► ავტორი: თორნიკე ჩივაძე – ეკონომიკის მკვლევარი, European.ge-ს სარედაქციო საბჭოს წევრი და ერთ-ერთი რედაქტორი.
► სტატია მომზადებულია „საზოგადოებრივი კვლევის ცენტრის“ პროექტის: “საგადასახადო სისტემის ეკონომიკური ეფექტები და საქართველოს ინკლუზიური განვითარების შესაძლებლობები” ფარგლებში.
Copyright ©European.ge
ცოტა ხნის წინ საქართველოში ყველაზე მდიდარმა ადამიანმა განაცხადა, რომ ღარიბები ნაკლებად თვით კრიტიკულები არიან საკუთარი მდგომარეობისადმი და თავიანთ პრობლემაში ხშირად სხვებს ადანაშაულებენ. ეს უკანასკნელი, რომ მართლაც ასე იყოს ნამდვილად სხვა პოლიტიკური რეალობას მივიღებდით, თუმცა აქ ამაზე არ შევჩერდები. საქმე იმაშია, რომ ამ მოსაზრებას დიდი მნიშვნელობა არ ექნებოდა თუ ვინმეს პირად აზრად დარჩებოდა. პრომლება ისაა, რომ ეს მიდგომა პოლიტიკურად ინსტიტუციონალიზებულია. ანალოგიურ აზრს გამოთქვამდა რკინასავით შეუვალი ნეოლიბერალი, მარგარეტ ტეტჩერიც :
„სიღარიბე შესაძლოა იმიტომ არსებობდეს, რომ ხალხმა არ იცის ბიუჯეტის დაგეგმვა,…ან ყველაზე ფუნდამენტური, ის შეიძლება ადამიანის პიროვნული დეფექტიდან გამომდინარეობდეს“.
თანამედროვე ეკონომიკაში, რომელიც უფრო და უფრო დამოუკიდებელია მოსავლიანობის ციკლებისგან და უფრო და უფრო დამოკიდებული დიდ საბაზრო აქტორებზე და კაპიტალისტური ეკონომიკის ობიექტურ ტენდენციებზე, ამის მტკიცება სასაცილოა. ამის შესახებ მსოფლიომ ყველაზე დიდი გაკვეთილი (რასაც ეკონომიკური ციკლების პერიოდული განმეორება მუდმივად ახსენებს) 1929 წლის დიდი დეპრესიისგან მიიღო. მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ არც ბუნებრივი კატასტროფები ხდებოდა, არც ქარხნები და მანქანა დანადგარები ინგრეოდა, სამუშაო ძალაც მზად იყო ემუშავა, მაგრამ მაინც ყველაფერი გაჩერებული იდგა და ყველა ღარიბდებოდა.
ამ მხრივ საინტერესია გავიხსენოთ რაიტ მილზი და მისი კლასიკურ ნაშრომი, „სოციოლოგიური წარმოსახვები“, სადაც ავტორი განასხვავებს დაბრკოლებებსა და საკითხებს. მილზისთვის დაბრკოლებები ინდივიდუალურ ფარგლებში განხილვადი ფენომენია, ხოლო საკითხი ეხება ისეთ მოვლენებს, რომელიც ყოველივე ინდივიდუალურს აღემატება:
„როდესაც ქალაქში 100,000 ათასი ადამიანიდან მხოლოდ ერთია უმუშევარი, ეს პერსონალური პრობლემაა და მის დასახმარებლად ჩვენ კარგად უნდა დავაკავირდეთ ადამიანის ხასიათს, უნარებს, უშუალო შესაძლებლობებს და გამოწვევბს. მაგრამ, როდესაც 50 მილიონიანი დასაქმების მქონე ქვეყანაში 15 მილიონი უმუშევარია, ეს პრობლემაა და არ უნდა ვიქონიოთ იმედი რომ ახსნას რომელიმე ადამიანის ინდივიდუალურ შესაძლებლობებში ვიპოვნით. აქ თავად შესაძლებლობების სტრუქტურა განიცდის კოლაფსს. პრობლემის სწორად დაყენება და შესაძლო გადაწყვეტილებების ფართო სპექტრი მოითხოვს საზოგადოების ეკონომიკური და პოლიტიკური ინსტიტუტების და არა უბრალოდ პიროვნული სიტუაციის, პიროვნულ მდგომარეობის თუ ხასიათის განხილვას” – რაიტ მილზი, სოციოლოგიური წარმოსახვა 1959 წ.
ანუ, როდესაც მასიურ სოციალურ მოვლენებზე უნდა ვითვალისწინებდეთ მრავალ ისეთ ფაქტორს, რომელსაც ჩვენ ვერ შემოვსაზღვრავთ ინდივიდუალური სივრცით. ანალიზი უნდა იწყებოდეს ისტორიიდან, საზოგადოების კლასობრივი, ინსტიტუციური და ეკონომიკური სტრუქტურიდან და ა.შ.)
როდესაც ვსაუბრობთ თანამედროვე ეკონომიკაზე შეუძლებელია სერიოზულად მივიღოთ პიროვნულ თვისებებზე დაფუძნებული არგუმენტები უთანასწორობის, უმუშევრობის და სიღარიბის შესახებ, თუმცა ამასათანავე არ უნდა ვიყოთ გულუბრყვილოები და ვიფიქროთ, რომ ზემოთ თქმული არგუმენტები სიღარიბეზე უბრალოდ „უცოდინრობის“ შედეგია. მას გააჩნია პოლიტიკური მიზანი. ამით
- პოლიტიკური ელიტა იხსნის პასუხისმგებლობას და ახალისებს უპასუხისმგებლო სახელწმიფოს ფორმირებას. მაგ: დასაქმება არ არის პოლიტიკური საკითხი და ის ინდივიდუალური ან სამოქალაქო საზოგადოების (ბიზნესის) საკითხია, თუმცა სახელმწიფო რეაქციული პატერნალიზმის გამო მოქალაქეებს უზრუნველყოფს მინიმალური სოციალური დაცვით.
- ეკონომიკური ელიტა ამ იდეით ცდილობს საკუთარი გამდიდრების ინდივიდუალურ წარმატებად გასაღებას. შესაბამისად ის უარს აცხადებს საზოგადოებრივი წვლილის აღიარებაზე და რესურსების განაწილებაზე, მაგ: გადასახადების დამალვა და დაბალი გადასახადების ლობირება.
ეს იდეები არ არის უბრალო მოსაზრებები, ეს არის ჰეგემონიის გამოვლინება განფენილია საზოგადოებრივ ცნობიერებაში. მაგალითად ამერიკელების 70% თვლის, რომ სიღარიბე ინდივიდუალური პასუხისმგებლბობაა და მათ თავად შეუძლიათ პრობლემის გადაწყვეტა. შედარებით ეგალიტარულ დასავლეთ ევროპაში ამ შეხედულებას 40%-ი იზიარებს, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში, რომლის დიდ ნაწილსაც პოსტ საბჭოური ქვეყნები შეადგენს და სადაც ჩვენც მოვიაზრებით, მაჩვენებელი 24% ამდეა[2].
რა უნდა იყოს გაბატონებული კლასისთვის იმ იდეაზე უფრო სასარგებლო, რომ სიღარიბე პიროვნული ნაკლია, ხოლო სიმდიდრე პიროვნული ღირსება?
სიღარიბე კლავს მომავალს, ანუ რატომ ვერ იქნება სიღარიბიდან გამოსვლა ინდივიდების პასუხისმგებლობა[3].
მოდით თავი დავანებოთ საზოგადეობრივ განზომილებას და ვკონცენტრირდეთ ინდივიდზე.
ყველასთვის კარგად ცნობილი ჯორჯ ორუელი საკუთარი გამოცდილებიდან საუბრობდა სიღარიბეზე და ამბობდა, რომ სიღარიბის რამდენიმე ეტაპის გავლის შემდგომ „ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენას აკეთებ – სიღარიბე აქრობს მომავალს. რაღაც მომენტის მერე რაც უფრო ცოტა ფული გაქვს მით უფრო ცოტას ნერვიულობ“ თავი 3, Down and Out in Paris and London 1933)
იმისთვის, რომ კარგად გავიგოთ, რა იგულისხმება ამ „მომავლის გაქრობაში“, მოვიყვანოთ მაგალითი ჩვენი რეალობიდან. თუ მივიღებთ დაშვებას, რომ სკოლის შემდგომი განათლება გრძელვადიან პერსპექტივაში სიღარიბიდან თავის დაღწევისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან (თუმცა არა აუცილებელ) პირობას წარმოადგენს, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ღარიბების დიდი ნაწილი მოწოდებული უნდა იყოს განათლების მიღებისაკენ, ანუ რაციონალურია მათ იზრუნონ განათლებაზე რათა თავი დააღწიონ სიღარიბეს. განათლებაზე უარის თქმა გრძელვადიან პერსპექტივაში ამ მატერიალური მდგომარეობიდან გაუმჯობესებისთვის ნეგატიურ ფაქტორად მივიჩნიოთ.
გრაფიკზე ვხედავთ, რომ საქართველოში ყველაზე ღარიბ 20%-ში შემავალი ახალგაზრდების მხოლოდ 5% იღებს რაიმე სახის განათლებას სკოლის შემდგომ ასაკში. სავარაუდოა, რომ უფასო განათლების შემთხვევაშიც მათი დიდი ნაწილი სკოლის შემდეგ სხვადასხვა ფაქტორის გამო სწავლას შეწყვეტს. ჩნდება კითხვა, რომ არ იღებენ ღარიბები ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც მათსავე სამომავლო ინტერესშია?
ეკონომისტები მანილი, მულაინათი და ფსიქოლოგები შაფირი და ჟიაო ერთობლივ კვლევაში “სიღარიბე ასუსტებს კოგნიტურ ფუნქციას“ ამტკიცებენ, რომ ღარიბები უფრო ხშირად ცუდ გადაწყვეტილებებს იღებენ, რაც სიღარიბის კვლავწარმოებას უწყობს ხელს. მათი ჰიპოთეზა ისაა, რომ სიღარიბე პირდაპირ მოქმედებს კოგნიტურ ფუნქციებზე. ფინანსური დავალების შესრულების ექსპერიმენტში, მაგალითად მანქანის შეკეთებისას, დაბალი შემოსავლის მქონეთა კოგნიტური მუშაობა სუსტია, როდესაც ისინი იგებენ, რომ ხარჯები მაღალია, თუმცა კარგია, როდესაც ხარჯები დაბალია. მაღალ შემოსავლიანი ადამიანებს კი ორივე შემთხვევაში კარგი კოგნიტური მაჩვენებლებით გამოირჩევიან, რადგან ფინანსური წნეხი მათზე კოგნიტურ ზეწოლას არ ქმნიდა.
მეორე ექსპერიმენტში იკვლიეს ფერმერების კოგნიტური შესაძლებლობები მოსავლის ციკლში. შედეგად დადგინდა, რომ იგივე ფერმერების კოგნიტური ფუნქციები მცირდებოდა მოსავლის ციკლის იმ პერიოდში, როდესაც ფერმერები შედარებით ღარიბები იყვნენ, ხოლო იზრდებოდა შედარებითი სიმდიდრისას. ეს იხსნება იმით, რომ სიღარიბესთან დაკავშირებული პრობლემები მოიხმარს იმ გონებრივ რესურსებს, რომლებიც საჭიროა სხვა საკითხების გადაწყვეტისთვის.
რატომ ვერ ახერხებენ ღარიბები „კრიტიკულ თვით რეფლექსიას“ და გამდიდრებას? პასუხი არც მათ პიროვნულ თვისებებშია და არც განათლების დონეში. განათლებული ადამიანი სიღარიბეში ზუსტად ისევე მოიქცევა, როგორც გაუნათლებელი. ეს ჩვენ კარგად ვნახეთ საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, როდესაც მეტად განათლებული, მაგრამ უცებ გაღარიბებული მასები ისეთ გადაწყვეტილებებს იღებდნენ, რომლებიც მათ სიღარიბეს მომავალში უფრო და უფრო აღრმავებდა.
სიღარიბე, როგორც მდგომარეობა, განსაზღვრავს ინდივიდის გადაწყვეტილებების ხასიათს. ინდივიდი არაა „სრულყოფილად რაციონალური“ და მის ფსიქიკაზე და მოქმედებაზე მოქმედებს გარემოებები, რომელთა ცვლილებაც და მასზე გავლენის მოხდენა მას ცალკე არ შეუძლია.
სიღარიბე შეუძლებელს ხდის გრძელვადიან დაგეგმვას და მომავლის ანგარიშს.
სიღარიბე აქრობს მომავალს – აი ამის თქმა სურდა ორუელს.
რაც სიღარიბედ ჩანს უთანასწორობაა
მმართველი კლასი ხშირად საუბრობს სიღარიბეზე, როგორც უპირველეს გამოწვევაზე, თუმცა საკმაოდ იშვიათად გავიგონებთ საუბარს უთანასწორობაზე. ამის მიზეზი მარტივია, სიღარიბის ცნება მარტივად ექვემდებარება დეპოლიტიზაციას. ის განიხილება, როგორც ბუნებრივი მოცემულობა, რომელიც რესურსების ობიექტურ დეფიციტთანაა დაკავშირებული. შესაბამისად ამ შეხედულებით სიღარიბე არც არავის ბრალი არაა. სიღარიბეს ყველა მორალისტი და ქველმოქმედი “ებრძვის”. სიღარიბისგან განსხვავებით, უთანასწორობა თავის თავში მოიაზრებს სიღარიბეს, თუმცა პირველ რიგში აუცილებლად ამა თუ იმ ტიპის უსამართლობას და ჩაგვრას. უთანასწორობას ყავს მოსარგებლე. ეკონომიკური უთანასწორობა, გრძელდება სიღარიბის (სხვადასხვა სტატისტიკური მაჩვენებლის) აღმოფხვრის შემდეგაც და შეიძლება უმწვავესი ფორმებიც მიიღოს. ამიტომ, უთანასწორობას ყავს ობიექტი, სუბიექტი და დამნაშავე. უთანასწორობა ძალაუფლებრივ ურთეირთობებს და პოლიტიკურ ბრძოლას აერთიანებს ამიტომ, ყოველთვის და ყველა კლასობრივ საზოგადოებაში ელიტები აწარმოებდნენ სხვადასხვა სულელურ, მაგრამ ძლიერ იდეოლოგიას, საკუთარი პრივილეგიების ლეგიტიმაციისთვის. ჩვენს საზოგადეობაში და მთელს მსოფლიოში დგას არა სიღარიბის, არამედ არათანაბარი განვითარების, საკუთრების და საინვესტიციო კაპიტალის კონცენტრაციის, ქვეყანათაშორისო და საშინაო უთანასწორობის საკითხი, რაც საერთაშორისო თუ ადგილობრივი ელიტების პრივილეგიების საფუძველი და ინტერესების გამომხატველია.
(სტატიის მომდევნო ორი ნაწილი გამოქვეყნდება მომდევნო ორ კვირაში, სადაც ფართოდ განვიხილავთ უთანაბრობის და სიღარიბის პირობებს ქართულ კონტექსტში)
[1] „The German Ideology -Ruling Class and Ruling Ideas“ Marx-Engels Collected Works, Volume 5.
[2] Bussolo, Maurizio, María E. Dávalos, Vito Peragine, and Ramya Sundaram. 2018. “Toward a New Social Contract: Taking On Distributional Tensions in Europe and Central Asia.” Overview booklet. World Bank, Washington, DC. License: Creative Commons Attribution CC BY 3.0 IGO.
[3] ეს თავი წარმოადგენს რუტგენ ბრეგმანის მოხსენების „გადმოწერას“ იხ: https://www.ted.com/talks/rutger_bregman_poverty_isn_t_a_lack_of_character_it_s_a_lack_of_cash/transcript?language=en&fbclid=IwAR19Hfo9_QGbnI6r-C4hJTLeMY6Dhm3lVOsFkspQgj4eI5dQYJ_dqevs18c