავგადასავალს პირველ პირში აღწერს. და მართლაც, როგორც დისნეის მულტფილმებში, ყველაფერი ახდება, ერთ მშვენიერ, ან არც ისე მშვენიერ, არაფრით გამორჩეულ დღეს, როცა ბიჭი სამსახურიდან მეტროთი ბრუნდება.
მაგრამ, მალევე ისმევა კითხვა, შინაგანი კითხვა: არის კი ეს ყველაფერი ისეთივე სასურველი და ჟრუანტელის მომგვრელი როცა შენი ფიქრებიდან რეალობაში გადმოდის?
ბიჭიც ასევე ფიქრობს თავდაპირველად, როცა პირველად მიეცემა საშუალება წყნარად დაჯდეს და მთელი ეს გიჟური დასაწყისი გააანალიზოს:
“რა იქნებოდა ახლა ეს ყველაფერი რომ არ მომხდარიყო? ეს კითხვა იმდენად საინტერესოდ მეჩვენა, რომ გადავწყვიტე მასზე პასუხების ძებნაში ნეტარების ძვირფასი წამები დამეხარჯა: რა მოხდებოდა და ალბათ, უსიამოვნო სახით გავიღვიძებდი დილით, ზომბივით მივაშურებდი სააბაზანოს და საშხაპეში მხოლოდ 5 წუთს გავატარებდი. შემდეგ 5 წუთს კბილების გამოხეხვას და ტანსაცმლის ჩაცმას დავუთმობდი. იქიდან გამოსულს გამახსენდებოდა, რომ შხაპის მიღებამდე ყავისთვის წყლის გაცხელება სჯობდა, რადგან ამით 2 წუთს დავზოგავდი და ჩემი დაუდევრობის გამო ნერვები დილიდანვე ამეწეწებოდა. შემდეგ სახელდახელოდ ვისაუზმებდი, ყავას ისე სწრაფად დავლევდი, რომ ენას დავიწვავდი და ჯესის დღის ულუფას დავუტოვებდი. აუცილებლად ბოდიშს მოვუხდიდი, რომ საღამომდე ვერ გავასეირნებდი, ყურებს შორის ვაკოცებდი და სამსახურში მოვკურცხლავდი.
ერთი შეხედვით, არც ისე ცუდად ჟღერს, ხომ? ასე, ერთი შეხედვით, არც შოკოლადის ტორტის ჭამას დაეწუნება რამე, მაგრამ სცადეთ და ეს ყოველდღე გააკეთეთ. მაქსიმუმ ერთ თვეში, შოკოლადის ტორტი სამუდამოდ შეგზიზღდებათ. თანაც „შოკოლადის ტორტს“ შემდგომში დაემატებოდა მეტროთი ნახევარსაათიანი დუნე მგზავრობა, რომელსაც ხელოვნურად ახალისებ ყურსასმენებიდან გამომავალი დაყრუებამდე ხმამაღალი ბგერებით და თანამშრომელთა მოუცლელი სახეები, რომლებისთვისაც შენ რიგითი არსება ხარ და დანარჩენი ხუთასი ინდივიდისგან არაფრით გამოირჩევი. შენი პერსონალური კომპიუტერის მონაცემებიც კი ზუსტად ისეთივეა, როგორიც დანარჩენი 499 თანამშრომლის, არც ერთი ჰერცით მეტი, ან ნაკლები. შენი შარვლისა და ჰალსტუხის ფერიც ისეთივეა, როგორიც დანარჩენების, არც ერთი ტონით მუქი ან ღია. შესვენებაზე, როდესაც ბუფეტში ჩადიხარ, შენს თეფშზე დაყრილი კარტოფილის ჩხირებიც კი ზუსტად ისევეა შემწვარი, როგორც სხვებისა, იმიტომ, რომ ერთ დიდ ჟარონაზე ელაგა. და ბოლოს, ამ ყველაფრისთვის ყოველთვიურ გასამრჯელოსაც ისეთი კუპიურებით იღებ, როგორიც სხვებისაა. არ შეიძლება აქ განსხვავება იყოს, ამას გაყალბებას ეძახიან და ამის გამო ადამიანებს სჯიან.”
(გვ. 251)
მოკლედ, ერთ დღესაც უსახელო ქალაქში, რომელიც მკითხველმა შეიძლება ობიექტურად თბილისს მიამსგავსოს იწყება ის, რასაც მანამდე მთავარი გმირი მხოლოდ ალკოჰოლის დახმარებით თუ წარმოიდგენდა. ძნელია ერთი სიტყვით დაახასიათო ეს მოვლენა, მაგრამ თუ მაინც საჭროა, ალბათ ყველაზე ახლოს „ანარქია“ დგას. აღარ არსებობს კონტროლი, სისტემები, პოლიცია ჯარი, ხელისუფლება იწყება სრული განუკითხაობა და პანიკა.
ადამიანებს წარმოდგენა არ აქვთ ეს ყველაფერი რამ გამოიწვია, ყველას თავისი თეორია აქვს, ყველა პერსონაჟს, ზოგს დიდად არც აინტერესებს და უბრალოდ იღებს იმ მოცემულობას რაც არის, ჩვენს რეალობაშც ხომ ასეა, ხშირად ინტერესდებიან ადამიანები იმით, რა რატომ არის ისე, როგორც არის?..
ასევე, შეგიძლიათ უყუროთ წიგნის პრეზენტაციის ვიდეოს.