სიღარიბე და საშემოსავლო უთანასწორობა მთავარი ეროვნული საკითხებია

05-1-e1394217856480

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული მოსახლეობის განწყობის კვლევის მიხედვით, სამუშაო ადგილები, ფასების ზრდა  და სიღარიბე ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხებია საზოგადოებისათვის. კვლევა 2,298 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს მთელი საქართველოს მასშტაბით.

კითხვაზე, თუ რომელი ეროვნული საკითხებია გამოკითხულთათვის და მათი ოჯახებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი, კვლევის რესპოდენტთა უმეტესობამ 54 %-მა, უპასუხა, რომ ეს სამუშაო ადგილებია. 35% – მა ფასების ზრდა და ინფლაცია დაასახელა, 30%-მა კი სიღარიბე. ამ პასუხებს 25%-ით მოყვება პენსიები, ხოლო 23%-ით ხელმისაწვდომი ჯანდაცვა – მხოლოდ ამის შემდგომ მოდის ტერიტორიული მთლიანობა, 23%-ით.
111

აღსანიშნავია, რომ ამავე კვლევის წინა შედეგებშიც,  მოსახლეობისათვის მთავარი საკითხები სწორედ სოციალური საკითხებია, თუმცა მედიისა და პოლიტიკური დღის წესრიგისათვის, აღნიშნული თემები, კვლავ არ წარმოადგენს მთავარ თემებს და საინფორმაციო არხები სულ სხვა “ეროვნული პრობლემებითაა” მანიპულირებული, რომლებიც საბოლოო ჯამში, ისევ მხოლოდ რეალური ვითარების გადაფარვას თუ ემსახურება.

მოყვანილი მონაცემები კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზეც, რომ საქართველოში სოციალური მდგომარეობა არ იცვლება, მიუხედავად ეკონომიკური ზრდისა, რადგან ჯერ კიდევ არ არსებობს გადანაწილებისა და ეფექტური სოციალური პოლიტიკის საყოველთაო, ძლიერი მექანიზმები, უკვე არსებული მექანიზმები კი, მაგალითად, როგორიცაა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა, სისტემატიური დასუსტების პროცესშია  ქვეყნის მიერ არჩეული ეკონომიკური პოლიტიკის გამო, რომელიც არ არის შინაარსობრივად და პრაქტიკულად ორიენტირებული სოციალურ კეთილდღეობაზე.

კვლევაში ასევე გვხვდება მონაცემები დანახარჯებისა და შემოსავლების შესახებ, რომელიც კატასტროფულ ვითარებაზე მიგვითითებს საშემოსავლო უთანასწორობისა და დამაკმაყოფილებელი ცხოვრების დონის არარსებობის კუთხით: გამოკითხულთა უმეტესობისათვის – 21%-ისათვის, მთლიანად, ოჯახის შემოსავალი, გასულ თვეს 301 დან 500 ლარამდე შეადგენს, ასეთივეა მთლიანად ოჯახის დანახარჯიც – გამოკითხულთა უმრავლესობისათვის,  22%-ისათვის. მეორე ადგილზე კი,  17 %-ით, 181 ლარიდან  -300 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებია. საკმაოდ მაღალია 181 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახთა რაოდენობაც – გამოკითხულთა 11%; რაც შეეხება 1201 – 1600 ლარამდე შემოსავალს, ის გამოკითხულთა მხოლოდ 4 %-ს აქვს.

საინტერესოა ის სხვაობაც, რომელიც პირველი ორი ჯგუფის შემოსავლებსა და დანახარჯებს შორისაა – დანახარჯები 1%-ით უსწრებს შემოსავლებს, რაც სესხებითა და კრედიტებით აიხსნება.

Untitled_5a5db85720b3d
შეგახსენებთ, რომ სიღარიბის ოფიციალურად დადგენილი ზღვარის მიხედვით გამოანგარიშებული უკანასკნელი მონაცემებით, სიღარიბის დონე ქვეყანაში 23 %-ია, რაც მოსახლეობის თითქმის ერთ მეხუთედს შეადგენს.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ