ვაკო ნაცვლიშვილი: შრომა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში

vako

© European.ge

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში ვრცელი დისკუსია იყო სოციალური უფლებების კონსტიტუციაში ჩაწერასთან დაკავშირებით. გვერდულა არგუმენტად გაიჟღერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაში შრომის უფლებასთან დაკავშირებით აღებულმა ვალდებულებებმა. სოციალური უფლებების კონსტიტუციაში ასახვის მომხრეები არგუმენტებს ამ ხელშეკრულებაზე არ აფუძნებენ. თუმცა, რადგან ამ თემაზე კამათი დაიწყო, საჭიროდ მივიჩნიე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების რამდენიმე დებულებაზე ყურადღება გავამახვილო.

  1. ასოცირების ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოს უფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი მდგრადი განვითარების და შრომის პოლიტიკა და პრიორიტეტები (მ. 228.1). ცხადია, აქ არსებობს მიხედულების თავისუფლება, დისკრეცია; თუმცა, მდგრადი განვითარების ხსენება არ არის შემთხვევითი: ეს ნიშნავს, რომ როგორიც არ უნდა იყოს პოლიტიკა, ის უნდა ემყარებოდეს მდგრად განვითარებას; ამ პრინციპის გარშემო შესაძლებელია ინტერპრეტაცია, მაგრამ არსებობს ზღვარი, როდესაც ინტერპრეტაცია იქცევა ტყუილად. მდგრადი განვითარების პრინციპი არ არსებობს თაობათაშორისი სამართლიანობის გარეშე – ვერ ვიტყვით, რომ შვილიშვილების უკეთესი მომავლისთვის დღეს არ დავიცავთ დასაქმებულს ექსპლუატაციისგან. ამდენად, მგრადი განვითარების პრინციპი აქ მოქმედებს როგორც დოგმატური. ეს კიდევ არაფერი – განვაგრძოთ.
  1. ხელშეკრულება ამბობს, რომ სახელწმიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ შექმნას ღირსეული შრომის მაღალი სტანდარტები და ასეთი სტანდარტები მუდმივად გაუმჯობისკენ უნდა მიდიოდეს (მ. 228.2). ძალიან მოგვაგონებს ეს რედაქცია იმას, რასაც გაერო სოციალური უფლების პროგრესიულ რეალიზებას უწოდებს: სახელმწიფოს ვალდებულება რესურსების გათვალისწინებით გადადგას გონივრული და ქმედითი ნაბიჯები სოციალური უფლებების თანდათანობითი და სრული რეალიზებისთვის.
  1. ხელშეკრულება ამბობს, რომ საქართველო ვალდებულია, საკუთარ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ასახოს მის მიერ რატიფიცირებული შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ფუნდამენტური, პრიორიტეტული და სხვა კონვენციები (მ. 229.3); ასევე მიიღოს შრომის დაცვის სტანდარტები, განსაკუთრებით, გაერთიანების თავისუფლების აღიარების, კოლექტიური მოლაპარაკების ქმედითი მექანიზმების შექმნის, იძულებითი და სავალდებულო შრომის აკრძალვის, ბავშვთა შრომის ქმედითი აკრძალვისა და შრომით ურთიერთობაში დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით (მ. 229.2).
  1. ხელშეკრულებით საქართველო აღიარებს ღირსეული შრომის სტანდარტების გავლენას ქმედითი ეკონომიკური განვითარების, ინოვაციისა და შრომის ნაყოფიერებაზე და ყველა შესაძლო საშუალებით ცდილობს, შეიმუშავოს ერთმანეთთან თანმხვედრაში მყოფი ვაჭრობისა და შრომის პოლიტიკა (მ. 231.1). ხელშეკრულებით საქართველო იღებს ვალდებულებას, ითანამშრომლოს ევროკავშირთან სრული დასაქმების, დასაქმების ხელშეწყობის, შრომის ბაზრის მოდერნიზაციის სფეროებში (მ. 239).
  1. და ახლა განსაკუთრებით საინტერესო დებულება: ხელშეკრულებით საქართველო აღიარებს, რომ დაუშვებელია შრომის ფუნდამენტური პრინციპებისა და უფლებების დარღვევით შედარებითი უპირატესობის მოპოვება სავაჭრო სფეროში ან ამ პრინციპებისა და უფლებების გამოყენება პროტექციონისტური ვაჭრობისთვის (მ. 229.5). სხვა სიტყვებით, საქართველო უცხოურ ინვესტიციაზე ვერ გაყიდის შრომის ფუნდამენტურ პრინციპებსა და უფლებებს. დავუბრუნდეთ ხელშეკრულებას: საქართველო აღიარებს, რომ ვაჭრობისა და ინვესტირების წახალისება არ უნდა მოხდეს შრომის კანონმდებლობის გაუარესების ხარჯზე (მ. 235.1); საქართველო იღებს ვალდებულებას, არ გააუქმოს ან დაამცროს შრომის კანონმდებლობა ინვესტიციების გასაზრდელად (მ. 235.2). და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი: საქართველო ვერ იტყვის უარს შრომის კანონმდებლობის აღსრულებაზე ინვესტიციების წასახალისებლად (მ. 235.3).

ამის წერას რომ მოვრჩი, აღმოვაჩინე, რომ უკვე არსებობს უფრო ვრცელი და საფუძვლიანი ანალიზი ასოცირების ხელშეკრულებაში შრომით საკითხებზე. უფრო ვრცლად იხილავთ აქ.


– ჩვენს ვებგვერდზე ასევე შეგიძლიათ იხილოთ ვაკო ნაცვლიშვილის სხვა წერილი: “საკონსტიტუციო რეფორმა – სოციალური უფლებები.”

ვაკო ნაცვლიშვილი: საკონსტიტუციო რეფორმა – სოციალური უფლებები

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ