ჯოზეფ სტიგლიცი: ამერიკული უთანასწორობა თავისთავად არ წარმოქმნილა, ის შექმნეს.

Stiglitzწარმოგიდგენთ ნაწყვეტს ამერიკელი ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომისტის (2001), ჯოზეფ სტიგლიცის 2012 წელს გამოცემული წიგნიდან „უთანასწორობის ფასი: როგორ ემუქრება დღევანდელი დაყოფილი საზოგადოება ჩვენს მომავალს“.

სტიგლიცმა ნობელის პრემია ასიმეტრიული ინფორმაციით ეკონომიკური ბაზრის ანალიზისთვის მიიღო. ის სწავლობდა ამჰერსტის კოლეჯში, ჩიკაგოს უნივერსიტეტსა და მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში, სადაც მიენიჭა დოქტორის ხარისხი. იგი როკტენვალდის პრემიის ლაურეატია (1998) და დაჯილდოებულია ჯონს ბეიტს კლარკის მედლით (1979), იყო აშშ-ის პრეზიდენტის ეკონომიკურ მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე (1995—1997), ასევე გახლდათ მსოფლიოს ბანკის ვიცე-პრეზიდენტი და მთავარი ეკონომისტი (1997—2000). 

სტიგლიცი ამჟამად კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი და რუზველტის ინსტიტუტის წამყვანი ეკონომისტია.

წყარო: © Evonomics

© European.ge

ამერიკაში უთანასწორობა თავისთავად არ წარმოქმნილა, ის შექმნეს, რაშიც საბაზრო ძალებმა დიდი როლი ითამაშა, თუმცა მხოლოდ მათ არ მიუძღვის ბრალი. გარკვეულწილად გასაგებიც უნდა იყოს: ეკონომიკის კანონები უნივერსალურია, მაგრამ ჩვენი მზარდი უთანასწორობა – განსაკუთრებით კი ქონების ნაწილი, რომელიც ზედა ფენების წარმომადგენლებს და საზოგადოების  1 პროცენტს ეკუთვნის — წმინდა ამერიკული „მიღწევაა“. ამ ზღვარგადასული უთანასწორობის წინასწარ პროგნოზირება შეუძლებელია, მისი გამოსწორების იმედიც არსებობს, მაგრამ რეალურად უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ ვითარება გაუარესდეს. ძალები, რომლებიც უთანასწორობის შექმნაში იღებენ მონაწილეობას, მხოლოდ საკუთარ სარგებელზე არიან ორიენტირებულნი.

ამერიკაში არსებული უთანასწორობის ამჟამინდელი დონე მაინც უჩვეულოა. სხვა ქვეყნებს და თვით ამერიკის შეერთებული შტატების წარსულ გამოცდილებას რომ შევადაროთ, ის მაინც არნახულად დიდია და საკვირველი ტემპით განაგრძობს ზრდას. ადრე ამბობდნენ, რომ უთანასწორობის ცვლილებებზე დაკვირვება ბალახის ზრდას ჰგავს: დროის მოკლე ინტერვალში ცვლილებების შემჩნევა ძნელია. მაგრამ, ახლა ეს ასე აღარ არის.

როდესაც უთანასწორობაზე ვსაუბრობთ, საჭიროა მხედველობაში მივიღოთ მისი მრავალი ასპექტი. ჩვენ საზოგადოების ზედა ნაწილში დაგროვილი ნამატი უნდა გავაკონტროლოთ, მოვაძლიეროთ შუა ნაწილი და დავეხმაროთ მათ, ვინც ქვედა ნაწილშია მოქცეული. თითოეული მათგანი საკუთრივ მასზე შემუშავებულ პროგრამას საჭიროებს. მაგრამ ეს პროგრამები რომ შევიმუშაოთ, უკეთესად უნდა გავერკვეთ იმაში, თუ რამ განაპირობა უთანასწორობის თითოეული ასპექტის უჩვეულო ზრდა.

განსხვავებულია უთანასწორობის სახეც, რომელსაც დღეს ვხვდებით. თავისთავად უთანასწორობა რაიმე ახალი არ არის. ეკონომიკური და პოლიტიკური ძალების კონცენტრაცია სხვადასხვა ჭრილში უფრო მწვავედ იყო დამახასიათებელი დასავლეთის პრეკაპიტალისტური საზოგადოებისთვისაც. იმ დროისთვის, რელიგია უთანასწორობას ახსნასაც უძებნიდა და ამართლებდა კიდევაც: ისინი, ვინც საზოგადოების ზედა ფენას მიეკუთვნებოდნენ, ამას იმსახურებდნენ, რადგან მათ ამისთვის ღვთისგან ბოძებული უფლება ჰქონდათ. ამ საკითხზე კითხვის დასმა სოციალურ წყობილების ან ღმერთის ნების ეჭვქვეშ დაყენებას ნიშნავდა.

თუმცა, თანამედროვე ეკონომისტებისა და პოლიტიკის მეცნიერებისთვის, ისევე როგორც ძველი ბერძნებისთვის, უთანასწორობა წინასწარ განსაზღვრული სოციალური წყობილებით არ იყო გამოწვეული.  ძალა (ხშირად სამხედრო ძალა) ამ უსამართლობის საფუძველი იყო. მილიტარიზმი ეკონომიკასთან იყო კავშირში: დამპყრობლებს უფლება ჰქონდათ რაც შეიძლება მეტი გამოეძალათ დამარცხებულებისგან. ძველ დროში, ფილოსოფია ზოგადად ვერ ხედავდა რაიმე უსამართლოს ადამიანების ისეთ მოპყრობაში, რომელიც მათ როგორც საშუალებას სხვების მიზნებისთვის იყენებდა. როგორც ძველმა ბერძენმა ისტორიკოსმა, თუკიდიდემ თავისი ცნობილი ფრაზით თქვა: „სამართლიანობის საკითხი შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ძალას ორივე მხარე თანაბრად ფლობს. ძლიერები აკეთებენ იმას, რაც შეუძლიათ და სუსტები კი შესაბამისად უნდა იტანჯებოდნენ“.

ისინი, ვინც ძალას ფლობდნენ, მას თავისივე ეკონომიკური და პოლიტიკური პოზიციების გასაძლიერებლად იყენებდნენ, ან სულ მცირე, ამყარებდნენ მათ. ეს ადამიანები ასევე საზოგადოების აზროვნების ჩამოყალიბებას ცდილობდნენ იმ კუთხით, რომ შემოსავლის განსხვავებულობა მათთვის მისაღები გაეხადათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს დამამცირებლად და ანტიპათიურად გამოჩნდებოდა.

რადგანაც ღვთის მიერ ბოძებული უფლებები ადრეულ ერ-სახელმწიფოებში უარყვეს, მათ, ვისაც ძალაუფლება ჰქონდათ, ახალ გზებზე ფიქრი დაიწყეს, რათა დაეცვათ საკუთარი მდგომარეობა. რენესანსისა და განმანათლებლობის ეპოქაში, რომელიც ინდივიდის ღირსებას უსვამდა ხაზს და ინდუსტრიული რევოლუციისას, რომელმაც გზა გაუკვალა ქალაქის მასიურად დასახლების გარდაუვალობას საზოგადოების დაბალი ფენებით – აუცილებელი გახადა ახალი საშუალებების პოვნა, უთანასწორობა რომ გაემართლებინათ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სისტემის კრიტიკა გაისმა. მაგალითად მარქსი, რომელიც  ექსპლუატაციაზე ალაპარაკდა.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან სათავე აიღო თეორიამ, რომელმაც დიდი გავლენა მოიპოვა და დღემდე აქტუალურია. მას „ზღვრული პროდუქტიულობის თეორია“ ეწოდებოდა; ისინი, ვისაც ნაყოფიერება მაღალი ჰქონდათ, ბევრად მეტ შემოსავალს იღებდნენ, იმიტომ რომ, მათი კონტრიბუცია საერთო კეთილდღეობისთვის შედარებით დიდი იყო. კონკურენტუნარიანი ბაზრები, რომლებიც მიწოდებისა და მოთხოვნის წესების შესაბამისად მუშაობენ, თითოეული ინდივიდის კონტრიბუციის ღირებულებას განსაზღვრავენ. თუ ვინმეს იშვიათი და ღირებული უნარი აქვს, ბაზარი მას უხვად დააჯილდოებს, იმიტომ, რომ მას მეტი წვლილი მიუძღვის საერთო კეთილდღეობის საქმეში. თუ მას მნიშვნელოვანი უნარები არ აქვს, მისი შემოსავალი დაბალი იქნება.

ტექნოლოგია და რესურსების უკმარისობა, მუშაობა მოთხოვნა-მიწოდების ჩვეული წესების ჩარჩოებში, დიდ როლს თამაშობს დღევანდელი უთნასწორობის ფორმირებაში, მაგრამ კიდევ მოქმედებს რაღაც: ეს არის მთავრობა.

უთანასწორობა იმდენადვეა პოლიტიკურ ძალთა შედეგი, რამდენადაც ეკონომიკური პროცესების. დღევანდელ ეკონომიკაში ხელისუფლება ადგენს თამაშის წესებს – რა არის სამართლიანი კონკურენცია? რა ქმედებებია მიჩნეული მონოპოლისტურად და არაკანონიერად? ვინ რას იღებს გაბანკროტებისას, როდესაც მოვალეს ვალის დაფარვა აღარ შეუძლია? რა ითვლება თაღლითობად და აკრძალულად? მთავრობა ასევე გასცემს რესურსებს (როგორც ღიად, ასევე ნაკლებ გამჭვირვალედაც), გადასახადებისა და სოციალური დანახარჯების მეშვეობით განსაზღვრავს ბაზრიდან მიღებული შემოსავლის გადანაწილებას, რომელიც ფორმას ტექნოლოგიისა და პოლიტიკის მეშვეობით იღებს.

საბოლოოდ, მთავრობა მატერიალური ფასეულობების (სიმდიდრის) დინამიკას ცვლის. მაგალითად, მემკვიდრეობით მიღებულ ქონებაზე გადასახადებს აწესებს და ამით უფასო სახელმწიფო განათლებას უზრუნველყოფს. უთანასწორობა არ განისაზღვრება მხოლოდ იმით, თუ რამდენს უხდის ბაზარი კვალიფიციურ დასაქმებულს არაკვალიფიციურ დასაქმებულთან შედარებით. არამედ, უთანასწორობა თვალსაჩინოა უნარების ხარისხშიც, რომელსაც ინდივიდი იძენს. ხელისუფლების მხრიდან ხელშეწყობის გარეშე, ბევრი ღარიბი ბავშვი არსებობისთვის საჭირო ჯანმრთელობის დაცვასა და საკვებს ვერ მიიღებდა; რომ აღარაფერი ვთქვათ განათლებაზე, რომელიც იმ უნარების შესაძენად არის აუცილებელი, რაც გაზრდილი შრომისუნარიანობისა და მაღალი ხელფასებისთვის არის საჭირო. მთავრობას შეუძლია იმ გარემოზე მოახდინოს გავლენა, რომელშიც ინდივიდის განათლება და მემკვიდრეობით მიღებული კეთილდღეობა მის მშობლებზეა დამოკიდებული.

ის, თუ როგორ ასრულებს ამერიკის ხელისუფლება ამ ფუნქციებს, განსაზღვრავს უთანასწორობის მოცულობას ჩვენს საზოგადოებაში. თითოეულ ასპარეზზე მზაკვრული ჩანაფიქრებია, რომელიც სხვების ხარჯზე გარკვეული ჯგუფების ინტერესებს ემსახურება. ცალკეული გადაწყვეტილების ეფექტი შეიძლება მცირე იყოს, მაგრამ, გადაწყვეტილებათა უმეტესობა მიიღება საზოგადოების ზედა ფენების სასარგებლოდ, ვინც საზოგადოების ზედა ფენაშია მოქცეული. მათი საერთო ეფექტი კი საკმაოდ ნიშანდობლივია. კონკურენტულმა ძალებმა ზღვარგადასული მოგებაც უნდა შეზღუდონ, მაგრამ თუ მთავრობა ბაზრების კონკურენტუნარიანობას არ უზრუნველყოფს, შესაძლოა ეს დიდი მონოპოლიური სარგებლის წარმოქმნის საფუძველი გახდეს. კონკურენტუნარიანმა ძალებმა ასევე უნდა შეზღუდონ არაპროპორციული დანამატები სამუშაოზე, მაგრამ თანამედროვე კორპორაციებში ხელმძღვანელებს უდიდესი ძალა აქვთ. ხელმძღვანელს აქვს უფლება კომპენსაცია თვითონ დააწესოს, ცხადია დეპარტამენტებთან შეთანხმებით, თუმცა ბევრ კომპანიაში ხელმძღვანელს იმდენად მნიშვნელოვანი ძალაც კი აქვს, რომ დეპარტამენტის წევრები თვითონ დანიშნოს და შესაბამისად, ამგვარად დაკომპლექტებული დეპარტამენეტების მხრიდან ნაკლები წინააღმდეგობაც იქნება. კომპანიის აქციონერებს და სხვა მეწილეებს სიტყვა ნაკლებად ეთქმით. ზოგიერთ ქვეყნებს შედარებით უკეთესი „კორპორატიული მართვის კანონები“ აქვთ, რომლებიც კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის ძალაუფლებას ზღუდავს: მაგალითად, სავალდებულოა კომიტეტებში დამოუკიდებელი წევრების არსებობა ან მეწილეებს აღმასრულებელი დირექტორისთვის ხელფასის განსაზღვრის უფლება აქვთ. ასეთი კორპორატიული მართვის კანონების არარსებობის შემთხვევაში, რომელიც ასევე ეფექტურად არ შედის ძალაში, აღმასრულებელ დირექტორებს შეუძლიათ საკუთარ თავს იმაზე მეტი ბონუსი გადაუხადონ, ვიდრე ეკუთვნით.

გადასახადებისა და დანახარჯების პროგრესულ დაბეგვრას (რომელიც მდიდრებს უფრო მეტ გადასახადს აკისრებს, ვიდრე გაჭირვებულებს და სისტემას კარგი სოციალური დაცვით უზრუნველყოფს) უთანასწორობის მოცულობის შემცირება შეუძლია. ამის საწინააღმდეგოდ კი პროგრამები, რომლებიც ქვეყნის რესურსებს მდიდრებზე და გავლენიან ნაცნობებზე გასცემენ უთანასწორობის ზრდას უწყობენ ხელს.

ჩვენი პოლიტიკური სისტემა უფრო მეტად იღწვის იმისთვის, რომ შემოსავლებს შორის უთანასწორობა გააღრმავოს და შესაძლებლობებს შორის თანასწორობა შეამციროს. ეს მოულოდნელობა არ უნდა იყოს: ჩვენ გვაქვს პოლიტიკური სისტემა, რომელიც გადაჭარბებულ ძალაუფლებას აძლევს საზოგადოების ზედა ფენებს.

ისინი ამ ძალაუფლებას იყენებდნენ არა მხოლოდ რესურსების გადანაწილების მასშტაბის შესაზღუდად, არამედ იმისთვის რომ მათ სასარგებლოდ ჩამოეყალიბებინათ თამაშის წესები და გამოეწურათ ხალხისგან რაც შეიძლება დიდი „ლუკმა“. ეკონომისტებს ამგვარი მოქმედებისთვის შესაბამისი ტერმინი აქვთ: ისინი ამას „ქირის ძიებას“ უწოდებენ, როდესაც შემოსავალს იღებენ არა როგორც დამსახურებულ გასამრჯელოს, რომ შექმნან კიდევ ახალი დოვლათი, არამედ ითვისებენ დოვლათის მოზრდილ წილს, რომელიც მათი ძალისხმევის გარეშე ისედაც გამომუშავდებოდა. ისინი ამ ძალაუფლებას იყენებდნენ არა მხოლოდ რესურსების გადანაწილების მასშტაბის შესაზღუდად, არამედ იმისთვის რომ მათ სასარგებლოდ ჩამოეყალიბებინათ თამაშის წესები და გამოეწურათ ხალხისგან რაც შეიძლება დიდი „ლუკმა“. საზოგადოების ზედა ფენებმა ისწავლეს, როგორ გამოძალონ ფული დანარჩენებს ისე, რომ მათ ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდეთ – ეს მათი ჭეშმარიტად ინოვაციური ტექნიკაა.

რა თქმა უნდა, ბიზნესის ზოგიერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინოვაციების ნაწილი ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში ორიენტირებული იყო არა იმაზე თუ როგორ გახადონ ეკონომიკა უფრო ეფექტური, არამედ უფრო უკეთ როგორ გაიმაგრონ მონოპოლიური პოზიცია ან უფრო უკეთესად როგორ აჯობონ მოხერხებაში მთავრობის რეგულაციებს, რომელიც ცდილობს სოციალური სარგებელი და კერძო გასამრჯელოები გაათანაბროს.

ქირის ძიება*

ქირის ძიებას მრავალი ფორმა აქვს: როგორც ფარული, ასევე ღია გადაცემა და მთავრობის მხრიდან სუბსიდიები, კანონები, რომლებიც საბაზრო სივრცეს ნაკლებად კონკურენტუნარიანს ხდის, არსებული კონკურენციის წესების დაუდევარი შესრულება, კანონმდებლობითი აქტები, რომლებიც კორპორაციებს ნებას რთავენ სხვებთან შედარებით უპირატესობა ჰქონდეთ ან დანარჩენ საზოგადოებას გადააბარონ ხარჯები. ტერმინი „რენტა“ თავდაპირველად „მიწის დაბრუნების“ აღმნიშვნელი იყო. მესაკუთრე თავისი მესაკუთრეობის უფლებიდან გამომდინარე იღებს ანაზღაურებას და არა იმიტომ, რომ ის რამეს აკეთებს. ეს ეწინააღმდეგება დასაქმებულების მდგომარეობას. მაგალითად, ვისთვისაც ხელფასი იმ ძალისხმევის საზღაურია, რასაც ის შრომისას გაიღებს.  შემდგომში ეს ტერმინი გაფართოვდა და მონოპოლიური სარგებელიც და მონოპოლიური იჯარებიც მოიცვა – შემოსავალი, რომელსაც ვინმე იღებს უბრალოდ მონოპოლიაზე კონტროლის მეშვეობით. საბოლოოდ,  ტერმინის მნიშვნელობა იმდენად გაფართოვდა, რომ ამგვარი საკუთრებიდან შემოსულ სარგებელსაც აღნიშნავდა. თუ მთავრობა კომპანიას ექსკლუზიურ უფლებას მისცემდა შეზღუდული რაოდენობის (ქვოტა) საქონელი შემოეტანა, მაგალითად შაქარი, მაშინ დამატებითი მოგება გარდაიქმნებოდა როგორც მესაკუთრის უფლების შედეგი და მას „კვოტის ქირა“ ეწოდებოდა.

„ქირის ძიების“ მაგალითები მხოლოდ მდიდარი რესურსების მქონე შუა აზიის, აფრიკისა და ლათინო ამერიკის ქვეყნებში არ არის ფართოდ გავრცელებული. მან ასევე თანამედროვე ეკონომიკაშიც მასიურად მოიკიდა ფეხი, ჩვენი ეკონომიკის ჩათვლით. ის მრავალი სახით ვლინდება, რომელთაგან ზოგიერთი მჭიდროდ მონათესავეა ნავთობით მდიდარ ქვეყნებთან: სახელმწიფო ქონებაზე დაპატრონება (როგორიც არის ნავთობი ან მინერალები) უფრო დაბალ ფასად ვიდრე სამართლიანი ბაზრის ფასებია.

ქირის ძიების კიდევ ერთი ფორმა არის მისი შებრუნებული მხარე: მთავრობისთვის იმ პროდუქტების მიყიდვა, რომელიც საბაზრო ღირებულებაზე მაღალია (არაკონკურენტუნარიანი მიწოდება). ქირის ძიების ეს ფორმა განსაკუთრებით წარმატებით ფარმაცევტულმა კომპანიებმა და სამხედრო კონტრაქტორებმა აითვისეს. მთავრობის ღია სუბსიდიები (ძირითადად სოფლის მეურნეობაში) ან ფარული სუბსიდიები (ვაჭრობაზე შეზღუდვები, რომელიც ამცირებს კონკურენციას, ასევე საგადასახადო სისტემაში დაფარული სუბსიდიები) არის ასევე ის ხერხები, რომ ქირა საჯარო სექტორიდან მოიძიონ.

ყველა ქირის მაძიებელი არ იყენებს მთავრობას ჩვეულებრივ მოქალაქეებს ფული რომ გამოძალოს. კერძო სექტორსაც შეუძლია წარმატებით გააკეთოს იგივე, წაართვას ქირა საჯარო სივრცეს, მაგალითად მონოპოლიური პრაქტიკის მეშვეობით და იმ ხალხის გამოყენებით, ვინც ნაკლებად ინფორმირებული და განათლებულია. მაგალითად, ბანკის მტაცებლური სესხების პრაქტიკა. აღმასრულებელ დირექტორებს შეუძლიათ კორპორაციაზე თავისი კონტროლის გამოყენება, რათა თავი ფირმის მოგების შედარებით დიდი პორციით დაისაჩუქრონ. თუმცა აქ მთავრობაც თამაშობს როლს იმით, რომ არ აკეთებს იმას, რაც უნდა გააკეთოს: ამ მოქმედებებს არ აჩერებს, არ ანიჭებს მათ არაკანონიერების სტატუსს, ან არსებული კანონები ძალაში არ შეჰყავს. კონკურენციის კანონების ეფექტური ამოქმედებით მონოპოლიური მოგების შეზღუდვაა შესაძლებელი; ეფექტურ კანონებს მძარცველური სესხებისა და კრედიტების ბოროტ შედეგებზე ბანკის მიერ ექსპლუატაციის ხარისხის შემცირება შეუძლიათ; კორპორატიული მმართველობისთვის კარგად შემუშავებული კანონების მეშვეობით კი იმ სივრცის შეზღუდვა შეიძლება, სადაც კორპორატიული ოფიციალური პირები თავს მოვალედ თვლიან ფირმის შემოსავალი მიითვისონ.

თუ დავაკვირდებით მათ, ვინც კეთილდღეობის განაწილების მხრივ საზოგადოების ზედა ნაწილში იმყოფებიან, შეგვეძლება ამერიკის უთანასწორობის ასპექტების ბუნება შევიცნოთ. ძალიან ცოტაა იმ გამომგონებლების რიცხვი, ვინც ახლებურად გამოიგონა და დახვეწა ტექნოლოგია, ან მეცნიერები, რომლებმაც ჩვენი წარმოდგენა ბუნების კანონებზე შეცვალეს. ავიღოთ თუნდაც ალან ტურინგი, ვისმა გენიამაც თანამედროვე კომპიუტერულ სისტემებში ჩადებული მათემატიკა შექმნა, ან აინშტაინი. თუნდაც ლაზერის გამომგონებლები (რომელშიც ჩარლზ ტოუნზმა ითამაშა მთავარი როლი) ან ჯონ ბარდინი, უოლტერ ბრეტენი და ვილიამ შოკლი, ტრანზისტორების შემქმნელები; უოტსონი და კრიკი, რომლებმაც ფარდა ახადეს დნმ-ს საიდუმლოს, რომელზეც თანამედროვე მედიცინის უდიდესი ნაწილი დგას. არცერთი მათგანი, რომლებმაც ჩვენს კეთილდღეობაში ამხელა წვლილი შეიტანეს, არ არიან მათ შორის, ვისაც ჩვენი ეკონომიკური სისტემა გულუხვად აჯილდოებს.

ამის საპირისპიროდ, იმ ადამიანების დიდი ნაწილი, ვისაც კეთილდღეობის გადანაწილების შედეგად საზოგადოების ზედა ფენაში მიეჩინათ ადგილი, თითქმის ყველა შემთხვევაში ბიზნესის გენიოსები არიან. ზოგს შეუძლია თქვას, რომ სტივ ჯობსი ან ალგორითმების საძიებო სისტემისა და სოციალური მედიის ინოვატორები თავისი განხრით გენიოსები იყვნენ. ჯობსი გარდაცვალებამდე ფორბსის მსოფლიოს ყველაზე მდიდარი მილიარდერების სიაში 110-ე ადგილზე იყო, ხოლო მარკ ცუკერბერგს 52-ე ადგილი ეკავა. მაგრამ ამ „გენიოსების“ უმეტესობამ თავისი ბიზნესის იმპერია ისეთი გიგანტების მხრებზე ააშენა, როგორიც არის ტიმ ბერნერს ლი, მსოფლიო მასშტაბის ქსელის გამომგონებელი. იგი ფორბსის სიაში არასდროს გამოჩენილა. ბერნერს ლისაც შეეძლო მილიარდერი გამხდარიყო, თუმცა მან ეს გზა არ აირჩია – მან თავისი იდეა უფასოდ ხელმისაწვდომი გახადა, რამაც ინტერნეტის განვითარება ძალიან დააჩქარა.

თუ იმ წარმატებულ ადამიანებს უფრო ახლოდან შევხედავთ, რომლებიც მატერიალური კეთილდღეობის განაწილების ზედა ფენებში იმყოფებიან, დავინახავთ, რომ მათი გენიოსობის ყველაზე დიდი ნაწილი უკეთესი გზების მოფიქრებაში დევს: თუ როგორ გამოიყენონ ბაზრის ძალა და ბაზრის სხვა ნაკლოვანებები. ხშირ შემთხვევაში კი ისეთ გზებს პოულობენ, რომ პოლიტიკა მათ ინტერესებს ზოგადად საზოგადოების ინტერესებზე მეტად ემსახურება.

 

*ქირის ძიება – გულისხმობს ვინმეს საკუთრების წილის გაზრდას ახალი დოვლათის შექმნის და დამატებითი სოციალური ფასეულობების წარმოქმნის გარეშე. მაგალითად, თანამედროვე ეკონომიკაში მისი გამოვლინებაა: ფულის დახარჯვა მთავრობის სუბსიდიების ლობირებაზე, თანხების იქით გადამისამართება, სადაც უკვე არის დოვლათი, ან კონკურენტებზე ისეთი რეგულაციების დაწესება, რომ ბაზრის წილი გაიზარდოს.

 


-ინგლისურიდან თარგმნა თეონა მჭედლიშვილმა

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ