თამაზ გაბისონია: პარტია ჩვენი მესაჭეა!

tamazi

► ავტორი: თამაზ გაბისონია, ილიას უნივერსიტეტის პროფესორი, ა.ო. „ეთიკური ურთიერთობების“ თავჯდომარე.

© European.ge

მარტინ ლუთერ-კინგის, ასევე მრავალი ჩვეულებრივი ადამიანის მსგავსად, მეც „მაქვს ოცნება“, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ადრე თუ გვიან რეალობად იქცევა.  ეს ოცნება ჩემში მაშინ დაიბადა, როდესაც საქართველოს მთელი პარტიული სპექტრი გაერთიანდა ადგილობრივ არჩევნებში მაჟორიტარული კომპონენტის წინააღდეგ. „ოჰო, ანუ უპარტიოს პარლამენტში მოხვედრის შანსი საერთოდ უნულდება?!“ – გამიჩნდა პროტესტი და ცხელ გულზე წარმოვიდგინე, რა მოხდებოდა, პოლიტიკური პარტია რომ საერთოდ არ არსებობდეს? დავიქცეოდით? რა მოუვიდოდათ ატცეკებს, რომ მსხვერპლი არ შეეწირათ მზის ღმერთისთვის? არ გათენდებოდა?

და მივხვდი, რომ სწორ გზას ვადგავარ. პარტია ატავიზმია და ადრე თუ გვიან გადაშენდება!

და ვინ არ იცის, რომ პოლიტიკური პარტია, როგორც იდეა და მეთოდი, მართლაც, მორალურად დაძველდა და ფიქციაა? და ამავე დროს – ზიანის მომტანიც რომაა, ამას ვცდილობ ამ წერილში გადმოვცე.

ახალგაზრდობისას, როდესაც სხვადასხვა ინტერვიუში თუ ნაწარმოებში ამოვიკითხავდი ხოლმე გამოჩენილი ადამიანების უარყოფით შეხედულებებს პოლიტიკისა თუ პოლიტიკოსების შესახებ, მეგონა, ეს ერთგვარი გაუაზრებელი პროტესტი იყო იმ პრობლემებზე, რომელსაც პოლიტიკოსები იმხანად ჯეროვნად ვერ წყვეტდნენ.

მაგრამ აი, გავიზარდე და მივხვდი, რომ პოლიტიკოსები და, განსაკუთრებით, პარტიული მუშაკები უმეტესწილად მსუყე ადგილზე დაუმსახურებლად მოხვედრილი ხალხია, პრინცზე კონკიას მაგივრად გათხოვილი უგვანი დების მსგავსად. მცირე გამონაკლისების გარდა, ისინი პრობლემებს ჯეროვნად ვერც ვერასდროს გადაწყვეტენ. საკითხის გადასაჭრელად საჭიროა ინტელექტი, ცოდნა, გადაწყვეტილების მიღების უნარი, პასუხისმგებლობა. მაგრამ ეს თვისებები ნაკლებად ფასობს ადამიანის პოლიტიკაში შეღწევისას. სამაგიეროდ – ცნობადობა, ფული, გარეგნობა, დამაჯერებელი საუბარი, ექსცენტრული ქცევა, ახლობლების წრე – ეს – კი ბატონო.

უცნაურია: პოლიტოლოგი ვერ გახდები, თუ აკადემიური განათლება არ მიიღე ამ სფეროში (თუმცა ასეთებიც მოიძებნება ჩვენში), სამაგიეროდ, პოლიტიკოსი რომ გახდე, ამისთვის შესაბამისი განათლება არცაა საჭირო. შესაბამისი სასწავლო პროგრამა სადღაც რომელიღაც უნივერსიტეტში კია – სახელმწიფო თუ საჯარო მართვა, მაგრამ ეს ვის აინტერესებს? დაიგდე სახელი – ბიზნესმენის, მომღერლის, მოჭიდავის, მორაგბის, ჟურნალისტის, არასამთავრობოს უფროსის, ფეხბურთელის, მსახიობის, კიდევ ვინმე ისეთის, რაც ტელევიზიით 5-10-ჯერ გამოგიყვანს. თუ პოპულარული ვერ ხარ, ფულიანობა გაჭრის.

არადა, პოლიტიკური პარტია თავისი კლასიკური (აწ კი ნიველირებული) მნიშვნელობით ადამიანთა კრებულია, რომელიც რაიმე იდეის ან სახელმწიფოს მმართველობის ორიგინალური ხედვის და ძალაუფლების მოპოვების მიზნითაა შექმნილი. ძალაუფლება კი ბატონო, მაგრამ – რა იდეა, რა მიზანი?! პარტიების დღევანდელი იდეოლოგია მხოლოდ საყოფაცხოვრებო შეპირებებია. თან ისეთი, რომელზეც რატომღაც ამა თუ იმ პარტიას „საავტორო უფლება“ აქვს გამოცხადებული.

კი, პარტიული იდეოლოგიის სხვადასხვა ვერსია სამი საუკუნის განმავლობაში იქმნებოდა და ვითარდებოდა – ადამიანის უფლებების მიმართ შეხედულებათა პარალელურად, მსგავსად მეცნიერული შეხედულებებისა, სადაც დროდადრო ერთ ან მეორე თეორიას ეძლეოდა უპირატესობა.

მაგრამ მეცნიერებაში ამ მხრივ უკვე გაირკვა ბევრი რამ: – „ოფიციალური მეცნიერების შეთქმულების“ მომხრე მცირერიცხოვან ჯგუფს თუ არ გავითვალისწინებთ, ჩამოყალიბდა შეთანხმებული მიდგომა სხვადასხვა საკითხის მიმართ (გარდა ჰუმანიტარული მეცნიერების ზოგიერთი უბნისა, რა სფეროსაც მკაცრი გაგებით მეცნიერულად ბევრი არც მიიჩნევს). სახელმწიფოს მართვა კი, რომელიც ადამიანთა,  ხალხთა და დედამიწის ბედს განსაზღვრავს, ოდნავაც ვერ მიუახლოვდა მეცნიერულ დონეს. აქ ჯერ კიდევ სხვადასხვა „გზები“ არსებობს  ხალხის გასაბედნიერებლად, თან საუკეთესო გზა რატომღაც ხალხმა უნდა განსაზღვროს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს ამ გზის რეალურ პერსპექტივაზე.

მეცნიერება პარტიული ფუნქციონერისთვის მხოლოდ ელექტორატზე ზემოქმედების მხრივაა საინტერესო და ამ მხრივაც მუშაობას სხვას ავალებენ – ლობისტურ კომპანიებს – ჩემი აზრით, ერთ-ერთი ლეგალური დანაშაულებრივი პროფესიის ხალხს.

და რატომ ტყუვდება ხალხი? ბრბოა? ამ შემთხვევაში – დიახ.  პოლიტიკა არაა ჩვენი სპეციალობა, არაა ანაზღაურებადი სამსახური, მხოლოდ სიმპტომატურად ვფიქრობთ ამ თემაზე და პასუხისმგებლობაც ნაკლები გავქვს. თუმცა გვიხარია, როდესაც ჭკუას გვეკითხებიან და გვეუბნებიან, რომ ფაქტობრივად ჩვენ – ხალხი ვმართავთ სახელმწიფოს. პოლიტიკური კლანებისადმი მორჩილება ერთგვარ ფსიქიკურ ეპიდემიად ჩამოყალიბდა.

დემოკრატია – ხალხის ძალაუფლება… არის ამ გამოთქმაში რაღაც ქაოსური, რევოლუციური, საშინელი… და ფიქრობ: შეიძლება კარგიცაა, რომ სინამდვილეში ასე არ ხდება.  ჩვენ მხოლოდ დროდადრო გვაძლევენ „კის“ და „არას“ თქმის უფლებას და ამასაც იდეოლოგიური დამუშავების შემდეგ ვაკეთებთ.

გარდა არჩევნებისა, ხალხის აზრის მართვა და სათავისოდ გამოყენება ყველაზე ეფექტურია რეფერენდუმების გზითაც. პარტიული და მედია-მუშაკები ქმნიან ილუზიას, თითქოს საკმაოდ რთული ეკონომიკური, ეკოლოგიური, ენერგეტიკული და სხვა ამგვარი პრობლემისადმი პოზიციის შემუშავება ადვილია ერთი-ორი ექსპერტის ან პოლიტიკოსის გამოსვლის შემდეგ. თურმე საშუალო ბერძენს და საშუალო ინგლისელს ცოდნია, რა სჯობს ქვეყნის მომავლისთვის – ევროკავშირში დარჩენა თუ ცალკე გასვლა.

რეფერენდუმში ერთგვარი მორალური დაზღვევა მუშაობს – გადაწყვეტილების პასუხისმგებლობა თითქოსდა შენს გარდა სხვა ათასებზე იყოფა, რაც სითამამეს გძენს. აბა წარმოიდგინე, რომ სახელმწიფოს მეთაური ხარ – ასე ადვილად მიიღებ გადაწყვეტილებას? არადა რეფერენდუმებზეც და არჩევნებზეც პატიოსანმა მოქალაქემ ასე უნდა იფიქროს.

ქვეყნის კეთილდღეობისთვის ერთადერთი გზა არსებობს – მუშაობა მიმდინარე საკითხებზე – რა როგორ სჯობს, და – მომავალი რისკების გათვლა. ყოველგვარი ამის დასადგენად პარტია არაა საჭირო. ამას პოლიტოლოგია და რისკების მენეჯმენტი განსაზღვრავს. კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლოა ივარგოს მიდგომამ, რომელსაც ადრე მემარცხენეობას ეძახდნენ, სხვა  შემთხვევაში – მემარჯვენულმა, ან ცენტრისტულმა. რა ცარიელი სიტყვებია, არა?

ქართული პარტიის სახელები გადაათვალიერეთ, რამეს გეუბნებათ? „ნაციონალური მოძრაობა“ – რომელი პარტია არაა ნაციონალური? „ქართული ოცნება“ – რომელი პარტია გაოცნებებს? „დემოკრატები“, „რესპუბლიკელები“, „პატრიოტები“ – რა „ორიგინალური“ იდეებია!

უფრო ადვილია პარტიათა დახარისხება მათი ჭეშმარიტი ბუნებიდან გამომდინარე: კონკრეტული ლიდერების მიხედვით. პოლიტიკური პარტიები სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობენ არა თავისი იდეური პროგრამის ხალხისადმი გაცნობას, არამედ – თავისი წარმატებული, ცნობადი წევრებისადმი ნდობის მოპოვებას. ხალხიც დღეს პარტიას აღიქვამს, როგორც ცნობილი პირების ჯგუფს და არა – როგორც იდეას  ვამბობთ პარტიას, ვგულისხმობთ მის ლიდერს, და – პირიქით. ეს ტენდენცია კარგად ჩანს საარჩევნო ბლოკების სახელდებისას. მერე რა, რომ არჩევნების შემდეგ გვარები აღარ ისმის? ხალხის აზრი მხოლოდ არჩევნებზეა აქტუალური. პარტიისადმი მიმდევრების ნდობაც და შეცდომების პატიებაც განპირობებულია ძირითადად ლიდერის ქარიზმით, ხალხთან მოქცევის წესების ცოდნით და სხვა „პოლიტიკური ტექნოლოგიებით“, რაც სხვა არაფერია, თუ არა მანიპულაციის ხერხები.

კლანები – აი, დღევანდელი პარტიის შესატყვისი არსობრივი სახელი.

არა მარტო აქაა ამგვარი გაუგებრობა. ჩვენში დარჩეს, ის ტრამპიც არაა რესპუბლიკელი თავისი მოსაზრებებით.

მაგრამ ჩვენ ვიღებთ ამ შეურაცხმყოფელი თამაშის წესებს. დუმან არასამთავრობო ორგანიზაციებიც. თუმცა ისინიც ძირითადად ჩვენი თუ უცხოური პარტიების ფრთებქვეშ არიან მოკალათებული (თითქმის არცერთი არასამთავრობო სახელმწიფოს მიერ არ ფინანსდება) და იქაც ხომ ძირითადად მომავალი პარტიული ლიდერები „იჩეკებიან“ და „იბრძმედებიან“.

საქართველოში და დიდი უმეტესობით – მსოფლიოში პოლიტიკური პარტია ცდილობს, სხვა პარტია არა პოლიტიკურ მოწინააღდეგედ, არამედ – ერის მტრად წარმოაჩინოს, რაც იწვევს მოსახლეობის პოლიტიკურ პოლარიზაციას და შესაბამისად – საზოგადოების გახლეჩას ორ ან მეტ მტრულ ნაწილად. სამთავრობო ან ოპოზიციური პარტია მოწინააღდეგე პარტიას ბოროტ ძალად იხსენიებს.

არაა ეს საკუთარი ხალხის საკმაოდ დიდი ნაწილის შეურაცხყოფაა?

მართლაც, პარლამენტში პოზიცია-ოპოზიციის წინადადებებს მოწინააღმდეგე მხარე თითქმის ყოველთვის უარით პასუხობს. პარტიული გადაწყვეტილებისთვის დღეს მთავარია არა ობიექტური განსჯა, არამედ – მოწინააღმდეგის მოსაზრების უარყოფა. სჯობს გააბიაბურო კარგი ინიციატივა, ვიდრე აღიარო, რომ დაგასწრეს კეთილი საქმის ინიცირება; ხალხს უნდა მოაწონო თავი! ქვეყნის პოლიტიკური კურსი, აგრეთვე შიდა პოლიტიკა ყალიბდება არა იმდენად ობიექტური გათვლით, რამდენადაც პოპულიზმის წესებით, განსაკუთრებით – არჩევნების წინ. ხალხი ამ შემთხვევაშიც ბრბოს როლს ირგებს.

კიდევ ერთი ანომალია პარტიების ზეობისას: პარლამენტში და სხვა სამთავრობო ინსტიტუციებში მუშაობისას გადაწყვეტილებები გამორიცხავს პიროვნების კერძო, თავისი ბლოკისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას („არ ვფიქრობ ასე, მაგრამ ვეთანხმები ბლოკის საერთო აზრს“). თანამდებობის პირი  გადაწყვეტილებას ვერ იღებს მხოლოდ საკუთარი მოსაზრებების და სინდისის მიხედვით.

გამარჯვებული პარტიის მიერ საკუთარი წევრების „პოლიტიკურ თანამდებობებზე“ დანიშვნა გამოხატულებაა იმ მცდარი აზრისა, თითქოს რომელიმე ცალკეულ დარგში საჭიროა პარტიული იდეოლოგიის გატარება (J); ან – მხოლოდ მას ჰყავს საუკეთესო სპეციალისტები (თან, რატომღაც – არა დარგის, არამედ –  მხოლოდ ცნობადობის მიხედვით);

ასე, რომ „პარტიული თანამდებობები“ ფიქციაა!

ერთადერთი, რაც თითქოსდა შეიძლება გამოდგეს პარტიული სისტემის დადებით მხარედ, მისი კოლექტიური პასუხისმგებლობაა ხალხის წინაშე. და რატომ ჰგონია მავანს, რომ კოლექტიური პასუხისმგებლობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პიროვნული? და თუნდაც ასე იყოს, ვხედავთ კი ამ კოლექტიურ პასუხისმგებლობას? გვაქვს კი ამ პასუხისმგებლობის და დაპირებების შესრულების მონიტორინგის და შეფასების მყარი მექანიზმი? არასამთავრობოებები? კი, ზოგჯერ ნაწილობრივ გვიქარვებენ ბოღმას, მაგრამ თამაშის წესებს კიდევ უფრო ამტკიცებენ.

კოლექტიური პასუხისმგებლობა მხოლოდ ერთიანი უცვლელი ჯგუფისატვის არაა დამახასიათებელი. შეიძლება პასუხისმგებლობა მოეთხოვოთ კონკრეტული გადაწყვეტილების მიმღებებს. ესეც ჯგუფია. შესაძლებელია, შემდგომში აღირიცხოს იმ პირთა გადაწყვეტილებები, რომლებმაც არ გაამართლა.

პოლიტიკური პარტია პარლამენტში, სამთავრობო სტრუქტურებში და სხვა სამეთაურო „პარტიულ“ თანამდებობებზე თავად ინიშნავს ხელფასის სასურველ ოდენობას. მმართველობის გარეშე დარჩენილი პარტიის მუშაკებიც, გარკვეულ ანაზღაურებას იღებენ. არა? დღედაღამ მუხლჩაუხრელად მუშაობენ? იქნებ არასაპატიო გაცდენებიც არ აქვთ, მათ შორის – პარლამენტარებს?

ამასთან, რაც ჩვეულებრივი მოკვდავისგან აღიქმება დაუსაბუთებელ განაცხადად და ცილისწამებად, იგივე საქციელი თუ გამონათქვამი პოლიტიკოსის მხრიდან ფასდება, როგორც მხოლოდ „პოლიტიკური განაცხადი“, რასაც პასუხი არ მოეთხოვება. ეს კი კიდევ უფრო ათამამებს პარტიულ მუშაკს. ზოგადად, მას ხალხისადმი ნაკლები პასუხისმგებლობა გააჩნია, ვიდრე სხვა რომელიმე დარგის მუშაკს.

პარტიის „კლანურობაში“ შესამჩნევ წვლილი შეაქვს ბიზნესს. „შემოწირულობები“ ერთგვარი „დაუწერელი ხელშეკრულებებია“ ამ პარტიის გამარჯვების შემთხვევაში შესაბამისი ბიზნესისადმი კეთილგანწყობის პირობით. და თავად ბიზნესმენის მიერ პარლამენტში ადგილის დაბევება – ეს ხომ „პენსიის“ ყველაზე კომფორტული განაღდებაა!

მაშ ვაღიაროთ: პარტია პარაზიტია!

ცოტა რამ პარტიული არჩევნების შესახებ:

რატომ ვუჭერთ მხარს ათობით არაფრისმთქმელი სახელის ადამიანის პარლამენტში შესვლას? ჩვენ ხომ მხოლოდ რამდენიმე პარტიულ ლიდერს და მათ მიერ ნაქებ „ახალი სისხლის“ კანდიდატებს ვიცნობთ? ეს უკანაკნელნი და სხვა უსახური პარტიულებიც უმეტესად წინასაარჩევნოდ გახდნენ ამა თუ იმ პარტიული კლანის იდეოლოგიის პატრიოტები. თანაზიარნი არიან მოსახლეობის იმ ილუზიაში გახვევისა, თითქოსდა პარლამენტში ყოფნისას იმდენად კანონებს კიარ მიიღებენ, რამდენადაც უდაბურ ადგილას წყალს მოიყვანენ და პენსიას გააორმაგებენ. თუმცა თავიანთ „საპარლამენტო პენსიას“ კი უზრუნველყოფენ.

არადა, მოსახლეობას გამუდმებით გვიჩიჩინებენ, რომ არჩევნებზე მისვლა ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია. მატყუარები! არჩევნებზე მოსახლეობის მიუსვლელობა პარტიების კლანურ მოღვაწეობაზე ბუნებრივი და სასარგებლო რეაქციაა. არჩევნების ბოიკოტი ბევრად უფრო მოქალაქეობრივი, ლეგიტიმური და უვნებელი პოზიციაა, ვიდრე პარლამენტარების მიერ პარლამენტის სხდომების ბოიკოტი. ამიტომ მოგიწოდებთ:

არ მივიღოთ მონაწილეობა ამ პარტიულ-კლანურ არჩევნებზე! პატივი ვცეთ ჩვენს ღირსებას!

და რატომ ვითმენთ ჩვენი ინტელექტის შეურაცხყოფას?  შემეძლო მეთქვა, რომ ეს მასობრივი ფსიქოზია, რომ ხალხს დააჯერეს რომ ამ წყობაზე უკეთესი არ არსებობს, რომ მეცნიერები მუშაობენ პოლიტსისტემათა გაკეთილშობილებაზე, მაგრამ ჯერ ვერ ახერხებენ და ა.შ. მაგრამ არ მოვიტყუები და გეტყვით: ეს ჩემთვის დღემდე აუხსნელი საოცარი ფაქტია.

და უკეთესს რას გვთავაზობთ? ჰოდა, ჯერ მოიფიქრეთ და მერე იბაქუბუქეთ!“ – მომიგებს მავანი.

და იქნებ არც არაფერს?  სიმახინჯის დაფიქსირება უკვე შედეგი არაა? სრული რეცეპტის გამოწერა ჯერ ნაადრევია და ამაზე, დარწმუნებული ვარ, უკვე მუშაობს ჭკვიანი ხალხი. რევოლუციური ცვლილებები კი ყოველთვის მარცხით მთავრდება.

დღეს არ არსებობს ადამიანის მოღვაწეობის სფერო, სადაც ნებისმიერი საკითხი გადაჭრა მეცნიერული მიდგომით არაეფექტური იქნებოდა. და ერთადერთი სფერო, სადაც ამ მეთოდს არ იყენებენ, ეს – პოლიტიკაა. გამოსავალი უნდა ინახოს შესაბამისი დარგის მეცნიერების კოოპერაციული მუშაობის შედეგად. უნდა დაიგეგმოს შესაბამისი მიმართულების გლობალური მეცნიერული პროექტი.

მაინც წარმოგიდგენთ ცალკეულ მოსაზრებებს ამ თემაზე:

  • პარტიის არსებობა, ისევე, როგორც დღევანდელი არასამთავრობო ორგანიზაციისა, გამართლებულია მხოლოდ ხელისუფლებაში მოსვლამდე.
  • არავითარი პარტიული სიები (პროპორციული არჩევნები), არავითარი პოლიტიკური თანამდებობები,
  • საყოველთაობასთან ერთად, არჩევნები ასევე უნდა იყოს კვალიფიციურიც: პარლამენტი, ცენტრალური მთავრობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, სასამართლო და სხვა ინსტიტუტების თანამდებობები უნდა დაკომპლექტდეს არა პარტიული, რეგიონული და თუნდაც სქესის ნიშნით, არამედ პიროვნების პროფესიული და მენეჯერული უნარების მიხედვით – არჩევნები უნდა იყოს კვალიფიციური, როგორც ამომრჩევლის, ასევე – კანდიდატების კუთხით.
  • არჩევნების უპირველესი პრინციპი უნდა იყოს: „ვირჩევ ჩემი კომპეტენციის (პროფესიის) მიხედვით“ – ასარჩევ ინსტიტუტში წინასწარ შეთანხმებული კვოტებით. ცხადია, ეს მეთოდი უნდა თანაარსებობდეს საყოველთაო არჩევნების პრინციპთან.
  • პარლამენტში, მთავრობაში სახელისუფლებო სტრუქტურებში მიმავალ პირებს უნდა გააჩნდეთ ერთგვარი დამადასტურებელი საბუთი მათი უნარისა იურისპუდენციაში ან საჯარო მმართველობაში, ასევე უნდა გაიარონ გარკვეული ტესტირება ინტელექტუალურ და მორალურ მზაობაზე (ეს უკანასკნელიც შესაძლებელია, თუ გული გულობს). ამგვარი დოკუმენტები არ უნდა იყოს „ჩამჭრელი“, მაგრამ ელექტორატს კი უნდა წარედგინოს.

შესაძლოა, ეს სქემა უტოპიურია, მაგრამ მე ასე არ მგონია. ზოგადად, უფრო მეტი რომ უნდა ვიფიქროთ ამ „პარტიული მესაჭეობის“ გაზულუქებული ინსტიტუტის დემონტაჟზე (როგორ მინდოდა ამ სიტყვის ხმარება!), ეს უდავოა. ყოველგვარი სიმახინჯე, რაც დღეს პოლიტიკაში შეიმჩნევა, პარტიული სისტემიდან მომდინარეობს. ამიტომ, იმის ფონზე, რომ პარტიული სისტემა განუხრელად მიიწევს მოუსავლეთისკენ, პოლიტიკოსებს ხშირად უნდა შევახსენოთ, რომ ისინი პარაზიტული სისტემის მუშაკები არიან და თუ თავის მოვალეობა/დაპირებას ასრულებენ, არ უნდა დაგვამადლონ ხოლმე.

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ