სახალხო კამპანიის წერილი ვენეციის კომისიას

venice comission► „ვენეციის კომისიას სამართლის მეშვეობით დემოკრატიის დასაცავად“ – ასე ქვია წერილს, რომელიც საზოგადოებრივი კამპანიის „კონსტიტუცია თანასწორობისთვის – არა Liberty Act-ს“ ფარგლებში მომზადდა და მოქმედ კონსტიტუციაში 94-ე, ახალი რედაქციით კი 67-ე მუხლს ეხება. საუბარია აღნიშნული მუხლის მეორე პუნქტზე, რომელიც უკრძალავს პარლამენტს გაზარდოს ან შემოიღოს გადასახადების ახალი სისტემა სპეციალური რეფერენდუმის გარეშე, რომლის ინიცირებაც მხოლოდ მთავრობას შეუძლია. ქვემოთ გთავაზობთ მიმართვის სრულ ვერსიას.

© European.ge

ვენეციის  კომისიას  სამართლის  მეშვეობით  დემოკრატიის  დასაცავად!

არასამთავრობო ორგანიზაციების საერთო განცხადება საქართველოს კონსტიტუციის პროექტის 67 –ე მუხლის მე-2 პუნქტის შესახებ:

ჩვენ, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები და არაკომერციული გაერთიანებები,

საერთო საზოგადოებრივი კამპანიის „კონსტიტუცია თანასწორობისთვის – არა Liberty Act-ს“ სახელით, მივმართავთ ვენეციის კომისიას თხოვნით, გამოხატოს თავისი აზრი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესახებ. ეს კონკრეტული მუხლი უკრძალავს პარლამენტს გაზარდოს ან შემოიღოს ახალი გადასახადები სპეციალური რეფერენდუმის ჩატარების გარეშე, რომლის ინიცირებაც მხოლოდ მთავრობას შეუძლია.

გვსურს აღვნიშნოთ, რომ 67-ე მუხლის მე-2 პუნქტი მნიშვნელოვნად ზღუდავს პარლამენტის ძალაუფლებას, მიიღოს მონაწილეობა საბიუჯეტო და სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავებაში და აკნინებს მის, როგორც ქვეყანაში პოლიტიკის შემმუშავებელი უმაღლესი ორგანოს როლს. ვენეციის კომისია ყოველთვის გამოხატავდა თავის შეშფოთებას საკანონმდებლო დისკრეციის შეზღუდვებთან დაკავშირებით. ამის მაგალითებია: „ვენეციის კომისიის საბოლოო მოსაზრება საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის „შესწორებები და ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში“, რომელიც მიღებულია #84 პლენარულ სესიაზე 2010 წლის 15-16 ოქტომბერს და რომლის #98 პარაგრაფიც ამბობს:

„მართლაც, მხოლოდ მთავრობას გააჩნია საკანონმდებლო ინიციატივა საბიუჯეტო საკითხებში (93 § 1), პარლამენტს არ შეუძლია შეცვალოს ბიუჯეტის პროექტი (§ 3) და გაზარდოს საჯარო ხარჯები. მოქმედ ბიუჯეტთან მიმართებით შემოსავლების შემცირება ან დამატებითი ფინანსური ვალდებულებები უნდა დამტკიცდეს მთავრობის მხრიდან (§ 6). სასურველი იქნებოდა, თუ პარლამენტი უფრო მნიშვნელოვნად ჩაერთვებოდა საბიუჯეტო საკითხებში.“

გვინდა ხაზი გავუსვათ იმ ფაქტს, რომ 67-ე მუხლის მეორე პუნქტი კიდევ უფრო აფერხებს პარლამენტის ძალაუფლებას, სულ ცოტა ჰქონდეს საკუთარი სიტყვის თქმის საშუალება სოციო-ეკონომიკურ პოლიტიკაში და ქვეყნის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვაში.

ამრიგად, ეს მუხლი ეწინააღმდეგება კონსტიტუციონალიზმის და დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს.

გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მოქმედებს კონსტიტუციური შეზღუდვები ახალი გადასახადების შემოღებაზე. თითქმის ყველა ევროპული ქვეყნის კონსტიტუციაში ვკითხულობთ, რომ საგადასახადო პოლიტიკა უნდა განისაზღვროს ჩვეულებრივი კანონმდებლობით. მეტიც, ზოგიერთი ევროპული კონსტიტუცია ექსპლიციტურად კრძალავს რეფერენდუმის ჩატარებას გადასახადების საკითხზე. ფართო კონსენსუსის საგანია, რომ დემოკრატიული კონსტიტუცია არ უნდა ამკვიდრებდეს ცალკეულ ეკონომიკურ და საბიუჯეტო პოლიტიკას.

ასევე აღვნიშნავთ, რომ ამ მუხლის შინაარსი არის საქართველოს წინა მთავრობის უაღრესად პრობლემური და საკამათო საკონსტიტუციო საქმიანობის მემკვიდრეობა.

მივმართავთ ვენეციის კომისიას თხოვნით, გამოხატოს თავისი აზრი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ 67-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესახებ. ჩვენ მზად ვართ, მივაწოდოთ მას დამატებითი ინფორმაცია საჭიროების შემთხვევაში.

 

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ