სოციალური და ლიბერტარიანული დემოკრატიები

თანამედროვე დემოკრატიები ორ ძირითად ნაწილად იყოფა: ესენია სოციალური და ლიბერტარიანული დემოკრატიები, რომლებიც ლიბერალური დემოკრატიის მოდელზე არიან დაფუძნებული და ამდენად საერთო საფუძვლებიც გააჩნიათ, რომელთა ფორმულირება შემდეგნაირად შეიძლება: პლურალისტური დემოკრატია კანონის უზენაესობით, კონსტიტუციაზე დაფუძნებული პოლიტიკური ძალაუფლება და დემოკრატიული უმრავლესობის პრინციპზე დაფუძნებული მმართველობა.

თუმცა მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობებიც არსებობს სოციალური სფეროს აქტორებს შორის ძალთა გადანაწილების, პოზიტიური და ნეგატიური სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების გაგებისა და ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირების თვალსაზრისით. წინამდებარე მოკლე სტატია სწორედ ამ ზემოთჩამოთვლილი საკითხების განხილვისა და ანალიზის მცდელობას წარმოადგენს (ძირითადად საქართველოს მაგალითზე). თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს რომ სოციალური და ლიბერტარიანული დემოკრატიები უპირველეს ყოვლისა იდეალურ თეორიულ ტიპებს წარმოადგენენ, რომელთა სრულყოფილი სახით მოძებნა რთული შესაძლებელია რეალურ მსოფლიოში მათ შორის საქართველოშიც, მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ ჩვენი ქვეყნის წარსულს და დამოუკიდებლობისა და მოდერნული დემოკრატიული პოლიტიკური სისტემისა და ინსტიტუტების ჩამოყალიბების(რომელიც სრულად ჯერ კიდევ არ დასრულებულა)  მხოლოდ ორი ათწლეულის ისტორიას.

ნებისმიერი სოციალური სფერო სამი ძირითადი აქტორისაგან შედგება. სამკუთხედის ფორმით თუ წარმოვიდგენთ ესენია ზედა კუთხეში სახელმწიფო(მთავრობა), მარჯვენა კუთხეში ბაზარი(ბიზნესი, კაპიტალის მფლობელი პირები) და მარცხენა კუთხეში საზოგადოება(ხალხი, მოსახლეობის უმრავლესობა). ის, თუ რამდენად დემოკრატიული და თანასწორია პოლიტიკური  სისტემა და საზოგადეობა, დამოკიდებულია სწორედ ამ სამ ’კუთხეს’ შორის არსებულ ბალანსზე და აგრეთვე იმაზე თუ როგორი ურთიერთქმედება, ურთიერდამოკიდებულება და ინტერაქცია არსებობს ამ სამ აქტორს შორის.

ახლა განვიხილოთ თუ როგორ კონფიგურაციას იღებს პოლიტიკური სისტემა ამ სამი კუთხიდან რომელიმეს შედარებითი ან აბსოლუტური უპირატესობის შემთხვევაში, თანმიმდევრულად თითოეულის მაგალითზე. აგრეთვე შევეცდები ისინი მივუსადაგო სოციალურ და ლიბერტარიანულ დემოკრატიებსა და საქართველოში არსებულ ამჟამინდელ სიტუაციას.

იმ შემთხვევაში თუკი ამ სამ კუთხეს შორის ყველაზე მძლავრი ზედა, სახელმწიფოს(მთავრობის) კუთხეა და ის მთლიანად იქვემდებარებს როგორც საზოგადეობას, ისე ბაზარს, ჩვენ ვიღებთ, იტალიელი პოსტ-გრ

ამშიანელი პოლიტიკური ფილოსოფოსის ნორბერტო ბობიოს ტიპოლოგიით რომ ვიხელმძღვანელოთ,  ეგალიტარიანულ და ავტორიტარულ ანდაც ანტი-ეგალიტარიანულ და ავტორიტარულ  რეჟიმებს, რომელთაგან პირველი უპირატესად რადიკალური მემარცხენე პარტიებისა და საბჭოთა კავშირისთვის იყო დამახასიათებელი, სადაც გარკვეული თვალსაზრისით(თუმცა არა სრულად) არსებობდა სოციალური და ეკონომიკური თანასწორობა, თუმცა სახელმწიფოს(ზედა კუთხეს) მთლიანად ჰქონდა მონოპოლიზირებული და დაქვემდებარებული როგორც საზოგადეობა, ისე ბაზარი. არ, ან ფორმალურად არსებობდა სამოქალაქო საზოგადოების არსებობისათვის აუცილებელი ინსტიტუტები, პოლიტიკური პლურალიზმი, მედია, სიტყვის თავისუფლება და ეფექტური წარმომადგენლობის  პრინციპი. რაც შეეხება ბაზარს, აქ ყველაფერი უფრო მარტივადაა რადგან საბაზრო ეკონომიკა გეგმიურით იყო ჩანაცვლებული, ხოლო კერძო საკუთრება გაუქმებული. რაც შეეხება ბობიოს კლასიფიკაციის მეორე ნაწილს, ის რადიკალური მემარჯვენე მიმართულების ვარიაციას წარმოადგენს, რომელიც დამახასიათებელია ფაშისტური რეჟიმებისა და რადიკალური მემარჯვენე პოპულისტური პარტიებისათვის.

ამგვარად ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიღებთ პოსტ-ტოტალიტარული ან ავტორიტარული რეჟიმისთვის დამახასიათებელ სურათს, სადაც ვიწრო პოლიტიკურ ელიტას(პარტიული ნომენკლატურა, ხუნტა) დაქვემდებარებული აქვს როგორც საზოგადოება, ისე ბაზარი. საზოგადოება ვერ ახორციელებს საკუთარ ძალაუფლებას, რაც მდგომარეობს იმაში, რომ სამოქალაქო საზოგადოების მეშვეობით ხალხმა აიძულოს როგორც მთავრობა, ისე ბაზარი, რომ იმოქმედონ მოსახლეობის ფართო უმრავლესობის ინტერესების შესაბამისად, ამგვარად მოშლილია წარმომადგენლობის პრინციპი. დაახლოებით ამგვარი ეგალიტარიანული და ავტორიტარული რეჟიმი არსებობდა საქართველოში საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნის დროის უმრავლესობის მანძილზე, და ისიც აღსანიშნავია რომ ამ რეჟიმისთვის დამახასიათებელი კომპონენტები ქართულ პოლიტიკურ სისტემას დღემდე შემორჩა, თანაც ავტორიტარულობის, და არა ეგალიტარიანულობის ნიშნით, თუმცა ამაზე ქვემოთ შევჩერდები.

ახლა განვიხილოთ ის შემთხვევა, როდესაც ყველაზე მძლავრი მარჯვენა, ბაზრის კუთხეა, ანუ წესრიგი რომელიც იგივე ბობიოს ტიპოლოგიის მიხედვით შეიძლება დახასიათდეს, როგორც ანტი-ეგალიტარიანული და ლიბერტარიანული და რომელსაც უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე, 2008 წლის მსოფლიო ფინანსურ კრიზისამდე მყარად ქონდა ფესვები გადგმული საერთაშორისო პოლიტიკურ ეკონომიკაში და რომელიც სპეციფიური კონფიგურაციით, საქართველოშიც გავრცელდა, განსაკუთრებით 2003 წლის ’ვარდების რევოლუციის’ შემდეგ. ეს არის ე.წ. ნეოლიბერალური მიდგომა, რომელმაც 70-იანი წლების სტაგფლაციის შემდეგ კეინზიანური მიდგომა ჩაანაცვლა და რომლისთვისაც დამახასიათებელია ნეოლიბერალური ეკონომიკური გლობალიზაცია, თავისუფალი ვაჭრობა, კორპორაციები, დერეგულაცია, პრივატიზაცია, მოქნილი შრომის ბაზრები, შეკვეცილი სოციალური სერვისები, ფისკალური კონსერვატიზმი, კაპიტალის ფინანსიზაცია, ერთი სიტყვით პოლისები, რომელიც დამახასიათებელია ლიბერტარიანული დემოკრატიებისათვის.

ამგვარად ეს არის ვითარება, როდესაც ბაზრის ინტერესები იქვემდებარებს საზოგადოებრივ ინტერესებს, სახელმწიფო და მთავრობა კი არაფერს არ აკეთებს და პირიქით ხელს უწ

ყობს ამ სტატუს-კვოს შენარჩუნებას. ამგვარად ყალიბდება ნეოლიბერალური კონსესუსი, სადაც საზოგადეობას, განსხვავებით ზემოთაღწერილი სიტუაციისგან, აქვს სამოქალაქო თავისუფლებები, მაგრამ მაინც სუსტია რადგან არ გააჩნია ეფექტური მექანიზმები საკუთარი სოციალური და ეკონომიკური უფლებების რეალიზებისათვის და ბერკეტები მთავრობისა და ბაზრის იძულებისათვის რომ პოლიტიკური სისტემა და სიმდიდრე მოქალაქეების უმრავლესობის ინტერესებს ემსახურებოდეს. ამგვარად ჩვენ ვიღებთ უთანასწორობის მაღალ დონეს, გაუცხოებასა და პოლარიზებას სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს(კლასებს) შორის, ოლიგარქიასა და კორპოროკრატიას, რაც დამახასიათებელია თანამედროვე ლიბერტარიანული დემოკრატიებისთვის და რომელიც ყველაზე აშკარა გახდა 2008 წლის კრიზისისა და 2011 წლის მასშტაბური სოციალური მოძრაობების დროს, როდესაც სულ უფრო მეტი ადამიანი გამოდიოდა არსებული წესრიგის, უთანასწორობისა და არაეფექტური წარმომადგენლობის პრინციპის წინააღმდეგ.

 

რაც შეეხება საქართველოს შევარდნაძის ხელისუფლების დროს და განსაკუთრებით ’ვარდების რეცოლუციის’ შემდეგ, გლობალური ტრენდის გავლენით საქართველოშიც გავრცელდა ნეოლიბერალური მიდგომა, რომელიც ადგილობრივ ტრადიციას შეერწყა და ერთგვარი პოსტ-საბჭოთა სინთეზი ჩამოყალიბდა, სადაც ერთმანეთთანაა შერწყმული ე.წ. საბჭოთა მენეჯმენტი და ყველაზე მახინჯი ფორმის ანგლო-საქსური კაპიტალიზმი. შედეგად სახეზეა ჰიბრიდი, რომელიც ჩვენი სქემის მიხედვით რომ აღვწეროთ შემდეგნაირ ფორმას მიიღებს, სიტუაცია სადაც მთავრობა და ბაზარი, იგივე პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტა ერთმანეთშია შერწყმული, ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილი კრიმინალური მონოპოლიები ხელს უშლიან თავისუფალ კონკურენციას, შესაბამისად თავისუფალი ბაზრის სრულყოფილად ფუნქციონირებას. ამგვარად, საქართველოში დამყარდა განვითარებადი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი ნეოლიბერალური ავტოკრატია, კვაზი ლიბერტარიანული დემოკრატია და ოლიგარქიული კაპიტალიზმი, სადაც ყალიბდება მცირერიცხოვანი პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტარული ჯგუფები, რომლებიც მნიშვნელოვანწილად  აკონტროლებენ, ფინანსურ რესურსებს, რეპრესიულ აპარატს, საინფორმაციო საშუალებებს, დაქირავებულ ’ინტელექტუალებს’ და ამის მეშვეობით საკუთარ ინტერესებს ახვევენ მოსახლეობის უმრავლესობას. ასეთ შემთხვევაში საზოგადეობა კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ლიბერტარიანული დემოკრატიის მქონე განვითარებულ კაპიტალისტური ქვეყნებში, რადგან ეკონომიკური განვითარება უფრო დაბალ დონეზეა, რაც ერთ-ერთი უმთავრესი ხელისშემშლელი ფაქტორია სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისა და კონსოლიდირებისათვის, და აგრეთვე პოლიტიკური სისტემა გაცილებით უფრო ავტორიტარულია.

რა არის ალტერნატივა დემოკრატიისა და თანასწორობის თვალსაზრისით ამ ძალზედ მძიმე სტატუს-კვოსი? ეს არის სოციალური, იგივე სოციალ დემოკრატია. წესრიგი, რომელიც ყველაზე მეტად არის 

ამ სამ აქტორს შორის ბალანსისკენ მიდრეკილი, თუმცა თუკი მაინც რომელიმის გამოყოფაა აუცილებელი ეს პირველ რიგში ხალხია, საზოგადეობა, რომელიც ეფექტური წარმომადგენლობისა და სამოქალაქო საზოგადოების მეშვეობით ახორციელებს საკუთარ სუვერენულ ძალაუფლებას და აიძულებს როგორც მთავრობას, ისე ბაზარს, იმოქმედოს ისე, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი და მოსახლეობის უმრავლესობის, და არა  კაპიტალის ან მცირერიცხოვანი ოლიგარქიული ჯგუფებისა თუ პოლიტიკურ-ეკონომიკური ელიტების ინტერესები. ეს არის დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა, სადაც დაცულია როგორც ბიზნესის უფლებები და თავისუფლებები, ისე საზოგადოების ფუნდამენტური სოციალური და ეკონომიკური უფლებები, სადაც სახელმწიფო, მთავრობა იცავს საკუთრების უფლებას და ამავდროულად აქტიურად მონაწილეობს ეკონომიკაში, რათა უზრუნველყოს შემოსავლებისა და სიმდიდრის რედისტრიბუცია, ეკონომიკის განვითარება, საზოგადოებრივი კეთილდღეობის ამაღლება და თანაბარი სასტარტო პირობების შექმნა ყველა მოქალაქისათვის, განურჩველად მისი სოციალური სტატუსისა, ეთნიკური, პოლიტიკური, რელიგიური, სექსუალური თუ სხვა წარმომავლობისა და ორიენტაციისა. თანამედროვე დემოკრატიებში ეს არის ყველაზე უფრო პლურალისტური, თანასწორი და დემოკრატიული მოდელი, რომელიც იგივე ბობიოს ტიპოლოგიის მიხედვით შეიძლება შეფასდეს, როგორც ეგალიტარიანული და ლიბერტარიანული, იგივე ’ლიბერალური სოციალიზმი’ სოციალ–დემოკრატია, რომელიც მსოფლიოს ყველაზე უფრო მაღალი კეთილდღეობის ქვეყნებშია დამკვიდრებული სკანდინავიისა და კონტინენტური ევროპის ქვეყნების სახით, სადაც ყველაზე მაღალია როგორც დემოკრატიის, ისე თითოეული მოქალაქის სოციალური დაცულობის დონე.

’არ არსებობს ნამდვილი დემოკრატია, სოციალური დემოკრატიის გარეშე’ ძალიან ძნელია იპოვო სხვა ფრაზა, რომელიც უკეთესად დაახასიათებს თანამედროვე ლიბერალურ დემოკრატიას და მსოფლიოში არსებულ სიტუაციას 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ. მსოფლიოს და საქართველოს სჭირდება ჰუმანური კაპიტალიზმი, პასუხისმგებლობიანი მთავრობები და ბიზნესი. ეს კი შეუძლებელია სოციალ დემოკრატიული მიდგომების გარეშე. მსოფლიო ტენდენციები ამისკენ მიდის, რისი დასტურიც არის 2011 წლის მასობრივი სოციალური გამოსვლები და რევოლუციები. ქართველმა ხალხმაც უნდა გააკეთოს საკუთარი არჩევანი და თუკი ჩვენ გვინდა ნამდვილად დემოკრატიული, თანასწორი, პლურალისტური და სამართლიანი პოლიტიკური სისტემა და საზოგადოება, ფუნდამენტურად უნდა გადავხედოთ დამოუკიდებლობის გასული 20 წლის მანძილზე არჩეულ კურსს, უნდა ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი და პოლიტიკური კონსესუსი ძირეულ საკითხებზე და გაკეთდეს არჩევანი სოციალური(სოციალ) დემოკრატიის სასარგებლოდ, როგორც ეს მაგალითად სკანდინავიისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებშია, სადაც მიუხედავად მემარჯვენე და მემარცხენე პარტიების მთავრობაში მონაცვლეობისა, ძირითადი პოლიტიკური წესრიგი არსებითად მაინც უცვლელი რჩება და ეს წესრიგი სოციალ დემოკრატიულია.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ