ავტორიტარული ლიბერალიზმი და სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში

რა იყო „თავისუფლებამდე“? საბჭოთა სამოქალაქო-ეთიკური ცხოვრების რაობის შესახებ

საბჭოთა ეთიკური ცხოვრების მიერ დამკვიდრებულმა დომინანტურმა ნორმებმა ვერ ვიტყვით, რომ ექსპლიციტურად, ნეგატიური როლი შეასრულა სოციუმის პროგრესულ განვითარებაში. საბჭოთა ეთიკური ცხოვრების გარკვეული პოზიტივი მდგომარეობდა იმაში, რომ იგი კონცენტრირებული იყო ადაპტირებულ და უნივერსალურ ნორმად ექცია სოციუმის (მოქალაქეთა) ცნობიერებაში ისეთი სფეროები თუ საკითხები როგორიცაა საყოველთაო განათლების უფლება, შრომის ეთიკა, ზნეობრივი პროგრესი, სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესი, ზოგადი განვითარების ტენდენციები და სხვა. საბჭოთა განმანათლებლობა (დავარქვათ ასე) პრინციპში იყო მცდელობა იმისა, რომ თანასწორობა და სოლიდარობა ექცია ადაპტირებულ სოციალურ ნორმად საზოგადოებაში, სადაც ასევე  გაუნათლებლობა და უზნეობა მხოლოდ დევიანტურ ნორმად იქნებოდა აღქმული.  თუმცა, რასაკვირველია საბჭოთა ეთიკური ცხოვრების სტილი იყო ამასთანავე ერთგვარი ნეგატივი, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ეს ეთიკური ცხოვრების კატეგორიები მეტწილად ყალიბდებოდა გარედან ანუ ექსტერნალური სანქციებით და არა შიგნით, საზოგადოებაში და რაც უფრო უარესია, თავად ის პოლიტიკური და სოციალური ინსტიტუტები, რომლებიც ასეთ ეთიკურ კატეგორიებს ამკვიდრებდნენ თავადვე გაირყვნა და განიცადა ზნეობრივი რეგრესი, ამასათანავე, საბჭოთა ეთიკური ცხოვრების ფორმაცია მიმდინარეობდა კოლექტიური ცნობიერების სრული ჰეგემონიით (პროდიუსირებული საბჭოთა ბიუროკრატიული აპარატიდან) და შესაბამისად ყოველგვარი პირადი ინიციატივების აღკვეთის ფონზე. მაშასადამე, სამოქალაქო სივრცე საბჭოთა კავშირში იყო უკიდურესად ეკლექტური, რადგან ერთის მხრივ თითქოს მას გააჩნდა ის ელემენტები რაც სამოქალაქო სივრცეს, ჩვენს შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოებას აყალიბებს (უფრო მეტად კომუნიტარიანული გაგების თუმცა არა სრულად კომუნიტარიანული, გამომდინარე იქედან რომ ვიმეორებ ეთიკური ცხოვრების ნორმები იქმნებოდა გარედან) მაგრამ ამასთანავე ეს სივრცე არ იყო ავტონომიური და სრულად იყო სუბორდინირებული ბიუროკრატიულ აპარატზე.

რა მოხდა „გათავისუფლების“ შემდეგ?  გზა ავტორიტარულ ლიბერალიზმამდე

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქართული სამოქალაქო სივრცე, ამოიგარგნა უკიდურესი ინდივიდუალიზმით და მორალური რელატივიზმით რაც იყო შედეგი უსაფუძვლო პარანოიისა საბჭოთა წარსულის მიმართ. ამასთანავე, საქართველოში თანამედროვე ლიბერალ-დემოკრატიული დისკურსების შეტანამ სამოქალაქო სივრცეში ხელი შეუწყო სოციალური სოლიდარობის მოშლას და კომუნიტარიანულ-ეთიკური ნორმების დეგრადაციას და ნებისმიერი ქმედება რაც მიმართულია საერთო ინტერესების დასაცავად და კოლექტიური კეთილდღეობის მისაღწევად აღქმულია მხოლოდ როგორც „კომუნისტური ჰიპოთეზა“ რაც შესაბამისად იგივდებოდა საბჭოთა წარსულთან. განსაკუთრებით საინტერესოა ამ მხრივ ქართული სამოქალაქო სივრცე 2003 წლის შემდეგ, როდესაც საქართველოში ჩამოყალიბდა ახალი წესრიგი – ნეოლიბერალური სისტემა, ახალი პოლიტიკური იდენტობა, საქართველოში ჩამოყალიბდა ავტორიტარული ლიბერალიზმი,  რომელმაც სრულიად ბუნებრივად გააძლიერა ზნეობრივი რეგრესი საზოგადოებაში და შესამაბისად უფრო მეტი აქტიურობით ადვოკატირებს მორალურ რელატივიზმს სამოქალაქო სივრცეში, ერთი მარტივი მიზეზის გამო – მორალი და ზნეობრივი პროგრესი გაცილებით მეტ საფრთხეს უქმნის დომინანტურ ნეოლიბერალურ რეჟიმს ვიდრე ნებისმიერი სხვა სოციალური თუ გნებავთ პოლიტიკური ფენომენი.

„გათავისუფლების“ შემდეგ, სამოქალაქო სივრცეში ჩამოყალიბდა ლიბერალური გაგების სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები რაც შეიძლება ითქვას, რომ წმინდა წყლის ეგოისტურ სტრუქტურად აქცევს სამოქალაქო საზოგადოებას და როცა საუბარია იმაზე, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები დაემსგავსა სექტას სრულებითაც არ არის გასაკვირი, რადგან სამოქალაქო საზოგადოების ლიბერალ-დემოკრატიული კონტექსტი სექტის ფსიქოლოგიის რეფლექსიაა და არაფერი აქვს საერთო საზოგადოებრივი სიკეთეების ცირკულაციასთან. შესაბამისად, შეშფოთებული საუბარი იმაზე, რომ საქართველოში ნამდვილი ლიბერალური-დემოკრატია არ არსებობს, თუნდაც იმიტომ რომ სამოქალაქო საზოგადოება ჩაკეტილია აბსოლუტურად გაუგებარია და ეს თავისთავად ვერ გაგებაა სამოქალაქო საზოგადოების ლიბერალ-დემოკრატიული კონტექსტის, რადგან ვიმეორებ სამოქალაქო საზოგადოების ლიბერალ-დემოკრატიული ახსნა გულისმოხბს მის ელიტარულობას და თვისობრივად ჩაკეტილობას.

 ქართული სამოქალაქო საზოგადოება როგორც მანკიერი სოციო-პოლიტიკური  და სოციო-კულტურული ტიპი – მარქსისტული ახსნა

კარლ მარქსი (1818-1883), ყველა დროის ყველაზე რადიკალი მოაზროვნე და ინტელექტუალი ავითარებდა ღრმად კონფრონტაციულ ხედვას სამოქალაქო საზოგადოების შესახებ, მარქსი პირდაპირ უკავშირებდა ერთმანეთს სამოქალაქო საზოგადოებას, სახელმწიფოსა და ბურჟუაზიას. მარქსი ბურჟუაზიას მიაკუთვნებდა სამოქალაქო საზოგადოების იმ ფენას, რომელიც იყენებს სახელმწიფოს, როგორც ჩაგვრის მექანიზმს. ამასთანავე პოლიტიკური აზროვნების მარქსისტული სკოლა სამოქალაქო საზოგადოების კრიტიკისას ხაზს უსვამს იმას, რომ იგი ყალიბდება როგორც სოციო-კულტურული სივრცე სადაც ბურჟუაზია აყალიბებს და ავითარებს კულტურულ ჰეგემონიას (სოციალური და კულტურული კაპიტალის აგრეგაციით) რაც ეკონომიკურ და პოლიტიკურ ჰეგემონიასთან ერთად მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ბურჟუაზიისათვის, დაქვემდებარებულ სოციალურ კლასზე ტოტალური ჰეგემონიისათვის.

სამოქალაქო საზოგადოების  მარქსისტული კრიტიკა ძალიან კარგად შეესატყვისება თანამედროვე საქართველოს. საქართველოში ჩამოყალიბებულია ორი განზომილების სამოქალაქო საზოგადოება ან სამოქალაქო სივრცე, ერთის განზომილება არის ის, რომ ჩვენ ვხედავთ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც მთლიანად შერწყმულია რეჟიმთან, ემსახურება რეჟიმის ინტერესებს და ქმნის კულტურულ და სოციალურ კაპიტალს სახელმწიფოსათვის, ეს არის სივრცე სადაც თანამედროვე ბურჟუაზია (ეკონომიკურად ჰეგემონური ჯგუფი) არის მისი უმნიშვნელოვანესი ნაწილი და ეს ჯგუფი მთლიანად შერწყმულია სახელმწიფოსთან და ურთიერთთანამშრომლობენ როგორც დომინანტური სოციალური კლასი(მაგალითად სხვადასხვა ფორმალური ჯგუფები, მედია ორგანიზაციები, ინტერესთა ჯგუფები რომლებიც ლობირებენ ხელისუფლებას და პირიქით ხელისუფლება ლობირებს მათ, უნივერსიტეტები, სატელიტური პოლიტიკური პარტიები და ა.შ) და მეორე ეს არის ის სამოქალაქო ჯგუფები, რომლებიც უშუალოდ არ არიან დაკავშირებული რეჟიმთან მაგრამ რადიკალურ ლიბერალ-დემოკრატიულ სტრატაზე დგას და შესაბამისად ყალიბდება როგორც სექტა და როგორც უკვე ავღნიშნე სამოქალაქო საზოგადოების ლიბერალ-დემოკრატიული გაგება ამასვე გულისხმობს – განავითარო უკიდურესი ინდივიდუალიზმი, აითვისო მორალური რელატივზიმი და უკუაგდო მორალური იმპერატივი. მაშასადამე, თუკი მეორე განზომილების სამოქალაქო სივრცე ხელს არ უწყობს რეჟიმის გაძლიერებას ყოველ შემთხვევაში ასევე არ უშლის ხელს იმ ავტორიტარული ლიბერალიზმის განვითარებას რაც სახეზეა საქართველოში. მარქსისტული ხედვა საინტერესოა იმდენად რამდენადაც მისი კრიტიკული ხედვა სამოქალაქო საზოგადოებაზე  ძალიან კარგად ჯდება ქართულ ემპირიულ მაგალითში.

გავაგრძელოთ საუბარი სამოქალაქო საზოგადოების, როგორც ბურჟუაზიის შესაძლო პლატფორმის თუ საშუალების შესახებ სადაც ის აყალიბებს მრავალგანზომილებად ჰეგემონიას. ამ მხრივ, ძალიან საინტერესოა იტალიელი მარქსისტი მოაზროვნის და ემინენტური ინტელექტუალის ანტონიო გრამშის (1891-1937) ასევე კრიტიკული ხედვა სამოქალაქო საზოგადოების შესახებ. გრამშიანული კრიტიკული დისკურსი სამოქალაქო საზოგადოების შესახებ არის პრინციპში გაგრძელება მარქსის თავდაპირველი დისკურსისა როცა მარქსი არ გამოყოფს სახელმწიფოს და სამოქალაქო საზოგადოებას ერთმანეთისაგან როგორც ცალკეულ ფენომენებს. გრამშისათვის, სამოქალაქო საზოგადოება ნაწილია პოლიტიკური საზოგადოების (ბურჟუაზიული სახელმწიფო) და სამოქალაქო საზოგადოების საშუალებით სახელმწიფო ახდენს კულტურული ჰეგემონიის ფორმაციას. გრამშის მიხედვით სახელმწიფოს ჭირდება არა მხოლოდ კონტროლი პოლიტიკური ინსტიტუტებსა თუ სოციალურ სტრუქტურებზე, არამედ ასევე ბურჟუაზიული სახელმწიფოსათვის ძალზედ მნიშვნელოვანია იდეოლოგიური ჰეგემონია სოციო-კულტურული განზომილებით, რასაც იგი სამოქალაქო საზოგადოების საშუალებით ახორციელებს. ჩვენთვის საინტერესოა გრამშისეული ხედვა სამოქალაქო საზოგადოების შესახებ იმდენად რამდენადაც იგი კარგად პასუხობს ასევე ქართულ რეალობას, სადაც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებს ხელისუფლება მართლაც ხშირად იყენებს იდეოლოგიური ჰეგემონიის მიზნით და ერთი ჯგუფი სამოქალაქო სივრცის როგორც უკვე ავღნიშნეთ პრინციპში თანამედროვე ქართული ნეოლიბერალური სახელმწიფოს ინტეგრალურ ნაწილს წარმოადგენს, რაც შეეხება მეორე განზომილებას, ანუ იმ ჯგუფებს, რომლებიც არ არიან შერწყმულნი სისტემასთან პრინციპში არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს სისტემისთვის,  თუნდაც იმიტომ, რომ მათი ლიბერალ-დემოკრატიული იდეოლოგიური სტრატა პრინციპში ხელსაყრელია სახელმწიფოსათვის რათა ამ იდეოლოგიის სახელით ახდენს ნებისმიერი სხვა იდეოლოგიის დემონიზაციას რაშიც ვიმეორებ ქართული სამოქალაქო საზოგადოებაც არის ჩართული, ზოგ შემთხვევაში ეს მთლიანად გაცნობიერებულია ზოგ შემთხვევაში კი გაუცნობიერებელი.

მორალური იმპერატივის უარყოფა: ქართული სამოქალაქო სივრცის ზნეობრივი რეგრესის შესახებ

დეონტოლოგიური ეთიკა, რომელიც მთლიანად ეფუძნება ჩვენს მიერ იმ ნორმების გაზიარებას და შესრულებას რაც თავისთავად მორალურია და გვაკისრებს ჩვენ მორალურ ვალდებულებებს და ოპერირებს როგორც იმპერატიული კატეგორია არის მნიშვნელოვნად უგულველყოფილი და სტიგმატიზირებული ქართულ სამოქალაქო სივრცეში. მორალური სტრატა კი აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოებისათვის რათა კეთილშობილური გახდეს მისი ბუნება და შემცირდეს რისკები იმისა, რომ იგი დომინანტური კლასის დასაყრდენი გახდეს. იმანუელ კანტი (1724-1804), რომლის ფილოსოფიური რეფლექსიები ძალიან ახლოს იდგა დეონტოლოგიურ ეთიკასთან და რომელმაც განავითარა მორალური იმპერატივის იდეა, სამოქალაქო საზოგადოებას მორალის მაღალი ხარისხის კონტექსტში აქცევს და მისთვის სამოქალაქო საზოგადოება არის არა ექსტრემისტულად ინდივიდუალისტური თუ ეგოისტური სივრცე, არამედ უპირველეს ყოვლისა ის სივრცე სადაც შენ ეხმარება სხვას, შენ იყენებ საკუთარ ცოდნას და მიგნებებს არა უშუალოდ იმიტომ, რომ მხოლოდ თავადვე ისარგებლო ამით არამედ სხვამაც ისარგებლოს ამით, ამასათანავე თავისუფლების იდეა სამოქალაქო საზოგადოებაში კანტისთვის განპირობებულია აუცილებელი პასუხისმგებლობით და მორალური ვალდებულების გაზიარებით, რაც გულისმობს იმას, რომ საკუთარი თავისუფლების ეგოისტურად გამოყენების უფლება არ გაქვს, რადგან ასეთი ქმედება საბოლოოდ ან სხვის თავისუფლებას შელახავს ან ავნებს საზოგადოებრივ სიკეთეს და მორალს საზოგადოებაში.  მაშასადამე, კანტისათვის სამოქალაქო საზოგადოება ეფუძნება უფრო მეტად საერთო ინტერესების ადვოკატირებას ვიდრე კონკრეტული ინდივიდის თუმცა ისე, რომ პიროვნული თავისუფლების იდეალი ასვე დაცულია, რათა ჰარმონია და მშვიდობა მიიღწევა მხოლოდ ყველას მიერ მორალურ ვალდებულებათა გაზიარებით და ამასთანავე ჭეშმარიტი თავისუფლების მოპოვებით.

ქართული სამოქალაქო საზოგადოება გარდა იმისა, რომ იგი წარმოადგენს ნეოლიბერალური ქართულის სახელმწიფოს ნაწილს ასევე არის ამოვარდნილი მორალური იმპერატივისაგან და ასეთი ქმედება მიჩნეული, როგორც თავისთავად მიუღებელი რაც ქართულ სამოქალაქო სივრცის სიმახინჯეს უფრო მეტად აძლიერებს და ამით სამოქალაქო საზოგადოება მართლაც კულტურული და იდეოლოგიური ჰეგემონიის სამსახურში დგას თანამედროვე ქართული ნეოლიბერალური რეჟიმის. მორალური რელატივიზმი ინტეგრირებულია ქართულ სამოქალაქო საზოგადოებაში როგორც პოზიტიური ნორმა და აღქმულია როგორც თანამედროვეობის საუკეთესო რეფლექსია. ამასთანავე, პოსტმოდერნული სოციალური დისკურსები, რომლებიც ასევე ძალიან ღრმად არის ათვისებული ქართული სამოქალაქო სივრცის მიერ ასევე არის წყარო მორალური იმპერატივის უარყოფის და მორალური რელატივიზმის ათვისების, ქართულ სამოქალაქო სივრცეში, სადაც თავისუფლება გაგებულია არა მორალურ კონტექსტში არამედ მეტწილად ქაოტურ, ფრაგმენტულ და ეგოისტურ კონტექსტში, რაც გულისხმობს თავისუფლების ცნების რეალიზაციას პასუხისმგებლობის და მორალური ვალდებულების ჩამოშორებით, რაც ბუნებრივია ვიმეორებ ძალზედ ხელსაყრელია თანამდროვე ბურჟუა ნეოლიბერალური რეჟიმისათვის, ასე ვთქვათ ავტორიტარული ლიბერალიზმისათვის საქართველოში.

სად არის გამოსავალი?

გამოსავალი არის ორ განზომილებაში. პირველი, მე მიმაჩნია, რომ იმ სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფების გარდაქმნა უნდა მოხდეს, რომელიც მთლიანად არაა შერწყმული რეჟიმთან და ეს გარდაქმნა უნდა ემყარებოდეს იმას, რომ ისინი მეტწილად უნდა იქცნენ როგორც სოციალური მოძრაობები და არა სამოქალაქო საზოგადოების ლიბერალური გაგების ინსტიტუტები. სოციალურ მოძრაობებად მათი გარდქამნა გამოიწვევს ასევე ელიტარულობისა და სექტის ფსიქოლოგიის ჩამოშორებასაც და აქცევს სამოქალაქო სივრცეს გაცილებით მიმზიდველს, მაშასადამე პირველი განზომილება არის სოციალურ მოძრაობებად ფორმაცია და რეჟიმის წინააღმდეგ ღია ბრძოლა. მეორე განზომილება კი არის ახალი ჯგუფების დაბადება, რაც უნდა დაიბადოს თავიდანვე, როგორც სოციალური მოძრაობები რადგან სამოქალაქო საზოგადოების ლიბერალურმა მოდელმა ვერ გაამართლა და ამ გამოცდილების გაზიარება უნდა მოხდეს. ახალი სამოქალაქო ჯგუფები უნდა ჩამოყალიბდეს არა როგორც პარტიკულარისტული ინტერესების დამცველი ჯგუფები არამედ როგორც ფართო სოციალური მოძრაობები, რომლებიც პოლიტიკურ და სხვა ტიპის ძალებთან ერთად ჩაებმება მჩაგვრელ რეჟიმთან წინააღმდეგ ბრძოლაში. მხოლოდ ასეთი სამოქალაქო სივრცე მიმაჩნია პროგრესულად, სივრცე სადაც მორალი და სოციალური სოლიდარობა ყველაზე მაღალი იდეალი იქნება

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ