საარჩევნო თვალსაზრისით, მაისის პირველი კვირა ევროპელი მემარცხენეებისათვის ძალიან გადატვირთული და მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა საარჩევნო დონეზე ხუთი არჩევნები გაიმართა. მათ უმრავლესობაში სოციალისტმა კანდიდატებმა წარმატებას მიაღწიეს და რაც მთავარია ამ ხუთიდან ყველაზე მნიშვნელოვან საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მოახერხეს. სადაც სოციალისტური პარტიის კანდიდატმა ფრანსუა ოლანდმა მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი დაამარცხა და საფრანგეთის 24-ე პრეზიდენტი გახდა.
2012 წლის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების მთლიანმა პროცესმა სოციალისტი ფრანსუა ოლანდის უპირატესობით ჩაიარა. ოლანდი სტაბილურად ლიდერობდა წინა საარჩევნო გამოკითხვებში, პირველ ადგილზე გავიდა არჩევნების პირველ ტურში და ეს წარმატებული სვლა საბოლოო გამარჯვებით დაასრულა მეორე ტურში, სადაც ხმების 51.63 % მოიპოვა, ხოლო მისმა კონკურენტმა ნიკოლა სარკოზიმ 49.37 %. ამგვარად 1995 წლის შემდეგ ოლანდი საფრანგეთის პირველი სოციალისტი პრეზიდენტი გახდა.
ოლანდის გამარჯვებას ბევრი პრეზიდენტ ობამას ოთხი წლის წინანდელ კამპანიასა და ტრიუმფს ადარებს. აშშ-სა და ახლა უკვე საფრანგეთის პრეზიდენტსაც მნიშვნელოვანი იდეოლოგიური თანხვედრა აქვთ შეხედულებებში და ორივეს რიტორიკა და წინასაარჩევნო გზავნილები ცვლილებებზე იყო ორიენტირებული. ცვლილებებზე, რომლებიც შეძლებენ პროგრესივისტული, პრაგმატული და ზრდაზე ორიენტირებული პოლისების ჩამოყალიბებას და 2008 წლის ფინანსური კოლაფსის შემდეგ გაჩენილი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას.
ოლანდის გამარჯვება სერიოზული სიგნალია მთლიანად ევროპისათვის და გამოწვევა Austerity-ის ეკონომიკური პოლიტიკისა, რომელსაც დღევანდელ დღემდე ევროკავშირი ატარებდა უმთავრესად მისი ყველაზე ძლიერი და მდიდარი ქვეყნების გერმანიისა და საფრანგეთის მემარჯვენე-ცენტრისტი ლიდერების მერკელისა და სარკოზის ინიციატივით. ოლანდის საარჩევნო კამპანია დიდწილად Austerity-ის უარყოფასა და მის ცვლილებაზე იყო აგებული და შესაბამისად მოსალოდნელია, რომ ოლანდი მისი ცვლილების საკითხს ოფიციალურად დააყენებს დღის წესრიგში. მითუმეტეს, რომ ოლანდმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირველს რასაც გააკეთებს კანცლერ მერკელთან შეხვედრა იქნება. ამ კონტექსტში ძალიან საინტერესოა როგორ განვითარდება საფრანგეთისა და გერმანიის ურთიერთობები.
ერთი რამ ცხადია ევროპაში კრიზისის შემდეგ პოლიტიკური შეხედულებების კლიმატი იცვლება და მარცხნივ იხრება, რისი დასტურიცაა, საფრანგეთის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ქვეყნის მოქალაქეების არჩევანი, რომლებმაც ოლანდის სახით ხმა მისცეს ცვლილებებს, განახლებას და იმ ფუნდამენტურ ფასეულობებს, რომელსაც სოციალ-დემოკრატია მოიცავს.
საფრანგეთის გარდა ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონული არჩევნები გაიმართა გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინსა და ვესტფალიაში, რომელიც ყველაზე უფრო მრავალრიცხოვანი და შესაბამისად უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობის რეგიონია. მომავალი წლის ფედერალური არჩევნების წინ, ეს არჩევნები კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს, როგორც შანსი გერმანიის სოციალ დემოკრატიული პარტიისთვის რომ მოახერხოს საარჩევნო პროცესში გარდატეხის შეტანა და მეორეს მხრივ ასევე შესაძლებლობა კანცლერ მერკელისა და ქრისტიან დემოკრატებისათვის, რომ კიდევ უფრო გაიმყარონ პოზიციები.
თუმცა საბოლოოდ ამ არჩევნებმა ვერ გამოკვეთა ფავორიტი და სიტუაცია კვლავ გაურკვეველი დატოვა. თუმცა ერთი რამ ცხადია ქრისტიან დემოკრატებისა და თავისუფალი დემოკრატების მემარჯვენე ალიანსი ვეღარ შეძლებს მმართველ კოალიციად დარჩენას და ეს უკვე სერიოზული გამარჯვება და შანსია სოციალ დემოკრატებისა და მწვანეთა პარტიისათვის. რაც შეეხება შედეგებს პირველ ადგილზე მერკელის ქრისტიან დემოკრატები გავიდნენ 34.6-ით და მხოლოდ მეათედებით გაასწრეს სოციალ დემოკრატებს, რომლებმაც ხმების 34.5% მიიღეს. მიუხედავად პირველი ადგილისა ქრისტიან დემოკრატებს საქმეს ურთულებს მათი პარტნიორების თავისუფალი დემოკრატების აშკარა წარუმატებლობა, რომლებსაც ხმები თითქმის გაუნახევრდათ და მხოლოდ 6.8%-ის აღება მოახერხეს. თავისუფალი დემოკრატების წარუმატებლობა განსაკუთრებით აღსანიშნავია მწვანეების წარმატების ფონზე, რომლებმაც ხმების 12.1% აიღეს, ამით ფაქტიურად წერტილი დაუსვეს მემარჯვენე ალიანსის გაგრძელების შესაძლებლობას და სერიოზული განაცხადი გააკეთეს ფედერალურ დონეზე სპდ-სა და მწვანეების პოტენციურ ალიანსზე.
ერთი რამ ცხადია ქრისტიან დემოკრატები სერიოზული გამოწვევის წინაშე დგანან და ახალი პარტნიორის მოძებნა მოუწევთ. ვარაუდობენ 2009 წლის შემდეგ გრანდ კოალიციის(ქრისტიან-დემოკრატებისა და სოციალ დემოკრატების ალიანსის) კიდევ ერთხელ გამეორებასაც. თუმცა იქამდე დიდი დროა და ბოლოს აგრეთვე გასათვალისწინებელია გერმანიის პოლიტიკურ ლანდშაფტზე ახლად გამოჩენილი ძალის მეკობრეთა პარტიის როლიც, რომლებმაც ხმების 8 % დააგროვეს და შესაძლოა ფედერალურ არჩევნებზე ძალიან მნიშვნელოვანი როლიც ითამაშონ.
ადგილობრივი არჩევნები გაიმართა დიდ ბრიტანეთშიც, სადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ლეიბორისტულმა პარტიამ და მისმა ახალმა ლიდერმა ედ მილიბენდმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს, ეს არჩევნები შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს ლეიბორისტული პარტიისა და მისი ახალგაზრდა ლიდერისათვის, რომელმაც ამ გამარჯვებით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ როგორც ოპოზიციის ლიდერმა, ისე მომავალ ცენტრალურ არჩევნებში პრემიერ-მინისტრის პოსტზე გამარჯვების კანდიდატმა. თუმცა ბრიტანეთის არჩევნებამდე ჯერ კიდევ ორი წელია დარჩენილი და მილიბენდის ფავორიტობაზე საუბარი ჯერ ძალიან ნაადრევია.
და ბოლოს უმნიშვნელოვანესი არჩევნები გაიმართა საბერძნეთში. ქვეყანა, რომელიც 2008 წლის კრიზისი შემდეგ ალბათ ყველაზე მეტად დაზარალდა და მასშტაბური ქუჩის დემონსტრაციებისა და პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისების სარბიელად იქცა. საბერძნეთის კრიზისმა სერიოზული დარტყმა მიაყენა მის ორ ყველაზე რეიტინგულ პარტიას კონსერვატიულ ახალ დემოკრატიულ პარტიასა და სოციალ დემოკრატიულ PASOK-ს რომელთა რეიტინგები, თითქმის განახევრდა. სამაგიეროდ მნიშვნელოვნად გაიზარდა შედარებით უფრო რადიკალური და ანტისისტემური პოლიტიკური პარტიების რეიტინგი, რისი დასტურიც არის საბერძნეთის ბოლო არჩევნები.
მიუხედავად სერიოზული უკუსვლისა პირველი ადგილი მაინც ახალმა დემოკრატიულმა პარტიამ დაიკავა 18.9 %-ით, მეორეზე კი მოულოდნელად 16.2 -ით რადიკალ მემარცხენეთა კოალიცია SYRIZA გავიდა, რომელიც ანტი კაპიტალიზმისა და ანტი-Austerity-ის ლოზუნგებით გამოდის. SYRIZA-ს კოალიციური მთავრობის ფორმირების სერიოზული შანსი აქვს. მას შემდეგ რაც პირველ ადგილზე გასული კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ანტონის სამარისმა კოალიციის ფორმირება ვერ მოახერხა. სამარასმა განაცხადა, რომ მან ყველაფერი გააკეთა კოალიციის შესაქმნელად, მაგრამ მისი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა და მანდატს აბრუნებს. ახლა შანსი რადიკალ მემარცხენეთა კოალიციას ეძლევა, რომლის ლიდერმა ალექსის ციპრასმა სამი დღის ვადაში უნდა მოახერხოს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება. თუკი ციპრასმაც ვერ მოახერხა ამ მანდატის გამოყენება, მაშინ ის მესამე ადგილზე გასულ პარტიას ანუ PASOK-ს გადაეცემა, ხოლო თუკი ვერც მათ მოახერხეს კოალიციის ჩამოყალიბება, ამ შემთვევაში ახალი არჩევნები დაინიშნება ერთი თვის ვადაში.
რაც შეეხება რადიკალ მემარცხენეთა კოალიციის ლიდერს ალექსის ციპრასს, ის ყველასგან გამორჩეული, ახალგაზრდა და ექსცენტრიული ლიდერია, რომელიც ამ კრიზისულ ვითარებაში ბერძენი ამომრჩევლის ახალ ფავორიტად ყალიბდება. თავისი ანტი Austerity-ის რიტორიკით, პიროვნული ქარიზმისა და რადიკალური გამოსვლების მეშვეობით. ციპრასმა თავის ერთ-ერთ უკანასკნელ გამოსვლაში თავისი საფირმო ყელზე შეხსნილი პერანგითა და მუქი კოსტიუმით ბერძენ ხალხს შემდეგი სიტყვებით მიმართა: ’ორი წლის განმავლობაში მხოლოდ ისინი იღებდნენ გადაწყვეტილებებს და ჩვენ არაფერს გვეკითხებოდნენ. ბერძენ ხალხს არ მიუცია მათთვის მანდაატი ამ გადაწყვეტილებებზე. დემოკრატიის სამშობლოში დღეს დემოკრატია არ არსებობს და დღეს დადგა ის დრო როდესაც დემოკრატია უნდა დაბრუნდეს იქ სადაც ის დაიბადა!’
ალექსის ციპრასს უახლოესი სამი დღის განმავლობაში დიდი შანსი აქვს რომ კოალიციურ მთავრობას ჩაუდგეს სათავეში. ეს იქნება ძალიან დიდი ცვლილება თვითონ საბერძნეთის შიდა პოლიტიკისთვის და აგრეთვე სერიოზული დარტყმა Austerity-ს პოლიტიკისთვის.
ბოლო პერიოდის პროცესები და არჩევნები ნათლად გვაჩვენებს, რომ მსოფლიოში იცვლება ტენდენციები და ხალხი აკეთებს თავის არჩევანს, არჩევანს ცვლილებების, პასუხისმგებელი სახელმწიფოსა და დემოკრატიული სოციალიზმისაკენ.