სოციალიზმი მდიდრებისთვის, კაპიტალიზმი ღარიბებისთვის – ინტერვიუ ჩომსკისთან

chomski

გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

► წარმოგიდგენთ ინტერვიუს თარგმანს ამერიკელ ინტელექტუალ ნოამ ჩომსკისთან, რომელიც მან დეკემბერში გამოცემა Thruthout-ს მისცა.

► ჩომსკი ერთ-ერთი უმნიშვნლეოვანესი ფიგურაა ანალიტიკური ფილოსოფიის სფეროში. ის ერთ-ერთი დამაარსებელია კოგნიტური მეცნიერების მიმართულების. მან თავისი კარიერის უდიდესი ნაწილი გაატარა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში, როგორც პროფესორ-ემერიტუსმა. ის ავტორია 100-მდე წიგნის, რომელიც ეხება პოლიტიკას, ლინგვისტიკას და ჩვენი სოციალური სფეროს მრავალ მხარეს.

© European.ge

ამერიკის შეერთებულ შტატებში მდგომარეობა რამდენიმე მიმართულებით უარესდება – ინგრევა ინფრასტრუქტურა, მდიდრებსა და ღარიბებს შორის ნაპრალი მატულობს, ხელფასები განიცდის სტაგნაციას, ახალშობილების სიკვდილიანობა მაღალია, მსოფლიოში პატიმრების ყველაზე მაღალი რიცხვია – და ასევე, ამერიკა არის მსოფლიოში ერთადერთი განვითარებული ქვეყანა, რომელსაც არ აქვს უნივერსალური ჯანდაცვის სისტემა. მაშასადამე, კითხვები აშშ–ს ეკონომიკისა და მისი უუნარო პოლიტიკური სისტემის მიმართ იმაზე მეტად მწვავეა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. მათ შორის ისმის კითხვები ე.წ. ამერიკულ ოცნებასთან დაკავშირებით, რომელიც უკვე მრავალი წელია წარმოადგენს როგორც ამერიკელების, ისე მომავალი ემიგრანტების ინსპირაციის წყაროს. ნამდვილად, ნოამ ჩომსკი გახლავთ ამერიკის სინდისის ერთ–ერთი ხმა, ერთ–ერთი მსოფლიო ინტელექტუალი, რომელიც საუბრობს ამერიკული ოცნების დასასრულზე. წინამდებარე ინტერვიუში ჩომსკი საუბრობს აშშ–ს პრობლემებზე და ამერიკული ოცნების „სიკვდილზე“ – თუ ის საერთოდ არსებობდა პირველ რიგში.

– ნოამ, თქვენს რამდენიმე წერილში, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებთ ფართოდ გავრცელებულ შეხედულებას ამერიკის, როგორც წმინდა კაპიტალისტური ეკონომიკის მქონე ქვეყნის შესახებ. გთხოვთ განმარტოთ.

გაითვალისწინეთ შემდეგი: ყოველთვის, როცა სახეზეა კრიზისი, გადასახადის გადამხდელები იძულებულნი არიან დახმარება გაუწიონ ბანკებს და ძირითად ფინანსურ ინსტიტუტებს. რეალური კაპიტალისტური ეკონომიკის პირობებში, ეს ასე არ მოხდებობა. კაპიტალისტები, რომლებიც განახორციელებდნენ სარისკო ინვესტიციებს და დამარცხდებოდნენ, აუცილებლად გავიდოდნენ ბაზრიდან. მაგრამ, მდიდრებს და ძალაუფლების მქონეებს არ სურთ კაპიტალისტური სისტემა. მათ სურთ მზრუნველი სახელმწიფო, რათა როცა ისინი გასაჭირში აღმოჩნდებიან, გადასახადის გადამხდელი მოქალაქეები დაეხმარონ მათ. სტანდარტული გამონათქვამია: „იმდენად დიდია, რომ ვერ დაიშლება (too big to fail)“.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) რამდენიმე წლის წინ ჩაატარა საინტერესო კვლვეა აშშ–ს დიდი ბანკების მოგების შესახებ. კვლევა უმეტეს მათგანს მიაწერდა იმ უპირატესობებს რაც ნაგულისხმევი სახელმწიფო დაზღვევიდან მომდინარეობდა – არა მხოლოდ ცნობილ დახმარებებს (Bail-outs), არამედ იაფ კრედიტებსა და სხვა ბევრ საშუალებებზე ხელმისაწვდომობას – მათ შორის არსებობს ისეთი ფაქტორებიც, რაზეც მკვლევარებს ყურადღება არ მიუქცევიათ, მაგალთად მოკლევადიანი მომგებიანი სარისკო ტრანზაქციების განხორციელება, ხოლო თუ რამე არასწორად მოხდება ყოველთვის არსებობს გადასახადის გადამხდელი მოქალაქეები. Bloomberg Businessweek-მა გადასახადის გადამხდელის ნაგულისხმევი სუბსიდიები წელიწადში 80 მილიარდ დოლარს გაუტოლა.

– უამრავი ითქვა და დაიწერა ეკონომიკურ უთანასწორობაზე. განსხვავდება თუ არა ამჟამინდელი კაპიტალისტური პერიოდის უთანასწორობა აშშ–ს ადრინდელ, მონობის შემდგომ პერიოდში არსებული უთანასწორობისგან?

ამჟამინდელი პერიოდის უთანასწორობა თითქმის უპრეცედენტოა. თუ შეხედავთ მთლიან უთანასწორობას, ის მერყეობს ამერიკის ისტორიის ყველაზე საშინელი პერიოდების მაჩვენებლებთან. თუ უფრო სიღრმისეულად ჩაიხედავთ, ნახავთ რომ უთანასწორობა მომდინარეობს მოსახლეობის მცირე ჯგუფში არსებული სიმდიდრისგან. აშშ–ს ისტორიაში იყო პერიოდები, მაგალითად 1920–იანების ოქროს ხანა (Gilded Age) და მშფოთვარე 90–იანები, როცა მსგავსი სიტუაცია იყო, მაგრამ ახლანდელი სიტუაცია უფრო მძაფრია, რადგან უთანასწორობა სუპერ მდიდრებისგან მოდის. პირდაპირ რომ ვთქვათ, 1%-ის მეათედია სუპერ მდიდარი. ეს არამხოლოდ ძალიან უსამართლოა, არამედ წარმოადგენს იმ ტიპის განვითარებას, რომელსაც გააჩნია კოროზიული ეფექტი დემოკრატიასა და ღირსეული საზოგადოების შექმნაზე.

– რას ნიშნავს ეს ყველაფერი ამერიკული ოცნების კუთხით? ის მოკვდა?

„ამერიკული ოცნება“ მხოლოდ კლასობრივი მოძრაობა იყო. მართალია შენ დაიბადე ღარიბი, მაგრამ კარგი შრომის შედეგად შეგეძლო სიღარიბიდან ამოსვლა და შვილებისთვის უკეთესი მომავლის შექმნა. [ზოგიერთი დასაქმებულისთვის] შესაძლებელი იყო სამუშაოს მოძებნა ღირსეული ანაზღაურებით, სახლის და მანქანის ყიდვა და ბავშვებისთვის განათლების გადასახადის გადახდა. ეს ყველაფერი დაინგრა – და ჩვენ არ უნდა გვქონდეს გადაჭარბებული ილუზიები თუ როდის იყო ის ნაწილობრივ რეალური. დღეს სოციალური მობილობა ამერიკაში ჩამორჩება სხვა მდიდარი ქვეყნების მაჩვენებლებს.

– არის თუ არა აშშ დემოკრატია მხოლოდ სახელით?

აშშ აღიარებს რომ დემოკრატიაა, მაგრამ ნათელია რომ ის უფრო პლუტოკრატიას დაემსგავსა, მიუხედავად ამისა, შედარებითი სტანდარტებით ის ჯერ კიდევ ღია და თავისუფალი საზოგადოებაა. მაგრამ, მოდი განვმარტოთ რას ნიშნავს რეალურად დემოკრატია. დემოკრატიაში, საზოგადოება ახდენს პოლიტიკაზე ზეგავლენას, შესაბამისად, მთავრობები ახორციელებენ იმ პოლიტიკებს, რომელსაც საზოგადოება განსაზღრავს. აშშ–ში, უმეტეს შემთხვევაში, ხელისუფლება ახორციელებს იმ პოლიტიკებს, რომლებიც მხოლოდ კორპორაციულ და ფინანსურ ინტერესებს უწყობს ხელს. ასევე მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ პრივილეგირებულ და ძალაუფლების მქონე სექტორს არასდროს მოსწონდა დემოკრატია, რადგან დემოკრატია ძალაუფლებას მათ ართმევს და ხალხს გადასცემს. ფაქტობრივად, ისინი ცდილობდნენ მოენახათ გზები, რითაც შეზღუდავდნენ საზოგადოების ძალაუფლების გავლენებს – და ისინი ახლაც ამას ცდილობენ.

– სიმდიდრის კონცენტრაცია ნიშნავს ძალაუფლების კონცენტრაციას. მე ვფიქრობ ეს უტყუარი ფაქტია. და რადგან კაპიტალიზმს ყოველთვის მივყავართ სიმდიდრის კონცენტრაციისკენ, არ მიანიშნებს იმაზე, რომ კაპიტალიზმი დემოკრატიის საწინააღმდეგოა?

სიმდიდრის კონცენტრაციას მივყავართ ძალაუფლების კონცენტრაციისკენ, რაც რეალურად ნიშნავს მდიდრებისა და ძლიერებისთვის სასარგებლო კანონების მიღებას. ეს თავის მხრივ კიდევ უფრო ზრდის სიმდიდრის და ძალაუფლების კონცენტრაციას. სხვადასხვა პოლიტიკური საზომები, როგორებიცაა ფისკალური პოლიტიკა, დერეგულაცია და კორპორატიული მმართველობის წესები, ხელს უწყობენ სიმდიდრის და ძალაუფლების კონცენტრაციას, რისი მომსწრენიც ვიყავით ნეოლიბერალურ პერიოდში. ეს არის მუდმივი პროგრესის მანკიერი ციკლი. ამ დროს სახელმწიფო იცავს და ეხმარება პრივილეგირებული და ძლიერი სექტორის ინტერესებს, მაშინ როცა დანარჩენი მოსახლეობა განიცდის კაპიტალიზმის ბრუტალურ რეალობას. სოციალიზმი მდიდრებისთვის, კაპიტალიზმი ღარიბებისთვის.

დიახ, ამ გაგებით კაპიტალიზმი მართლაც მოქმედებს დემოკრატიის საწინააღმდეგოდ. მაგრამ, რაც ზემოთ აღვწერე – სიმდიდრისა და ძალაუფლების კონცენტრაციის მანკიერი ციკლი – იმდენად ტრადიციულია, რომ ის 1776 წელს ადამ სმიტმაც კი აღნიშნა. მის ცნობილ ნაშრომში „ერთა კეთილდღეობა“ ის აცხადებს, რომ იმ პერიოდის ინგლისში, ვინც ფლობდნენ საზოგადოებას, ანუ მწარმოებლები და ვაჭრები, იყვნენ „პოლიტიკის გამსაზღვრელი არქიტექტორები“. ისინი დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მათი ინტერესები კარგად იქნებოდა დაცული.

დღეს მწარმოებლები და ვაჭრები აღარ ფლობენ საზოგადოებას და არ კარნახობენ პოლიტიკას. დღეს ამას ფინანსური ინსტიტუტები და მულტინაციონალური კორპორაციები აკეთებენ. დღეს ისინი წარმოადგენენ იმ ჯგუფს, რასაც ადამ სმიტი „კაცობრიობის ბატონებს“ (masters of mankind) უწოდებდა. ისინი მისდევენ იმავე საძაგელ პრინციპს: „ყველაფერი ჩვენ, სხვებს არაფერი.“ ისინი განახორციელებენ ისეთ პოლიტიკებს, რომლებიც სარგებელს მხოლოდ მათ მოუტანს და სხვებს დააზიანებს, რადგან კაპიტალისტური ინტერესი კარნახობს მათ ასე მოიქცნენ. ეს სისტემის ბუნებაა და სათანადო, საზოგადოებრივი რეაქციის არქონის შემთხვევაში, ეს ყველაფერი მოხდება.

– მოდი დავუბრუნდეთ ამერიკული ოცნების იდეას და ვისაუბროთ ამერიკული პოლიტიკის საწყისებზე. არასდროს იყო მცდელობა ყოფილიყო დემოკრატია (ზოგადად, აშშ–ის პოლიტიკური სისტემის აღმნიშვნელი ტერმინი ყოველთვის იყო „რესპუბლიკა“, რაც ძალიან განსხვავდება დემოკრატიისგან, ამას ძველი რომაელები კარგად აცნობიერებდნენ) და თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლა ყოველთვის ქვემოდან ხორცილედებოდა, რაც დღესაც გრძელდება. ამ კონტექსტში, ხომ არ იყო ამერიკული ოცნება დაშენებული ნაწილობრივ მითებზე?

დაიხ. ამერიკის ისტორიის განმავლობაში ყოველთვის მიმდინარეობდა ბრძოლა ერთის მხრივ საზოგადოების მხრიდან მეტი თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ხოლო მეორე მხრივ ელიტების მხრიდან მეტი კონტროლისა და დომინაციისთვის. ეს უკავშირდება ქვეყნის დაარსებასაც, როგორც აღნიშნეთ. „დამფუძნებელი მამები“, მათ შორის მთავარი განმსაზღვრელი პირი, ჯეიმს მედისონი, რომელსაც სხვებზე მეტად სჯეროდა დემოკრატიის, ფიქრობდა რომ აშშ–ს პოლიტიკური სისტემა უნდა ყოფილიყო მდიდრების ხელში, რადგან მდიდრები არიან „ადამიანებს შორის ყველაზე პასუხისმგებლიანები“. აქედან გამომდინარე, ფორმალური კონსტიტუციური სისტემა უფრო მეტ ძალაუფლებას სენატს ანიჭებდა, რომელიც იმ დროს არ იყო არჩევითი. სენატის წევრები შერჩეული იყვნენ მდიდარი ფენიდან, რომლებსაც როგორც მედისონი აცხადებდა, გააჩნდათ სიმპატიები სიმდიდრისა და კერძო საკუთრების მეპატრონეების მიმართ.

ეს ნათელია როცა ეცნობი საკონსტიტუციო შეთანხმების (დამფუძნებელი კრების) (Constitutional Convention) დებატებს. როგორც მედისონი აცხადებდა, პოლიტიკური წესრიგის ძირითადი საზრუნავი უნდა ყოფილიყო „მდიდარი უმცირესობის დაცვა უმრავლესობისგან“. მისი არგუმენტი იყო ის, რომ თუ ყველას ექნებოდა თავისუფლად ხმის მიცემის უფლება, ღარიბების უმრავლესობა შეძლებდა გაერთიანებას და მდიდრებისთვის მათი საკუთრების წართმევას. მისი აზრით, ეს უსამართლობა იქნებოდა, ამიტომ კონსტიტუციურ სისტემას დემოკრატია უნდა შეეზღუდა.

მსგავსი რამ არის ნათქვამი არისტოტელეს „პოლიტიკაში“. ის ფიქრობდა, რომ ყველა პოლიტიკური სისტემიდან, დემოკრატია ყველაზე საუკეთესო იყო. მაგრამ, ისიც იგივე პრობლემებს ხედავდა დემოკრატიაში, რასაც მედისონი, რომ ღარიბებს შეეძლოთ ორგანიზება და მდიდრებისთვის სიმდიდრის წართმევა. გამოსავალი რასაც ის გვთავაზობდა, კეთილდღეობის სახელმწიფოს მსგავსი იყო, რომლის მიზანიც ეკონომიკური უთანასწორობის შემცირებას წარმოადგენდა. მეორე ალტერნატივა კი, რომელსაც „დამფუძნებელი მამები“ მისდევდნენ, დემოკრატიის შემცირებაა.

ე.წ. ამერიკული ოცნება ყოველთვის ეფუძნებოდა ნაწილობრივ მითებს და ნაწილობრივ რეალობას. მე–19 საუკუნიდან მოყოლებული, თითქმის დღემდე, მშრომელთა კლასის წარმომადგენლებს, მათ შორის ემიგრანტებს, სჯეროდათ, რომ ამერიკულ საზოგადოებაში მათი ცხოვრების დონის ამაღლება დიდი შრომით იყო შესაძლებელი. ეს ნაწილობრივ მართალი იყო, თუმცა ბოლო პერიოდამდე ეს არ ეხებოდა აფრო–ამერიკელებისა და ქალების უდიდეს ნაწილს. ახლა კი ეს უკვე აღარ შეესაბამება სიმართლეს. შემოსავლების სტაგნაციამ, ცხოვრების დონის შემცირებამ, სტუდენტური ვალების უკიდურესად მაღალმა დონემ და ღირსეული სამუშაოს პოვნის სიძნელეებმა ბევრ ამერიკელში უიმედობის გრძნობა გააჩინა, რომლებიც ნოსტალგიით შეჰყურებენ წარსულს. ეს ყველაფერი კარგად ხსნის დონალდ ტრამპის აღმასვლას და ახალგაზრდებიდან წამოსულ პოლიტიკურ მხარდაჭერას ისეთი პირების მიმართ, როგორიც ბერნი სანდერსია.

– მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1970–იანი წლების შუა პერიოდამდე, მიუხედავად ელიტებისა და სხვადასხვა სამთავრობო სააგენტოების მხრიდან გაწეული წინააღმდეგობისა ამერიკაში არსებობდა მოძრაობა, რომელიც იბრძოდა უფრო თანასწორი და თავისუფალი საზოგადოებისთვის. რა მოხდა შემდეგ, რამაც გამოიწვია ეკონომიკური პროგრესის უკუსვლა და შექმნა ისეთი ახალი სოციო–ეკონომიკური დღის წესრიგი, რომელსაც ეწოდება ნეოლიბერალიზმი?

1970–იანი წლების დასაწყისში, ერთის მხრივ ნაწილობრივ ეკონომიკური კრიზისის გამო, რომელიც ადრეულ წლებში დაიწყო და გამოიწვია მოგების შემცირება, და მეორეს მხრივ დემოკრატიის ფართოდ გავრცელების გამო, უზარმაზარმა, კონცენტრირებულმა და კოორდინირებულმა ბიზნესმა დაიწყო ომის შემდგომი თანასწორობის პრინცინების წინააღმდეგ ბრძოლა, რომელიც მომდევნო წლებში უფრო და უფრო გაძლიერდა. ეკონომიკამ გადაინაცვლა ფინანსიალიზაციისკენ. ფინანსური ინსტიტუტები საგრძნობლად გაიზარდნენ. 2007 წლის კრიზისამდე, რისთვისაც მათ უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ, ფინანსური ინსტიტუციების აქტივზე იყო კორპორატიული მოგების 40%. პოლიტიკასა და კონცენტრირებულ კაპიტალს შორის არსებული მანკიერი ციკლი უფრო გაძლიერდა, ხოლო სიმდიდრე კონცენტრირდა საფინანსო სექტორში. პოლიტიკოსები, რომლებიც საჭიროებდნენ კამპანიებისთვის აუცილებელ მზარდ ფულად სახსრებს, უფრო ღრმად ჩავარდნენ მდიდარი მხარდამჭერების ჯიბეებში. პოლიტიკოსები მათ სანაცვლოდ ასაჩუქრებდნენ ვოლ სტრიტისა და სხვა ძლიერი ბიზნესების ინტერესებისთვის სასარგებლო პოლიტიკების განხორციელებით. ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ მივიღეთ განახლებული ომი მშრომელთა კლასის წინააღმდეგ, რომელსაც სათავეში ედგნენ ბიზნეს კლასის წარმომადგენლები. ისინი ცდილობდნენ დეკადების განმავლობაში მოპოვებული მიღწევების გაბათილებას.

– ახლა, როცა ტრამპი უკვე არჩეული პრეზიდენტია, დამთავრდა თუ არა ბერნი სანდერსის პოლიტიკური რევოლუცია?

ეს ჩვენზეა დამოკიდებული. სანდერსის „პოლიტიკური რევოლუცია“ საკმაოდ აღსანიშნავი ფენომენია. მე ნამდვილად ვიყავი გაოცებული და კმაყოფილი. მაგრამ, ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ტერმინს „რევოლუცია“ გარკვეულ წილად შეცდომაში შევყავართ. სანდერსი არის პატიოსანი და ე.წ. ახალი კურსის მომხრე. მისი პოლიტიკები ეიზენჰაუერს არ გაუკვირდებოდა. ის ფაქტი, რომ ის მოიაზრება როგორც „რადიკალი,“ მიანიშნებს თუ რამდენად მარჯვნივ გადაიხარა პოლიტიკური ელიტა ნეოლიბერალური პერიოდის დროს. სანდერსის მობილიზაციის დროს წარმოიჭრა იმედისმომცემი იდეები (offshoots), როგორიცაა ახალი კონგრესის მოძრაობა და სხვა.

ასევე შესაძლებელია და აუცილებელიცაა განვითარდეს ახალი ნამდვილი დამოუკიდებელი მემარცხენე პარტია, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ კი არ გამოჩნდება, არამედ მუდმივად იმუშავებს სახალხო დონეზე, როგორც ამომრჩეველთა კუთხით (დაწყებული სასკოლო შეკრებებიდან, გაგრძელებული საქალაქო და საკანონმდებლო შეხვედრებით), ასევე ბევრი სხვა მიმართულებით. უამრავი შესაძლებლობა არსებობს და ფსონებიც რეალისტურია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ყურადღებას ვამახვილებთ ორ მნიშვნელოვან ფაქტორზე, რომელიც ყველაფერს ფარავს: ბირთვული ომი და ბუნებრივი კატასტროფები. ორივე მათგანი ავის მომასწავებელია და მოითხოვს მყისიერ ქმედებებს.


ინგლისურიდან თარგმნა გიგა ჭკადუამ.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ