დღეს გავრცელდა 24 ორგანიზაციის – პროფესიული კავშირების, ახალგაზრდული გაერთიანებების, აკადემიური პლათფორმების, საინფორმაციო სააგენტოებისა და საპარლამენტო პოლიტიკური პარტიის ერთობლივი მიმართვა საკონსტიტუციო კომისიის წევრებისადმი. ამ მიმართვას უერთდება ჩვენი პლატფორმაც, რამეთუ ვთვლით, რომ ეს არის დემოკრატიის ცენტრალური საკითხი. მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
“მიმართვა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს,
2010 წელს საქართველოს პარლამენტმა არსობრივი განხილვისა და დისკუსიის გარეშე მიიღო კონსტიტუციური ცვლილებების პროექტი, რომელიც კრძალავს გადასახადის განაკვეთის გაზრდასა და ახალი გადასახადის შემოღებას რეფერენდუმის გამართვის გარეშე. იმავე ცვლილებების მიხედვით, რეფერენდუმის ინიცირების უფლება მხოლოდ მთავრობას ენიჭება. ამ ჩანაწერით უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოს – საქართველოს პარლამენტს – ერთმევა უფლება, განსაზღვროს ქვეყნის ეკონომიკური და საგადასახადო პოლიტიკა.
თავდაპირველად, უნდა აღვნიშნოთ, რომ მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის კონსტიტუცია არ შეიცავს გადასახადის ზრდის შეზღუდვის შესახებ ჩანაწერს. ამასთან, ევროპის თითქმის ყველა ქვეყნის კონსტიტუციაში მითითებულია, რომ საგადასახადო პოლიტიკა კანონმდებლობით განისაზღვრება. მეტიც, ევროპის არაერთი ქვეყნის კონსტიტუცია პირდაპირ კრძალავს გადასახადის საკითხზე რეფერენდუმის გამართვას.
საყოველთაოდ გაზიარებულია მოსაზრება, რომ დემოკრატიული კონსტიტუცია, როგორც სახელმწიფოებრივი ერთობის ფუძემდებლური დოკუმენტი, არ უნდა განსაზღვრავდეს კონკრეტულ ეკონომიკურ პოლიტიკას – ეკონომიკურ და საგადასახადო საკითხებზე დისკუსია მიმდინარე პოლიტიკური ცხოვრების ნაწილია. ასეთი ჩანაწერის არსებობა კონსტიტუციას იდეოლოგიურად შებოჭილ დოკუმენტად აქცევს და საფუძველშივე გამორიცხავს ხალხის მიერ კონსტიტუციურ დებულებათა პატივისცემასა და მათდამი ერთგულებას.
ისტორიულად, წარმომადგენლობით დემოკრატიაში პოლიტიკური ბრძოლის უმთავრესი არენა სწორედ ეკონომიკური და საგადასახადო პოლიტიკაა. დემოკრატიული არჩევნების დროს, მოქალაქეების არჩევანის ფორმირება – მათ შორის და უმთავრესად – პოლიტიკური პარტიების ეკონომიკური ხედვების საფუძველზე ხდება. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილებათა ნუსხიდან საგადასახადო საკითხების ამოშლა კი წარმომადგენლობით დემოკრატიას პლებისციტური მმართველობისკენ გადახრის, რაც აფერხებს დემოკრატიული სისტემის კონსოლიდაციას ახალი დემოკრატიის ქვეყნებში.
ამასთან, გადასახადების ზრდის აკრძალვის შესახებ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი ზღუდავს წარმომადგენლობითი პოლიტიკური ორგანოების შესაძლებლობას, ეკონომიკური განვითარების სრულყოფილი გეგმა გააჩნდეთ და იზრუნონ რესურსების ქმედით და სამართლიან განაწილებაზე. ასევე, ასეთი აკრძალვა ეწინააღმდეგება საგადასახადო პოლიტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს – მაგალითად, მოქნილობას – და პარლამენტს ართმევს უნარს, სოციოეკონომიკურ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირება ჰქონდეს. ეკონომიკის მართვის ქმედითი მექანიზმები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სწორედ ისეთი განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებისთვისაა, როგორიც საქართველოა.
ამ არგუმენტების გათვალისწინებით, დაუშვებლად მიგვაჩნია საქართველოს კონსტიტუციაში დარჩეს გადასახადის რეფერენდუმის გარეშე ზრდის აკრძალვის ჩანაწერი. მოვუწოდებთ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრებს, გამოიყენონ ისტორიული შესაძლებლობა და უარი უთხრან ანტისახალხო მუხლის კონსტიტუციაში დატოვებას. მზად ვართ, ამ საკითხის საზოგადოებრივ განხილვაში მონაწილეობა მივიღოთ.
ხელს ვაწერთ:
1. სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის
2. საზოგადოებრივი კვლევის ცენტრი
3. სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი
4. ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაცია
5. მედიაპორტალი European.ge
6. ბანკები და ფინანსები
7. სოციალური აზრის ფორუმი
8. ევროპული არჩევანი საქართველოსთვის
9. ურბანული კვლევების ცენტრი
10. ქალები სამართლიანობისათვის
11. სახალხო ეკონომიკის მოძრაობა
12. უხილავი შრომა
13. საქართველოს პროგრესული ფორუმი
14. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირი
15. იმერეთის მეტალურგიული პროფკავშირი
16. რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი
17. მასწავლებელთა პროფკავშირი
18. ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირი
19. ურბან – რეაქტორი
20. აუდიტორია 115
21. ირიბი მოქმედების კიბერ-თეატრი
22. სახელოსნო პრაქსისი
23. Docomomo საქართველო
24. RED ფონდი (Research Education Development Foundation)
25. ახალგაზრდა სოციალისტები”
აღნიშნული საზოგადოებრივი კამპანიის შესახებ:
კონსტიტუცია თანასწორობისთვის – არა Liberty Act-ს არის სოციალური კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ნეოლიბერალური და ლიბერტარიანული წესრიგის განმსაზღვრელი ორი სამართლებრივი დოკუმენტის – კონსტიტუციის 94-ე მუხლისა და „თავისუფლების აქტის“ გაუქმებას.
კონსტიტუციის 94-ე მუხლის მიხედვით, საერთო სახელმწიფოებრივი გადასახადის (გარდა აქციზისა) განაკვეთის ზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, რაც ნიშნავს, რომ არც ერთ ხელისუფლებას, არც ერთ ვითარებაში არ აქვს უფლება არსებულ განაკვეთებზე მეტად დაბეგროს მდიდრები.
თავისუფლების აქტი ზღუდავს ხელისუფლებას, შემოიღოს პროგრესული გადასახადი, სადაც მდიდარი ფენა გადაიხდიდის უფრო მაღალი განაკვეთით, ხოლო ღარიბები ფენა – ნაკლებს. აქტის მიხედვით, პროგრესული გადასახადის საკითხის დაყენება რეფერენდუმზეც კი აკრძალულია „თავისუფლების“ აქტი ზღუდავს ხელისუფლებას, რომ მისი საბიუჯეტო დანახარჯები (განათლება, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა და ა.შ.) აღემატებოდეს მშპ-ს 30%-ს.
• კონსტიტუციის 94- ე მუხლი და ე.წ. „თავისუფლების“ აქტი წარმოადგენს არადემოკრატიულ, არაჰუმანურ სამართლებრივ დოკუმენტებს, რომელთა ანალოგი არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ გვხვდება. მათი არსებობა შეუძლებელს ხდის საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და საყოველთაო კეთილდღეობის პოლიტიკის გატარებას.
• კონსტიტუციის 94-ე მუხლით და „თავისუფლების“ აქტით სახელმწიფო სამართლებრივად და პოლიტიკურად იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას საკუთარი მოქალაქეების წინაშე უზრუნველყოს ეკონომიკური განვითარებისა და თანაბარი გადანაწილების ფუნქცია.
• კონსტიტუციის 94-ე მუხლი და „თავისუფლების“ აქტი უზრუნველყოფს მონოპოლისტებად ქცეული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, კაზინოების, სასტუმროების, დეველოპერების და სხვათა ხელშეუხებლობას. ისინი თავისუფლდებიან ყოველგვარი სოციალური და ეკონომიკური პასუხისმგებლობებისგან სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე.
• საქართველო – ეს არის უთანასწოროთა სახელმწიფო, რომელსაც სამართლებრივად ზურგს უმაგრებს და პოლიტიკურად ამკვიდრებს კონსტიტუციის 94-ე მუხლი და „თავისუფლების“ აქტი.
ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა – კონსტიტუცია თანასწორობისთვის – არა Liberty Acts-ს!