გამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.
► წარმოგიდგენთ ბრიტანულ გამოცემა The Guardian-ზე ცნობილი ჰოლანდიელი ისტორიკოსისა და პოლიტიკური კომენტატორის, რუტგერ ბრეგმანის მიერ გამოქვეყნებული წერილის თარგმანს. ბრეგმანი ავტორია ბესტსელერი წიგნისა: Utopia for Realists: The Case for a Universal Basic Income, Open Borders and a 15-hour Workweek (2016). ის ასევე გახლავთ De Correspondent-ის ჟურნალისტი.
► მთარგმნელი: Nina Kay. ანალიტიკური პლატფორმა European.ge მთარგმნელს მადლობას უხდის ჩვენი ვებგვერდის განვითარებაში მოხალისეობრივად შეტანილი წვლილისთვის.
“ბანკირები, ფარმაცევტული გიგანტები, Google-ი, Facebook-ი… რენტიერების ახალი სახეობები პირამიდის მწვერვალზე არიან და დანარჩენებს სიკვდილამდე გვწოვენ რესურსებს.”
ეს წერილი არის ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდი ტაბუს შესახებ. იმ ჭეშმარიტებაზე, რაც იშვიათადაა გაცნობიერებული, თუმცა შესაბამისი რეფლექსიის ფონზე მისი უარყოფა შეუძლებელია. ჭეშმარიტება, რომლის მიხედვითაც, ჩვენ გაუკუღმართებულ კეთილდღეობის სახელმწიფოში ვცხოვრობთ.
ბოლო დროს, პოლიტიკოსები, მარცხნიდანაც და მარჯვნიდანაც, თანხმდებიან იმაზე, რომ ძირითადი სიმდიდრე სათავეში იწარმოება,მეოცნებეების, სამუშაო ადგილების შემქმნელების და იმ ადამიანების მიერ, ვინც „ეს შეძლეს“. დეტერმინირებული, ახალგამოჩენილი ტალანტებისა და მწარმოებლების მიერ, რომლებიც ეხმარებიან სამყაროს წინ წაწევაში.
ჩვენ შესაძლოა ვიდაოთ იმაზე, თუ რა ტიპის ჯილდოა საჭირო წარმატების სანაცვლოდ – მემარცხენე ფილოსოფიის მიხედვით, ყველაზე ძლიერმა საკუთარ მხრებზე უნდა იტვირთოს ყველაზე მეტი, მაშინ, როდესაც მემარჯვენეები ღელავენ, რომ მაღალი გადასახადები შეანელებს წარმოებას. თუმცა, ძირითადი სპექტრი თანხმდება იმაზე, რომ სიმდიდრე ძირითადად სწორედ სათავეში იქმნება.
ეს დაშვებები იმდენად ინარჩუნებს სიმტკიცეს, რომ ენასთანაც კი არის შეხორცებული. როდესაც ეკონომისტები საუბრობენ „პროდუქტიულობაზე“, სინამდვილეში ისინი შენსანაზღაურებას გულისხმობენ და როდესაც ჩვენ ვხმარობთ ისეთ ცნებას, როგორიცაა „კეთილდღეობის სახელმწიფო“, „რედისტრიბუცია“ და „სოლიდარობა“, ჩვენ ცალსახად მივუთითებთ ორი სტრატას არსებობაზე: „გამკეთებლები“ და „მოსარგებლეები“, მწარმოებლები და ჩიფსიჭამია უსაქმურები,მშრომელისაზოგადოება და სხვა დანარჩენი.
რეალობა ზუსტად ამის საპირისპიროა, პირამიდის მწვერვალს ამყარებენ ქალაქის დამსუფთავებლების, მედდების, დამლაგებლების მხრები. ისინი წარმოადგენენ სოციალური სოლიდარობის უმთავრეს მექანიზმს. ამასობაში, ზრდადი წილი მათი, ვისაც ჩვენ აღფრთოვანებით ვუწოდებთ „წარმატებულებს“ და „ინოვაციურებს“,სიმდიდრეს სხვის ხარჯზე გამოიმუშავებს. ის ხალხი, ვინც იღებს ყველაზე დიდ ანაზღაურებას, არის პირამიდის სათავეში და არა მის საფუძველში. და მათი ეს სახიფათო დამოკიდებულება სხვებზე უხილავია . არავინ საუბრობს იმაზე, რომ პირამიდის საფუძვლის გარეშე, მისი წვერი არ იარსებებს. იმ პოლიტიკოსებისთვისაც, რომლებიც მემარცხენე პლატფორმას მიეკუთვნებიან, კონკრეტულად ეს პრობლემა დღის წესრიგში საერთოდ არ დგას.
იმის გასაგებად თუ რატომ ხდება ასე, საჭიროა გავიგოთ, რომ არსებობს ფულის კეთების ორი გზა. პირველი არის ის, რასაც უმეტესი ჩვენთაგანი აკეთებს: შრომა. ეს არის პროცესი, როცა ჩვენს ცოდნას (ეკონომიკური ტერმინებით -„ადამიანურ კაპიტალს“) მივმართავთ რაღაც ახლის შესაქმნელად, დიდი მნიშვნელობა არ აქვს ეს მობილურის აპლიკაციაა, საქორწინო ტორტი, ელეგანტური ვარცხნილობა თუ იდეალურად ჩამოსხმული ლუდი. ნებისმიერი სამუშაო არის რაღაცის შექმნა; შესაბამისად, მუშაობა ნიშნავს ახალი სიმდიდრის წარმოებას.
მაგრამ, ასევე არსებობს ფულის კეთების მეორე გზა. ამ გზას ეწოდება რენტიერული: უკვე არსებულის ოპერაციული კონტროლი, მაგალითად: მიწის, ცოდნის, ფულის… მთავარი მიზანი კი სიმდიდრის ზრდაა. არაფერს აწარმოებ, მაგრამ მაინც მოგება გაქვს. სხვა სიტყვებით, რენტიე ფულს გამოიმუშავებს სხვის ხარჯზე, იყენებს თავის ძალაუფლებას, რათა ნახოს ეკონომიკური სარგებელი.
ვინც ისტორია იცის, მათთვის, ცნება „რენტიერი“ ასოცირდება მემკვიდრე მემამულეებთან, რომლებიც შეადგენდნენ მე-19-ე საუკუნის უსარგებლო რენტიერების დიდი კლასს. მათ მშვენივრად აღწერს ფრანგი ეკონომისტი თომას პიკეტი. ბოლო დროს, ეს კლასი თითქოს უკან ბრუნდება. (ირონიულია, მაგრამ, კონსერვატორი პოლიტიკოსები კატეგორიულად იცავენ რენტიერების უფლებებს, მემკვიდრეობის გადასახადს უსამართლობის უმაღლეს წერტილად მიიჩნევენ). არსებობს რენტიერების სხვა ფორმებიც, დაწყებული ვოლ სტრიტიდან, სილიკონის ველამდე, დიდი ფარმაცევტული ბიზნესიდან, ვაშინგტონში და ვესტმინსტერში ლობირების მექანიზმებამდე, ყურადღებით თუ დავაკვირდებით რენტიერებს ყველგან აღმოვაჩენთ.
უკვე აღარ არსებობს მკაცრი დაყოფა მუშაობასა და რენტიერობას შორის. ფაქტია, რომ თანამედროვე რენტიერი საკმაოდ აქტიურად მუშაობს. მაგალითად, უთვალავი ადამიანი, რომელიც ფინანსურ სექტორშია ძალიან დიდ გონებრივ რესურსს დებს იმისათვის, რომ დაუმატონ „რენტი“ თავიანთ სიმდიდრეს. თუნდაც, ჩვენი საუკუნის უდიდესი ინოვატორები- Facebook-ი და Uber-ი – დაინტერესებულნი არიან გაზარდონ და გააფართოვონ თავიანთი რენტიერული ეკონომიკა. მდიდარ ადამიანებს უკვე აღარ ახასიათებთ სიზარმაცე და ფუფუნებისმოყვარულობა. CEO-ების უმეტესობა კვირაში 80 საათს თავდაუზოგავად შრომობს, რათა კიდევ უფრო გაზარდოს შემოსავალი. ამის ფონზე, არცაა გასაკვირი, თავიანთ სიმდიდრეს სრულიად დამსახურებულად მიიჩნევენ.
შესაძლოა ცნობიერების საკმაოდ მკვეთრი შემობრუნება გახდეს საჭირო იმისთვის რომ ჩვენი ეკონომიკა დავინახოთ, როგორც სისტემა, რომელიც უფრო მეტად მდიდრებისადმია სოლიდარული, ვიდრე ღარიბების მიმართ. შესაბამისად, ახლა ვეცდები ნათლად წარმოვადგინო პირამიდის წვერში მყოფი თანამედროვე მუქთახორები – ბანკირები. საერთაშორისო მონეტარულმა ფონდმა და საერთაშორისო გადახდების ბანკმა (Bank for International Settlements), არც ისე მემარცხენე ორგანიზაციებმა, ჩაატარეს კვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, თუ როგორ გარდაიქმნა ფინანსური სექტორი აშკარა პარაზიტულ წარმონაქმნად. ნაცვლად იმისა, რომ შექმნან სიმდიდრე, ისინი მას უბრალოდ ეპატრონებიან.
არასწორად არ გაიგოთ, ბანკებს შეუძლიათ განსაზღვონ რისკები, მიმართონ ფინანსები იქითკენ, საითკენაც საჭიროა, რაც მნიშვნელოვანია ეკონომიკის ეფექტურად ფუნქციონირებისთვის. მაგრამ გაითვალისწინეთ: ეკონომისტები ამბობენ, რომ კერძო სექტორის მთლიანი ვალის ოპტიმალური დონე მშპ-ს 100%-ია. ამ თანაფარდობის გათვალისწინებით, თუ მხოლოდ ფინასური სექტორიიზრდება, ის არ გაუთანაბრდება მეტ სიმდიდრეს, არამედ – ნაკლებს. ცუდი ამბავი არის ის, რომ გაერთიანებულ სამეფოში კერძო სექტორის დავალიანება 157.5%-ს შეადგენს, შეერთებულ შტატებში კი – 188.8%-ს.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თანამედროვე საბანკო სექტორის უმეტესი ნაწილი წარმოადგენს ერთ გიგანტურ სოლიტერს, რომელიც ხარბად ღრღნის თავისთავად უკვე დაავადებულ ორგანიზმს. ის არ ქმნის არაფერ ახალს, უბრალოდ, შეიწოვს სხვის სიკეთეებს. ბანკირებმა უამრავი გზა გამოძებნეს ამის განსახორციელებლად. თუმცა, ძირითადი მექანიზმი ერთია: მომხმარებლებს შესთავაზონ სესხები, რომლებიც, საბოლოოდ, იწვევს ფასების დაუჯერებელ მატებას სახლებზე, აქციებზე და სხვა, შემდეგ გამოიმუშავებს სუფთა პროცენტს ამ გაბერილი ფასებიდან, (პროცენტის,საკომისიოების და საბროკერო გადასახადების, ფორმებში), და თუკი მდგომარეობა პიკს მიაღწევს, დაე, ბიძია სემმა იზრუნოს მასზე.
ფინანსური ინოვაციები, რომლებიც მომზადებულია ბანკებში მომუშავე, მათემატიკის ზერელედ მცოდნეთა და არა უნივერსიტეტების ან რეალური სიმდიდრის შემქმნელი კომპანიების მიერ ფაქტიურად დაიყვანება ვალის მთლიანი მოცულობის ზრდამდე. ვალი კი, ცხადია, რენტის გამომუშავების საშუალებაა. ამიტომაც, მათთვის, ვისაც სჯერა, რომ ანაზღაურება შრომის ღირებულების პროპორციული უნდა იყოს, ამ დასკვნის მიხედვით, ბევრი ბანკირი ნეგატიურ ხელფასს უნდა გამოიმუშავებდეს; ჯარიმას, თუ გნებავთ, სიმდიდრის შექმნის ნაცვლად მისი განადგურებისთვის.
ბანკირები წარმოადგენენ მუქთახორების ყველაზე ცხად კლასს, მათ გვერდით კიდევ მრავალი მათნაირი დგას. ძალიან ბევრი ადვოკატი და ბუღალტერი ფლობს მსგავსი შემოსავლების მოდელს. უამრავი თავგამოდებით მომუშავე, აკადემიური ხარისხის მქონე პროფესიონალიც გამოიმუშავებს დიდ ფულს სხვა ქვეყნების მოსახლეობის ხარჯზე. ან ავიღოთ პრივატიზების ტალღა ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში, რაც სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა სრული კონტროლის მიცემა რენტიერებისათვის. კარლოს სლიმმა, ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა მსოფლიოში, მილიონები გამოიმუშავა მექსიკური სატელეკომუნიკაციო ბაზრის მონოპოლიზებით და შემდეგ ფასების მაქსიმალური აწევით. მსგავს ისტორიებს ვხვდებით რუს ოლიგარქებთანაც, რომლებიც აღზევდნენ ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ, რენტის გამომუშავების მიზნით ყველა ღირებული სახელმწიფო ქონების მითვისებით.
მაგრამ არის ერთი საკითხი, რენტიერების უმეტესობა ისე ადვილად იდენტიფიცირებადნი არ არიან, როგორც ხარბი ბანკირები და მენეჯერები. უმეტესობა შენიღბულია. ერთი შეხედვით, ისინი შრომისმოყვარე ადამიანებს ჰგვანან, რადგან მართლაც უთმობენ დროს მუშაობას. ზუსტად ეს გვაიძულებს მხედველობიდან გამოგვრჩეს მათი მასობრივი რენტ-მაძიებლობა.
ავიღოთ ფარმაცევტული ინდუსტრია. კომპანიები, როგორებიცაა GlaxoSmithKline-ი და Pfizer-ი რეგულარულად წარმოადგენენ ახალ წამლებს, მაშინ, როცა რეალურად, სამედიცინო აღმოჩენები სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულ ლაბორატორიებში, გაუხმაურებლად სრულდება. კერძო კომპანიები უმეტესად აწამოებენ იმ პრეპარატებს, რომლებიც უბრალოდ ჰგავს იმ წამლებს, რომლებიც უკვე გვაქვს. ისინი აპატენტებენ მათ, იყენებენ აქტიურ მარკეტინგს, ადვოკატების ლეგიონებს, სარგებლობენ ძლიერი ლობირებით და წლების განმავლობაში შეუძლიათ უდიდესი მოგებით სარგებლობა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფარმაცევტული ინდუსტრიის ფართო შემოსავლები ძალიან მწირი ინოვაციურობისა და დიდი რენტის ფლობის შედეგია.
თანამედროვე პროგრესის საამაყო ნიმუშებიც კი, როგორებიცაა: Apple, Amazon, Google, Facebook, Uber და Airbnb რენტიერიზმის ქსოვილითაა ნაქსოვი. პირველ რიგში, მათი არსებობა განპირობებულია მხოლოდ სახელმწიფო აღმოჩენებითა და გამოგონებებით, (iPhone-ის ფუნდამენტური ტექნოლოგიის თითოეული დეტალი დაწყებული ინტერნეტით, დასრულებული ელემენტით, დაწყებული სენსორული ეკრანით, დასრულებული ხმის ამომცნობით, აღმოჩენილ იქნა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მეცნიერების მიერ). და მეორე, იმიტომ, რომ ისინი ბოლომდე იბრძვიან იმისთვის, რათა თავი აარიდონ გადასახადებს, სწორედ ამ მიზნით ქირაობენ უთვალავ ბანკირს, ადვოკატს, ლობისტებს.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ კომპანიების უმეტესობა მზარდი გაფართოებისა და ღირებულების დადებითი უკუგების ციკლში „ბუნებრივი მონოპოლიების“ სახით ფუნქციონირებს, რომელთა პლატფორმებში უფრო და უფრო მეტ ადამიანს შეაქვს კონტრიბუცია უფასო კონტენტით. მსგავს კომპანიებთან კონკურენცია უაღრესად რთულია, რადგან გაფართოებასთან ერთად, კიდევ უფრო ძლიერდებიან.
მსგავსი ტიპის „საპლატფორმე კაპიტალიზმს“ განიხილავს ტომ გუდვინი თავის წერილში: „Uber-ი, მსოფლიოს ყველაზე დიდი ტაქსების კომპანია, საერთოდ არ ფლობს ავტომობილებს. Facebook-ი, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სოციალური მედია, არ ქმნის კონტენტს. Alibaba-ს, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ცალობით მოვაჭრეს, არ აქვს საკუთარი მარაგები და Airbnb-ი, მსოფლიოს ყველაზე ცნობილი საცხოვრებლების მიმწოდებელი, არ ფლობს საკუთარ უძრავ ქონებას.“
ისმის კითხვა: აბა, რას ფლობენ ეს კომპანიები? – პლატფორმას. პლატფორმას, რომლის გამოყენება სურს უფრო და უფრო მეტ ადამიანს. რატომ? პირველი და უმთავრესი მიზეზი ისაა, რომ ამ პლატფორმების გამოყენება არის მოდური და სახალისო – ამ გაგებით, ისინი სთავაზობენ მომხმარებელს, რაღაც ღირებულს. თუმცა, უმთავრესი მიზეზი, იმისა, თუ რატომ ვაძლევთ ჩვენი ნებითFacebook-ს უფასო ინფორმაციას ისაა, რომ იქ იმყოფება ყველა ჩვენი მეგობარი, იქ იმყოფებიან ჩვენი მეგობრების მეგობრები, ვინაიდან მათი მეგობრებიც Facebook-ზე არიან.
მარკ ცუკერბერგის ძირითადი შემოსავალი მილიონობით პოსტიდან მოგროვებული ქირაა, რომელსაც ყოველდღე უფასოდ გავცემთ. და, რაღა თქმა უნდა, ჩვენ ამ პროცესში ვერთობით. მაგრამ ამავე დროს ჩვენ სხვა გზა არც დაგვრჩენია, დღეს ხომ ყველა Facebook-ზეა. ცუკებერგს აქვს ვებგვერდი, სადაც სარეკლამო კომპანიები ცდილობენ აქტიურად ინტეგრირდნენ, ეს კი იაფი სულაც არ ჯდება. არ გაგასულელოთ ზამბიაში მოსიყვარულე პილოტებმა უფასო ინტერნეტით. დეტალურად რომ დაუკვირდეთ, ეს უბრალოდ სარეკლამო სააგენტოს სტრატეგიაა. ფაქტია, რომ მხოლოდ 2015 წელს შეერთებულ შტატებში Google-მა და Facebook-მა მთელი ონლაინ სარეკლამო შემოსავლების 64% ჩაიჯიბეს.
მაგრამ, ნუთუ არაფერ გამოსადეგს არ აკეთებს Google-ი და Facebook-ი? ცხადია, აკეთებს. თუმცა, ყველაზე დიდი ირონია ისაა, რომ მათი საუკეთესო ინოვაციები რენტიე ეკონომიკას უფრო და უფრო აფართოებს. მათი თანამშრომლები არიან პროგრამისტები, რომლებიც ქმნიან ახალ ალგორითმებს, იმისათვის, რათა ყველამ დავაკლიკოთ უფრო და უფრო მეტ რეკლამას. Uber-მა, ფაქტიურად, მთელი ტაქსის სექტორის უზურპაცია მოახდინა, ისევე როგორც Airbnb-მა სასტუმროს ინდუსტრია მსოფლიოს მასშტაბით გადაფარა, Amazon-მა კიწიგნებით მთლიან ვაჭრობას გადააჭარბა. ასეთი პლატფორმები ზრდასთან ერთად მეტ ძალაუფლებას იძენს, ეს კი ციფრული ფეოდალიზმის ლორდებს მეტი და მეტი რენტის მოთხოვნის საშუალებას აძლევს.
მოდით, კიდევ ერთხელ დავუკვირდეთ რენტიერის დეფინიციას: ის, ვინც თავის კონტროლს იყენებს, რაღაც, უკვე არსებულზე, საკუთარი სიმდიდრის გასაზრდელად. შუა საუკუნეების დროს ფეოდალი ლორდები შუა გზაზე შლაგბაუმებს დგამდნენ და ხალხს გავლის სანაცვლოდ ფულის გადახდას აიძულებდნენ. ფაქტობრივად, დღევანდელი ტექ-გიგანტებიც იგივეს აკეთებენ, უბრალოდ ფიზიკური გზის ნაცვლად, ციფრულ მაგისტრალზე ოპერირებენ. გადასახადების გადამხდელთა მიერ დაფინანსებული ტექნოლოგიების გამოყენებით, ისინი აგებენ შლაგბაუმებს შენსა და სხვების უფასო ინფორმაციას შორის და ამასთანავე, ფაქტიურად, გადასახადებსაც არ იხდიან.
ეს არის ეგრეთწოდებული ინოვაცია, რომელსაც სილიკონ ველის გურუები აღტაცებაში მოყავს: ზრდადი პლატფორმები თავიანთი ზრდადი კაპიტალით. და მაინც, რატომ ვიღებთ ამ ყველაფერს, რატომ არ გვაქვს პროტესტი ამის მიმართ? რატომ ვმუშაობთ მთელი მსოფლიოს მოსახლეობა ასე თავდაუზოგავად რენტიერების მხარდასაჭერად?
ვფიქრობ, ამაზე ორი პასუხია: პირველი, თანამედროვე რენტიერებმა იციან, თუ როგორ დარჩნენ საზოგადოების ყურადღების ცენტრს მიღმა. იყო დრო, როცა ყველამ იცოდა, ვინ იყო მუქთახორა, ეს იყო: მეფე, ეკლესია, არისტოკრატები, რომლებიც აკონტროლებდნენ მიწების უმრავლესობას და გლეხებს აუნაზღაურებელად შრომას აიძულებდნენ. მაგრამ დღევანდელ ეკონომიკაში, რენტიერიზმის მოქმედების პრინციპი გაცილებით კომპლექსურია. რამდენ ადამიანს შეუძლია ახსნას, რას ნიშნავს „კრედიტის დეფოლტის სვაპი” ან „კოლატერალური დავალიანების ობლიგაცია”? ან ყველასთვის საყვარელი Google Doodle-ის მიღმა მდგარი მოგების მოდელი? ნუთუ ადამიანები ვოლ სტრიტზე და სილიკონის ველზე დავარდნამდე არ მუშაობენ? ალბათ, რაღაც ისეთს აკეთებენ, რაც რეალურად გამოსადეგია, არა?
ან, იქნებ, არა! Goldman Sachs’-ის აღმასრულებელი დირექტორის ტიპიური სამუშაო დღე არის ძალიან შორს მეფე ლუი XIV-ს სამუშაო დღისგან, მაგრამ მათი შემოსავლების მოდელი არსებითად ახდენს უდიდესი შემოსავლების მობილიზებას. „მსოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი საინვესტიციო ბანკი“, წერს ჟურნალისტი მეთ ტაიბი Goldman Sachs’-ის შესახებ, „ჰუმანურობის სახით შენიღბული უდიდესი ვამპირია, რომელიც დაუნდობლად ტენის თავის სისხლიან ძაბრს ყველაფერში, რასაც ფულის სუნი ასდის.“
ვამპირებს რომ თავი გავანებოთ, საშუალო, მდიდარი მუქთახორა საკმაოდ წარმატებულად ახერხებს პატიოსან მშრომელად მოგვაჩვენოს თავი. ის დაუღალავად ცდილობს თავი წარმოადგინოს ახალი „სამუშაო ადგილების შემქმნელად“, „ინვესტორად“, რომელიც „გამოიმუშავებს“ თავის შემოსავალს თავისი „მაღალპროდუქტიულობით“. მრავალი ეკონომისტი, ჟურნალისტი თუ პოლიტიკოსი, მემარცხენე თუ მემარჯვენე ძალიან ბედნიერად ყლაპავს ამ ამბავს. ხშირად, ენა ნიღბავს ექსპლუატაციასა და უსამართლობას კრეატიულობისა და თავგანწირულობის სახელით.
თუმცა, მცდარი იქნება დავუშვათ, რომ ყოველივე ეს რაღაც გენიალური შეთქმულების ნაწილია. უამრავი თანამედროვე რენტიერი საკუთარ თავსაც არწმუნებენ, რომ ისინი არიან წმინდა ფასეულობის შემქმნელები. როცა Goldman Sachs’-ის ამჟამინდელ აღმასრულებელ დირექტორს, ლოიდ ბლანკფაინს ჰკითხეს, თუ რა იყო მისი სამსახურის მიზანი – საღვთო საქმეს ვაკეთებო – ასე უპასუხა. ალბათ, მეფე-მზე დაუდასტურებდა.
მეორე ფაქტორი, რაც განაპირობებს რენტიერის უსაფრთხოებას კიდევ უფრო მზაკვრული რამაა. ჩვენ ყველანი ვართ თვითმარქვია რენტიერები. მათ მილიონობით ადამიანი აქციეს თავიანთი საშემოსავლო მოდელის თანამონაწილედ. მთავარი კითხვა: რა არის ჩვენი ფინანსური სექტორის ორი უმთავრესი მეწველი ძროხა? პასუხი: საბინაო ბაზარი და პენსია. ორივე ისეთი სფეროა, სადაც ჩვენ ყველანი ვდებთ ინვესტიციას.
უკანასკნელ ათწლეულებში უფრო და უფრო მეტი ადამიანი იღებს ვალს, რომ იყიდოს სახლი, შესაბამისად, მათ ინტერესებში შედის, რომ სახლების ღირებულებამ ახალმწვერვალებს მიაღწიოს. იგივეა პენსიებზეც. ბოლო ათწლეულებში, ჩვენ ბოლომდე ავავსეთ ჩვენი საპენსიო ყულაბა. ამჟამად საპენსიო ფონდები იძულებულნი არიან ითანამშრომლონ უდიდეს ექსპლუატატორებთან, გადაუხადონ მათ საკმარისად დიდი თანხა, რათა ასიამოვნონ თავიანთი ინვესტორები.
ფაქტი ისაა, რომ მოხდა ფეოდალიზმის დემოკრატიზაცია. ჩვენ ყველანი მეტნაკლებად დამოკიდებულნი ვართ მოწყალებაზე. ჩვენ, უნებლიედ მოგვიწია, ამ ექსპლუატაციის თანამონაწილეები გავმხადიყავით, შედეგად მივიღეთ პოლიტიკური თანხმობა მდიდარ რენტის მაძებრებს, ბინათმფლობელებსა და პენსიონერებს შორის.
არასწორად არ გაიგოთ, ბინათმფლობელები და პენსიონერები საერთოდ ვერ სარგებლობენ ამ სიტუაციით. პირიქით, ბანკები სწოვენ იმაზე მეტს, ვიდრე თავად სარგებლობენ, მათი სახლებით და პენსიებით . მაინც, რთულია თითი გაიშვირო კლეპტომანიაკისკენ, როცა იცი, რომ შენი თითიც გასვრილია.
და მაინც, რატომ ხდება ეს ყველაფერი? პასუხი მარტივია – იმიტომ, რომ ეს შესაძლებელია.
რენტიერიზმი, თავისი არსით, ძალაუფლებრივი მდგომარეობაა. მიზეზი, რატომაც შეეძლო მეფე-მზე ლუი XIV-ს მილიონობით ადამიანის ექსპლუატაცია, იყო ის, რომ მას ჰყავდა უდიდესი არმია ევროპაში. თანამედროვე რენტიერების შემთხვევაშიც იგივეა. მათ ჰყავთ: ადვოკატები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები მათი უფლებების დასაცავად. ამიტომაა, რომ ბანკირები წარმოუდგენელი თაღლითობისთვის მხოლოდ ნამცეცის ოდენობით ჯარიმდებიან, მაშინ, როცა სოციალურ დახმარებაზე მყოფი დედა, თითქმის, სიცოცხლით აგებს პასუხს თუ არასწორ უჯრას მონიშნავს.
ყველაზე დიდი ტრაგედია ამ ამბავში ისაა, რომ რენტიე ეკონომიკა შთანთქავს საზოგადოების ყველაზე ჭკვიან და დიდი პოტენციალის მქონე ადამიანებს. იყო დრო, როცა აივის ლიგის კურსდამთავრებულები კარიერას ირჩევდნენ მეცნიერებაში, საზოგადოებრივ სამსახურში ან განათლებაში, ახლა კი თავიანთ მომავალს უფრო მეტად ბანკებს, იურიდიულ სფეროს, და ისეთ სააგენტოებს უკავშირებენ, როგორებიცაა Google-ი და Facebook-ი. რომ დაუკვირდე, ეს სრული სიგიჟეა. ჩვენ ვრიცხავთ მილიარდებს გადასახადებში, რათა დავეხმაროთ საუკეთესო გონების პატრონებს, რომ აცოცდნენ კორპორატიულ კიბეზე, ისწავლონ, როგორ უნდა გამოიმუშაონ დაუჯერებელი ოდენობის თანხები.
ერთი რამ უდავოა, ქვეყნები, სადაც რენტიერი ძალაუფლებას მოიპოვებს, საბოლოოდ ჩამოიშლება. დააკვირდით რომის იმპერიას, მე-15-ე საუკუნის ვენეციას, მე-18-ე საუკუნის ჰოლანდიის რესპუბლიკას. როგორც პარაზიტი აჩერებს ბავშვის ზრდა-განვითარებას, ასევე რენტიერი ამოშრეტს ქვეყნის სასიცოცხლო ენერგიებს.
რა ინოვაციაც არის რენტიე ეკონიმიკაში, იქვე რჩება ლიერებას ემსახურება. ეს ხსნის იმ ფაქტს, რატომაც 70-იანი წლების დიადი ოცნებები – მფრინავი მანქანები, კიბოს განკურნება და მარსის კოლონიზაცია, ჯერ კიდევ ვერ რეალიზდა და ეს მაშინ, როცა ბანკირებისა და სარეკლამო მაგნატების განკარგულებაში ათასჯერ მძლავრი ტექნოლოგიებია.
ცხადია, ეს ასე არ უნდა იყოს. შლაგბაუმების შესაძლებელია დაიშალოს, ფინანსური პროდუქტები აიკრძალოს, საგადასახადო ოაზისები გაუქმდეს, ლობისტები მოთვინიერდნენ და პატენტებზე უარი გაიცეს. უფრო მაღალი გადასახადები ულტრა მდიდარ ადამიანებზე რენტიერიზმს ნაკლებად მიმზიდველს გახდის, ზუსტად იმიტომ, რომ საზოგადოების უდიდესი მუქთახორები პირამიდის წვერში არიან მოქცეულნი. შემდეგ ჩვენ შეგვეძლება უფრო სამართლიანად გავანაწილოთ შემოსავლები მიწიდან, ნავთობიდან და ინოვაციებიდან, მაგალითად, უნივერსალური საბაზისო შემოსავლის სისტემით.
მაგრამ, ამ ტიპის რევოლუცია საჭიროებს სრულიად ახალ ნარატივს სიმდიდრის არსზე და წარმომავლობაზე. აუცილებელი გახდება თავიდან მოვიშოროთ ძველმოდური „სოლიდარობა“ ჩაგრული კლასის მიმართ, რომელიც იმსახურებს საზოგადოების მაღალანაზღაურებადი, ძლიერი ნაწილის მხრებზე იდგეს. ერთადერთი, რისი გაკეთებაც გვმართებს, რეალურად თავჩაუხრელად მომუშავე ადამიანებისთვის მათი კუთვნილის მიცემაა.
და დიახ, აქ ჩვენ ვგულისხმობთ, მეეზოვეებს, სანიტრებს, დამლაგებლებს – სწორედ მათი მხრები გვზიდავს ჩვენ ყველას.