სახელმწიფოს ძალის მონოპოლიის და „პრევენციული სახელმწიფოს“ საწყისების თაობაზე

Benjamin-Franklin-reading-470
ბენჯამინ ფრანკლინი (1706-1790), აშშ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელთაგანი და სახელწმიფო მოღვაწე.

► ავტორი: ქეთევან გიორგიშვილი, კიოლნის უნივერსიტეტის მაგისტრი (LL.M Cologne), კიოლნის უნივერსიტეტის, იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი.

© European.ge

უსაფრთხოება კომპლექსური ცნებაა და მას ობიექტური და სუბიექტური განზომილება ქმნის. ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია სტაბილური გარემო (ობიექტური მხარე), რომლის მიმართ ადამიანებს გარკვეული მოლოდინი გააჩნიათ (არსებული გარემოს სუბიექტური აღქმა) და ამ მოლოდინს უსაბამებენ კიდეც საკუთარ ქმედებას თუ სოციალურ აქტივობას. სწორედ აღნიშნულს მოიცავს ცნობილი სოციოლოგის, ნიკლას ლუმანის ცნება „მოლოდინის უსაფრთხოება“ (Erwartungssicherheit).[1] ამასთან, უსაფრთხოება არ გულისხმობს მხოლოდ ძალადობისგან (უპირველესად ფიზიკური ძალადობისგან) თავისუფალ გარემოს. გლობალიზაციის და ინფორმაციული რევოლუციის პირობებში, ისევე როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური გარდაქმნების ფონზე დადასტურდა, რომ უსაფრთხოებას სოციალური და ეკოლოგიური განზომილება გააჩნია. ქვეყნის ძლიერი ეკონომიკა, სოციალური სამართლიანობა საზოგადოებაში, საზოგადოებასა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ინდივიდის ინკლუზიურობის ხარისხი, პოლიტიკის დემოკრატიის ფარგლებში წარმართვა, ისევე როგორც კანონის უზენაესობა (სამართლებრივი სახელმწიფო) ქმნიან როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური უსაფრთხოების საფუძველს. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება აყალიბებს მისი წევრების ნდობას ერთმანეთის მიმართ, ვინაიდან მათ შორის არსებობს თანხმობა გარკვეულ ღირებულებათა წესრიგის (ადამიანის თავისუფლების პატივისცემაზე დამყარებული სივრცის) თაობაზე. ყოველივე ეს კი, ერთმანეთთან კავშირში, საბოლოოდ განაპირობებს უსაფრთხო გარემოს.

თუმცა, უსაფრთხოების საწყისი, პირველ რიგში, უკავშირდება ფიზიკური ძალადობისგან თავისუფლებას, რაც უსაფრთხოების გარანტის, სახელმწიფოს ინსტიტუტის ეფექტიან ფუნქციონირებას მოითხოვს. აღნიშნულს ყველაზე ლაკონურად გამოხატავს სახელმწიფოს ძალის მონოპოლიის პრინციპი. სახელმწიფოს ძალის მონოპოლიის ცნება პირველად მაქს ვებერმა მოიხსენია.[2] სწორედ ვებერმა აღწერა სახელმწიფოს, როგორც პოლიტიკური ორგანიზაციის ექსკლუზიურობა ძალის მონოპოლიის ლეგიტიმური ფლობის მეშვეობით, რომელსაც ის ეფექტიანად იყენებს წესრიგის შესაქმნელად. იურიდიულ მოძღვრებაში (იურისპრუდენციაში) პოპულარული კელზენისეული განმარტებით კი, სახელმწიფო თავად სამართლებრივი წესრიგია (Rechtsordnung).[3] სამართლებრივი წესრიგი (წყობა) სახელმწიფოს მიერ სავალდებულოდ დადგენილი ქცევის წესების (სამართლის ნორმების) სისტემური ერთიანობაა, რომლის მიმართაც არსებობს საზოგადოებრივი კონსენსუსი და რომლის დაცვაც უზრუნველყოფილია შესაბამისი იძულების მექანიზმით. ვებერისა და  კელზენის სახელმწიფო, როგორც ძალის მონოპოლიის,  ისე სამართლებრივი ნორმების დაწესების კუთხით, ლიბერალური ღირებულებებით უკავშირდება ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს. სწორედ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცულობის ხარისხი ხდება უსაფრთხოების შეფასების მასშტაბიც.

სახელმწიფოს ძალის მონოპოლიის პრინციპი არ არის მოხსენიებული რომელიმე სამართლებრივ აქტში.[4] კონსტიტუცია დუმს აღნიშნულის თაობაზე. სახელმწიფოს ძალის მონოპოლია წინ უსწრებს და ე.წ. წინარე პირობას ქმნის როგორც სახელმწიფოს, ისე სამართლის (უპირველესად კონსტიტუციის, როგორც სახელმწიფოსა და საზოგადოების კონსოლიდაციის გამოხატულების) მოქმედებისთვის.

ჟან ბოდენი
ჟან ბოდენი (1530–1596), ფრანგი პოლიტიკის ფილოსოფოსი და სამართლის პროფესორი.

თეორიულად ჟან ბოდენმა პირველად დააკავშირა სახელმწიფო ხელისუფლების სუვერენობა მის მიერ ძალის გამოყენების ექსკლუზიურობასთან (Jean Bodin, „De la Republique“, 1577). თუმცა, აღნიშნულის დასაბუთება მეცნიერული მეთოდოლოგიით თომას ჰობსს უკავშირდება (Thomas Hobbes (1588-1679), „Decive“,  „Leviathan“). ჰობსი ადამიანთა საწყის მდგომარეობას სწორედ მუდმივი კონფლიქტებისა და უნდობლობის ქრონიკულ გამოვლინებებში ხედავს (bellum omnium contra omnes). მისი მოსაზრებით, აღნიშნულის დაძლევა შესაძლებელია მხოლოდ ძალის გამოყენების ინსტიტუციონალიზების მეშვეობით. მან პირველმა შეძლო სახელმწიფოს არსებობის ლეგიტიმაციის დასაბუთება მიზანთან კავშირში.[5] აღნიშნული მიზანი სწორედ უსაფრთხოების დაცვაა, მას შემდეგ, რაც საწყისი ანარქია ჩაანაცვლა მშვიდობიანობის პრინციპმა. შედეგად, იქმნება ცნობილი ხელშეკრულების კონსტრუქცია: მხოლოდ სახელმწიფოს აქვს ფიზიკური ძალის გამოყენების უფლება უსაფრთხოების დასაცავად, ხოლო მოქალაქეები კისრულობენ მშვიდობიანობის ვალდებულებას.

ჯონ ლოკი
ჯონ ლოკი (1632-1704), ინგლისელი განმანათლებელი.

ძალის მონოპოლიის ლეგიტიმურობა, თავის მხრივ, პირველად ჯონ ლოკმა დაუკავშირა სამართლებრივი წყობის ფარგლებს და მის გაკონტროლებას დანაწილებული ხელისუფლების საფუძველზე (John Locke, Two Treatises of Government, 1689). ამისათვის ლოკი აუცილებლად მიიჩნევდა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობას.[6] სახელმწიფო, საკუთარი ძალის მონოპოლიის და მოქალაქეთა მშვიდობიანობის პირობებში, ვალდებულია დაიცვას მოქალაქეთა უსაფრთხოება, კერძოდ, იყოს მათი სიცოცხლის, თავისუფლების და საკუთრების დაცულობის გარანტი. სწორედ ამგვარად უნდა დაიძლიოს ის გარემოება, რომ ჰობსისეული უსაფრთხოების დამცველი სახელმწიფო თავად შეიძლება იქცეს საფრთხედ თავისუფლებისთვის. შედეგად, ლოკის თეორიის საფუძველზე, პირველად შეპირისპირდა სახელმწიფოს მიერ დაცული უსაფრთხოება სახელმწიფოსაგან დასაცავ უსაფრთხოებასთან. აღნიშნულმა დაუდო ასევე სათავე უსაფრთხოების და თავისუფლების კატეგორიების შეპირისპირებასაც: სახელმწიფოს მიერ დასაცავი უსაფრთხოება მოქალაქეს იცავს მათი თავისუფლების მესამე პირთა მხრიდან ხელყოფისგან; სახელმწიფოსაგან დასაცავი უსაფრთხოების განზომილებაში კი მოქალაქის თავისუფლება თავად სახელმწიფოს დაუსაბუთებელი ჩარევისგან უნდა იყოს თავისუფალი. ლოკის ფილოსოფია თანამედროვე, სამართლით შეზღუდულ სახელმწიფოს იდეას ასევე შეუკავშირდა დამფუძნებელი მამის, თომას ჯეფერსონის შემდეგი ფორმულირებით ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დეკლარაციაში: ადამიანის განუყოფელი უფლებებია  სიცოცხლე, თავისუფლება და ბედნიერებისაკენ სწრაფვა.[7]

სახელმწიფოს ძალის მონოპოლიის აუცილებლობაზე მიეთითებოდა ძალზე ლიბერალურად განწყობილ  თეორეტიკოსების მხრიდანაც. მაგალითისთვის, ჯ. ს. მილი მიიჩნევდა, რომ ქვეყანაში წესრიგისა და შიდა უსაფრთხოების გარანტირება აუცილებელი  წინაპირობაა სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და სოციალური წინსვლისთვის.[8]

ზიგმუნდ ფროიდისთვის კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს კულტურულ მონაპოვარს ქმნის სწორედ ცალკეული ინდივიდების მიერ ძალის გამოყენებაზე უარის თქმა საზოგადოების სასარგებლოდ.[9]

თანამედროვე ფორმულირებით, სახელმწიფოს ძალის მონოპოლია ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გარანტია იმგვარი შიდა პოლიტიკის, რომელიც ქმნის სივრცეს ძალადობისაგან თავისუფალი კომუნიკაციისათვის.[10] შედეგად, სტატიის თავში ნახსენები ლუმანისეული მოლოდინის და ნდობის ფენომენი კვლავ  უკავშირდება სახელმწიფოს, როგორც უსაფრთხოების ინსტიტუციონალურ გარანტს.

მოქალაქეები სახელმწიფოსგან მოელიან მათი სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისდა პირადი  თავისუფლების დაცვას. მოქალაქეები ითვალისწინებენ საჭიროებას, რომ დაემორჩილონ გარკვეულ სავალდებულო ნორმებს, რათა სახელმწიფომ შეძლოს მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა ოპტიმალურად მაღალი ხარისხით. ამასთან, უსაფრთხოება საკუთარ თავში არ გულისხმობს რაიმე სტატიკურად არსებულ მდგომარეობას, არამედ მხოლოდ მუდმივ სწრაფვას მისკენ.[11] შესაბამისად, სახელმწიფოს ამოცანას მუდმივად მზარდი გამოწვევების პირობებში რისკების შემცირებაზე ზრუნვა და საფრთხეებზე დროული რეაგირება წარმოადგენს.

უსაფრთხოების თანამედროვე გლობალური გამოწვევები, საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება აჩენს საფრთხეს, რომ გაიზარდოს სახიფათო მოთხოვნა ე.წ. „ძლიერი მმართველი ხელის“ მიმართ უსაფრთხოების სასარგებლოდ, მოქალაქეთა თავისუფლების დაზარალების ხარჯზე. აღნიშნული უკვე წარმოადგენს საფრთხეს, რომელსაც საწყის ეტაპზევე აჩენს მოქალაქეების უნდობლობას სახელმწიფოს მიმართ. ამის საპირისპიროდ, სამართლებრივი სახელმწიფოს და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის ფარგლებში უნდა მოიძებნოს გონივრული გადაწყვეტა უსაფრთხოების და თავისუფლების ინტერესის დასაბალანსებლად. რთულია ცალსახა გამტარი ხაზის დადგენა თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის. ამასთან, დაპირისპირება ამ ორ ღირებულებას შორის, სამართლის სფეროში განსაკუთრებული სიცხადით გამოიკვეთა ადამიანის პირად სფეროში ინფორმაციული ხასიათის ჩარევების კონტექსტში. აღნიშნული გახდა კიდეც თანამედროვე კომუნიკაციური საზოგადოების ერთ-ერთი მახასიათებელი.[12]

თანამედროვე კონსტიტუციურ სახელმწიფოში, სადაც თავისუფალი მოქალაქე მთავარ ღირებულებას წარმოადგენს, ხოლო სახელმწიფო შებოჭილია სამართლის ძალით, უსაფრთხოების სტრატეგიის ამოსავალი უნდა იყოს მიდგომა: რაც შეიძლება მაღალი ხარისხის უსაფრთხოება, რაც შეიძლება მეტად დაცული თავისუფლების  პირობებში („უსაფრთხოება თავისუფლებაში“[13]). მხოლოდ უსაფრთხო გარემოში (სახელმწიფოში) ვითარდება პიროვნება და გააჩნია სხვადასხვა რესურსებზე წვდომა. მხოლოდ ძალადობისგან თავისუფალი გარემო ქმნის თავისუფლებებით სარგებლობის შესაძლებლობას. ამასთან, უსაფრთხოების დაცვამ არ უნდა გამოიწვიოს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების არასაჭირო, დაუსაბუთებელი შეზღუდვა.[14]

განსაკუთებით ცივი ომის დასრულების და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის ჩამოყალიბების შემდგომ, საერთაშორისო ორგანიზებული დანაშაულისა და განსაკუთრებით, ტერორიზმის საფრთხეების პირობებში უსაფრთხოების დაცვას აღარ გააჩნია ნაციონალური საზღვრები.[15] 11 სექტემბრის შემდგომ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ადმინისტრაციის მიერ გამოცხადებულმა ომმა ტერორიზმის წინააღმდეგ ძირფესვიანად შეცვალა უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები. მცირე სახელმწიფოები უფრო მეტად არიან დამოკიდებულნი  უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში სხვა სახელმწიფოებთან  თანამშრომლობაზე. თანამედროვე უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად შესაბამისად იქცა სწორედ ტერორიზმი და ბრძოლა მის წინააღმდეგ.

თავად ტერორიზმის ცნებას ლათინური საწყისი გააჩნია და აღნიშნავს მოვლენას, რომელიც შიშს იწვევს. ტერორიზმში მოიაზრება არა მხოლოდ ცალკეული ტერორისტული აქტები (single-issue-terrorism), არამედ დროში განგრძობადი კამპანია (multiple-issue-terrorism).[16]

„ტერორიზმი“ პირველ რიგში წარმოადგენს პოლიტიკურ ცნებას.[17] თუმცა ცნების განსაზღვრა დამოკიდებულია მიზნის, განზრახვის, კულტურული, რელიგიური თუ პოლიტიკური მოტივაციის ფაქტორებზე. ზოგადად, ისტორიულად ტერორი, როგორც გარკვეული მიზნის მიღწევის მეთოდი, გამოყენებული იყო სახელმწიფო ხელისუფლების, საზოგადოების ანდა ცალკეული ინდივიდების წინააღმდეგ. ამ მეთოდის გამოყენება ხდებოდა როგორც მემარჯვენე  და მემარცხენე განწყობის, ისე ნაციონალისტური და რევოლუციური მიზნების მქონე ჯგუფების მიერ.

ტერორიზმი წარმოადგენს ძალადობის სპეციალურ, უმძიმეს შემთხვევას. თანამედროვე ტერორიზმი თვისობრივად განსხვავდება ისტორიულად ცნობილი ტერორის სახეებისა და ფორმებისაგან. ტერორიზმი ახლა უკვე წარმოადგენს ძალის გამოყენების სპეციფიკურ ფორმას, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ ძალადობრივად ან ძალის გამოყენების მუქარის გზით განზრახ დანერგოს შიში და ამ გზით მიაღწიოს სასურველ პოლიტიკურ  ცვლილებებს.[18] ამასთან, ტერორიზმის დროს გამოვლენილი ძალადობა თვისობრივად განსხვავდება ძალის გამოყენების სხვა შემთხვევებისგან, რომელიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ძალის მონოპოლიის პრინციპს. თანამედროვე ტერორიზმის შემთხვევაში საკითხი შეეხება სისტემური ხასიათის განსაკუთრებით სასტიკ, ძალის გამოყენების უკიდურეს ფორმას, რომელიც სპეციფიკური მეთოდით ცდილობს საყოველთაო შიშის დანერგვას. ტერორიზმის საფრთხის წინასწარი ვარაუდის სირთულე კიდევ უფრო ზრდის დანერგილი შიშის და დაუცველობის მასშტაბს. საერთაშორისო ტერორიზმი 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ მიმართულია დასავლური სამყაროს ფსიქოლოგიური მდგრადობის წინააღმდეგ.[19]

ტერორიზმი უკვე განიხილება არა როგორც ორგანიზებული დანაშაულის სახეობა, არამედ როგორც სამხედრო-პოლიტიკური სტრატეგია.[20] გერმანელი სოციოლოგი პეტერ ვალდმანი ტერორიზმს განიხილავს კომუნიკაციურ სტრატეგიად,[21] რომლის მიზანია საყოველთაო შიშის და დაუცველობის დანერგვა და, იმავდროულად, გარკვეულ წრეებში ტერორიზმის მიმართ სიმპათიის და დახმარების გაწევის სურვილის გაჩენა.[22]

ტერორისტული აქტები წარმოადგენს მოქალაქეთა ფსიქიკაზე გრძელვადიანი ზემოქმედების საშუალებას. ამასთან, ტერორისტული აქტების მეშვეობით ეს ორგანიზაციები ცდილობენ, მოახდინონ იმ სახელმწიფოების უუნარობის დემონსტრირება, რომელთა მოქალაქეებიც ხდებიან ტერორისტული აქტების მსხვერპლნი.[23] ტერორისტული ქმედებების შედეგად, სახელმწიფოები პროვოცირებულნი არიან, გაატარონ იმგვარი უსაფრთხოების მექანიზმები, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში ამ ქვეყნების არაბრალეული მოქალაქეებისთვისაც თმენის მაღალ ტვირთს წარმოადგენს და მათში იწვევს პროტესტის გრძნობას. შესაბამისად, მოქალაქეებისა და სახელმწიფოს, როგორც ინსტიტუტის „გაუცხოება“ წარმოადგენს საერთაშორისო ტერორიზმის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მიზანს.

ისტორიულად ცნობილია შემთხვევები, რომელიც დაკვალიფიცირდა, როგორც ტერორისტული აქტები. თუმცა, ე.წ. ძველი ტერორიზმი თანამედროვე ტერორიზმისგან განსხვავდება მიზნობრიობით. ისტორიული ტერორისტული აქტები მიზნად ისახავდა შეექმნა გარკვეული მიჯნა ძველ და ახალ პოლიტიკურ რეალობას შორის, რის მისაღწევადაც ხორციელდებოდა ამა თუ იმ პოლიტიკურ წყობასთან იდენტიფიცირებული მაღალი თანამდებობის პირზე თავდასხმა/თავდასხმის მცდელობა.[24] სიმბოლური ხასიათის ამ მკვლელობებს არ ქონდათ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული მიზანი. ამისგან მკვეთრად განსხვავებული ხასიათი გააჩნია თანამედროვე  ტერორიზმს, რომლისთვისაც მსხვერპლი, მიზანი და ადრესატი აღარ არის იდენტური.

თანამედროვე ტერორიზმის საფრთხის სტრუქტურული თავისებურებები მოკლედ ამგვარად შეიძლება ჩამოყალიბდეს: ტერორიზმის საფრთხის წყარო არ არის ყოველთვის ინდივიდუალიზირებადი[25] (განსხვავებით ისტორიაში არსებული ცალკეული ტერორისტული აქტებისაგან, სადაც მკვლელობას, თუ აფეთქებას ახორციელებდა კონკრეტული ადამიანი, რომლის იდენტიფიცირება არ უკავშირდებოდა განსაკუთრებულ სირთულეს[26]); საფრთხე არ არის ლოკალიზებადი – არ გააჩნია საზღვრები და კონკრეტული არეალი; მოსალოდნელი ზიანის მასშტაბი არის იმდენად დიდი, რომ ის შეიძლება გავდეს ინდუსტრიული კატასტროფის შედეგად დამდგარ ზიანს; ტერორიზმის საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში არ არის ეფექტიანი ტრადიციული სისხლისსამართლებრივი ზოგადი პრევენციისა და რეპრესიის ფუნქციები; ტერორიზმის საფრთხეს აქვს სისტემური ხასიათი – ის არ მიემართება რომელიმე სოციალურ ჯგუფს ან/და არ არის მოტივირებული პოლიტიკური და ეკონომიკური წყობის კონკრეტული პრობლემით, არამედ მიზნად ისახავს მთლიანად პოლიტიკური წყობილების და  ზოგადად, ე.წ. დასავლური ცხოვრების ფორმის მოსპობას.

ტერორიზმისგან მომდინარე საფრთხე სამართლებრივად განიხილება, როგორც საგამონაკლისო რეჟიმი, საგანგებო მდგომარეობის მსგავსი ვითარება. აღნიშნულის შესაბამისად სახელმწიფოს ენიჭება ფართო უფლებამოსილებები. თუმცა, ვინაიდან ტერორიზმის საფრთხე კონკრეტულ დროთი არ იფარგლება, საგანგებო, საგამონაკლისო რეჟიმიც ღებულობს „ნორმალური შემთხვევის“ სახეს.[27] სწორედ ამ ფენომენის დასახასიათებლად გაჩნდა კიდეც ტერმინი „პრევენციული სახელმწიფო“,[28] რომელიც წინმსწრები მოქმედებებით პროაქტიულად ცდილობს ტერორიზმის საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლას და რისკების შემცირებას.

განსაკუთრებით 2001 წლის 11 სექტემბრის ნიუ–იორკის და 2004 წლის 11 მარტის მადრიდის ტერორისტული აქტების შემდეგ, ყველა ევროპულ, მათ შორის უპირველესად წამყვან ევროპულ ქვეყანაში შეიცვალა სახელმწიფო უსაფრთხოების სტრატეგია, შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველზე დაყრდნობით. ცვლილებები  შეეხო პოლიციის, სადაზვერვო და კონტრდაზვერვის განმახორციელებელი ორგანოების საქმიანობას და მათ დამატებით მიენიჭათ ტერორიზმის გლობალურ საფრთხესთან გასამკლავებლად საჭირო უფლებამოსილებები. ამ ცვლილებათა კრიტიკოსებიც კი საკითხს აყენებენ არა იმგვარად, რომ ამ ორგანოებს ეს კომპეტენციები არ უნდა ჰქონდეთ (ეს გამოიწვევდა სახელმწიფოს უუნარობას, შეესრულებინა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის ვალდებულება), არამედ მოითხოვენ იმას, რომ არსებობდეს ბალანსი პირთა მონაცემების დაცვის აუცილებლობასა და სახელმწიფო უსაფრთხოების ინტერესებით ლეგიტიმირებულ უფლებამოსილებებს შორის.

თავისუფლების და უსაფრთხოების ფენომენთა შეპირისპირება განსაკუთრებული სიცხადით გამოიკვეთა ფართომასშტაბიანი საიდუმლო ონლაინ მიყურადების გამჟღავნების შემდეგ. ედუარდ სნოუდენის მიერ მსოფლიო საზოგადოებისთვის გაცხადებულმა ფაქტმა ხელახლა დააყენა დღის წესრიგში თავისუფლების და უსაფრთხოების ინტერესთა კონფლიქტის გონივრული გადაწყვეტა, როგორც ინტერნაციონალურ, ისე ნაციონალურ დონეზე.[29] თავისუფლების ხარჯზე უსაფრთხოებისთვის რაიმე ფორმის პრეზუმფციული უპირატესობის მინიჭება იქნებოდა ცნობილი სოციოლოგის ნიკლასლუმანის მიერ მოხსენიებული ე.წ. tragic choice.[30] სწორედ აღნიშნულს გულისხმობდა ამერიკელი სახელმწიფო მოღვაწის, ბენჟამინ ფრანკლინის ცნობილი გამონათქვამიც, რომლის მიხედვით – ის, ვინც უსაფრთხოების დასაცავად თავისუფლებას თმობს, დაკარგავს ორივე მათგანს.[31]

გამოყენებული ლიტერატურა და შენიშვნები

[1] Luhmann, N., Vertrauen. Ein Mechanismus der Reduktion sozialer Komplexität, 1989, 19.

[2] ცნება ვებერმა პირველად გამოიყენა 1919 წელს თავის მოხსენებაში „პოლიტიკა, როგორც პროფესია“ („Politik als Beruf“). იხ. ასევე, Weber, M., Wirtschaft und Gesellschaft, 1922.

[3] Kelsen, H., Reine Rechtslehre, 117.

[4] Sommermann, K-P., Staatsziele und Staatszielbestimmungen, 1997, 113, 199.

[5] Kersting, W., Die politische Philosophie des Gesellschaftsvertrags, 1994, 59.

[6]  Isensee, J., Das Grundrecht auf Sicherheit, 1983, 3.

[7] United States Declaration of Independence, 1776: „(…) all men are created equal, that they are endowed by their Creator with certain unalienable Rights, that among these are Life, Liberty and the pursuit of Happiness.“

[8] Mill, J. St., Considerations of Representative Government (1861) (ed. by Geraint Williams), London 1999, 192.

[9] Freud, S., Kulturtheoretische Schriften, Frankfurt am Main, 1974, 225.

[10] შდრ. Isensee, J., Die Staatlichkeit der Verfassung, კრებულში: Verfassungstheorie, Tübingen 2010, 216.

[11] იხ. ავტორის სტატია: გიორგიშვილი, ქ., პოლიციის პრევენციული საქმიანობის თავისებურებები, ადმინისტრაციული სამართლის ჟურნალი, მეორე ნომერი, 2016, გვ. 86.

[12] უკვე 1965 წელს ამერიკის უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებაში Criswold v. Connecticut დადგინდ, რომ უფლება პირად სფეროზე გამომდინარეობს კონსტიტუციიდან.  პირს გააჩნია პირადი სფერო (ე.წ. penumbra), რომელიც დაცული უნდა იყოს გარე ჩარევებისგან. აღნიშნული ერთ-ერთი მოსამართლის ფორმულირების მიხედვით, გულისხმობს საკუთარ თავთან მარტო დარჩენის უფლებას (Justice Brandeis: „The Right to Privacy“ – „right to be left alone“). გადაწყვეტილების ლოგიკური გაგრძელება იყო 1974 წლის აქტი (U.S. Privacy Act), რომელმაც შესაძლებლობა მიანიჭა მოქალაქეებს, გაცნობოდნენ მათზე არსებული ინფორმაციის ნაწილს მაინც.

[13] სწორედ ამგვარად გამოხატავს ამ ორი ღირებულების ურთიერთმიმართებას გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე (1999-2011) უდო დი ფაბიო: „Sicherheit in Freiheit“, იხ. Di Fabio, Sicherheit in Freiheit, NJW 2008, 421.

[14] ჯერ კიდევ ამერიკის შეერთებული შტატების დამფუძნებელი მამები ბევრს მსჯელობდნენ, თუ როგორ მომხდარიყო ამგვარი ბალანსის მიღწევა. მაგალითისთვის, იხ.: მედისონი, ჯ., „ფედერალისტური წერილები“ N 10, http://federalistpapers.ge/federali10.php.

[15] Denninger, E., Sicherheit durch Recht in Zeiten der Globalisierung, 2003, 10-11.

[16] ერთჯერადი შემთხვევები, ე.წ. single-issue-terrorism, ცნობილია ისტორიაში, როდესაც ძალადობრივი თავდასხმა ხორციელდება ცალკეული პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ: Hirschmann, K., Das Phänomen „Terrorismus“: Entwicklungen und neue Herausforderungen, Bundesakademie für Sicherheitspolitik, 2001, 457.

[17] Hoffmann, B., Terrorismus – Der unerklärte Krieg. Neue Gefahrenpolitischer Gewalt, 2001, 15.

[18] Hoffmann, B., Terrorismus – Der unerklärte Krieg. Neue Gefahren politischer Gewalt, 2001, 56.

[19] აღნიშნული ცალსახად ვლინდება განმარტებაში, რომელიც ეკუთვნის ტერორიზმის სფეროში წამყვან ექსპერტს პ. ვილკინსონს: „Terrorism is not a synonym for violence and insurgency in general. It is a special kind of violence, a weapons system that can be used on its own or as part of a whole repertoire of unconventional warfare […]. Terrorism can be briefly defined as coercive intimidation, or more fully as the systematic use of murder, injury and destruction, or threat of same, to create a climate of terror, to publicize a cause and to coerce a wider target into submitting to the terrorist’s aims.” Wilkinson, P., Pathways Out of Terrorism for Democratic Societies, in: Wilkinson/Aladair, Contemporary Research on Terrorism, 1987, 453.

[20] Münkler, H., Über den Krieg, 2002, 252.

[21] Waldmann, P., Terrorismus. Provokation der Macht, 2001, 13.

[22] იგივე.

[23] იგივე.

[24] მაგალითისათვის, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე II-ის, ოტო ფონ ბისმარკის, ავსტრიის ერცჰერცოგის მკვლელობა სარაევოში.

[25] ე.წ. „home grown terrorists“.

[26] შესაბამისად, აღნიშნული არ წამოადგენს ისტორიულად ცნობილ პოლიტიკურ თავდასხმებს, როდესაც ტერორისტული აქტი მიზნად ისახავდა პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღები პირის ან/და საზოგადოებრივი ელიტის წარმომადგენლის ლიკვიდაციას.  

[27] Huster, R./Rudolph, B., Vom Rechtsstaat zum Präventionsstaat, 2008, 12.

[28] Denninger, E., Sicherheit durch Recht in Zeiten der Globalisierung, Adolf-Arndt-Kreis (Hrsg.), Berlin, 2003, 14- 15. 

[29] http://www.zeit.de/politik/deutschland/2013-07/nsa-snowden-freiheit.

[30] Luhmann, N., Gibt es in unsererGesellschaft noch unverzichtbare Normen?, 1993, 2.

[31] „They who can give up essential liberty to obtain a little temporary safety, deserve neither liberty nor safety“. (1775) – William Temple Franklin, Memoirs of the life and writings of Benjamin Franklin, Vol. 1, Printed by T.S. Manning, Philadelphia, 1818, 333-334.  

გააზიარეთ საოციალურ ქსელებში
Facebook
Twitter
Telegram
შეიძლება დაინტერესდეთ