მაია რაზმაძე: შრომა და ადამიანი ისტორიულ კონტექსტებსა და თანამედროვე სამყაროში

ადამიანი Animal laborans თუ პოლიტიკური არსება?!

თავდაპირველად საუბარი დავიწყოთ ცოტა შორიდან, შრომის არსისა და მნიშვნელობის ფილოსოფიური გააზრებიდან. aristoteles_420

ძველი ბერძნები ერთნამეთისგან განასხვავებდნენ მონების შრომას და თავისუფალი ადამიანის საქმიანობას. არისტოტელე ცხოვრების სამ წესს განიხილავდა: ა) თავისუფალი ადამიანის ცხოვრებას, რომელიც თავისუფალია ყველა იმ ყოფითი საჭიროებიდან და რუტინული შრომიდან, რასაც ადამიანი თავისი ბიოლოგიური არსებობიდან გამომდინარე, თვითგარდაჩენისთვისთვის ეწევა. ბ) მონათა შრომას, რომელიც თავისუფალი მოქალაქეებისგან განსხვავებით ორმაგი იძულებით ხასიათდება: მონებს უნდა ემუშავათ მათი ბატონ-პატრონის ბრძანების ქვეშ. თავიანთი ენერგია და სამუშაო ძალა მთლიანად მათი მფლობელის განკარგულებაში ჩაეყენებინათ. ამასთანავე, მონებს უნდა ეშრომათ ფიზიკურად ყოფითი საჭიროებიდან გამომდინარე, რათა საკუთარი შრომით მოეპოვებინათ თავისი სარჩო-საბადებელი. გ) მესამე ცხორების წესი თავისუფალ მშრომელებს და ხელოსნებს ეხებათ. ისინი მართალია მონისაგან განსხვავებით ბატონზე დამოკიდებული არ იყვნენ, მაგრამ არც მათი საქმიანობა იყო იძულებისგან თავისუფალი, რადგანაც მათაც არსებობისთვის, მიწიერი ყოფის მოწყობისთვის და თავიანთი საქმიანობის შეძლებისაგვარად სარფიანად წარმათვისათვის, ნებაყოფლობით თუ იძულებით, მთელი ცხოვრების განმავლობაში უხდებოდათ უამრავი რუტინული, ფიზიკური, საკუთარი სურვილის წინააღმდეგ მიმართული საქმიანობების შესრულება. სხვანაირად რომ ვთქვათ, ისინი არ იყვნენ თავისუფალი სოციალური და ეკონომიკური იძულებისგან და ვერ ფლობდნენ დროს, მეტიც მისი დიქტატის ქვეშ ექცეოდნენ. ამიტომ არტისტოტელეს თვალთახედვით თავისუფალი ხელოსნები და მოქალაქეებიც არ იყვნენ თავისუფალი ადამიანები. თავისუფალი არსებობის გამოხატულებად არისტოტელე პოლიტიკური განზომილებას ანუ Vita Activa-ს თვლიდა. თავისუფალი არსებობის უმაღლეს ხორცშესხმად კი ფილოსოფოსების ცხოვრებას მიიჩნევდა. ეს უკანასკნელი ცხორების წესი შემეცნების (Erkentnissuche), ფიქრის, დაკვირვების, ჩაღრმავებისა და სიმართლის ძიების Vita Kontemplativas მოიცავს და თავისუფალია ყოველგარი რუტინისგან, ყოფითი საჭიროებიდან და სოციალური იძულებებისაგან. თუმცაღა აქ აუცილებელია აღინიშნოს, რომ ძველ საბერძნეთში ამგვარ თავისუფალ შემოქმედებით არსებობას ანუ ფილოსოფოსთან ცხოვრების წესის განხორციელებას სწორედ მონათა შრომა ხდიდა შესაძლებელს. რადგანაც, მათზე იყო დაკისრებული ყოველგვარი ფიზიკური, რუტინული, მძიმე და დამღლელი შრომის ტვირთი და ყოველგვარი შავი სამუშაო.

Portrait Of Hannah Arendtჰანა არენდტი, რომელიც თავის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ნაშრომში Vita Activa-ს მნიშვნელობას მეტად ორიგინალურად განავრცობს და გაიაზრებს, თანამედროვე ინდუსტრიულ საზოგადებაში სწორედ Vita Activa-ს დაკნინებაზე მიუთითებს. არენდტი სამ ძირითად საქმიანობას: ა) მუშაობას, დამზადებას და მოქმედებას განასხვავებს. მუშაობა ეს ის საქმიანობაა, რომელიც ადამიანს თავისი ბიოლოგიური თვითგადარჩენისათვის, მიწიერი არსებობისთვის, ცხოვრების საჭიროებიდან და აუცილებლობიდან გამომდინარე ასრულებს. ბ) დამზადების საქმიანობა საგნების, ხელსაწყოების დამზადებას და შექმნას გულისხმობს. ეს ხელოვნური სამყაროა, სადაც ადამიანი ქმნის, ჩარხავს და აწარმოებს სხვადასხვა ხელსაწყოებს, რომ ბუნება, სტიქია გარკვეულ დონემდე მაინც დაიმორჩილოს და თავისი კონტროლს დაუქვემდებაროს, რესურსები აითვისოს და ასევე თავისი ფიზიკური შრომა გაიადვილოს დამზადებული ხელსაწყოების მეშვეობით. გ) არენდტის მესამე კატეგორია მოქმედება (Handeln) ადამიანური არსებობის უმაღლესი გამოვლინებაა, რადგან ის მოიცავს „პოლიტიკურს“.[1] ის თავისუფალია ყოველგარი მატერიისგან, მატერიალურისგან და საგნებისგან. ადამიანი თავისუფალებას სწორედ პოლიტიკურ განზომილებაში და სივრცეში აღწევს, პოლიტიკურ არსებად იგი სწორედ პოლიტიკურ სივრცეში იქცევა. აქ არენდტი აღნიშნავდა, რომ ბერძნული პოლისების შემდგომ შუა საუკუნების და ახალი დროის (Neuzeit) დადგომისას ადამიანთა მუშაობამ და დამზადების ცხორების წესმა მეტი გავრცელება, დაფასება და პოზიტიური მნიშვნელობაც შეიძინა, მაგრამ ისინი არ შერწყმიან პოლიტიკურს. ახალმა დრომ პოლიტიკურის მნიშვნელობა კი არ გააფართოვა ან მისი პირველადობის ხორცშესხმა მოახდინა, პირიქით ეს კატეგორია შეკვეცა და დააკნინა.

 

სახელწიფოს მიერ ორგანიზებული კაპიტალიზმი – კაპიტალიზმის “გაკეთილშობილება”

არენდტი სამართლიანად აღნიშნავდა, რომ მე-19 საუკუნეში წამოწყებულმა მუშათა მოძრაობამ, დიდი ბრძოლისა და მსხვერპლის ფასად, მართალია მოახერხა სოციალური და სტუქტურული ძალადობისა და ჩაგვრის შემსუბუქება და შრომის შედარებით ჰუმანური პირობების დამკვიდრება. მართლაც, თუ გავიხსენებთ, როდესაც 1886 წლის 1 მაისს ჩიკაგოს ჰაიმარკის მოვლენების შემდეგ, როდესაც მუშები ჩაგვრის, დაბალი ხელფასების წინააღმდეგ, 12-14 საათიანი სამუშაო დღის შემცირებისა და საკუთარი უფლებების გაზრდის მოთხოვნით გამოვიდნენ, მათი ხელძღვანელები სასტიკად დასაჯეს. მუშათა გაფიცვის ორგანიზატორს და მშომელთა უფლებების მებრძოლს, სოციალისტური გაზეთის რედაქტორს აუგუსტ შპიერს (გერმანელ ემიგრანტს) მაშინდელი წესრიგის დამცველებმა სხვა თანამოაზრეებთან სიკვდილის განაჩენი გამოუტანეს. თუმცა ამ მოვლენის შემდეგ მუშათა მოძრაობა უფრო გაძლიერდა, გაფართოვდა და საბოლოოდ მშომელთა მოთხოვნების დაკმაყოფილებაც მოხერხდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მშრომელთა მდგომარეობა დასავლეთის ინდუსტრიულ საზოგადოებებში მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. განსაკუთრებით 60-70 წლების, ე.წ. კაპიტალიზმის “გაკეთილშობილებისა” და სოციალური თანხმობის ხანაში კი მშრომელთა სოციალური უსაფრთხოება და მათი უფლებრივი მდგომარეობა ისეთი დაცული გახდა, როგორც არასდროს: კანონმდებლობით და სატარიფო ხელშეკრულებებით განისაზღვრა სამუშაო დღის ხანგრძლივობა; შესაძლებელი გახდა წვდომა ისეთ საყოველთაო სიკეთეებზე, როგორიცაა პოლიტიკური თანამონაწილეობა, განათლება, ჯანმრთელობა, საცხოვრებელი, ტრანსპორტი, დასვენება, სპორტი. დაშვებული იქნა მშრომელთა თანამონაწილეობა საწარმოო მოგებაში. გაიზარდა და გამყარდა პროფკავშირებიც და მათი გავლენაც სოციალურ პროცესებზე და პოლიტიკაზე. შეიცვალა მთლიანი საზოგადოების სოციალური სტრუქტურა და ჩამოყალიბდა მრავალრიცხოვანი საშუალო, შეძლებული კლასი, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა წარმოებულ პროდუქციასა და სოციალურ სიკეთეებზე. სახელწიფოს მიერ ორგანიზირებულ კაპიტალიზმში პოლიტიკური და სოციალური პროცესებიც დემოკრატიულ წყობაში გადავიდა.

აქ აუცილებელია აღინიშნოს, რომ ამ სოციალურად “გაკეთილშობილების” პროცესს დიდწილად საგარო ფაქტორიც, კერძოდ კი სოციალისტური ბლოკის არსებობაც განაპირობებდა. საბჭოთა კავშირი, რომელიც თავს მემარცხენე სოციალისტულ სახელწიფოდ აცხადებდა, თავისებურ მეტოქეობას უწევდა დასავლეთის კაპიტალისტურ სამყაროს (“სპუტნიკის შოკი”). ეს გარემოება კი ევროპული ქვეყნების მთავრობებს აიძულებდათ საყოველთა სიკეთეებზე ორიენტირებული, სოციალური პოლიტიკები გაეტარებინათ და ეკონომიკური პროცესების სამართავად რეგულაციები შემოეღოთ ანუ რეგულირებული კაპიტალიზმის ფორმა დაემკვიდრებინათ. თუმცაღა, კაპიტალისტური სისტემის სოციალ-პოლიტიკურად შერბილების მიუხედავად, ევროპის სოციალისტურმა და სოც-დემოკრატიულმა პარტიებმა გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც ვერ შეძლეს თავიანთი ძირეული პროგრამული მიზნების განხორციელება. მათ ვერ მოახერხეს კაპიტალიზმის შიგნით მისი სისტემური ელემენტების თანდათანობითი ტრანსფორმაცია მეტად დემოკრატიული, სოციალურ სოლიდარობაზე დაფუძნებული საზოგადორბივი პროექტის სასარგებლოდ. კაპიტალიზმთან თავდაპირველად “კეთილი” გარიგება უკვე შემდგომ 90-იან წლებში, როგორც დღეს ვხედავთ, ნეოლიბერალიზმთან ალიანსში გადაიზარდა. რაც გამოიხატება სახელმწიფოს, როგორც თანასწორი წესების დამდგენისა და საყოველთაო სიკეთეების შემქნელის ფუნქციის შეკვეცასა და მის ეკონომოკურ, ვიწრო ინტერესების დაქვემდებარებაში.

მეორეს მხრივ, თუ მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებს, ე.წ. კაპიტალიზმის “გაკეთილშობილების” ხანაში სხვა ჭრილში შევხედავთ, ამ დროს მართალია მშომელთა ემანსიპაცია განხორციელდა, მაგრამ თუ აქ ჩვენ შეფასების კრიტერიუმად თავისუფალებას ავიღებთ, ადამიანი “სისტემური იძულებებისგან”, როგორც ამას მარქსი უწოდებდა, მაინც არ გათავისუფლებულა. ის კვლავ დამოკიდებულ არსებად დარჩა. ჰანა არენდტს რომ დავუბრუნდეთ, თანამედროვე ინდუსტრიულ საზოგადოებაში მუშაობა და დამზადება – arbeiten und herstellen- არა მხოლოდ გაფართოვდა, მან ყველა სხვა საქმიანობაზე, მათ შორის პოლიტიკურზეც, დომინაცია მოიპოვა. თავისუფალი, შემეცნებითი, შემოქმედებითი და ენთუზიამზე დამყარებულმა საქმიანობამ ლამის ჰობის, გვერდითი საქმიანობის სფეროშიც კი გადაინაცვლა. ღირებული კი მხოლოდ ის საქმიანობა გახდა, რაშიც გასამრჯელოს იღებ და კაპიტალის აკუმულირება შეიძლება. არენდტი ინდუსტრიულ საზოგადოებაში ადამიანის ახალი ტიპის გაჩენაზეც მიუთითებდა. მასობრივი ადამიანი, რომელიც მხოლოდ მუშაობასა და კონსიუმში/მოხმარებაში ახერხებს თავისი თავის განხორციელებას და მთელი სიცოცხლე უკვე ეკონომიკის დიქტატსაა დამორჩილებული. ის ერთი და იგივე წრებრუნვაში, როგორც ამას არენდტი სამართლიანად შენიშნავს, მარტოსულ, ფესვების გარეშე დარჩენილ არსებად იქცა.

თუ ერიხ ფრომს დავესესხებით, კაპიტალისტურ, ინდუსტრიულ საზოგადოებაში, ადამიანი მიუხედავად მისდამი მინიჭებული პოლიტიკური და სოციალური უფლებებისა ლამაზ, საგნებით მორთულ გალიაში მჯდომ პატიმარსაც დაემგვანა, რომლის ცხოვრება, ერთის მხრივ, განსაზღვრულია პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის მიერ: კარიერა, სამუშაო, სტატუს იერარქია, კონსუმირება, კრედიტი, გადამხდელობა და შეგროვება საპენსიო და სადაზღვეო ფონდებში. მეორეს მხრივ, ადამიანის ცხოვრების სტილი, გემოვნება, არჩევანი, დასვენება, მოხმარება ა.შ. უკვე წინასწარ განსაზღრულია ბაზრის, როგორც რეგულატორის მიერ. ფრომი აქ სავსებით მართებულად მიუთითებდა ადამიანის დეჰუმანიზირებასა და მის გასაგნებაზე, რამეთუ ადამიანი შრომის ბაზარზე საკუთარი თავის გამყიდველიც არის და საგანიც/საქონელიც, რომელსაც ორგანიცაზიები და კორპორაციები იძენენ. კაპიტალიზმისათვის დამახასიათებელმა კაპიტალის მძლავრმა კონცენტრაციამ და კაპიტალისტური წარმოების წესმა სამუშაოს რადიკალური დანაწევრების და სპეციალიზების თანხლებით, შრომის ისეთი ორგანიზაცია წარმოშვა, სადაც ადამიანმა თავისი განსაკუთრებულობა და ინდივიდუალორობა დაკარგა და თავისივე შექმნილ სისტემის პატარა ბორბლადაც კი იქცა, რომლის შეცვლაც პრინციპულად შესაძლებელია. ErichFromm

საბოლოოდ კი შეიძლება ითქვას, “გაკეთილშობილებული” კაპიტალიზმი მართალია ანიჭებდა მშობლებს პოლიტიკურ უფლებებს და სოციალურ დაცულობის გარანტიებს, ამავდროულად და უწინარესად ის ხელმძღვანელობდა თავისი რეგენერაციისა და გადარჩენის ლოგიკიდან. კაპიტალიზმს მუდმივად ჭირდება ენერგიით სავსე, ჯანმრთელი ადამიანების დიდი რაოდენობა, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში კარგად ფუნქციონირებენ და სისტემაში ჩართულები არიან. აქ უკვე აღარაა საჭირო ტოტალური პოლიტიკური ზეწოლა და ძალადობა, რადგან ადამიანები, უხეში, პოლიტიკური ძალადობის გარეშეც მიყვებიან სისტემის მითითებებს, გამზადებული ცხოვრების პროექტებს და მის წრებრუნვას. მათი მიზანი ხომ მეტი არაფერია, გარდა იმისა, მათზე დაკისრებული მოლოდინები შეასრულონ, იფუნქციონირონ, მოიხმარონ, მოძრაობაში დარჩნენ და სოციალურად წინ წაიწიონ (ფრომი 1965: 100ff. The Art of Loving). თვით პენსიაში გასვლაც კი, რაც მრავალწლიანი შრომის და საპენსიო ფონდებში დაგროვებითი შენატანის შესრულების შემდეგ, მშრომელების მხრიდან მუშაობის მარწუხებიდან გათავისუფლებად და საკუთარი თავის ფლობის ხანადაც ითვლება, მომხმარებულ ინდუსტრიის ჩარჩოებშია მოქცეული. მარკეტინგი ხომ თავისი მრავალი სამომხმარებლო შემოთავაზებებით, გემებით მოგზაურობა თუ ტანსაცმლის კატალოგები, დიდწილად სწორედ ამ ფინანსურად შეძლებულ პენსიონერთა ფენაზე აკეთებს გათვლას და სიცოცხლის ბოლომდე საგნების მოხმარების წრებრუნვაში აბამს.

მარქსიც ინდუსტრიულ საზოგადოებაში კაპიტალსა და შრომას შორის არსებულ წინააღმეგობაზე და ადამიანისა და შრომის გაუცხოებაზე მიუთითებდა. შრომა, მისეული გაგებით, არა იძულებიდან და სოციალურად გადარჩენის საჭიროებებიდან უნდა მოდიოდეს და ხელფასით განისაზღრებოდეს, არამედ ეს ცოცხალი, თავისუფალი პროდუქტიული თვითსაქმიანობა, საკუთარი შემოქმედებითი ძალის თვითგამოვლენა უნდა იყოს. ამიტომაც იგი კაპიტალისტური სამყაროს მახასიათებლებს: დაგროვებას, სარგებლის მაქსიმალურად გაზრდას, ძალაუფლებას, სტატუსის იერარქიას, ფლობას, საგნების დამზადებასა და პოზიციისთვის სწაფვას არა აქტიურ, პროდუქტიულ შრომად, არამედ წამოუდგენლად პასიურ, მკვდარ საქმიანობად მიიჩნევდა, რომელიც შემოქმედებით პოტენციალს აფერხებს კიდეც.

არაორგანიზირებული, გლობალიზირებული “მოქნილი კაპიტალიზმი”- ახალი ლოზუნგი “კონკურენტუნარიანობა”

საინტერესოა აქ დავსვათ კითხვა, თუ როგორ განვითარდა შრომა და სამუშაო თანამედროვე გლობალიზირებულ, ნეოლიბერალურ კაპიტალიზმში. მაგალითად კი მოვიყვანოთ გერმანიაში მიმდინარე განვითარებანი.

დღესდღეობით დასავლეთის ინდუსტრიულ საზოგადოებებში ერთის მხრივ მიმდინარეობს ტრადიციული ინდუსტრიული მრეწველობის გარდაქმნა და შეკვეცა. მეორეს მხრივ, მოხდა ტრადიციული წარმოებების ნაწილის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში გადატანა სარგებლის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, რამეთუ ამ ქვეყნებში ძირითადად დაბალი სოციალური სტანდარტები და იაფად წარმოებისათვის ხელსაყრელი პირობებია, მაგ. ტექსტილის ფაბრიკის-Rana-Plazas ჩამონგრევა 2013 ბანგლადეში, სადაც 1136 ადამიანი დაიღუპა. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია ბანგლადეში, რომელიც ტექსტილის ნაწარმის სიდიდით მეორე ექსპორტიორია მსოფლიოში (ჩინეთის მერე). ტექსტილის ინდუსტრიაში დასაქმებულია 4,2 მილიონი ადამიანი, აქედან 80 პროცენტი ქალი.

ინდუსტიალიზაციამ, როგორც ამას ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი დენი როდრიკი სამართლიანად მიუთითებს, დასავლეთის ქვეყნებში თავის პიკს მიაღწია და ის დე-ინდუსტიალიზაცის ფაზაში გადაიზარდა, რაც გამოიხატება მომსახურეობის და ფინასური ეკონომიკის სფეროების გაზრდით. ეს უკანასკნელი კი მუდმივად იზრდება თავისი კომპლექსური, არცთუ იშვიათად გაუმჭირვალი, რთულად გასაგები პროდუქტებით და სპეკულაციებით. თუმცაღა, დასავლეთის ინდუსტრიულ საზოგადოებებში მაღალტექნოლოგიური წარმოება და პრიორიტეტული ინდუსტრიები მაინც რჩება. ესენია: ავტომობილის და საკვების ინდუსტრია, იარაღის ექსპორტი, ქიმიური, ხელოვნური ნაწარმი, დანადგარების და ნაწილების წარმოება, რომელიც საჭიროა უკვე არსებული ინდუსტრიების კვლავწარმოების, ახლის შექმნისთვის და ასევე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში რესურსების ასათვისებლად და მათ გადასამუშავებლად, მაინც რჩება და ვითარდება. ბოლო დროს შეინიშნება წარმოებაში მწვანე ინდუსტრიების ზრდის ტენდეციაც ენერგო-დამოუკიდებლობის მოპოვების მიზნით. მაღალტექნოლოგიური წარმოება და კვლევა წახალისებულია მთავრობების მიერ სხვადასხვა სახის სუბსიდიებით და პრიორიტეტული დაფინანსებით. მეორეს მხრივ, მაღალი ტექნონოლოგიები და ტექნოლოგიური ცოდნის წარმოებაზე დომინაცია ერთგვარ ჩაგვრის ინსტუმენტადაც კი წარმოგვიდგება, რის საშუალებითაც დასავლეთის ინდუსტრიული ქვეყნები (კომპანიები) დღევანდელ ნეოლიბერალურ ეკონომიკურ წესრიგში და მსოფლიო ბაზარზე დომინანტ პოზიციებს იკავებენ, რათა რესურსებზე წვდომის პირველობა შეინარჩუნონ (cf. Osterhammel 2006).

გადაქმნის ამ პროცესებმა: დე-ინდუსტრიალიზაციამ, ახალ ტექნოლოგიებმა, წარმოების პროცესის მაქსიმალურმა რაციონალიზაციამ-ავტომატიზაციამ და ამ ყოველივემ ნეოლიბერალიზმის გაძლიერების კონტექსტში, რასაკვირველია შრომის ბაზარსა და შრომის ბუნების შეცვლაზეც მოახდინა გავლენა. მან მრავალი გვერდითი ეფექტები მოიტანა, მათ შორის შრომის დაცვის და სოციალური უსაფრთხოების მექანიზმების მოშლა.

პირველ რიგში შეიცვალა დამკვიდრებული შრომითი ურთიერთობების სტანდარტული მოდელები, დამქირავებლისა და გაქირავებულს შორის  ტრადიციულად არსებული უვადო სამუშაო ხელშეკულებების ფორმები. გაჩნდა ახალი, არასტანდარტული დასაქმების ფორმები: ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ხელშეკრულებები; ლიმიტირებული სამუშაო ხელშეკრულებები (განსაკუთრებით გავცელებულია აკადემიურ სფეროში); მინი, დაბალანაზღაურებადი სამუშაო; დროებითი სამუშაოს სააგენტოები (Temporary work agency), რომლის მეშვეობით მუშახელის მიწოდება ხდება სამუშაო ბაზრისათვის. ამ პირობებში ჩაყენებული მშრომელები მოკლებულია სოციალ დაცულობას. ასევე სტანდარტული შრომის ფორმების გადაქმნის ერთ-ერთი გამოვლინებაა ე.წ. outsourcing-იც. ასევე, გაიზარდა არაფორმალური სამუშაო სექტორიც, სადაც ხშირად, მაგ. მშენებლობებზე, საოჯახო სექტორი, დასუფთავება ა.შ. აღმოსავლეთ ევროპელი მომავალი შრომითი მიგრანტები დაბალი ანაზღაურებით და სოციალური დაცულობის გარეშე მუშაობენ.

უმუშევართა რიცხვი გლობალურად მზარდია. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მონაცემებით 2008 წლის ფინანსური კრიზისიდან დაახლოებით 61 მილიონი სამუშაო ადგილი გაუქმდა. ამავე ILO-ს შეფასებით 2014 წლისათვის 201 მილიონი ადამიანი ითვლებოდა უმუშევრად. ეს რიცხვი 2019 წლისთვის 212 მილიონამდე გაიზრდება. მიუხედავად განათლების დონის ამაღლებისა, განსაკუთრებით მზარდია უმუშევრობის ხვედრითი წილი ახალგაზრდებში, რომელიც 3-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე მოზარდებში და მან 2014 წლისთვის 74 მილიონი ახალგაზრდა შეადგინა (ILO 2015: 3). ამასთანავე, ILO-ს მონაცემებით დაქირავებულთა მხოლოდ 40 პროცენტამდე იმყოფება უვადო, სრულ განაკვეთიანი სამუშაო ხელშეკრულების პირობებში და ეს დასაქმების ფორმაც მილევადია, ნახევარ განაკვეთზე დასაქმებისა და მოკლევადიანი დასაქმების ფორმების გაზრდის სასარგებლოდ.

აქ საინტერსო იქნება გერმანიის მაგალითის მოტანა. ამ ქვეყანაში, რაც არ უნდა პარადოქსული მოგვეჩვენოს, სოციალ-დემოკრატიული და მწვანეთა პარტიული კოალიციის (1998-2005) დროს დაიწყო და განხორციელდა შრომის ბაზრის ლიბერალიზაცია და დერეგულაცია, სისტემის უფრო მეტად მოქნილად ქცევისა და კონკურენტუნარიონობის გაზრდის საბაბით. სწორედ სოციალ-დემოკრატი შრედერის მთავრობის დროს დამკვიდრდა მცნებები “კონკურენტუნარიანობა” და “კონკურენტუნარიანობის” გაზრდა, როგორც ინდივიდუალურად, ისე კოლექტიურად. მის დროს განხოციელდა კონტროვერსული Hartz IV რეფორმა[2]. დღესდღეობით შრომის ფედერალური აგენტურის ოფიციალური მონაცემებით უმუშევართა რიცხვი არნახულად დაბალია, ანუ დახ. 2,7 მილიონ კაცს ეს შრომისუნარიანი მოსახლეობის 6,2 პროცენტს შეადგენს, როცა იგი 2006 წლისათვის 12 პროცენტი იყო. იმ დასაქმებულთა რიცხვი, რომელიც მუშაობს, მაგრამ დაბალი ანაზღაურების გამო სოციალურ დახმარებას იღებს 3,5 მილიონს შეადგენს. 43 მილიონი ადამიანი მაინც რჩება ისეთ სოციალური დაზღვევის მომცველ დასაქმების ფორმაში. თეორიულად ეს ის საშუალო ფენაა, რომლებსაც მუშაობა, ყიდვა, მოხმარება, გადასახადების გადახდა და მოხმარების სტიმულირება შეუძლია.

მაგრამ შევხედოთ სოციალურ გარდაქმნებს უფრო სიღმისეულად. მიუხედავათ პოზიტიური სტატისტიკისა, შრომის ბაზრის დერეგულაციამ და ლიბერალიზაციამ კონკურენტუნარიანობის გაზრდის მიზნით, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სხვადასხვა უარყოფით გავითარებებს დაუდო სათავე. ესენია: გაზრდილი სტრესი, შემცირებული სოციალური გარანტიები, გაუარესებული ცხოვრების პირობები და შემცირებული ხელფასები.

ახალი კვლევები ამერიკასა (Jaffe 2015) და გერმანიის (Bispinck&Schulten 2011; Schulten&Schulze-Buschoff 2015) მაგალითზე დასაქმების ახალი ფორმების შესახებ საზოგადოებებში ახალი მოწყვლადი ჯგუფების გაჩენასა და მეტიც, ახალ პრეკარიატის წარმოშობაზეც მიუთითებენ. მაგალითად, Schulten&Schulze-Buschoff 2015 კვლევა გერმანიის მაგალითზე გვიჩვენებს, რომ 1991 წლიდან 2013 წლამდე ნაწილობრივ დასაქმებულთა რიცხვი (part-time) 2,5 მილიონიდან 5 მილიონამდე გაიზარდა და მთლიანობაში გერმანელ მშომელთა 40 პროცენტს დღეს არასტანდარტული დასაქმებულის სტატუსი აქვს. ლიმიტირებული სამუშაო ხელშეკრულებებით დასაქმება და სოციალური უსაფრთხოების მექანიზმების მოშლა, როგორც ზემოთ აღნიშნული კვლევები მიუთითებენ, შეეხო სამშენებლო, დასუფთავების, სამედიცინო და ასევე აკადემიურ სფეროებს. ეს უკანასკნელი სულ უფრო და უფრო ექცევა ეკონომიზაციის ქვეშ და მეტად ხდება გარეშე გარანტიების მოპოვებაზე დამოკიდებული, რაც მის ობიექტურობას და განმანათლებლობის ფუნქციას თანდათან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.

სხვა პარადოქსული მოვლენა, რომელიც ასევე უნდა გამოიკვეთოს, არის ის რომ, გერმანიაში მიუხედავად უმუშევრობის რიცხვის სტატისტიკურად რეკორდული შემცირებისა, სოციალური უთანასწორობა და სიღარიბე წლიდან წლამდე კლების მაგივრად იზრდება. ოფიციალური სიღარიბის რეპორტის 2015 მიხედვით სიღარიბის კვოტა დაახლოებით 12,5 მილიონ ადამიანს ანუ 15,5 პროცენტს მოიცავს. რეალური რიცხვი, თუ გავითვალისწინებთ მოქალაქეობის და ოფიციალური სტატუსი არმქონე პირებს, კიდევ უფრო მაღალია. მთლიანი ევროკავშირის მასშტაბით პოტენციურად ღარიბი ადამიანების რიცხვი კიდევ უფრო მაღალია და ის 122 მილიონ ადამიანის ანუ მოსახლეობის 24,4% შეადგენს.

თუ საზოგადოების შიდა პროცესებსაც დავაკვირდებით, შრომის ბაზრის დერეგულაციამ, როგორც ამას ზემოთ ხსენებული კვლევები სამართლიანად შენიშნავენ, გარდა სოციალური დაცულობის მექანიზმების მოშლისა გამოიწვია შიშების გაზრდა, მშობელთა დადუმება და პარალიზება. სოციალური შიშის და გაურკვევლობის არსებობას ადასტურებს ასევე ახლახან ჩატარებული “შელის” ახალგაზრდების გამოკითხვაც (Die Shell Jugenstudie 2015). დღევანდელი ბაზარი, ერთი შეხედვით, თითქოს ათას შესაძლებლობას გვთავაზობს. მაგრამ, როგორც ამას სოციოლოგი ჰაინც ბუდე თავის ნაშრომში “შიშის საზოგადება” (2014) შენიშნავს, მუდმივი კონკურენცია, სამუშაო ადგილის, სტატუსის, პოზიციისთვის ბრძოლა აჩენს ასევე შიშს, რომელიც გამოიხატება გაურკვევლობით, უსაფრთხოების გარანტიების, საყრდენის მოშლით, იმედგაცრუებით და ჩუმი, ლატენტური ფრუსტრაციით, რომ იმ პოზიციას ვერ აღწევ, რაც საკუთარი გარჯითა და განათლებით დაიმსახურე.

მთავარი შიში კი, მაინც არამყარი დასაქმების ფორმით გამოწვეულ გაურკვევლობებს და სამუშაოს შესაძლო დაკარგვას ეხება. სამუშაო თანამედროვე საზოგადოებაში ადამიანისთვის ყველაზე უმნიშვნელოვანესია. თანამედროვე ადამიანი ხომ საკუთარი საზოგადოების პოზიციას, სტატუსსა და თვითრწმენას სწორედ იმაზე დაყრდნობით აგებს, თუ რა სამუშაო ადგილი და პოზიცია უკავია. შესაბამისად, სამუშაო მისი არა მხოლოდ შემოსავლის და საკუთარი პურის მოპოვების წყაროა, არამედ მისი იდენტობის მთავარი საყრდენიც. მისი დაკარგვა კი საზოგადოებრივი პროცესებიდან მოწყვეტას და მის სრულ სოციალურ იზოლაციას უდრის. ამიტომაც შიში გახდა ერთგვარი დეტერმინანტი ადამიანის შრომის პროცესში ჩართვისა და ფუნქციონირებისათვის.

ბოლოს კი, მნიშნელოვანია შევეხოთ მიგრანტების, განსაკუთრებით ყოფილი სოციალისტური ბლოკიდან სამუშაოსა და უკეთესი პერსპექტივის საძებრად ევროპაში ჩასული ადამიანების, შრომის მნიშვნელობას რადიკალურად დანაწევრებულ შრომის ორგანიზაციაში. ჯერ კიდევ სახელწიფოს მიერ ორგანიზებული კაპიტალიზმის ხანიდან, ისინი არცთუ უმნიშვნელო როლს არსულებდნენ ეკონომიკურ წინსვლასა და შრომის ორგანიზაციაში. რამეთუ სწორედ თურქეთიდან, იტალიიდან, ყოფილი იუგოსლავიიდან ხელშეკრულებებით ჩამოყვანილი იაფი მუშახელის და მათი ჯანმრთელობის ხარჯზეც განხოციელდა მაგ. გერმანიის ინდუსტრიალიზაცია და მთელი ინფრასტრუქტურული განვითარებანი. მათი როლი იერარქიული ეკონომიკის ფუნქციონირებისათვის დღესაც მნიშნელოვანია. სწორედ მათ ხარჯზე მოდის დაბალანაზღაურებადი, რუტინული, საყოფაცხოვრებო, მძიმე და ფიზიკურად დამტვირთველი სამუშაოების შესრულება. ასეთ სფეროებს მიეკუთვნება ხორცის ინდუსტრია (სასაკლაოები, ხორცის შეფუთვა), მოსავლის აღება და შეფუთვა (პომიდვრის, წიწაკის თუ ზეთისხილის ინდუსტრია), ჯანმრთელობის და ხანდაზმულების მოვლის სექტორი, კერძო ოჯახები (ძიძა, დასუფთავება, დამხმარე), გასტრონომია, დასუფთავება ა.შ.. მართალია, დღევანდელი მიგრანტები არ არინ სრულიად უუფლებო მდგომარეობაში, როგორც ძველ საბერძნეთში მონები იყნენ, მაგრამ ერთის მხრივ აღ. ევროპაში მიმდინარე ნეოლიბერალური ექსპერიმენტისა და მეორეს მხრივ დასავლეთის ინდუსტრიულ ქვეყნებში შემზღუდველი პოლიტიკის ფონზე მიგრანტების უფლებრივი მდგომარეობის მიმართ, მათი შრომა პოსტმოდერნული მონობის შრომასაც კი შეიძლება შევადაროთ. რამეთუ მიგრანტების დიდ ნაწილს დღემდე საკმაოდ შეზღუდული ან ნაწილობრივ შეზღუდული პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური უფლებების პირობებში უწევთ არსებობა და შრომა[3], რაც მათ შესაძლებლობას, რომ სოციალურად და პოლიტიკურად გაუთანასწორდნენ ქვეყნის ძირითად ნაციონალურ მოსახლეობას, ამუხრუჭებს და უთანასწორობის დაძლევას მხოლოდ თაობების გასვლის შემდეგ ხდის შესაძლებელს.

სოციალ-ანთროპოლოგი საბინე ჰესი ასეთი შრომის ილუსტრაციას Au-pair პროგრამის მაგალითზე ახდეს (“გლობალიზირებული საოჯახო საქმე. ოპერობა როგორც აღმოსავლეთ ევროპელი ქალების მიგრაციის სტრატეგია”). ეს პროგრამა ოფიციალურად კულტურის, ქვეყნის და ხალხის გაცნობის გზავნილითაა გადაფარული, თუმცა მის მიღმა, პრაქტიკაში არცთუ იშვიათად სწორედ იაფი შრომა და აღ. ევროპოდან იაფი მუშახელის რეკრუტირება იმალება. ჰესი, რომელიც თავის 1998-2000-იან წლებში ჩატარებულ კვლევაში სლოვენიელი გოგონების/Au-pair-ის მაგალითზე აღნიშნავს, რომ გოგონები ამ პროგრამას საკუთარ ქვეყანაში ეკონომიკურად გაჭირვებული სიტუაციისა და მათი ოჯახების შეუძლებლობის გამო, უკეთესი პერსპექტივის შექმნის მიზნით მიგრაციის საშუალებად იყენებენ. ხშირად სწორედ მათი შრომის ხარჯზე ახერხებენ გერმანელი საშუალო ფენის, შეძლებული ქალები საკუთარი სამუშაო კარიერისა და ოჯახის ერთმანეთთან შეთავსებას  (Hess 2009: 10). ამავდროულად, ჰესი იმასაც აღნიშნავს, რომ მიუხედავად ფრაგილური, დაუცველი და უფლებრივად შეზღუდული სიტუაციისა, მიგრანტი გოგონები მაინც ახერხებენ შეგუებითი სტრატეგიის გამომუშავებას და კრეატიული საშუალებებით დაუცველობის მართვასაც, ასევე გამოცდილების, სოციალური და ცოდნითი კაპიტალის მოგროვებას. თუმცა, ღიად რჩება კითხვა, თუ რამდენად შეუძლიათ დაბალანზღაურებად სექტორში დასაქმებულ ადამიანებს, გოგონებს და ქალებს სოციალური მობილურობა, დეკლასირების გადალახვა და თავიანთი შესაძლებლობების და ინტერესების რეალიზება რადიკალურად დანაწევრებულ შრომის ორგანიზირების პირობებში? თუ მათი დიდი ნაწილი ნეოლიბერალურ საზოგადოებაში სამუდამო სიღარიბისთვისა და სოციალურ მარწუხებში ყოფნისათვის არის განწირული?

 

ადამიანი როგორც მუდმივი Animal laborans?!

საბოლოოდ მივადექით მთავარ კითხვას, თუ როგორ შეიცვალა შრომის ბუნება და როგორია თანამედროვე ადამიანის და შრომის ურთიერთკავშირი?       დღესდღეობით ოფიციალურად სამუშაო დღის ხანგრძლივობა ოფიციალური სატარიფო ხელშეკრულებით ისტორიულად ისეთი მცირეა როგორც არასდროს. ეს ევროპის მასშტაბით 37-41 საათს შეადგენს. მშომელები თუ შევადარებთ წინა ისტორიულ ეპოქებს, დღეს ყველაზე საუკეთესოდ განათლებული, გაწრთვნილი და სპეციალიზირებულნი არიან. ამ წინაპირობებს ლოგიკურად ადამიანის გათავისუფლება და მისი ამაღლება სოციალურ და პოლიტიკურ ასპექტში უნდა მოეტანა. თანამედროვე რეალობა სულ სხვა სურათს გვთავაზობს.

პირველ რიგში აქ უნდა დასახელდეს, თუ რა იდეალებს და მიზნებს ეყრდნობა თანამედროვე ნეოლიბერალური საზოგადება და რა ცხოვრების პროექტებს სთავაზობს ადამიანებს. ესენი კი შემდეგია: კარიერა, ძალაუფლება, წარმატება, სარგებელი და ლიდერობის/წინამძღოლობის პოზიციის ქონაა. როგორც ახალი კვლევები მიუთითებენ, თანამედროვე შრომის ორგანიზაციაში კონცერნები ნაკლებად ამოდიან თავიანთი თანამშომლების შესაძლებლობებიდან. მათ ძირითადად ბაზრის მეტი და მეტი სეგმენტების ათვისება, ზრდა და შედეგი აინტერესებთ. ზოგადად თუ თვალს გადავავლებებთ სამუშაო ვაკანსიების განცხადებებს, იქ აუცილებლად შეგვხდება თანამედროვე სამუშაო სამყაროსთვის დამახასიათებელი მოთხოვნები, რომელიც კონკურენტუნარიანმა მუშაკმა, რათა ის დაიქირავონ, უნდა დააკმაყოფილოს: სტრესულ და დაჩქარებულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის კომპეტენცია, მობილურობა, მოქნილობა, კონფლიქტისუნარიანობა, პერმანეტული მზადყოფნა, მოქნილი სამუშაო საათები და პერფექციონიზმი. თანამშრომლის და დაქირავებული მუშაკის ეფექტიანობა და ვარგისიანობა იზომება მხოლოდ მიღწეული შედეგებით, რომლებიც პერმანენტულად უნდა გაიზარდოს, მიუხედავად იმისა რა შესაძლებლობა აქვს ადამიანს და რა საშუალებებია მის ხელთ. წარმატების და შედეგის ჩვენების წნეხი, მობილურობა, მოქნილობა, ამავდროულად დაკისრებული დიდი პასუხისმგებლობა და სტრესულ სიტუაციაში მუშაობა ადამიანს უფრო და უფრო ბოჭავს და თავის შესაძლებლობის ზღვრისკენ უბიძგებს. თანამედროვე ადამიანი, შეიარაღებული სპეციალიზირებული, ტექნოკრატიული ცოდნით, წარმატების მიღწევის გზაზე თავის თავს უფრო და უფრო ხშირად დეფიციტურად აღიქვამს და მუდმივად თავისი კომპეტენციის ოპტიმიზაციის ცდაშია, რათა არ დაკარგოს საბაზრო ღირებულება და არ დამარცხდეს კონკურენციაში. ის უფრო და უფრო ნაკლებად ახერხებს, თავის პირად ცხოვრებას, დასვენებას და სამუშაოს ყოფას შორის ზღვარი გაავლოს. თანამედროვე ტექნოლოგიებმა ყოფითი “მოშვებისა” და “წათვლემისთვის” გამოთავისუფლებული დრო და სივრცეებიც კი, მაგ. მეტროთი ან მატარებლით მგზავრობა, უკვე სამუშაო სივრცედ აქციეს. “არ დაკარგო არც ერთი წუთი, კონკურენციას არ სძინავს”- ასე რომ, მაგალითად ჩქაროსნული მატარებლით მგზავრობისას ტაბლეტზე, აიპედზე თუ ლეპტოპზე მომუშავე, სერიოზულ სახიანი ადამიანის მზარდი რიცხვის შემხედვარეს, სინდისის ქენჯნაც შეიძლება გაგიჩნდეს, თუ ვინცობაა ფიქრს მიეცი თავი ან ლანდშაფტების დათვალირებით გაერთე.

რა თქმა უნდა დაჩქარებული შრომის სამყაროში ტარიფით განსაზღრული, ოფიციალური სამუშაო დღის ხანგრძლივობა მხოლოდ პირობითი ცნება შეიძლება იყოს და პრაქტიკაში არაქმედითიც. ამის ადასტურებს, თუნდაც სამუშაო სტრესის დასაძლევად ე.წ. ტვინის დოპინგის და პოტენციის ამაღლების პრეპარატების (Methylphenidat, Modafinil, Amphetamine) მომხმარებელთა მზარდი რიცხვი. ასევე ისეთი დაავადებების გაჩენაც, როგორიცაა Burnout (გადაწვა) ან Demenz (მეხსიერების დაკარგვა). ფრანგი სოციოლოგი ალენ ერენბერგი (“ქანცგაცლილი სუბიექტი”) დეპრესიას და დაქანცულობას ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის მასების დაავადებას უწოდებდა. ნეოლიბერალურ კაპიტალიზმმა კი ადამიანი მთლიანად სისტემის ინსტრუმენტად აქცია. იმის ნაცვლად, რომ შრომა, პროცესი, მან საკუთარი ინტერესების და შესაძლებლობების შესაბამამისად წარმართოს, ის უფრო და უფრო მეტ იძულებებს და დიქტატს დაემოჩილა.

საბოლოოდ, წერილის დასაწყისში ხსენებული შრომის ფილოსოფიურ საზრისს რომ დავუბრუნდეთ, დავინახავთ, რომ მიუხედავად ტექნოლოგიური განვითარებისა და ეკონომიკური წინსვლისა, ადამიანი მაინც არათავისუფალ, დამოკიდებულ არსებად დარჩა. შრომა უკვე არა ბიოლოგიური არსებობის საჭიროებებიდან გამომდინარე არსებობს, არამედ ეკონომიკის ამ შიზოფრენულ წესრიგში უკვე ადამიანი არსებობისთვის შრომის, შრომის ბაზრისა და უფრო მეტად კი ეკონომიკური ექსპანსიისათვის. ამით კი ის ამაღლების, პოლიტიკურ არსებად ქცევის ნაცვლად უფრო, დამოკიდებულ Animal laborans მდგომარეობამდე დამცირდა და მას მიეჯაჭვა.

საბოლოოდ, იმედი მაინც დავიტოვოთ, რომ ადამიანი, ოდესმე გადალახავს მუშაობის, მოხმარების და Animal laborans მდგომარეობას და მოახერხებს არსებული წესრიგის სოლიდარული საზოგადოების პროექტით ჩანაცვლებას.. ამისთვის კი როგორც არენდტი მიუთითებდა, ჩვენს სამყაროს პოლიტიკური განზომილება უნდა დაუბრუნდეს, საჯარო სივრცე მნიშვნელოვნად უნდა გაფართოვდეს. ის საზოგადო მოქმედების, მორალიდ, ენთუზიაზმის, ეთოსისა და შემოქმედების გამოვლინების სივრცედ უნდა გარდაიქმნას, ადამიანი კი პოლიტიკურ არსებად უნდა იქცეს.

 

 


[1] არენდტისეულ პოლიტიკურ განზომილებაში არ იგულისხმება თანამედროვე პარტიულ/პოლიტიკური პრაქტიკა. ის ბევრად უფრო ფართო და ყოვლისმომცველი სივრცეა, სადაც ადამიანთა ნააზრევი, საქმიანობა და საგნები საჯარო და ხილული ხდებიან, სადაც ხელოვნება ჩანს, სადაც ადამიანები ცხოვრობენ და ერთმანეთს ხვდებიან, რომელიც მოწესრიგებული უნდა იყოს და რომელიც სწორედ ჩვენს დროში უფრო უნდა გაფართოვდეს, რადგანაც, არენდტის აზრით, პოლიტიკა თავისუფლების გარეშე, ცარიელია და პოლიტიკის მთავარი მიზანიც თავისუფლებაა, სოციალური იძულებებიდან და საჭიროებიდან გათავისუფლება.

[2] რაც გულისხმობს უმუშევრებობაზე მეორად უმუშევრობის დახმარებას (399 ევრო) და გაიცემა იმ პირებზე, რომლებიც დაქირავებული დაუსაქმებლობის გამო უმუშევრობის დაზღვევის ფონდიდან არ ეკუთვნით პირველადი უმუშევრობის დახმარება. ეს რეფორმა დღესღეობით კონტროვერსულად ითვლება, მასში სახელწიფოს მხრიდან ჩადებული რეპრესიული და სოციალურად მასტიგმატიზირებელი მექანიზმების გამო.

[3] 2003 წლისათვის დაახლოებით 1,5 მილიონი შრომითი მიგრანტი მუშაობდა გერმანიაში ლეგალური სტატუსის გარეშე (Hess 2009: 9). ფედერალური სტატისტიკური ბიუროს მონაცემებით 1.812.806 უცხოელი მუშაობდა სოციალურ დაზღვევის მომცველ შრომით პირობებში, ეს რიცხვი გერმანელების შემთხვევაში უდრის 26.949.434 კაცს.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ