ვაკო ნაცვლიშვილი: საკონსტიტუციო რეფორმა – სოციალური უფლებები

inequalityგამოიწერეთ European.ge-ს Facebook გვერდი.

► პლატფორმა European.ge გთავაზობთ ახალ სვეტს ჩვენს ვებგვერდზე – “საკონსტიტუციო ცვლილევების განხილვის პლატფორმა”. მიგვაჩნია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებათა შემუშავების პროცესი უნდა გახდეს სახალხო პროცესი, რამეთუ საკონსტიტუციო ცვლილებებს სჭირდება ფართო საზოგადოებრივი მხარდაჭერა. არ შეიძლება საზოგადოების მოწყვეტა ამ საკითხის განხილვის დროს და არ შეიძლება ეს პროცესი იქცეს პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად ელიტების ხელში.

► პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ხალხმა უნდა გაიგოს რატომ არის საჭირო კონსტიტუცია. ჩვენი მიზანიც ეს არის: გამოვიტანოთ დისკუსია კაბინეტებიდან და მასში ჩავრთოთ სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფები და ავალაპარაკოთ ისინი იმ საკითხებზე, რომელიც პირველ რიგში მათ ცხოვრებას ეხება.

► ვაკო ნაცვლიშვილის ტექსტიც ამის მცდელობაა. ამ სვეტზე ასევე თქვენ გექნებათ შესაძლებლობა არაერთი სხვა აქტივისტის, მწერლისა თუ საზოგადოებრივად თუ პოლიტიკურად აქტიური ადამიანის მოსაზრებები იხილოთ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით.

© European.ge

vakoმინდოდა, ორგანიზებულად, უარეს შემთხვევაში, ბლოგპოსტების საშუალებით მელაპარაკა საკონსტიტუციო კომისიის შესახებ. დროის სიმცირის გამო ვერ ვახერხებ. ამიტომ აქ დავიწყებ _ უსისტემოდ. და მერე ვნახოთ.

მგონია, რომ საკონსტიტუციო კომისიის წევრთა უპარტიო უმრავლესობისთვის ამერიკის კონსტიტუცია შთაგონების მთავარ წყაროდ რჩება. მიიჩნევა, რომ კონსტიტუციის მთავარი ფუნქცია ხელისუფლების შეზღუდვაა. უფრო ცხადად: ადამიანის თავისუფლების დაცვა, უპირველესად, ხელისუფლების ჩარევისგან. აქ ნაწილობრივ ვგულისხმობ იმას, რასაც ისაია ბერლინი ნეგატიურ თავისუფლებას უწოდებს. და კიდევ იმას, რომ შეზღუდული ხელისუფლება უდრის მცირე ხელისუფლებას: laissez-faire კონსტიტუციონალიზმი.

ეს არ არის გასაკვირი; არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ადამიანი, რომელსაც თავი სრულიად დეიდეოლოგიზირებული ჰგონია და რომელიც მიიჩნევს, რომ მხოლოდ პროფესიული საღი აზრი ალაპარაკებს, მხარს ასეთ კონსტიტუციას დაუჭერს. არ უნდა გაგვიკვირდეს იმიტომ, რომ ასე წერია კონსტიტუციური სამართლისა და ადამიანის უფლებების შესახებ ქართულად არსებულ თითქმის ყველა სახელმძღვანელოში. და ჩვენ ვიცით, რომ ის, ვინც აკონტროლებს სახელმძღვანელოს შინაარსს, როგორც წესი, აკონტოლებს ჩვენს შეხედულებებს სწორისა და არასწორის, საჭიროსა და არასაჭიროს, სასარგებლოსა და მავნეს შესახებ.

რატომ უნდა გადადგეს ასეთი კონსტიტუციონალიზმი? იმიტომ, რომ სრულ სურათს ვერ გვაძლევს მიმდინარე დაპირისპირებებისა. მაშ, ადამიანს სახელმწიფოს ბოროტი ჩარევისგან დაცვა აღარ ჭირდება? გარკვევით: დიახ, ჭირდება.

ახლა არ შევჩერდები იმაზე, რომ ადამიანის უფლებები ურთიერთდამოკიდებულია; არც იმაზე, რომ არსებითი ეკონომიკური უთანასწორობა პოლიტიკურ თანასწორობასაც გამორიცხავს. ამჯერად მხოლოდ ერთ საკითხზე შევჩერდეთ: კონსტიტუციონალიზმით შეზღუდული ხელისუფლება, რომელიც სოციალურ პასუხისმგებლობებს გაურბის, დიახ, „მცირე“ ხელისუფლებაა, როცა საქმე რესურსების გადანაწილებაზე მიდგება, მაგრამ „დიდი“ ხელისუფლებაა, როცა საქმე პოლიციასა და ჯარს ეხება. გავიხსენოთ ტონი ჯატი, რომელიც აკვირდება, როგორ იზრდებოდა ამერიკის საპოლიციო და თავდაცვითი ბიუჯეტი სოციალურის კლების ხარჯზე. ამ აბზაცს ერთი ციტატა-სადღეგრძელოთი დავამთავრებ: თავისუფლებასა და თანასწორობას შორის თითქმის ყველა კონფლიქტი, რომელიც არჩევანს თავისუფლებაზე აკეთებს, ვერც თავისუფლებას იღებს და ვერც თანასწორობას.

ვოჩეხ სადურსკი, რომელიც პოსტკომუნისტური ქვეყნების კონსტიტუციებში სოციალური უფლებებს სწავლობდა, ამბობს, რომ საქართველოს კონსტიტუცია ერთია იმ ორი გამონაკლისიდან, რომელიც სოციალური უფლებების ფართო სიას არ შეიცავს. ვფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც კომისიამ უნდა იმსჯელოს.

ჩვენ გვჭირდება სოციალური უფლებები კონსტიტუციაში. და კომისიის ამჟამინდელი შემადგენლობაში არის ხალხი, ვინც ამას მხარს დაუჭერს. ოღონდ კრიტიკულად: სოციალური უფლებების კონსტიტუციაში გაწერა სიღარიბეს ვერ აღმოფხვრის და უთანასწორობას არსებითად ვერ შეამცირებს. მაშ, რატომ გვჭირდება?

მომდევნო წერილებში მე ვეცდები ამ კითხვაზე პასუხის გაცემას ქვეკითხვების დასმისა და მათზე პასუხების გაცემის საშუალებით.

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ