წარმოგიდგენთ 2016 წლის 1 ივლისს, გამოცემა openDemocracy-ზე გამოქვეყნებული წერილის თარგმანს.
სლოვენიელი ფილოსოფოსი ბენჯამინ რამთან საუბარში ამბობს, რომ ევროპული პროექტის გადარჩენა ზედმეტად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მისი გადაწყვეტა რეფერენდუმს მივანდოთ.
სლავოი ჟიჟეკი არის ფსიქოანალიტიკოსი, ფილოსოფოსი და კულტურის კრიტიკოსი. მას გამოქვეყნებული აქვს ნაშრომები ჰეგელისა და ლაკანის შესახებ და არის ავტორი წიგნისა „ორმაგი შანტაჟის წინააღმდეგ“ (2016).
ბენჯამინ რამი არის openDemocracy–ის რედაქტორი. ის წერს და აქვეყნებს დოკუმენტურ მასალებს BBC Radio 4–სა და BBC World Service–სთვის.
© European.ge
სლავოი ჟიჟეკი საუბრობს ბრექსიტის შესახებ. „იცით, პოპულარული აზრი არ არის ყოველთვის მართალი, ხანდახან მე ვფიქრობ, რომ ვინმემ უნდა დაარღვიოს უმრავლესობის სურვილები“ – დაჟინებით ამტკიცებს ის. ამ განცხადებამ შეიძლება გააკვირვოს მისი თაყვანისმცემლები, მაგრამ ჩვენი დისკუსია წინა პლანზე აყენებს დემოკრატიის მიმართ მის დიდხნიან ამბივალენტურობას. ბოლო კვირის უიმედობამ და გაკვირვებამ მისი ხედვები მხოლოდ გააძლიერა. ევროკავშირიდან გამოსვლის მომხრეების შესახებ, რომლებიც შეშფოთებულნი იყვნენ იმის გაცნობიერებით, რომ მათ გაიმარჯვეს, ჟიჟეკი ცინიკურად შენიშნავს: „ყველაზე ცუდი სურპრიზი რაც გინდოდა იმის მიღებაა!“
მე ვკითხე, ემყარებოდა თუ არა რეფერენდუმი მცდარ არჩევანს, რომ ტრანსნაციონალური პრობლემების მოგვარება შესაძლებელი იყო ერი–სახელმწიფოს მიდგომით. „ნამდვილად. ევროკავშირი არის ინერციის მდგომარეობაში და მე ვიზიარებ ხალხის სიბრაზეს. მაგრამ, რა იქნება შედეგი? ბრიტანეთი დაკარგავს თვეებს, წლებს გაჯანჯლებულ მოლაპარაკებებში და საბოლოოდ მიღებულ ნაგავ კომპრომისში /shitty compromise/ – რომელიც შეამცირებს დროს და ადგილს რეალური ცვლილებებისთვის. ბრიტანელების მისწრაფება, დატოვონ ევროკავშირი მათი ბედის განსასაზღვრავად, არის გლობალური პრობლემების (ეკოლოგია, ბიოტექნოლოგია, ინტელექტუალური საკუთრება) პერიოდში არსებული არასწორი ეპოქის ლოგიკა. მარტოდ დარჩენილი ბრიტანეთი უფრო მეტად მოწყვლადი იქნება, რომელიც დამცავი მექანიზმების გარეშე მოექცევა საერთაშორისო კაპიტალის ზეწოლის ქვეშ. მე ვერ ვხედავ რაიმე სახის სიძლიერეს მარტო ყოფნაში“.
რეფერენდუმის კამპანიის უკანასკნელი კვირები პირდაპირი დემოკრატიის ძლიერი კრიტიკით შეფასდა, რომლის ელემენტებიც უკანასკნელ წლებში პროგრესივისტების მიერ იყო წინ წამოწეული (მოქალაქეთა ჟიური, მოქალაქეთა ჩართულობით ბიუჯეტის დაგეგმვა და ა.შ.). როგორია მარქსისტული ტრადიცია ამ მოდელთან მიმართებაში, როგორც ეს CLR James-მა აღნიშნა? „პირდაპირი დემოკრატია უკანასკნელი მემარცხენე მითია,“ – აცხადებს ჟიჟეკი. „ჭეშმარიტი დემოკრატიული მომენტი მაშინ დგება, სწორედ მაშინ გიწევს შენ ნამდვილად გადაწყვიტო, როდესაც დემოკრატია კრიზისშია“. ის თვლის, რომ რეფერენდუმები არაპრაქტიკულია ტრანსნაციონალური გამოწვევების გადასაჭრელად და ამჯობინებს გამჭრიახი ელიტების მიერ „გონივრულად მართვადი თავისუფალი გადაწყვეტილების გაჩენას“.
ჩვენ, ალბათ, მეტისმეტად არ უნდა გაგვიკვირდეს ამ კომენტარების: ჟიჟეკი ხშირად იცავდა „ავანგარდის“ ლენინისტურ იდეას და ერთ–ერთი პირველი მოწმე გახდა აღმოსავლეთ ევროპაში პოპულიზმისგან მომდინარე საფრთხის. (ვალტერ ბენიამინი, რომელიც იკვლევდა 1930 წლების დასაწყისში ნაციონალიზმის მოზღვავებას, იმავე დასკვნამდე მივიდა). ჟიჟეკის კომენტარი მარქსის შესახებ დამაინტრიგებელია: “კარგი გაუცხოება“, სადაც „ძალაუფლება ანონიმურია და ეფექტურად მუშაობს“. ის წარმოიდგენს „უხილავ სახელმწიფოს, რომლის მექანიზმებიც უკანა ფონზე მუშაობენ,“ – დაახლოებით ისე, როგორც ეს არის „ბიუროკრატიული სოციალიზმი, მაგრამ არა სტალინური გაგებით“. (როგორც მან მითხრა, პრობლემა ის იყო, რომ „სტალინის ბიუროკრატიამ არ იმუშავა, რადგან ერთი საგანგებო მდგომარეობიდან მეორე უკიდურესობამდე გადაიხარა“ – საკამათო მტკიცებაა).
ტექნოკრატიზმის არსებულმა გემოვნებამ ჟიჟეკი ევროკავშირის მხარდამჭერი გახადა, ინსტიტუციისა, რომელიც ასახავდა სენ-სიმონის მიზანს „პიროვნებათა მთავრობის ჩანაცვლება საქმეების ადმინისტრირების მეშვეობით“ (replacing “the government of persons by the administration of things”). ჟიჟეკი აცხადებს, რომ „ევროპის მომავალი ღია საკითხია: კრიზისის დეზორიენტაცია იძლევა გამოცოცხლების შესაძლებლობას“. მას მოსწონს იანის ვარუფაკისის მოძრაობა DiEM25, რომელიც მიზნად ისახავს ალტერნატიული „სოციალური ევროპის“ მიღწევას, ჟიჟეკის თქმით „ყველაზე ძვირფასი რამ რაც კი ევროპას გააჩნია – ცივილიზაციისადმი ჩვენი კონტრიბუცია – არის სოციალური დაცვა“. ისევე როგორც ვარუფაკისი, ჟიჟეკიც აცხადებს, რომ კონტინტენტური სოლიდარობა არის ერთადერთი გზა საზღვრისპირა გამოწვევების მოსაგვარებლად, დაწყებული გარემოს პრობლემებით და დამთავრებული მიგრანტების კრიზისით. ჟიჟეკი აღტაცებულია ევროკავშირით, თუ როგორ „დააწესა სტანდარტები ანტი–რასიზმისა და ქალების უფლებების შესახებ“, მაგრამ ვერ ახერხებს იგივეს გაკეთებას ევროზონის კრიზისის დროს. მისი აზრით, ევროკავშირის პრობლემა არა მისი ანგარიშვალდებულების ნაკლებობა, არამედ შესაძლებლობების ნაკლებობაა. თუ ელიტები იქნებოდნენ კომპეტენტურები, ისინი შესძლებდნენ ჩვენი საჭიროებების ადმინისტრირებას!
დემოკრატიის შესახებ ჟიჟეკის მზარდი სკეპტიციზმი გამოხატავს მის იმედგაცრუებას რადიკალური პოლიტიკების მიმართ. „ძალიან უცნაური სიტუაციაა: კრიზისი უნდა იყოს მემარცხენეებისთვის იდეალური სიტუაცია, მაგრამ მას არანაირი პასუხი არ აქვს“. ის დაიღალა მასიური გამოსვლებით, რომლებსაც გეგმა არ გააჩნიათ. ისეთებით როგორი იყო სინტაგმასა და თაჰრირში. „მომბეზრდა მილიონიანი დემონსტრაციები – ეს სისულელეა. ეს არის მოკლე პერიოდის ენთუზიაზმი, სადაც ყველა ჩვენ ვყვირით და ვახლოვდებით, მაგრამ შემდეგ რა? ჩვეულებრივი ადამიანებისთვის არაფერი იცვლება“. ჟიჟეკის მიხედვით, სოციალ–დემოკრატიის მიმართ მემარცხენეების ნელთბილი მიდგომები არსებულ ვითარებაში უძლურია, მათ ვერ მოახერხეს მიმართულიყვნენ გლობალიზაციის გამოწვევებისაკენ. საბერძნეთი საუკეთესო მაგალითია: „სირიზა წარმოადგენს ამ ტრაგედიის ნამდვილ ილუსტრაციას: ერთ დღეს მათ მოიგეს, ხოლო მეორე დღეს – წააგეს. ეს არის არა „ღალატი“, არამედ ნამდვილი ტრაგედია – რადიკალური ჩიხი“.
ეს მაცდურად გვაფიქრებინებს, რომ ჟიჟეკი არამხოლოდ დემოკრატიაზეა გულდაწყვეტილი, არამედ ზოგადად მემარცხენეებზე. ყველაფრის შემდეგ სახელმწიფოს ზრუნვა საქონელსა და სერვისებზე არ არის მემარცხენეების ექსკლურზიური პროექტი – დემოკრატიამდელი ბევრი არისტოკრატული კულტურა ასრულებდა ამას, ხშირად თანხმობის ხარისხითაც. „მემარცხენეებს უფრო და უფრო ნაკლებად ვენდობი, იასირ არაფატის ნათქვამი მემარცხენეების შესახებ სრული ჭეშმარიტებაა – ისინი არასდროს უშვებენ ხელიდან შესაძლებლობას, გაუშვან შესაძლებლობა“.
არსებობს სხვადასხვა წინააღმდეგობები: ჟიჟეკი აცნობიერებს, რომ ტრადიციული სტატისტური მოდელები ზედმეტია, მაგრამ „ბიუროკრატიული სოციალიზმი“ ლირიკად გადაიქცა; მისი სურვილია „ავთენტური რევოლუცია“, მაგრამ არ არის დაინტერესებული ამის ქუჩაში მოხდენით; ის წუხს იმაზე, რომ „აზიელები აფასებენ კაპიტალიზმს“ (უფრო ზუსტად თუ ვიტყვით „ავტორიტარულ კაპიტალიზმს), მაგრამ ამცირებენ დემოკრატიულ მანდატებს“; ჟიჟეკი გმობს „მთლიანად გაუმჭვირვალე ინსტიტუციებს“, მაგრამ აცხადებს, რომ „მინდა ეფექტურობა და არა გამჭვირვალეობა“ და ა.შ. მაგრამ, ამ პარადოქსთან ერთად (როგორც ამას თვითონ უწოდებს), ის გვთავაზობს მომავალი გამოწვევების შესახებ მეტ განათლებას.
რაც მანცვიფრებს ჩვენს საუბარში არის არა ჟიჟეკის გულგატეხილობა მემარცხენეების მიმართ ან დემოკრატიაზე მისი გულაცრუება, არამედ ის რასაც ის უწოდებს „საიდუმლო ოცნებას“, რაც სცდება პოლიტიკურ აქტივობას. მე ვიგრძენი, რომ მისი „ემანსიპატორული ხედვა“ უკვე არ ეხება ჩაგვრისგან გათავისუფლებას, არამედ თავად პოლიტიკისგან გათავისუფლებას. თუ ევროპას აქვს „უნიკალური კონტრიბუცია“, როგორც ჟიჟეკი მას უწოდებს, ეს შეიძლება იყოს ჰეგელის (მისი საყვარელი ფილოსოფოსი) მიერ აღწერილი „დასასურლის შეგრძნება“.
-ინგლისურიდან თარგმნა გიგა ჭკადუამ.