შრომა, შრომის საზოგადოება და სოციალური სახელმწიფო

EEO_9094გთავაზობთ  ვრცელ ინტერვიუს პროფესორ კლაუს ოფესთან, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის დაკვეთით ჩვენმა ავტორმა, მაია რაზმაძემ მოამზადა. ტექსტის შეკვეცილი ნაწილი  თავდაპირველად გამოქვეყნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ელექტრონულ ჟურნალში. European-ი სრულად გთავაზობთ ამ ძალიან საინტერესო და საქართველოს კონტექსტისათვის უმნიშვნელოვანეს ინტერვიუს. 

პროფესორი კლაუს ოფე არის ბერლინის Hertie School of Governance-ის ემერიტუს პროფესორი პოლიტიკურ სოციოლოგიაში. სხვადასხვა დროს, იგი იყო ბილეფელდის, ბრემენისა და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტების პროფესორი პოლიტიკური მეცნიერებისა და პოლიტიკური სოციოლოგიის მიმართულებით. გადრა ამისა, კლაუს ოფე მოღვაწეობდა სტენფორდის, ჰარვარდის, კალიფორნია ბერკლისა და ავსტრალიის ნაციონალურ უნივერსიტეტებში, ასევე ნიუ-იორკის სოციალური კვლევების ახალ სკოლაში. პროფ. ოფეს კვლევის სფეროებს წარმოადგენს კაპიტალისტური სახელმწიფოს სტრუქტურული პრობლემები; შრომა, სამუშაო და დასაქმება ინდუსტრიულ საზოგადოებაში, კეთილდღეობისა და სოციალური სახელმწიფო, პოლიტიკური ინსტიტუტების ქმედითუნარინობა და ა.შ. იგი ავტორია მრავალი ისეთი მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური სოციოლოგიური ნაშრომისა, როგორებიც არის “კაპიტალისტური სახელმწიფოს სტუქტურული პრობლემები (1972)”, “შრომის საზოგადოება, სტრუქტურული პრობლემები და მომავლის პესპექტივები (1984)”, “კეთილდღეობის სახელმწიფოს წინააღმდეგობანი (Offe & Keane, 1984), “დემოკრატიის გამოწვევები. პოლიტიკური ინსტიტუტების ინტეგრაციის და შედეგების მიღწევის უნარიანობა” (2003). პროფესორ ოფეს ფრანკფურტის სკოლას მიაკუთნებენ, ის გახლდათ იურგენ ჰაბერმასის მოსწავლე და შემდგომში მისი კოლეგა.

maya1
თეკლა ასლანიშვილის ფოტო


დოქტორი მაია რაზმაძე
სოციალური მეცნიერია. მისი კვლევის სფეროს წარმოადგენს პოლიტიკური სუბიექტურობა სოციო-კულტურულ რესურსებთან კავშირში, შრომისა და საცხოვრისის პოლიტიკა, პოსტსოციალისტური ტრანსფორმაცია, კულტურული მეხსიერება და მეხსიერების თეორია, ბიოგრაფიული და ცხოვრების ისტორიის კვლევები, ასევე პოლიტიკური განათლება და სასკოლო სახელმძღვანელოები.

ბერლინი, 20 ივნისი

© European.ge

შრომა და შრომის საზოგადოება, სოციალური სახელმწიფო და დემოკრატია: გავლენები აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოზე

მ.რ: თუ შეიძლება, “შრომისა” და “შრომის საზოგადოების” მნიშვნელობის განსაზღვრებით დავიწყოთ. “შრომის” ერთ ერთი პირველი განმარტება ფილოსოფოს ჰანა არენდტს ეკუთვნის. არენდტის მიხედვით, მე-17 საუკუნეში, ახალი ეპოქა იმით დაიწყო, რომ შრომამ, როგორც ადამიანების მიერ შესრულებულმა საქმიანობამ, დაფასება და ღირებულება შეიძინა. გასულ საუკუნეში კი საზოგადოება გარდაიქმნა შრომისა და მშრომელთა საზოგადოებად, ხოლო თვით შრომის მნიშვნელობა მარტოოდენ “სამუშაოს” ნიშნულამდე შეიკვეცა. ადამიანი სამუშაოზე  დამოკიდებული გახდა და მოხდა სამუშაოს, როგორც სოციალური ფენომენის აბსოლუტიზაცია. როგორია შრომის ბუნება დღეს?

კ.ო: დიახ, სამუშაოსთან დაკავშირებით მინდა განვმარტო, რომ ხელშეკრულებაზე დაფუძნებული შრომითი ურთიერთობა ნიშნავს ფორმალურ და თავისუფალ ურთიერთობას, რაც მას განასხვავებს ე.წ. ფეოდალური ურთიერთობის ფორმისაგან, სადაც ინდივიდის სოციალური ბედი უკვე დაბადებიდანვეა განსაზღვრული და შესაბამისად, იგი თავისუფალი არ არის. თუმცა, ხელშეკრულების დადების ფორმალური თავისუფლება ნიშნავს ასევე იმასაც, რომ სუსტ მხარეს არა აქვს შესაბამისი ძალა და საშუალება, უარი თქვას შრომითი ხელშეკრულების დადებაზე. ტექნიკური თვალსაზრისით, ხელშეკრულება ნიშნავს ნებაყოფლობით ურთიერთშეთანხმებას, ისეთს როგორიცაა მაგალითად ქირავნობის, ან შესყიდვის ხელშეკრულება. თუ ეს ნებაყოფლობითი შეთანხმება აღარ არსებობს, მაშინ ხელშეკრულებაც წყდება და უქმდება. თუ ამას ჩვენ მაკრო დონეზე გადავიტანთ, დავინახავთ, რომ უმუშევრობა შეიძლება იყოს დაუდებელი, ან გაუქმებული ხელშეკრულებების შედეგი. რაც მე მაინტერესებს და რაც მარქსთანაც ნათლად არის ხაზგასმული, არის ის ფაქტი, რომ ფორმალურად თავისუფალი შრომითი ხელშეკრულება, სინამდვილეში ეფუძნება ძალაუფლებრივ ურთიერთობას. ძალაუფლებრივი ურთიერთობა კი ისეთი ურთიერთობაა, სადაც ერთი მხარე მეორეზე უფრო მეტადაა დამოკიდებული, ვიდრე მეორე პირველზე. ამიტომაც, ე.წ. ხელშეკრულების დადების ფორმალური თავისუფლების მიღმა, სინამდვილეში ასიმეტრიული დამოკიდებულებითი ურთიერთობა არსებობს.

შრომითი ხელშეკრულების განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ორმაგი საკუთრებისგან შედგება. სამუშაო ძალის მყიდველს შეუძლიადა უფლება აქვს, სარგებელი მიიღოს დაქირავებული შრომისგან. მეორეს მხრივ, სამუშაო ძალა თვით მშრომელს ეკუთვნის, რომელმაც დაქირავების შემთხვევაში თავისი ინტელექტუალური თუ ფიზიკური შესაძლებლობები დამქირავებლის ნებისა და მიცემული დავალების შესატყვისად უნდა დახარჯოს. დაქირავებულმა მშრომელმა არა მარტო უნდა იმუშაოს, არამედ მას შრომის სურვილიც უნდა გააჩნდეს. თუკი ის ამას არ შეასრულებს, მაშინ მას უწესდება სანქციები. ეს ნიშნავს, რომ შრომით ორგანიზაციაში, დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის შიდა ძალაუფლებრივი სტრუქტურა არსებობს, რაც მოიცავს დავალდებულების უფლებას, გერმანულად რომ ვთქვათ “ბრძანების” უფლებას. ორმაგ ძალაფლებრივ ურთიერთობაზე სწორედ იმიტომ ვსაუბრობ, რომ დამქირავებელს ჯერ უფროსი უსაზღვრავს იმას, თუ რა უნდა გააკეთოს, ხოლო მეორეს მხრივ, ის თუ რა უნდა გაკეთდეს, ამას უფროსი საზღვრავს საწარმოში/ორგანიზაციაში შემოსული შეკვეთების მიხედვით. გარდა ამისა, დაქირავებულის შრომა შეიძლება ჩანაცვლებულ იქნას ახალი ტექნიკური გარდაქმნით, ან ახალი სამუშაო ენის შემოტანით. თვით დაქირავებულს კი არ აქვს იმის საშუალება საკუთარი შრომა ახალი ტექნიკური გარდაქმნით ჩაანაცვლოს.

პოლიტიკური სიტუაცია კი შემდეგია: როგორც დამქირავებელი, ისე დაქირავებული (ამ შემთხვევაში, პროფკავშირი – რომელიც დასაქმებულთა მოთხოვნებს კოლექტიურად წარმოადგენს), ცდილობს ამ ზემოთ აღწერილი ძალაუფლებრივი სიტუაციის გაწონასწორებას. პროფკავშირები ცდილობენ სუსტი მხარის არათანაბარი შესაძლებლობების აამაღლონ და სიტუაცია შეცვალონ. სწორედ ამიტომ, მთელი ეს სიტუაცია მოიცავს გაწევ-გამოწევას, ბრძოლას, არსებული რესურსების აქეთ-იქით გადაქაჩვა-გამოქაჩვას კოლექტიური მოქმედების გამოყენებით და აგრეთვე, სამართლიანობასა და ადამიანობაზე აპელირებით. კლასობრივი კონფლიქტის დინამიკა სწორედ ასე ხდება გასაგები და ხელშესახები. თქვენს შეკითხვასაც შესაძლოა ასე ეპასუხოს. ეს არა მარტო მარქსთან, ასევე მაქს ვებერთანაც, მისი ე.წ. “პროფესიული ადამიანების” (“Berufsmenschen”) ცნების სახით თვალსაჩინოდაა ახსნილი: თუ რა სოციალური ხასიათი და სოციალიზაციის რა ეფექტები უკავშირდება “პროფესიულ ადამიანებს.” “პროფესიულმა ადამიანებმა” შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულებები პირნათლად უნდა შეასრულონ. ამგვარ, დაქირავებულ შრომით პირობებში კი, როგორც ვებერი ცნება “ფელახიზაციით” (“Fellachisierung”) მიუთითებდა, სულიერების სრული დაქვეითება ვითარდება, რაც გამოიხატება დაკისრებული სამუშაო დავალებების მხოლოდ რუტინულად შესრულებით, ყოველგვარი საზრისის გარეშე და სულიერებისაგან დაცლით. ეს სიტუაცია ადამ სმიტის ქინძისთავის მაგალითსაც გვაგონებს “პროფესიულ ადამიანებს,” გარდა ავტომატური ფუნქციონირებისა სხვა ალტერნატივა არ გააჩნიათ, რასაც საბოლოოდ მივყავართ იქამდე, რომ საკუთარი შრომის საზრისი იკარგება და სულიერი დაქვეითება მძაფრდება.

მ.რ. თქვენ ახლა აღწერეთ დაქირავებული შრომის პირობებში შრომის საზრისისაგან დაცლის პრობლემატიკა. მიუხედავად ამ დრამატული სურათისა, სამუშაო, ანუ ანაზღაურების მიღებაზე ორიენტირებული, დაქირავებული შრომა, დღეს მაინც საზოგადოების უმთავრესი განმსაზღვრელი ელემენტია. მაშინ როგორ შეგვიძლია ავხსნათ დაქირავებული შრომისა და სამუშაოს ამგვარი უწყვეტი დომინირება ხანგრძლივი დროის მანძილზე?

კ. ო. დიახ, მართალია. სამუშაო რასაკვირველია დისციპლინირების წყაროა, არა?! ამ ურთიერთობიდან, მოგებულები, ისევე როგორც ყველა სხვა სახის მოგებულები, რასაკვირველია დაინტერესებული არიან იმით, რომ ამგვარი შრომითი ურთიერთობა შენარჩუნებული იქნას. მეტიც, ისინი დაინტერესებულნი არიან, ის ერთადერთ ბუნებრივ მდგომარეობად გამოცხადდეს და დამკვიდრდეს. განვითარებულ კაპიტალიზმში,სადაც ეს ყველაფერი ხდება, ვინც არ მუშაობს, არ ასრულებს სამუშაოს და არაა ჩაბმული სამუშაო ფერხულში, ითვლება ნაკლებად ღირებულად, ის ნაკლებად ფასობს და ეს პირდაპირი გაგებითაც ასეა. ვისაც არა აქვს სამუშაო, მას არც საშუალებაა გააჩნია საზოგადოებრივ წარმოებაში თანასწორი მონაწილეობა მიიღოს, ის სხვაზე დამოკიდებული ხდება. მაგ. დიასახლისი მეუღლეზე ან ოჯახის სხვა წევრებზე, და ცდილობს ეს დამოკიდებულება გადალახოს სამუშაოს შოვნითა და ანაზღაურებად შრომით ურთიერთობაში ჩაბმით. ისეთი შრომა კი, როგორიცაა, მაგალითად საოჯახო საქმე, ბავშვებთან მუშაობა, ყველა სხვა სახის შრომა, რასაც შედეგად არ მოსდევს შემოსავლის მიღება, არ ითვლება და არ ფასობს ისევე ღირებულად, როგორც ანაზღურებადი სამუშაო. ამას ძალიან დიდი ისტორია აქვს. ანაზღაურებადი სამუშაოს ამგვარი მობილიზება და გაფეტიშება ჩვენი საზოგადების განმსაზღვრელი კულტურული მახასიათებელია.

ანაზღაურებად სამუშაოს ამგვარი აბსოლუტიზირება გამართლებული და სწორი იქნებოდა, თუ ყველას ყოველთვის ექნებოდა შესაძლებლობა, რომ მოენახა სამუშაო ადგილი და დაეწყო მუშაობა, და გამხდარიყო დაქირავებული მუშაკი. თუმცა, ასეთი რამ სინამდვილეში არ ხდება სხვადასხვა ფაქტორების გამო. ეკონომიკის კონიუნქტურული ფაქტორები და ხანგრძლივად განვითარებული ტენდენციები უფრო და უფრო გაურკვეველს ხდიან იმ ფაქტს, შეძლებს თუ არა ყველა ადამიანი ანაზღაურებადი სამუშაო ადგილის მონახვას. ამას ბევრი ახსნა არც სჭირდება. სამუშაოს შოვნა დამოკიდებულია სხვადასხვა გარემოებებზე, რომელზეც კონტროლი სამუშაოს მაძიებელს არ აქვს. მაშინაც კი, როდესაც პოტენციური მუშაკი ყველაფერს ცდილობს სამუშაოს საშოვნელად, ცდილობს აიმაღლოს საკუთარი კვალიფიკაცია, რათა უფრო მოთხოვნადი გახდეს სამუშაო ბაზარზე მომავალი დამქირავებლისათვის, იგივეს აკეთებს ყველა სხვა მომავალი სამუშაოს მაძიებელიც. ამიტომაც აქ ეს ანდაზა მოქმედებს, რომელსაც ხშირად ციტირებენ: “თუ ყველა ცერებზე შედგება, ვერავინ დაინახავს უკეთესად.”

რაც შეეხება კონკურენციას, ერთდროულად არსებობს სამი სახის კონკურენტული ურთიერთობა: პირველია კონკურენცია დაქირავებულ მუშაკთა შორის, რომელთაც უკეთესი კვალიფიკაციის დაუფლება სურთ (და კვალიფიკაციასთან მიმართებაში სიტუაციის გარკვეულწილად გამოსწორება შეიძლება კოლექტიური ტარიფების მიღებით); მეორეა კონკურენცია დამქირავებლებს შორის, რომლებიც საუკეთესო მუშაკების მოზიდვას ცდილობენ; და მესამეა კონკურენცია კაპიტალსა და სამუშაოს შორის, რაც ერთი მხარისათვის მოგება და უსაფრთხოებაა, ხოლო მეორე მხარისათვის – წაგება და მოგების შანსების დაკარგვა. ეს ურთიერთობა ყველაზე უკეთესად მაქს ვებერმა ახნა და გააანალიზა. ჩვენს დროში, კულტურულ თავისთავადობად იქცა შეხედულება, რომ სრულყოფილი, ფუნქციონირებადი ადამიანი მხოლოდ “პროფესიული ადამიანი” შეიძლება იყოს, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში, და სხვა ალტერნატივის გარეშე, რომელიმე განსაზღვრულ პროფესიას მისდევს. პროფესიას, რომელიც სამუშაო ხელშეკრულებების ფარგლებშია მოქცეული და ანაზღაურებას მოიაზრებს.

მ.რ: ანაზღაურებადი შრომის, სამუშაოს და “შრომის საზოგადოების” განხილვისას, საინტერესოა სოციალურ და კეთილდღეობის სახელმწიფოსაც შევეხოთ. ისტორიული პერსპექტივიდან, სწორედ სამუშაო და მასთან დაკავშირებული პრობლემატიკა გახდა სოციალური სახელმწიფოს წარმოშობისა და განვითარების ფუნდამენტი ევროპაში. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ, სახელმწიფო პოლიტიკები შრომითი ურთიერთობების რეგულაციისა და სტაბილიზაციისაკენ იყო მიმართული, დღესდღეობით, კი ასეთი სიტუაცია გვაქვს, რომ საბჭოთა სოციალისტური ფორმის სოციალური სახელმწიფო, როგორიც არ უნდა ყოფილიყო იგი, საბჭოთა კავშირის დანგრევასთან ერთად მოიშალა, ხოლო დასავლური, კაპიტალისტური სოციალური სახელმწიფო 70-იანი წლებიდან მოყოლებული შეიცვალა, ვინაიდან სამიზნე გახდა არაერთი ლიბერალური რეფორმისა. თუ შეიძლება გვითხარით, რა მდგომარეობაშია დღევანდელი გერმანული და ევროპული სოციალური სახელმწიფო და რამდენად შეუძლია მას საბაზრო წნეხისა და დესტრუქციული საბაზრო ეფექტების დაბალანსება?

კ.ო: სოციალურ და კეთილდღეობის სახელმწიფოს ერთი და იგივე მნიშვნელობით გამოვიყენებ ქვემოთ. სოციალური სახელმწიფო ეს არის სხვადასხვა ინსტიტუციებისგან შემდგარი, კომპლექსური სისტემა, რომლის სრულყოფილ მოცულობას არავინ იცნობს. ეს არის წარმოუდგენლად კომპლექსური, მუდმივად ცვალებადი ისტორიული მიღწევა, ისტორიული განვითარება. ხატოვნად შეიძლება ჩვენ ის შენობის სტრუქტურასაც შევადაროთ: დაბლა სარდაფში ისეთი პრემოდერნული დახმარებაა, როგორიცაა შემწეობა ღარიბთათვის, რომელიც უფრო საგნობრივი დახმარებით გამოიხატებოდა, ვიდრე ფულადი დახმარებით. სარდაფშია ასევე სამუშაოს დაცვის პირველადი რეგულაციები, რომელთა მიღებაც საკანონმდებლო დონეზე ყველაზე მნიშვნელოვანი იყო. აქაა ასევე, სამუშაო ტრავმების დაზღვევა, ბავშვთა შრომის აკრძალვა, 10 საათიანი და შემდგომ 8 საათიანი სამუშაო დღის განსაზღვრა ა.შ.

პირველ სართულზე, გერმანული ნარატივის მიხედვით, უკვე პროფკავშირების ლიცენზირებაა. ანუ აქ ხდება განსაზღვრა იმისა, თუ რომელ პროფკავშირებს აქვთ გაფიცვის მოწყობის უფლება. აქ საქმე ეხება ლიბერალური პრინციპის, ანუ ინდივიდუალურად ხელშეკრულების დადების გადალახვას და კოლექტიური ხელმშეკრულების დადების შესაძლებლობას სამუშაო პირობებსა და ანაზღაურების, ანუ ტარიფების შესახებ. მაგრამ აქ საქმე არ ეხება თვით დასაქმების პრობლემების მოგვარებას. მეორე სართულზე უკვე დაზღვევაა, რაც ნიშნავს, რომ მშრომელები იხდიან შენატანებს, ე.წ. პარიტეტულ შენატანებს, რათა შემდგომში, ხანში შესულობისას, ავადმყოფობისას, ან უმუშევრობისას, ან კიდევ მოხუცთა მოვლის საჭიროების შემთხვევაში, ტრანსფერული დახმარების მიღების უფლება მოიპოვონ. ეს ძალიან რთული დაფინანსების მოდელია და სხვადასხვა ქვეყნების შორის ძალიან განსხვავდება ერთმანეთისაგან. მესამე სართულზე, რომელიც შედარებით ახალია, უკვე ე.წ. “ტრანსფრული ბენეფიტებია”, მაგალითად ბავშვებისათვის განსაზღვრული ფულადი დახმარება და სხვები, რომელიც თავის მხივ, ძალიან რთული სისტემაა და მუდმივად იცვლება, ასევე არსებობს ისეთი სერვისები, რომლებიდანაც, მაგალითად, განათლების დაფინანსება ყველაზე მნიშნელოვანია. აქ საქმე ეხება ისეთ ბენეფიტებს, რომლებიც უკვე შრომით ურთიერთობაზე და სამუშაოზე აღარაა მიბმული, არამედ მოქალაქეებზე და მოქალაქეების როლზე.

სოციალური სახელმწიფოს ფუნქციონირება და დაფინანსება ყველა ამ შემადგენელ სისტემებზეა დამოკიდებული, რომლებიც თავის მხრივ, მუდმივად ცვლილებებს განიცდიან. სოციალური სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის ამ შენობის სახურავი კარგად უნდა იყოს დახურული, რაც ნიშნავს, რომ მიახლოებითი სრული დასაქმება მაინც უნდა არსებობდეს. სრული დასაქმება მნიშნელოვანია არა მარტო იმიტომ, რომ ქვეყნის სიმდიდრე წინასწარი ხარჯებით ასე რომ ვთქვათ, ბევრ სამუშაო ძალას ამყარებს და იცავს, არამედ ის მნიშნელოვანია იმიტომაც, რომ სოციალური სახელმწიფოს შემოსავლები ძირითადად  ეყრდნობა შენატანებს და არა გადასახადებს. მთელი შენატანების მობილიზირება კი შეიძლება მაშინ, თუ არსებობს სრული დასაქმება. მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ არ არსებობს სრული დასაქმება და აქედან მომდინარე რეალური შემოსავალის მუდმივად ზრდა. სწორედ ეს არის საკითხავი. ამიტომაც შეიძლება ვთქვათ, რომ სოციალური სახელმწიფო,  მშრომელთა კაპიტალისტური საზოგადოების მაკორექტირებლის, ანუ შემსწორებლის, ფუნქციას ასრულებს, ამადრულად, კი მისი ფუნქციონირება სწორედ შრომის საზოგადოების ფორმაციაზე დამოკიდებული.

დასავლური სოციალური სახელმწიფოს დაარსებასა და განვითარებაში გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა კონკურენციის სიტუაციამ: ეს იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაწყებული ე.წ. “სისტემების კონკურენცია”: კონკურენცია დასავლური და ე.წ. სახელმწიფო სოციალიზმის სისტემების შორის. ჩვენ დასავლური კეთილდღეობის სახელმწიფოს არ განვავითარებდით, რომ არ ყოფილიყო ეს სისტემების კონკურენცია. ადენაუერის ჰიპოთეზა, რომ აღმოსავლეთში, ანუ სახელწიფო სოციალიზმის სისტემაში, შესაძლოა საზოგადოება უკეთესად განვითარებულიყო, უკეთესი შემოსავლებითა და უფრო ღირსეული ფუნდამენტით, ამის შედეგად, მცადრი აღმოჩნდა. ადენაუერი ფიქრობდა, რომ სოციალისტურ სისტემას შესაძლოა ეჯობნა ჩვენთვის, ამიტომაც თვლიდა, რომ აქ, გერმანიასა და ევროპაში, მომზადებული უნდა ვყოფილიყავით ამისთვის, რათა კონკურენციაში არ წაგვეგო. ეს იყო მამოძრავებელი ძალა. 1957 წელს, გერმანიაში იქამდე წარმოუდგენელი რამ დაიწყო, კონკრეტულად კი მოხდა პენსიების დინამიზება, ანუ პენსიების დაანგარიშება ხდებოდა არა მარტო ნამუშევარი წლებისა და მუშაობის შედეგად მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით, არამედ აქტუალურად სამუშაოდან მიღებული შემოსავლების მიხედვით. ეს იმას ნიშნავს, რომ 80 წლისანი სარგებელს ნახულობენ იმით, რომ 40-50 წლისანი უფრო მაღალ შემოსავლებს იღებენ. პენსიების დინამიზება სწორედ ეს არის. ადენაუერმა ამით მოიგო 1957 წლის არჩევნები აბსოლუტური უმრავლესობით. ადენაუერი ამბობდა, რომ კომუნისტებსაც შეიძლება იგივე გაეკეთებიათ, ამიტომაც ჩვენ ეს უნდა დაგვესწრო მათთვის. მან არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა, რომ კომუნისტებს ასეთი რამ არ შეეძლოთ და არც თავისი ქმედითუნარიანობის ამგვარად განვითარების საშუალება ქონდათ. როგორც კი კომუნიზმი დამთავრდა, დასავლეთში სოციალური სახელმწიფოს განვითარებაც უკან უკან წავიდა.

სხვანაირად რომ შევხედოთ, დასავლური კეთილდღეობის სახელმწიფოს ომის შემდგომ დროინდელ განვითარებაში იყო სამ ეტაპიანი ფაზა. გერმანიის შემთხვევაში, ეს იყო 1949-1974 წლები, რომელიც გამსჭვალული იყო სოციალური საბაზრო ეკონომიკის იდეით. ეს თავის მხრივ, ცხადდებოდა სამართლიანობის, კეთილდღეობის, და ყველასათვის უსაფრთხოების წყაროდ. ცივი ომის პირობები აქ წამახალისებლის როლს თამაშობდა. პირველი სერიოზული გარდატეხა 1974 წელს მოხდა და ამით ბევრი რამ შეიცვალა და არა მხოლოდ დასავლეთში: სწორედ ამ დროს იწყება პირველი გაფიცვები მაგალითად პოლონეთშიც. ასე დაიწყო მეორე ფაზა, როდესაც კაპიტალი და კონსერვატორი მთავრობები ამერიკასა და ინგლისში იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ კეთილდღეობის სახელმწიფოს დაფინანსება ძალიან ძვირი ჯდება და რომ ეს ჩვენ აღარ შეგვიძლია. ამ დროს იწყება ე.წ. ინტენსიური სოციალური პოლიტიკის განვითარება. აქ უკვე მნიშვნელოვანი აღარაა უსამართლობის აღმოფხვრა და სამართლიანი მოთხოვნების დაკმაყოფილება, არამედ მნიშვნელობა უკვე ენიჭება ისეთ ინვესტიციებს, რომლებიც შემდგომში სარგებელს მოიტანენ (მაგალითად ინვესტიციები განათლების სისტემაში, ბინათმშენებლობა, სამუშაო ბაზრის პოლიტიკის შემუშავება და ა.შ). ინტენსიური სოციალური პოლიტიკა ამ დროს სოციალურად დაუცველების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას კი არ ემსახურება, არამედ მისი მიზანი ეროვნული ეკონომიკის, როგორ ერთიანი ფორმაციის ეფექტიანობის გაზრდა იყო.

მესამე ფაზა სახელმწიფო სოციალიზმის დასრულების შემდეგ იწყება. აქ უკვე უფრო მეტად გამოკვეთილად ითქვა, რომ ამგვარი სოციალური სახელმწიფოს არსებობა ძალიან ძვირი გვიჯდება, ამიტომაც ბენიფიციარები უნდა დავავალდებულოთ თავიანთ უსაფრთხოებაზე თვითონაც იზრუნონ. მთავარი ტერმინი აქ “აქტივირებაა.” უკიდურესად ნეოლიბერალი ამერიკელი ავტორი ლორენს მიდი (Lawrence Mead) ამბობდა, რომ ადამიანს აქვს ხუთი მოვალეობა. ესენია: პირველი, განავითაროს თავისი ჰუმანური კაპიტალი, ისწავლოს და მომავალი პროფესიისთვის მოამზადოს; მეორე, იზრუნოს თავის ჯანმრთელობაზე, იზრუნოს ოჯახისათვის და დააფუძნოს სტაბილური ოჯახი; მესამე, გაზარდოს საზოგადებისათვის გამოსადეგი ბავშვები, მეოთხე დაიცვას კანონები, მეხუთეც დაახლოებით ასე… ეს მოვალეობები ახასიათებს ე.წ. “ეკონომიკურ მოქალაქეს”, ანუ “სახელმწიფოსა და ეკონომიკურ მოქალაქეს,” და თუ მან ესენი არ შეასრულა, მაშინ შეგვიძლია ის მშვიდად გავწიროთ დასაღუპავად. შერბილებული ვერსიით, ეს ნიშნავს, რომ უკვე მოქალაქეებს ევალებათ სამუშაოს შოვნა, ქონა და მისი შენარჩუნება და ასევე საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვაც. საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვის გზა კი, ამ ლოგიკით, სოციალური უსაფრთხოების ფინანსიალიზაციაა, რაც ნიშნავს რომ ადამიანებმა უნდა დაზოგონ, რათა ხანშიშესულ ასაკში ცხოვრება შეძლონ, რადგანაც პენსია უკვე სამსახურის შემოსავლის მხოლოდ 40 პროცენტს შეადგენს. გარდა ამისა, ჯანმრთელობის დაცვაში, სკოლისა და ზოგადად განათლების დაფინანსებაშიც საკუთარი წვლილია შესატანი. ახლა უკვე მოქალაქეც ვადებულია, ყველა ის მომსახურეობა და ბენიფიტი, რასაც აქამდე სახელმწიფო იხდიდა, როგორც სატრანსფერო ბენიფიტს, საკუთარი ჯიბიდანაც დაფინანსოს. ცნება “აქტივირებაც” იმას ნიშნავს, რომ მოქალაქემ “თავისი უსაფრთხოებისათვის თვითონ უნდა იზრუნოს” და ეს პასუხიმგებლობა თავად მას ეკისრება. ასევე საკუთარი შრომისუნარიანობის შენარჩუნებაზეც თვითონაა პასუხიმგებელი.

ეს არის ის ძირითადი სამი ფაზა, რაც დასავლურმა სოციალურმა სახელმწიფომ განვლო და მესამე ფაზა განსაკუთრებით ინტენსიური იყო სახელმწიფო სოციალიზმის დასრულების გამო. ადენაუერის შიშები, რომ სისტემების კონკურენციაში, აღმოსავლეთში შეიძლებოდა რაღაც ისეთი მომხდარიყო, რაც ჩვენ გვაჯობებდა, არ გამართლდა და ეს შიშები აღარც არსებობს, უფრო მეტად ისე მოხდა, რომ სახელმწიფო სოციალისტურმა აზროვნებამ ყოველგვარი ჰეგემონური პოტენცია დაკარგა. კაპიტალისტური კეთილდღეობის სახელმწიფო ასე ფიქრობს, რომ პირველ ადგილზეა სამუშაო, ჯერ უნდა იმუშაო და თუ იმუშავე, მხოლოდ შემდეგ იწყებენ მოქმედებას სოციალური დაცვის მექანიზმები, რომლებიც შემდგომ უმუშევრობისგანაც გვიცავენ. სახელმწიფო სოციალიზმი სხვანაირად ფიქრობს, პირიქით, თავდაპირველად ინდივიდი ყალიბდება მუშა/მოსამსახურედ, რამდენადაც ის სახელმწიფოსგან იღებს განათლებას, ბინას, და სამუშაოს გადანაწილების მექანიზმებით. ამის შემდეგ იწყება მორალურ-პოლიტიკური ფორმაცია, რათა მუშაკი სამშობლოსა და პარტიის ერთგული მშრომელი გახდეს. პარტია ზრუნავს შენთვის და შენც შენის მხრივ, მისი მოთხოვნები უნდა შეასრულო. სახელმწიფო სოციალიზმი სხვა ლოგიკას ემყარება და აცხადებს პრეტენზიას, პოლიტიკურად მნიშვნელოვანი, მრავალი ინდივიდის  კეთილღეობის გარანტი იყოს.

მ.რ. საინტერესოა, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებსაც შევეხოთ. თქვენს ბოლო ლექციაში, რომელიც ბერლინში წაიკითხეთ, ძალიან საყურადღებო წინადადება თქვით, რომელიც აღმ. ევროპაში არსებული განვითარების ასახსნელად ძალიან გამოსადეგია. “დემოკრატიულ სახელმწიფოდ მხოლოდ ქმედითუნარიანი სახელმწიფო შეიძლება ჩაითვალოს. სახელმწიფო, რომელიც მხოლოდ ფორმალური წესების განსაზღვრით არის დაკავებული, ანა ქუჩების სახელების არქმევს, დემოკრატიული სახელმწიფო ვერ იქნება და ასეთად ვერ ჩაითვლება” (ოფე 2018). სხვანაირად რომ ვთქვათ, სახელმწიფო, რომელიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური საკითხების ნაცვლად, მხოლოდ წვრილმანებითა და ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეების კეთების არის დაკავებული, დემოკრატიული სახელმწიფო ვერ იქნება. თუ არსებობს ურთიერთკავშირი დემოკრატიასა და სოციალურ/კეთილდღეობის სახელმწიფოს შორის? შესაძლებელია, რომ სუსტი, არაქმედითუნარი ან საერთოდ გაუქმებული სოციალური სახელწიფო იყოს მიზეზი იმ ბოლოდროინდელი განვითარებებისა, რასაც დღეს ადგილი აქვს აღმოსავლეთ ევროპაში? ვგულისხმობ ავტორიტარულ, დემოკრატიის საწინააღმდეგო ტენდენციებს და ნაციონალიზმის აღმავლობას.

კ.ო: დიახ, ეს მართლაც ასეა და ეს ფართო განხილვას საჭიროებს. დასავლური ლიბერალური დემოკრატიის სოციალური და ისტორიული განვითარების სხვადასხვა თეორიები არსებობს. მოკლედ რომ ვთქვათ, 18-ე საუკუნე სამართლებრივი სახელმწიფოს დაბადების დროდ ითვლება, როდესაც ყველა ძალაუფლება დაექვემდებარა სახელმწიფო და საკონსტიტუციო ძალაუფლებას. რიგ შემთხვევაში, ეს დაქვემდებარება ძალითაც მოხდა. აქ დიდი გავლენა მოახდინეს ფრანგულმა და ამერიკულმა რევოლუციებმა. 19-ე საუკუნეში დემოკრატია იქნა აღმოჩენილი, რაც ნიშნავს ხალხის პოლიტიკურ მოწიფულობას, რათა მოსახლეობას პოლიტიკური გადაწყვეტილებებისა და ნების ფორმირების პროცესში შეძლებოდა მონაწილეობის მიღება და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება. მე-20 საუკუნეში სოციალური სახელმწიფო გამოიგონეს. ასე რომ, სახეზე გვაქვს კუმულაციური განვითარება. ამის შედეგად, სახელმწიფო დემოკრატიული და სამართლებრივი უნდა იყოს და მას ქმედითუნარიანი ადმინსტრაციული აპარატი, ბიოროკრატია უნდა ქონდეს. არსებობს სამინისტრო ადმინისტრაცია, ასევე ლოკალური, მუნიციპალური ადმინისტრაცია, ფინანსური ადმინისტრაცია, სამშენებლო დარგის, სასკოლო, სოციალური და ა.შ. ადმინისტრაციები. მათი თანამშომლები ფლობენ ფორმალურ განათლებას, იციან რა უნდა გააკეთონ და რა არის გასაკეთებელი. ისინი არიან კომპეტენტურები და არაკორუმპირებულები. ვებერის მიხედვით, “რაციონალური ბიუროკრატია” სწორედ ამას წარმოადგენს და შემდეგ სამ ელემენტს მოიცავს: სამართლებრივი სახელმწიფო, დემოკრატიული სახელმწიფო და სოციალური სახელმწიფო – ანუ სახელმწიფო, როგორც სოციალური ადმინისტრაცია, ვინაიდან სკოლებს, საავადმყოფოებს, სიღარიბეს, ყველაფერს სჭირდება მართვა და ადმინისტრირება. აღმ. ევროპაში, ამ სამი ელემენტიდან არც ერთი არ არსებობდა, არც სამართლებრივი, არც დემოკრატიული და არც სოციალური. დემოკრატიული იმ აზრით, რომ არ არსებობდა პარტიების კონკურენცია, არჩევნები იყო, მაგრამ ისიც წინასწარ განსაზღვრული.

ჩემის აზრით, 1953 წელს პოლიტიკური მოდერნიზაცია დაიწყო, რაც შემდეგ მოქალაქეთა უფლებებით და ა.შ. გამოიხატა. საერთოდ, ტოტალიტარიზმის გამოყენება აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში 1953 წლიდან უკვე მცდარია. ჩემი თეორიის მიხედვით (და რასაკვირველია სხვა თეორიებიც არსებობს), სახელმწიფო სოციალიზმის ნაკლოვანება მდგომარეობდა საზოგადოების უუნარობაში, მოეხდინა საკუთარ თავზე დაკვირვება, შემეცნება, საკუთარი თავზე მონიტორინგი და თვით გამოცდა. მან ეს უნარი დაკარგა. ესენი ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო უფლებებისა და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნქციონირებისათვის. პრესის თავისუფლება მნიშნელოვანია საზოგადოების თვითდაკვირვებისათვის: ჟურნალისტები დაუბრკოლებლად უნდა აღწერდენ რეალობას და გვაწვდიდნენ ინფორმაციას. მეცნიერებაც ახდენს საზოგადოებაზე დაკვირვებსს თავისი მეთოდებით, პრესაც, ხელოვნებაც და ასევე ბუღალტერიაც. ეს ელემენტები აღმ.  ევროპაში არ იყო და თუ იყო, არასაკმარისი ფორმით. პოლიტიკურ ელიტას არასასურველი ინფორმაცია ან არ მოეწოდებოდა, ან ამ ინფორმაციას თვითონ თრგუნავდნენ და არ შეიმეცნებდნენ. სისტემის თვით იგნორირება ძალიან დიდი ნაკლი იყო.

მეორეს მხივ, მთელი დემოკრატიისა და ლიბერალიზაციის პროცესი პოსტსოციალისტურ აღმოსავლეთ ევროპაში ეყრდნობა გასაოცრად მცდარ შეხედულებას, ნეოლიბერალურ სიცრუეს, რომ თუ საბაზრო ეკონომიკას შემოვიღებთ, ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება. ერთმა კოლეგამ ფრანკფურტის ოდერიდან, ამას “grab and run Capitalism”-ის კარიკატურა უწოდა: მიიტაცო, სარგებელი და მოგება გამოადნო მისგან და გაიქცე, ყოველგვარი პასუხიმგებლობისა და წესრიგის გარეშე, სრულიად დაურეგულირებლად. კონკურენცია სამართლებრივ ჩარჩოებს, სამართლებრივი ნორმებსა და ფორმას მოითხოვს. იქ კი ამოვიდნენ დაშვებიდან, რომ ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს და მოაწესრიგებს. თუ შევქნით პარტიებს, პარტიულ კონკურენციას, პარლამენტს და საპარლამენტო საკანონდებლო სამუშაოს დავიწყებთ, როგორც დასავლეთია, მაშინ ჩვენთანაც კეთილდღეობა დაისადგურებს. ეს ძალიან დიდი შეცდომაა და დასაწყისშივე მცდარი იყო.

სახელმწიფოს წინააღმდეგ, სახელმწიფო ბიუროკრატიის და პოლიტიკური გადაწყვეტილებების წინააღმდეგ შეტევებმა და თავდასხმებმა, ნეოლიბერალური გადმოსახედიდან, უკვე ძალადობის უმაღლეს დონეს მიაღწია. თუ რაიმე საერთოდ ხდება, ეს ხდება მხოლოდ ოლიგარქთა მიერ, კორუფციის მეშვეობით, ოჯახური კლანებით, რაც ვებერისეული რაციონალიური ბიოროკრატიის საწინააღმდეგოა. არავინ ემორჩილება წესებს და ეს საბედისწერო შეცდომაა. ვიღაცები ამ პროცესში ძალიან მდიდრდებიან, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილის უკმაყოფილება როგორც დემოკრატიული ისე ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით მატულობს, როგორც ეს ცოტა ხნის წინ სომხეთში მოხდა. ხალხი სამართლიანად არის გაბრაზებული და იმედგაცრუებული, რადგანაც ეს მცდარი დაპირება (რაც მათ საბაზრო ეკონომიკის სახელით წარმოუდგინეს) არ ახდა და ვერც ახდებოდა და ამასობაში არც სოლიდური სახელმწიფოებრიობა ჩამოყალიბდა.

თემას რომ დავუბრუნდეთ, მსგავსი ფენომენი ევროპაშიც გვაქვს. სახელმწიფოს აქაც ბევრად მეტის გაკეთება შეუძლია, ვიდრე ამას აქტუალურად აკეთებს, მხოლოდ ქუჩებზე სახელების დაქმევა არ არის მარტო სახელმწიფოს საქმე. ბერლინში აეროპორტი ვეღარ აუშენებიათ! ევროკავშირის დონეზეც ბევრი სისუსტეებია. თუ გვინდა, რომ თავი გავართვათ საემიგრაციო კრიზისს, მაშინ უნდა არსებობდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების ინსტანცია. ამის ნაცვლად კი სახეზე გვაქვს ქ-ონ მერკელს, ბ-ონ ზეეჰოფერსა და ბ-ონ მაკრონს შორის მოსაწყენი და გაურკვეველი ფუსფუსი და არავინ იცის რა მოხდება. მოწესრიგებული სახელმწიფოსთვის ეტიკეტს შეადგენს ასევე სანდო და მყარი წესების ჩამოყალიბების სისტემის არსებობა. რომელიმე ინსტანციას ხომ უნდა გააჩნდეს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების კომპეტენცია, თუ როგორ გვინდა გადავჭრათ მიგრანტების პრობლემები, როგორ უნდა ავუხსნათ ეს შიდა მოსახლეობას და როგორ უნდა დაფინანსდეს ეს?! აქ მთავარი ისაა, რომ მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური საკითხები გვერდზეა გაწეული და მათ შესახებ არ მსჯელობენ. დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც ჩვენ ის საერთო გვაქვს, რომ სახეზე გვაქვს სუსტი სახელმწიფო – სახელწიფო უფრო და უფრო უუნარო, უიდეო, უძლური და უშინაარსო ხდება.

მ.რ: საქართველოში უკვე დიდი ხანია ე.წ. “მცირე სახელმწიფოს” იდეალი და მოდელი ინერგება…

კ.ო: დიახ. ეგ ნეოლიბერალების მიერ შემოღებული ტვინის რეცხვაა და მეტი არაფერი. მე ცოტა ხნით ვიყავი თქვენს ქვეყანაში და რაც მე იმ ნაღვლიანმა სოციალ-დემოკრატებმა, პარლამენტის წევრებმა მომიყვეს, ძალიან დიდი უიმედობაა. მათ იციან, თუ რა წინაპირობები სჭირდება, აქტიურ, ქმედით სახელმწიფოს. მაქს ვებერი ამბობდა, რომ რაც უფრო მეტად დემოკრატიულია სახელმწიფო, მით მეტ საკითხებზე უწევს პასუხების გაცემა და პრობლემების გადაწყვეტა. ეს კი ბიოუროკრატიის გარეშე შეუძლებელი და წარმოუდგენელია. მოწესრიგებული ადმინისტრაცია, რომელსაც სკოლების, ტრანსპორტის, ჯანმრთელობის, ბინათმშენებლობის პირობებს ქმნის და ამასთანავე არაკორუმპირებულია, ძალიან ძვირფასი და ღირებულია. ყოფილ სოციალისტურ ქვეყნებში ეს არ გვხვდება. თქვენთან სახელმწიფომ ფაქტიურად თავის თავს აუკრძალა ქმედითი ფინანსური და ფისკალური სისტემის შექმნა, რადგან ამით თავიანთი აზრით ინვესტორების მოზიდვას ცდილობენ. “მცირე სახელმწიფო” მოდელი მცდარი, ცრუ სწავლებაა. ეს თამაში ამერიკელი ულტრებისა და აღმ. ევროპელი ცინიკოსების მიერ ერთობლივად შეიქმნა და ეს სამწუხაროდ ღრმად ფესვგამდგარი მოვლენაა. ის მოკლებულია ყოველგარ წესრიგის, საზრისსა და საღ აზრს და არავითარი პოზიტიური შედეგის მოტანა არ შეუძლია.  

მ.რ. თქვენ ტერმინ “მოქალაქის აქტივირებით” მიუთითეთ, რომ ის მნიშვნელოვანია სოციალური სახელმწიფოს გარდაქმნის მესამე ფაზაში. გერმანიის მაგალითი რომ ავიღოთ, ბოლო გადამწყვეტი შრომის პოლიტიკისა და შრომის ბაზრის რეფორმები გერმანიაში წითელი-მწვანე კოალიციის, შრიოდერის მთავრობის მიერ, ე.წ. “სამუშაო აქტივირების” კანონით (“JobAktiv-Gesetzt” 2002; Agenda 2010) გატარდა, რაც სხვანაირად Hartz IV-ის  რეფორმის სახელითაცაა ცნობილი (Hartz I-Hartz IV). ეს პოლიტიკური სტრატეგია ეყრდნობოდა შემდეგ პრინციპებს: “ხელშემწყობი სახელმწიფოდან, მომთხოვნ სახელმწიფოსაკენ” და “კონკურენტუნარიანობა” როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად. ზოგიერთი სამუშაო ბაზრისა და სოციალური სახელმწიფოს ამ რეფორმას კრიტიკულად აფასებდა. ისინი მიუთითებენ სამუშაო ბაზრის დერეგულირებასა და ხანგრძლივი უმუშევრობისას ცხოვრების ხარისხის გაუერესებაზე. მეორენი კი ამ რეფორმას საჭიროდ და მნიშვნელოვნად მიიჩნევენ, ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად და (პენსიების დასაფინანსებლად, ფინანსური საფუძვლის შესაქმენლად კ. ო.). დღევანდელი სიტუაციის მიხედვით, გერმანიაში უმუშევრობა სტატისტიკურად კლებულობს, უმუშევრობის კვოტა 5,1 პროცენტია (2,315 მილიონი უმუშევარი), სამუშაო ბაზრის შესაძლებლობები ახალი მუშაკების ინტეგრირებისათვის ჯერ არ ამოწურულა. საუბარი კვალიფიკაციური სპეციალისტების დეფიციტზე და საზღვაგარეთიდან კვალიფიკაციური მუშახელის შემოყვანაზეც კი მიდის და ეს ხდება კიდეც. გერმანული ეკონომიკაც აღმავლობის გზას ადგას. რა შედეგები მოიტანა ამ რეფორმამ თუ ფოკუსს არა მხოლოდ შრომის საზოგადებოაზე, არამედ სამუშაო პროცესებზე, შრომის პირობებზე, საზოგადოებაზე, ინდივიდსა და კულტურაზე მივმართავთ?

კ.ო: მე მაშინაც ძალიან სკეპტიკურად ვიყავი ამ რეფორმის მიმართ განწყობილი და დღესაც სკეპტიკური ვრჩები. ეს პოზიტიური სამუშაო ბაზრის მდგომარეობა, როგორც ამას წამოგვიდგენენ, სხვა ასპექტებთან ერთად, ეყრდნობა და გამომდინარეობს იქიდან, რომ ბოლო ათი წლის მანძილზე ჩვენ გვაქვს მომუშავე მოსახლეობის რიცხვის ზრდა. ანუ ზრდა იმ მოსახლეობისა, რომელიც ანაზღაურებად სამუშაოს ასრულებს და შრომის ბაზარში ჩართულია. მათი რიცხვი 44 მილიონია, ანუ მთლიანი მოსახლეობის (82,7 მილიონი) ნახევარზე მეტი ანაზღაურებად შრომას ეწევა. ერთის შეხედვით, ეს ფანტასტიურია! შეიძლება ითქვას, პათოლოგიურიც. ეს არის “პროფესიულ ადამიანის” ზეიმი, რადგან პროფესიულმა სამუშაომ ყველა სხვა სასიცოცხლო ქმედება და აქტივობა განდევნა და შეავიწიროვა. თუ მოხუცებსა და ბავშვებს გამოვაკლებთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ყველა მუშაობს ანაზღაურებად სამუშაოზე. დიასახლისებიც აღარ არსებობენ, ქალთა დასაქმების კვოტაც მაღალია…. სინამდვილეში, ეს ყველაფერი სიხარულს მიზეზს არ გვაძლევს.

პირველ რიგში,  უნდა ითქვას, რომ ეს სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს, რადგან კონიუნქტურაზე დამოკიდებულება, დაბალი უმუშევრობის კვოტის მიუხედავად, მაინც ვერ იქნება მყარი დასაყრდენი. მეორეც, მიუხედავად მომუშავეების რიცხვის ზრდისა – აქტუალური მონაცემებით 44 მილიონი, გერმანიაში ნამუშევარი საათების რაოდენობა – 58 მილიარდი საათი წელიწადში – უცვლელი რჩება. რაც ნიშნავს, რომ თითოეულ დასაქმებულზე სამუშაო საათების დაბალი რიცხვი მოდის. მოიმატა არასრულ განაკვეთზე და ძალიან დაბალ განაკვეთზე მუშაობის პრაქტიკებმა. მესამე, მოხდა სამუშაოს პრეკარიზირება – სამუშაო პირობების, ადგილის, დროის, დავალებების იძულებითი ფლექსიბილიზაცია. დღესდღეობით, ბევრმა ადამიანმა პირდაპირი მნისვნელობით არ იცის რა უნდა ქნას და და რითი უნდა იცხოვროს ორი თვის შემდეგ. ეს ძალიან ძლიერი სტრესია, რომელსაც სოციალური მედიცინის თვალსაზრისით სავალალო უარყოფითი შედეგები მოსდევს. უამრავი ადამიანი მუდმივი სტრესის ქვეშაა, რადგანაც არ იციან ხვალ რა უნდა გააკეთონ ან რას გააკეთებენ.

შემდეგი პუნქტი რაც ასევე უნდა აღვნიშოთ, არის ის, რომ გერმანიას ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებისაგან განსხვავებით, გერმანიის ჭარბი საექსპორტო ბალანსი აქვს, რომელიც თავის დროზე ევროს შემოღებითა და ამით გერმანიისთვის ხელსაყრელი პირობების განვითარებით წარმოიქმნა. გერმანიას დღეს რომ ისევ მარკა ქონდეს ევროს ნაცვლად, ასეთ ხელსაყრელ პირობებში არ იქნებოდა, რადგანაც სავალუტო მექანიზმები ამის საშუალებას არ მისცემდნენ. გერმანული მარკა ხატოვნად რომ ვთქვათ “ჭერს აიტანდა” ანუ ის დოლართან შედარებით ძვირი იქნებოდა, ამიტომაც აუდისა და სხვა მანქანების ამერიკაში გაყიდვა ვერ მოხერხდებოდა. ევრო კი გერმანული ეკონომიკისათვის ძალიან იაფია. სამუშაო ადგილების დიდი ნაწილიც ამაზეა დამოკიდებული. ეს ძალიან სარისკოა, რადგან თუ ბატონი ტრამპი ისევ გააგძელებს ისეთი საქმეებს კეთებას, რასაც დღეს აკეთებს, ვგულისხმობ საერთაშორისო ვაჭრობის შეზღუდვას, მაშინ ეს გერმანული ეკონომიკაზე მტკივნეულად აისახება. ეს რაც შეეხება ე.წ. “სამუშაო სასწაულს” და Hartz-ის რეფორმას (Hartz I-Hartz IV). ეს ძალიან სპეციფიკური პირობებია. 

მე ძალიან სარისკოდ მივიჩნევ იმას, რასაც გერმანული ეკონომიკა აკეთებს. ის ეკონომიკურ ზრდას ამყარებს ექსპორტზე და არა შიდა მოთხოვნაზე, ეს ძალიან სახიფათოა. ეს არა მარტო ამორალურია, რადგანაც ამით ჩვენ იმ ქვეყნების სისუსტით ვსარგებლობთ, რომლებსაც არა აქვთ საექსპორტო სფერო კარგად განვითარებული, არამედ ეს პოლიტიკა თავისთავად არის ძალიან, ძალიან სახიფათო. აქტუალური პოლიტიკური დისკუსიაც ამას ეხება და ჩვენ რამოდენიმე კვირაში გავიგებთ, თუ რა მოყვა ამას ევროკავშირის სამიტის.

რაც შეეხება სოციალური სახელმწიფოს და ე.წ. “ჰარცის” რეფორმას, მის ერთ-ერთ წარუმატებლობაზე მიუთითებს შემდეგი ბალანსი. ამ რეფორმის მესვეურებს ასე წარმოდგინათ, რომ “აქტივირების” პოლიტიკით, ანუ ნაბრძანები და ხელშეწყობილი ადამიანები ძალიან დისციპლინირებული გახდებოდიენ, დილით ადრე ადგებოდნენ, საღამოს ადრე დაიძინებდნენ, თავიანთ სამუშაო ძალასა და უნარებს ახლა დონეზე აიყვანდნენ და ერთ დღესაც პირველად სამუშაო ბაზარში, სოციალური დაზღვევის მომცველ ბაზარში, გადაინაცვლებდნენ. ეს ასე არ მოხდა. მეორადიდან პირველად სამუშაო ბაზარში გადასვლა ძალიან ძნელად მიმდინარეობს. ამას დახმარების მიმღებთა ლამის 1 ან 2 პროცენტი ახერხებს. ეს ორი სამუშაო ბაზარი კი ისეა დაცილებული ერთმანეთს, როგორც არასდროს.

მ.რ: დიახ, თქვენს მიერ ნახსენები წინააღმდეგობები უკვე შესამჩნევია შრომის სამყაროში, ერთის მხივ არსებობს, კარგად ანაზღაურებადი, სპეციალიზირებული სამუშაო ადგილები, ტრადიციული, პარიტეტული სოციალური დაცვით. მაგალითისთვის წელს IG-Metal-ის პროფკავშირმა მეტალურგიურ და ელექტრო ინდუსტრიაში დასაქმებულთათვის წლევანდელ გაფიცვაზე 28 საათიანი სამუშაო კვირა და ხელფასების მომატებაც მოითხოვა და ეს პირველი განსაკუთრებით წარმატებითაც განახორციელა. მეორეს მხრივ, უფრო და უფრო ხშირად ვხდებით მოკლევადიან, პრეკარიატულ, მოწყვლად და საარსებოდ არასაკმარის სამუშაო პირობებს და სამუშაო ანაზღაურებას. ისეთ სამუშაოებს, რომლებიც დამკიდრებული ტრადიციული, პარიტეტული სტუქტურებითა და სოციალური დაცვის სისტემით აღარ იფარება და მათ ჩარჩოებს გარეთაა.

კ.ო: დიახ, ჩვენ ამას დუალიზმს ვუწოდებთ. ეს ახალი სამუშაო პირობები, როგორიცაა მაგალითად პლატფორმის ეკონომია ან საოჯახო სამუშაოს კომოდიფიცირება, ნაკლებად სასიხარულოა, ისინი სრულიად დაუცველი და მოწყვლადია. რაც შეეხება IG-Metal-ს, ის იმიტომ არის ძლიერი სატარიფო პარტნიორი, რომ ის მონაწილეობს ექსპორტზე დამოკიდებული სამუშაო ადგილების შენარჩუნებაში, მაგალითად საავტომობილო ინდუსტრიაში, რომელიც თავის მხრივ, მაინც ატარებს სახელფასო წნეხს. ძალიან კარგია, რასაც IG-Metal-ის პროფკავშირმა მიაღწია, მაგრამ მათ ბევრად მეტის მიღწევა შეეძლოთ, მაგრამ ამას ისინი არ გააკეთებენ, რადგან იციან, რომ ამით ჩვენი პროდუქტები გაძვირდება. ამით კი ამერიკის ბაზარი გერმანული ექსპორტისათვის რისკის ქვეშ დადგება. პროფკავშირების მოთხოვნები, რომლებიც უშუალოდ ხარჯების გაზრდასთან არაა დაკავშირებული ძალიან პოპულარულია. აქ შემდეგი პუნქტი მინდა დავურთო. სამუშაოს ანაზღაურება შეიძლება როგორც ფულით ისე – მარქსის, კეინზის და სხვა კლასიკოსების მიხედვით – სავალდებულო სამუშაო საათების მოცულობის შემცირებით, ან ამ ორის კომბინაციით. მაგრამ როგორც გამოკვლეულ იქნა, მშრომელებს ფული უფრო მეტად აინტერესებთ, ვიდრე სავალდებულო სამუშაო საათების შემცირება. ამიტომაც, მუშების ანაზღაურება სამუშაო საათების მოცულობის შემცირებით არც თუ ისე მომხიბლავი შესაძლებლობაა. რატომ? ამისათვის სამი მიზეზი არსებობს. პირველი, დროს ვერ დაზოგავ. 20 წუთი ნაკლები სამუშაო დღეს, 20 წუთით ნაკლები სამუშაო ხვალ საბოლოო ჯამში არ იძლევა 40 წუთით მეტ შაბათ-კვირას. დრო, ხატოვნად რომ თქვათ, არის “sticky”,  ის ნაკლებად დენადია. მეორეც, დრო მხოლოდ მაშინ არის ღირებული, თუ ადამიანს, რომელიც მუშაობს, ფული აქვს, რომ რაიმე საინტერესო გააკეთოს ან გაერთოს, მაგალითად იმოგზაუროს, რესტორანში წავიდეს ა.შ. ამისათვის ფულია საჭირო, ან ფულისა და დროის კომბინაცია. მესამეც, თუ განვასხვავებთ, ქრონომეტრიას და ქრონოლოგიას, დავინახავთ, რომ დროს სხვადასხვა მონაკვეთში სხვადასხვა ღირებულება და მნიშვნელობა აქვს. ოთხშაბათ დილით დასვენება ნაკლებად ღირებულია, იმიტომ რომ ამ დროს დანაჩენები მუშაობენ და მოწყენილობა და მარტოობა ჩნდება, მაგრამ საქმე სხვაგვარდაა შაბათ-კვირის შემთხვევაში, რომელსაც ბევრად მეტი ღირებულება და დაფასება აქვს. ვიკენდის გამოგონება 50-იან წლებში მოხდა. არსებობდა ასეთი პოლიტიკური სლოგანი, სადაც გამოსახული იყო მუშა პატარა გოგონათი ხელში და პატარა გოგონა ამბობდა, “შაბათს მამა მე მეკუთვნის”. პროფკავშირებმა  რასაკვირველია 80-იან წლების მრავალი სატარიფო კონფლიქტიდან იციან, რომ შაბათ-კვირას ბევრად მეტი ღირებულება აქვს, ამიტომაც დროის პოლიტიკის გამოყენება სტრატეგია მათი მხიდან. პროფკავშირები ამბობენ, ჩვენ გვინდა მეტი დრო, მუშები ამბობენ, ჩვენ გინდა მეტი ფული! აქედან გამომდინარე, კეინზის 30-იან წლებში დაწერილი თხზულება ჩვენი შვილიშვილებისთვის, სადაც ის 15 საათიან სამუშაო კვირას ითხოვდა, არაა აქტუალური.

მ.რ: ჩვენი საუბრის ბოლოს მინდა გკითხოთ შრომის მომავლის შესახებ. რა ბედი ელის ანაზღაურებად შრომას, სამუშაოს და შრომის საზოგადოებას? როგორია მათი მომავალი პესპექტივები?

კ. ო: რაც აქამდე დაგროვილი ცოდნის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ არის ის, რომ სრული დასაქმება, – სრულგანაკვეთიანი, არსებული სტანდარტის შესაბამისი ანაზღაურებადი პროფესიული საქმიანობა აღარასდროს აღარ გვექნება. ჯერ ერთი იმიტომ, რომ პროდუქციის 20 პროცენტი სხვაგან მიმდინარეობს და არა აქ ჩვენთან. რიცხვები საინტერესოა არა?! გერმანია ზედმეტადაც არის ინდუსტრიალიზირებული. ძალიან ბევრი ადამიანი, დაახლოებით 20 პროცენტი, დაკავებულია საგნების დამზადებით, ეს ძალიან ბევრია, საჭიროზე მეტი. ინგლისში ეს მაჩვენებელი 9 პროცენტია, ამერიკაში 10 პროცენტი. პროდუქციის დიდ ნაწილი სხვაგან მიმდინარეობს, 2011 წელს ეკონომიკური ზრდის 50 პროცენტი ინდოეთსა და ჩინეთზე მოდიოდა. იქ მიმდინარეობს პროდუქცია, და როგორც ჩანს, მათ ეს უფრო იაფადაც შეუძლიათ და ტექნიკური დონეც დაახლოებით იგივე აქვთ რაც ჩვენ, ამ ფაქტს ჩვენ უნდა შევეგუოთ. ანაზღაურებადი შრომის ნორმიდან მოსალოდნელი 80 პროცენტი გადახვევა იმით აიხსნება, რომ ჩვენ ხელოვნური ინტელექტი გვაქვს და პროცესების ავტომატიზირება შეგვიძლია. ეს იქნება შრომის დამზოგავი ტექნიკური გადაქმნა. მაგალითი რომ დავასახელო, ამერიკის დაახლოებით 25 ფედერაციულ შტატში ყველაზე გავცელებული პროფესია არის მძღოლობა. მძღოლობა ავტობუსის, სატვირთოს, ტაქსის…. ასე რომ ვთქვა, პროფესიული მძღოლობა. როცა თვითმართვადი მანქანები შემოვა, მაშინ ეს ხალხი დაკარგავს თავიანთ სამუშაოს, გახდებიან უმუშევრები, მაგრამ ტრანსპორტის უსაფრთხოება გაიზრდება. თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ეს მდგომარეობა გვექნება 2025-35 წლებში, ამას დიდი ხანი აღარ დასჭირდება და ახლო მომავალია. ამდენად, გვექნება ტექნიკური დაზოგვა. ფეხბურთში აღარ გვეყოლება მსაჯები, რადგან კამერა უკეთ აშუქებს და პულტით დისპლეიზე უკეთ დავინახავთ და გადავწყვიტავთ, 11 მეტრიანია საჭირო თუ არა და ასე შემდეგ. სამუშაოს ჩანაცვლების ტექნიკური შესაძლებლობები ძალიან ბევრია. ამავდრულად, ჩვენ თანდათან შევდივართ ეკონომიკურ რეცესიაში, ამიტომაც რაც მდიდარია ეროვნული ეკონომიკა მით უფრო დაბალია ეკონომიკური ზრდა და ამით აიხსნება მათი მუშახელზე მოთხოვნაც. საბოლოოდ, ამ პროცესებს მივყავართ იქამდე, რომ საზოგადოებრივი სიმდიდრის გადანაწილებას ამჟამად არსებული მოდელი, ანუ სამუშაო ხელშეკრულებები და სამუშაო ანაზღაურება, უკვე ვეღარ უზურველყოფს. ეს გადანაწილების გზა უკვე აღარ არის საკმარისი, ამიტომაც სხვა მოდელებიც უნდა დავუშვათ, როგორიცაა უნივერსალური საბაზისო შემოსავალი, ტრანსფერი, ნაციონალური დივიდენდები და ა.შ. აქ შემოსავალი უკვე უნდა გადაეხადოს მოქალაქეებს, და არა მომუშავეებსა და დასაქმებულებს. ეს არის ის შეხედულება, რაც მე ჩემი საქმიანობის განმავლობაში ჩამომიყალიბდა.

მ.რ: ეს ნიშნავს რომ თქვენ ეთანხმებით და მხარს უჭერთ შრომის ფორმების კულტურულად გადაფასებას, რომლებიც ანაზღაურების მისაღებად არ სრულდება, მაგრამ საზრისიანი, სასარგებლო და საზოგადოებრივ სიკეთეზე მიმართული საქმიანობებია, რათა ისინი საზოგადოებაში დაფასდნენ და პოლიტიკურადაც მოხდეს მათი სტაბილიზაცია?

კ.ო: დიახ, აბსოლუტურად. ამის შესახებ მე ესსეც დავწერე, ნაწილობრივ ეს ე.წ. “Sharing Economy” ფარგლებშია მოქცეული. ნაცვლად იმისა, რომ მანქანა, ან ბურღი ვიყიდოთ, ისინი კაცმა შეიძლება ითხოვოს. ეს რასაკვირველია თავზარდამცემი ცნობა იქნება მანქანების ინდუსტიირისთვის! მაგრამ ძალიან სასარგებლო და ღირებული მცდელობაა ეკოლოგიური თვალსაზრისით, რათა ნაკლები რესურსი მოვიხმაროთ და გამოვიყენოთ. მაგრამ დარწმუნება ძალიან ძნელი პროცესია. ყველაფერს, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ, ასევე შეგვიძლია სხვებისთვისაც გავაკეთოთ, არა საგნების ფლობა, არამედ ერთმანეთისგან თხოვება. უკვე არსებობს ე.წ. საჭმლის მომზადების კოოპერატიევები საცხოვრებელ ბინებში. საჭმლის მომზადება არა მხოლოდ ერთი ოჯახისათვის შეიძლება, ის შეიძლება მცირედი დანამატებითაც ერთროულად სამი ოჯახისათვის მომზადდეს, ასე ყოველ სამ დღეში იქნება საჭირო თითოეული ოჯახისათვის საჭმლის მომზადება. ამით თავისუფალ დროს მოვიგებთ, ეს არაფორმალური ეკონომიკაა, რომელიც წარმოადგენს არა ანაზღაურებად სამუშაოს, არამედ საკუთარ შრომასა და გარჯას. სასარგებლო და სიკეთის მომტანი იქნება ამაზე თუ დავფიქრდებით. ამ მხრივ, უკვე ბევრი მოძრაობები შეინიშნება.

 

 

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ